• March 28, 2024

ზელენსკი უკვე მერამდენედ აღმოჩნდა ისეთი კრიზისის წინაშე, რომელიც ყველა წინანდელზე უარესია. უკრაინის დაპყრობის კიდევ ერთი რუსული გეგმის შესახებ ყოველი ინფორმაცია მორიგი დარტყმაა მის ეკონომიკაზე, რომელიც აუფასურებს გრივნას, ზრდის საპროცენტო განაკვეთებს და საზოგადოებაში პანიკას თესავს.  

 

უკრაინის თემაზე საერთაშორისო დაძაბულობა რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება, მით უფრო არასტაბილური ხდება ქვეყნის პოლიტიკური სისტემა. მიუხედავად უცხო ქვეყნიდან მომდინარე საფრთხისა, როგორც აღმოჩნდა, უკრაინის ელიტის წარმომადგენლებს არ სურთ არსებული უთანხმოებების მოგვარება. ნაცვლად ამისა, ისინი ამ კრიტიკულ მომენტს ძველი ანგარიშების გასასწორებლად იყენებენ.

ძალაუფლებისთვის ბრძოლა რომ არასდროს მთავრდება, ეს უკრაინული ტრადიციაა. როგორც პროდასავლური, ასევე პრორუსული მხარეებისთვის გეოპოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებული ნებისმიერი კონფრონტაცია, როგორი ღრმა მნიშვნელობისაც უნდა იყოს,  შესანიშნავი შესაძლებლობაა მაი პოპულარობის გასაზრდელად და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ ქულების დასაგროვებლად.

რუსეთთან დაპირისპირებიდან ყველაზე დიდ სარგებელს „ნაციონალური პარტრიოტები“ იღებენ. რუსეთის მხრიდან თავდასხმის მოლოდინში, ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინის პოლიტიკის მარჯვენა მხარეს ყველაზე გავლენიან ფიგურად და ზელენსკის მთავარ ოპონენტადაც გვევლინება. საზოგადოებრივ აზრის უკანასკნელი გამოკითხვის შედეგებით, ახლა პოროშენკო ქვეყნის პრეზიდენტს მხოლოდ 2-3 პროცენტით ჩამოუვარდება, ხოლო მისი „ევროპული სოლიდარობის“ პარტია უსწრებს კიდეც ზელენსკის „ხალხის მსახურის“ პარტიას.  

მაშინ, როცა ქვეყანას ომის საფრთხე ემუქრება, ისინიც კი, ვინც ცოტა ხნის წინ ყოფილ პრეზიდენტს აბუჩად იგდებდნენ, მის გარდა სხვა ალტერნატივას ვეღარ ხედავენ. ბოლოსდაბოლოს, სწორედ პოროშენკო იყო ის, ვინც 2014-2015 წლებში ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის დროს უკრაინას წინ მიუძღოდა. ახლა მისი ტაქტიკა ითვალისწინებს ყველაფრის გაკეთებას იმისათვის, რომ ზელენსკის თავს დაესხას იმის გამო, რომ რუსული საფრთხე სერიოზულად არ მიიღო.    

გარდა ამისა, პოროშენკოს ბანაკს დასავლეთისგან მხარდაჭერის იმედიც აქვს – დასავლეთის თვალში ზელენსკი სწრაფად კარგავს მიმზიდველობას ამ უკანასკელის მიერ მოკავშირეების კრიტიკის გამო, რომლებიც მან არასაკმარისი დახმარების ან დაძაბულობის გამწვავების გამო გაკიცხა.  

პოროშენკოს მთავარი პრობლემა ის უკრაინელთა რაოდენობაა, რომლებსაც წლების განმავლობაში ხელისუფლებაში მისი ყოფნის შემდეგ ის გულზე აღარ ეხატებათ.

ეს რაოდენობა არ შეცვლილა და არავინ ჩქარობს ზელენსკის წინააღდეგ კოალიციაში ყოფილ პრეზიდენთან გაერთიანდეს: მის ტოქსიკურ იმიჯს ისინი ეჭვის თვალით უყურებენ. ხოლო საკუთარი ძალებით პოროშენკოს მმართველი რეჟიმის დასამარცხებლად რესურსები არ ყოფნის.  

უკრაინის თემაზე საერთაშორისო ესკალაციამ ქვეყნის ოპოზიციის პრორუსული ფრთაც გააქტიურა. ერთის მხრივ, რუსეთის მხრიდან თავდასხმის მუდმივ შიშში ცხოვრების გამო უკრაინის პრორუსული პარტიები ახლა უფრო საძაგლად მოიაზრებიან, ვიდრე ოდესმე. მეორეს მხრივ, ქვეყნის ძირითადად რუსულად მოსაუბრე რეგიონებს უკვე ყელში ამოსდით ხელისუფლება, რომელიც კრემლთან ყოვლისმომცველ კონფრონტაციაშია ჩაბმული მაშინ, როცა ზელენსკი წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებს მშვიდობას პირდებოდა. ეს იმედგაცრუება მომავალში ხმებად გარდაისახება და, აქედან გამომდინარე, სხვადასხვა დაჯგუფებას შორის კონკურენცია უკვე გამალებულად მიმდინარეობს.    

მას შემდეგ, რაც მთავარი პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“(OPFL) ლიდერს ვიქტორ მედვედჩუკს უკრაინის მთავრობის მიერ საშინაო პატიმრობა მიესაჯა და სანქციები დაეკისრა, პარტიის ხელმძღვანელობა სერგი ლიოვოჩკინისგან, იური ბოიკოსგან და დმიტრო ფირტაშისგან შემდგარ გაზის მაგნატების დაჯგუფებასთან გაერთიანდა. ამ ცოტა ხნის წინ ფირტაშმა დაჯგუფების პოლიტიკური მანიფესტი წარმოადგინა: უკრაინის ნეიტრალური, არა-მოკავშირისსტატუსი და მისი რუსეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელ ხიდად – „ევრაზიის შვეიცარიად“ – გარდაქმნა.

უკრაინის გარშემო არსებული დაძაბულობის შედეგად ყურადღება მიიპყრო კიდევ ერთმა პრორუსულმა პოლიტიკოსმა, „ნაში“ („ჩვენების“) პარტიის ლიდერმა ევგენ მურაიევმა. ის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ცოტა ხნის წინ, როცა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კრემლი მას ოკუპირებულ უკრაინაში მარიონეტული მთავრობის ხელმძღვანელის კანდიდატად განიხილავდა.  

მურაიევი დიდი ხანია „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ პარტიის მიერ სახიფათო ოპონენტად მოიაზრება. 2018 წელს რუსეთმა მას მედვედჩუკის მოთხოვნით სანქციები დაუწესა და, როგორც იტყობინებიან, ზემოაღნიშნული ინფორმაციის უკან დგას ფირტაში, რომელსაც ბრიტანეთის ესტაბლიშმენტთან კავშირები აქვს. უკრაინის არასტაბილურ პოლიტიკაში რთულია იმის პროგნოზირება, რა გავლენას იქონიებს ეს მოულოდნელი საერთაშორისო სახელგანთქმულობა მურაიევის პოპულარობაზე. შესაძლებელია, რომ „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ პარტიამ მოახერხოს მისი, როგორც პრორუსული რადიკალის მარგინალიზაცია და მის ფონზე თავიანთი თავის ზომიერებად წარმოჩენა. ან შეიძლება პირიქით მოხდეს: მურაიევმა შეიძლება მოახერხოს და შეიქმნას იმიჯი იმ ზომიერი ცენტრისტისა, რომელსაც ორივე მხრიდან – რუსეთიდანაც და დასავლეთიდანაც –  თავს ესხმიან.  

ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც მიმდინარე კრიზისიდან ხელებს ვერ ითბობს, ყოფილი პარლამენტის სპიკერი დმიტრო რაზუმკოვია. აქამდე მას ნებისმიერ უკრაინელ პოლიტიკოსთან შედარებით უკეთესი პერსპექტივები ჰქონდა, მაგრამ მისი ზომიერი, დაბალანსებული მიდგომა დისონანსშია არსებულ ატმოსფეროსთან, რომელშიც ემოციები და ვნებათა ღელვა სჭარბობს. თუმცა, რაზუმკოვს შეუძლია უბრალოდ ხელსაყრელ მომენტს დაელოდოს: ის ნიშა, რომელსაც მან თვალი დაადგა, ამჟამად ზელენსკის უკავია, რომელსაც ყველა მხრიდან უტევენ.

ზელენსკი უკვე მერამდენედ აღმოჩნდა ისეთი კრიზისის წინაშე, რომელიც ყველა წინანდელზე უარესია. დაპირისპირების გაგრძელების ყოველი დღე და უკრაინის დაპყრობის კიდევ ერთი რუსული გეგმის შესახებ ყოველი ინფორმაცია მორიგი დარტყმაა მის ეკონომიკაზე, რომელიც აუფასურებს გრივნას, ზრდის სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს და საზოგადოებაში პანიკას თესავს. ამ ყველაფრის ფონზე, ზელენსკის გადაწყვეტილი აქვს უკრაინის ბედი მისი დასავლელი მოკავშირეების ხელში არ დატოვოს და თავდახრილი არ დაელოდოს მათგან დახმარებას – ნაცვლად ამისა, ის მათ გამუდმებით აკრიტიკებს, უმოქმედობის გამო კიცხავს და მათგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

როცა დასავლეთი აგრესიის შემთხვევაში რუსეთს სანქციებით ემუქრება, ზელენსკი პრევენციული ზომების მიღებას ითხოვს, რადგან ეშინია, 2014 წლის მოვლენები არ განმეორდეს, როცა რუსულმა ძალებმა ყირიმი ისე დაიკავეს, რომ ვერავინ  შეძლო რაიმეს გაკეთება. როცა დასავლეთის მედია გარდაუვალ თავდასხმაზე საუბრობს, უკრაინის ხელისუფლება ცალსახად უარყოფს მას და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. როცა მოსკოვი აცხადებს, რომ კიევთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, ვინაიდან ის დასავლეთის მარიონეტია, ზელენსკი დაჟინებით ითხოვს პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკების გამართვას.  

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, პრეზიდენტი ჯერჯერობით კვლავ პირველ ადგილზეა, მაგრამ მასსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის სხვაობა სულ უფრო და უფრო მცირდება. კიდევ უფრო დამაფიქრებელი ის არის, რომ პანიკის ჩახშობის მისეული მცდელობები სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს: ყველა ყოფილი საბჭოთა მოქალაქის მსგავსად, უკრაინელებიც მიჩვეული არიან იმას, რომ ხელისუფალების გარანტიები იმის დასტურად მიიჩნიონ, რისიც მათ ყველაზე ძალიან ეშინიათ.

საერთო არასტაბილურობამ პრეზიდენტის „ხალხის მსახურის“ პარტიას წყალი შეუყენა. ცოტა ხნის წინ, პარტიის მიერ წამოყენებულმა ინიციატივებმა საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მიიღო, რის შედეგადაც პრეზიდენტის საპარლამენტო უმრავლესობა უბრალო ფორმალობად ქცა. რაიმე მკაფიო გამოსავალი არ ჩანს: თუ ზელენსკი „ხალხის მსახურის“ დეპუტატებზე ზეწოლას განახორციელებს, მათ შეიძლება პარტია მასობრივად დატოვონ და პარტიის ყოფილი ლიდერის რაზუმკოვის ბანაკში გადაბარგდნენ.  

უკრაინის საგარეო საფრთხე კიდევ უფრო ამწვავებს ზელენსკის შიდა პრობლემებს და პირიქით. ამის შედეგად კი პრეზიდენტი უხერხული ფიგურა გახდა აღმოსავლეთისთვისაც და დასავლეთისთვისაც. უკრაინის დასავლელ მოკავშირეებ ურჩევნიათ მის ადგილზე იხილონ უფრო სისტემატური და პროგნოზირებადი ლიდერი, ვიღაც პოროშენკოს მსგავსი,  რომელიც მათ გაფრთხილებებს მადლიერებით გაითვალისწინებდა, დახმარებისთვის მადლობას გადაუხდიდა და მათ მიერ შედგენილ დღის წესრიგს ზედმიწევნით აღასრულებდა.

ამასობაში მოსკოვის სურვილია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს უკრაინის დასავლეთისკენ დროში გაწელილი სწრაფვა და ქვეყნის სათავეში მედვედჩუკის ან ბოიკოს სტილის მქონე დაუფარავად პროპრუსული ლიდერი თუ არა, მინიმუმ ზომიერი, მაგ., რაზუმკოვის მსგავსი პოლიტიკოსი მოვიდეს. მაშინ კრემლი მისი ერთგულების მოსასყიდად არაფერს დაზოგავდა.  

ზელენსკი შეიძლება ყველა დანარჩენისთვის უხერხული ლიდერი იყოს, მაგრამ სწორედ ეს არის ის, რის გამოც ის დღევანდელი უკრაინისთვის შესაფერისი ლიდერია, ვინაიდან ის ადგილი, რომელიც უკრაინას რუკაზე უკავია, ყველასთვის პრობლემატურია. ბევრი მასზე სიამოვნებით დაიბანდა ხელს, მაგრამ ეს შეუძლებელია. ამიტომ ზელენსკი ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად რჩება მიუხედავად იმის ერთგვარი განცდისა, რომ მან დაკარგა ყველაფერი, რაც კი დასაკარგი ჰქონდა. უკრაინულმა საზოგადოებამ ყოველთვის როდი იცის, რა სურს, და აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის სასარგებლოდ ერთხელ და სამუდამოდ არჩევანის გაკეთებისას ინტუიტიურად ფეხს ითრევს.

ზელენსკის ბევრი არჩევანი არ აქვს. მან ან ღებული კურსი მტკიცედ უნდა გააგრძელოს იმის იმედით, რომ სიტუაცია შეიცვლება და პოპულარობა დაუბრუნდება (ან, მინიმუმ, ოპოზიცია წაიფორხილებს), ან ვადამდელი საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნების სახით ახალი ნდობის რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს. ასე იქნება თუ ისე, ჯერჯერობით უკრაინის ლიდერის ჩამოწერა მაადრევია.

კონსტანტინ სკორკინი

09.02.22.

https://carnegiemoscow.org/commentary/86399

 

 

Leave a Reply