• April 18, 2024

უკრაინის საგა კიდევ რამდენიმე ხანს გაგრძელდება, რუსეთი კი უკვე ნელა-ნელა, მაგრამ აშკარად კაპიტულაციას აცხადებს

წმინდად სამხედრო პერსპექტივიდან, რუსეთსა და უკრაინას შორის ფართომასშტაბიანი ომი შეიძლება ნებისმიერ დროს ატყდეს. თუმცა, ძალზე გაურკვეველია, კრემლში არის თუ არა რადიკალური ნაბიჯის გადადგმისა და მეზობელთან პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში ჩაბმის პოლიტიკური ნება.  

2014 წლის შემდეგ, მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინის ნახშირით მდიდარ რეგიონში,  დონბასში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ომს სხვისი ხელით აწარმოებს. მაგრამ რუსეთის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ულტიმატუმის წაყენების შემდეგ მოსკოვისთვის პოლიტიკური მანევრების სივრცე შეიზღუდა.

ახლა კრემლს არჩევანი ცოტა დარჩა: ომი ან დამცირება.

თუ მოსკოვი უკან დაიხევს და ჯარებს ბელორუსიდან და უკრაინის მოსაზღვრე თავისი დასავლეთის რეგიონებიდან გაიყვანს, დასავლეთი ამ ქმედებებს უთუოდ სისუსტის ნიშნად მიიღებს. უფრო მეტიც, დღესავით ნათელი გახდება, რომ რუსეთი მთელი ეს დრო ბლეფით იყო დაკავებული.

თავის მხრივ, კრემლის პროპაგანდისტები ასეთ სვლას უთუოდ მორიგ „გეოპოლიტიკურ გამარჯვებად“ წარმოაჩენენ, მაგრამ მთავარი კითხვა შემდეგია: მართლა იქნწბა სარგებელი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკან დაიხევს?

არსებობს იმის ნიშნები, რომ კრემლი დეესკალაციისთვის მზადაა. 14 თებერვალს ბელორუსისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა დაძაბულობის განსამუხტად მოლაპარაკებები გამართეს, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ასტრახანში, როსტოვში, ვოლგოგრადში, კრასნოდარში, სტავროპოლში, ყირიმსა და ჩრდილოეთ ოსეთში მყოფი რეზერვისტებით„სამხრეთის სამხედრო რაიონმა“ სამდღიანი წვრთნები დაასრულა.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, როგორც კი რუსეთის ჯარები წვრთნებს დაასრულებენ და თავიანთ ბაზებში დაბრუნდებიან, რუსული „დეესკალაციის“ უზრუნველყოფით დასავლეთი „დიპლომატიურ გამარჯვებას“ გამოაცხადებს.  

მაგრამ პრობლემა ის არის, რომ დასავლეთის სტრატეგთა თვალში მოსკოვი სუსტი გამოჩნდება.  

პოლიტიკური პერსპექტივიდან, რუსეთმა ვერცერთ იმ მიზანს ვერ მიაღწია, რომლებიც მან განაცხადა, როცა აშშ-ს და ნატოს უსაფრთხოების მოთხოვნების ჩამონათვალი წარუდგინა.

 

არ არსებობს იმის გარანტია, რომ უკრაინა საბოლოოდ ნატოში არ გაწევრიანდება. არც იმის გარანტია არსებობს, რომ კიევი შეასრულებს მინსკის შეთანხმებას – ბელორუსის დედაქალაქში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2015 წელს ხელმოწერილ გარიგებას, რომლითაც რეალურად დასრულდა დონბასის დაპყრობა, მაგრამ არა დაბომბვა და სნაიპერთა სროლები, რაც დღემდე  გრძელდება.  

უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ახლა უკრაინას ტონობით დასავლური იარაღი აქვს და როგორც კი რუსეთის ჯარები უკრაინის საზღვრიდან ათასობით კილომეტრში თავიანთ ბაზებს დაუბრუნდებიან, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ კიევმა შეიძლება საომარი ოპერაცია დაიწყოს.  

რადგან კარგად ხვდებიან, რომ ამგვარი შესაძლებლობა არსებობს, რუსმა კანონმდებლებმა მიიღეს რეზოლუციები, რომლებითაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ამ ორი სუბიექტის აღიარებისკენ მოუწოდებენ. იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო კომიტეტმა ამ რეზოლუციის ორი ვერსია მიიღო – ერთი კომუნისტური პარტიის მიერ, ხოლო მეორე მმართველი „ერთიანი რუსეთის“ პარტიის მიერ წარდგენილი, სრულიად შესაძლებელია, რომ კრემლი ჯერ კიდევ ანგარიშობდეს და უკრაინას და დასავლეთს დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებდეს.

ამ დოკუმენტებიდან „სავალდებულო ძალა“ არცერთს ექნება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ კრემლი სახელმწიფო დუმას გადაწყვეტილებებს დასვლეთზე დამატებითი ზეწოლისთვის იყენებს, რათა ამ უკანასკნელმა უკრაინა დონბასში სამხედრო ავანტიურის დაწყებაზე არ დაიყოლიოს.

მავე დროს, რუსი პოლიტიკოსები სავარაუდოდ ეცდებიან რუსი ამომრჩევლები დაარწმუნონ იმაში, რომ მოსკოვის მიზანი დონბასზე დე-ფაქტო კონტროლის შენარჩუნებაა. და მაინც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა, ამ ეტაპზე მაინც, ხელი მოაწერბრძანებულებას დონბასის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

თუმცა, ეს ვარიანტი შეიძლება გამოყენებული იყოს იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთის მხარდაჭერით შეგულიანებული კიევი დონბასის პრობლემის მოგვარებას ძალის გამოყენებით შეეცდება.

ამასობაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, კრემლი მის დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმების მიღწევაზე მუშაობას გააგრძელებს. მოსკოვისთვის პრობლემა ის არის, რომ დრო მის მხარეს არ არის, ხოლო ვაშინგტონს საიმისო არაფერი ეტყობა, რომ მოსკოვთან სერიოზულ დათმობებზე წავიდეს.  

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც იტყობინებიან, ნატოს წევრმა-ქვეყნებმა, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თავიანთი სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინიდან გაიწვიეს, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთმა აღმოსავლეთ ევროპის ეს ქვეყანა ბედის ანაბარა დატოვა.

აშშ თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ფლორიდის ნაციონალური გვარდიის 160 ჯარისკაცს უკრაინის დროებით დატოვება უბრძანა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში შეიძლება მაინც დაბრუნდნენ, როცა რუსეთის არმია რეგიონში სამხედრო წვრთნებს დაასრულებს.  

უკრაინის საზღვართან ახლოს რუსული ჯარების გადაადგილებები შეიძლება კრემლის იმ მცდელობების ნაწილად განიმარტოს, რომელთა მიზანია აშშ-ზე ზემოქმედება იმისათვის, რომ ამ უკანასკნელმა ევროპაში მოსკოვის უსაფრთხოების წუხილები სერიოზულად მიიღოს.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონი რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნებს არ იზიარებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები უკან დაიხევენ მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვმა 120000 ჯარისკაცი ბელორუსში და რუსეთის დასავლეთ რეგიონებში შეიყვანა.

ამ ეტაპზე, კრემს არ ეტყობა საიმისო პოლიტიკური ნება, რომ უკრაინაში თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები ჯარების გამოყენებით დაიცვას. ამიტომ სორედ რუსეთია ის მხარე, და არა აშშ, რომელიც შეეცდება რომ მოლაპარაკებები მაქსიმალურად გაჭიანურდეს.  

უკრაინის ამბავი კარგა ხანს გაიწელება, მაგრამ რუსეთი ნელა-ნელა, მაგრამ აშკარად კაპიტულაციას აცხადებს.  

ნიკოლა მიკოვიჩი

https://asiatimes.com/2022/02/russia-showing-signs-of-de-escalation-on-ukraine/https://asiatimes.com/2022/02/russia-showing-signs-of-de-escalation-on-ukraine/

 

Leave a Reply