• March 28, 2024

როგორ შეუძლია დასავლეთს კიევის დაცვა

როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარება აქვს დაგეგმილი. მან საზღვართან ახლოს დიდ სამხედრო ძალებს მოყარა თავი, არად ჩააგდო კონფლიქტის დიპლომატიური გზით დარეგულირებაზე დასავლეთის წინადადებები და ბოლოს აღარა კიდეც ეგრეთწოდებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.  დონბასში რუსული ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის შესვლიდან მცირე ხანში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ აქტს „აშკარა ოკუპაცია“ უწოდა და რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებს, სახელმწიფო ვალს და ფიზიკურ პირებს სხვადასხვა სახის სანქცია დაუწესა. ესენი მხოლოდ დროებითი ღონისძიებები იყო; ბაიდენმა მოსკოვი გააფრთხილა, რომ სანქციები კიდევ უფრო გაიზრდებოდა, თუ რუსეთი კრიზისის ესკალაციას გააგრძელებდა. თავის მხრივ, ბერლინმაც შეაჩერა წინააღმდეგობრივი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ გაზსადენის სერტიფიკაცია, რომლითაც რუსული გაზი გერმანიას უნდა მიწოდებოდა. აღნიშნული ნაბიჯი რუსეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის სერიოზულ ცვლილებაზე მიუთითებს  და პუტინისთვის გაგზავნილი გაფრთხილებაა, რომ მისი აგრესია გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებს დარუსეთს შორის გაუცხოებას გამოიწვევს.

უეჭველია, კრემლი ყურადღებით აკვირდება აშშ-სა და ევროპის რეაქციას და პუტინიც სავარაუდოდ სხვადასხვა სახის პოტენციურ სცენარებს განიხილავს. ბაიდენის ადმინისტრაციის მოლოდინით, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია შეიძლება მაინც დაიწყოს. ან, ვინაიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ახლა ახალი სანქციები გამოაცხადეს და კიდევ უფრო მეტი სანქციებით იმუქრებიან, პუტინმა შეიძლება სხვა სტრატეგია ხანგრძლივი პროცესიაირჩიოს. ამ სცენარის მიხედვით, ის უკრაინაზე კონტროლის განმტკიცებას ისე ეცდება, რომ თავს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მხრიდან უფრო მკაცრი სასჯელი არ დაიტეხოს. ის უკრაინის სუვერენიტეტის დასუსტებას ქვეყნის ეკონომიკის მოგუდვით შეეცდება, უკრაინაზე პარალიზის გამომწვევ კიბერ-შეტევებს განახორციელებს და ქვეყნის პოლიტიკური სისტემის დასამხობად სამხედრო გადატრიალებებს მოაწყობს.    

პუტინისთვის ეს მიდგომა შეიძლება მიმზიდველი გამოდგეს, რადგან მიი აზრით დრო მის მხარეს არის. მას შეიძლება იმის იმედი აქვს, რომ ვაშინგტონი ამ კონფრონტაციით ბოლოს მაინც დაიღლება, სტატუს-კვოს მიიღებს და ყურადღებას ჩინეთის შეკავებაზე გადაიტანს. მას შეიძლება ისიც ეგონოს, რომ ევროპაში უკრაინის მხარდაჭერა განელდება, როცა გაზის ფასები აიწევს და უკრაინიდან ლტოლვილები ევროპის საზღვრებს მიაწყდებიან. პუტინის აზრით, ეკონომიკური ტკივილები და ომის შიში, რაც განსაკუთრებით გერმანიის საზოგადოებაშია ღრმად ფესვგადგმული, საბოლოოდ გერმანიას აიძულებს დათმობებზე წავიდეს. უკრაინაში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უზარმაზარი წნეხის ქვეშ არის – მან პრეზიდენტის პოსტზე კენჭი მეორედ 2024 წელს უნდა იყაროს. თუ უკრაინის ეკონომიკა წაიფორხილებს და ხალხს ომის გამუდმებულ შიშში ცხოვრება ყელში ამოუვა, ამან შეიძლება ნოყიერი ნიადაგი შექმნას ხელისუფლებაში ისეთი მოქნილი ლიდერის მოსასვლელად, რომელიც რუსეთის ინტერესებისადმი უფრო მეგობრულად იქნება განწყობილი.  

ჯერჯერობით, ვაშინგტონის ჭკვიანური დიპლომატიის შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შორის პოზიცია ერთიანია და კოორდინირებული. მზარდი სანქციების კოლექტიურმა სტრატეგიამ უკრაინის სრულმასშტაბიანი ანექსია შეიძლება გარკვეული ხნით მაინც შეაჩეროს. თუ ეს მიდგომა წარმატებული იქნება, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს ელით ხანგრძლივი  და ფართომასშტაბიანი ბრძოლა როგორ უკრაინის თავისუფლების შესანარჩუნებლად, ასევე პუტინის აგრესიის შესაკავებლად. ამ ეტაპზე აშკარა უნდა იყოს, რომ სანამ პუტინი ხელისუფლებაშია, სტაბილურ და პროგნოზირებად რუსეთზე ან საერთაშორისო წესრიგზე საუბარი ზედმეტია. თუ ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს არ სურთ დაცვის პოზიციაში აღმოჩნდნენ ისე, როგორც ეს 2014 წელს დაემართათ,  ამ გახანგრძლივებული დაპირისპირებისთვის ისინი ახლავე უნდა მოემზადონ.  

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა პირველ რიგში უნდა შეიმუშაონ რუსეთის მიმართ სტრატეგიული პოლიტიკა, რომელშიც მკაფიოდ არის გამოკვეთილი პუტინის მისწრაფებები. ამისათვის, მათ კარგად უნდა გადაიმეორონ 1991 წელს საბჭოთა კავშირის შემდეგ გავლილი გაკვეთილები. უკმაყოფილებების კრემლისეული ნარატივისგან განსხვავებით,  ამერიკის შეერთებულ შტატებს პოსტ-საბჭოთა რუსეთზე გამარჯვებულის სადამსჯელო სამართალი არ აღუსრულებია. დასავლეთს რუსული სახელმწიფოსგან კომპენსაციის გადახდა არ მოუთხოვია, რაც მან გერმანიისგან პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მოითხოვა. პირიქით, დასავლეთმა რუსეთს გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინა და საყოველთაო რეფორმის განსახორციელებლად გრძელვადიანი მხარდაჭერაც აღუთქვა. დასავლეთმა რუსეთს ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ადგილი და, კლინტონის ადმინისტრაციის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ნატოს ბლოკთან ალიანსი“ შესთავაზა.

პრეზიდენტმა ჯორჯ  ბუშმა უმცროსმა ეს მიდგომა განაგრძო და რუსეთთან ვაშინგტონის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება სცადა, განსაკუთრებით 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ. მაგრამ არც კლინტონ და არც ბუშს არ სურდა ეს პარტნიორობა იმად დასჯდომოდა, რომ პუტინს ევროპაში ძველ საბჭოთა კავშირის იმპერიაზე სტრატეგიული კონტროლი დაემყარებინა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ იმპერიის მსხვერპლმა ქვეყნებმა კომუნიზმი თავად დაამხეს და რკინის ფარდა“ ჩამოგლიჯეს. მათ უარი განაცხადეს ევროპაში იმ ხაზის გახანგრძლივებაზე, რომელიც სტალინმა 1945 წელს გაავლო. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიული სახელმწიფოების ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვალობაზე, ნატოს და ევროკავშირის გაფართოებამაც დაბადა იმედი იმისა, რომ დაყოფილი ევროპა წარსულს ჩაბარდა.  

ბუშის ადმინისტრაცია ამ პოლიტიკას მხარს უჭერდა იმ დროსაც კი, როცა პუტინმა მალევე მოსპო ის დემოკრატიაც კი, რომელიც რუსეთში ჩანასახის ეტაპზე არსებობდა. ვაშინგტონმა კურსი მხოლოდ მას შემდეგ შეცვალა, როცა 2008 წელს რუსეთმა საქართველო დაიპყრო, რაც მრავალის აზრით პოსტ-საბჭოთა რუსეთის დასავლეთთან თანამშრომლობის დასასრულს მოასწავებდა. თვით ამ ეტაპობრივი მნიშვნელობის კონფლიქტის შემდეგაც კი, ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობების „გადაწყობა“ სცადა, მაგრამ მალევე დარწმუნდა, რომ პუტინის საშინაო რეპრესიებისა და საგარეო აგრესიის გამო ეს მიზანი არარეალისტური იყო. ობამას მიერ მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენა 2014 წელს რუსეთის უკრაინასთან ომით დასრულდა.  

თუმცა პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პუტინი და მისი ავტოკრატია უფრო მოსწონდა, ვიდრე ევროპაში ვაშინგტონის დემოკრატიული მოკავშირეები, მისი ადმინისტრაცია ასე არ ფიქრობდა – მან ნატოს აღმოსავლეთი საზღვრების გაძლიერებაზე იმუშავა და უკრაინას სამხედრო დახმარება აღმოუჩინა, ხოლო რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციის არათანმიმდევრული პოლიტიკის ფონზე პუტინს შეიძლება ეფიქრა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ალიანსებიდან გადოდა და რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნებოდა. საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ქვეყნის მთავარ გამოწვევად ჩინეთი მიიჩნია და იმედი დაიტოვა, რომ რუსეთი „სტაბილურ და პროგნოზირებად“ ურთიერთობაში „დაპარკინგდებოდა”. მაგრამ როგორც ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს ერთმა მაღალჩინოსანმა პირად საუბარში აღნიშნა, შეხედეთ, ამან დღეს მსოფლიო სადამდე მიიყვანა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ურთიერთობების დალაგების იმედით აშშ-ს ადმინისტრაციები რუსეთს თანმიმდევრულად მიმართავდნენ, მაგრამ მუდამ იმედგაცრუებული რჩებოდნენ, რადგან პუტინს დასავლეთთან პროდუქტიული  ურთიერთობის ქონის ინტერესი არ აქვს, თუ ეს არ იქნება მისი პირობებით, როცა მას მას ხელფეხი ექნება გახსნილი შინ რეპრესიების მოსაწყობად, ხოლო გარეთ იმ ქვეყნების მიმართ აგრესიის განსახორციელებლად, რომლებსაც ის რუსეთის ტერიტორიად მიიჩნევს. დასავლეთმა პუტინი იმად უნდა მიიღოს, რაც არის: ტირანად, რომელიც შინ ოპონენტებს ხოცავს, გარეთ კი დაპყრობით ომებს აწარმოებს და დასავლური სტილის დიპლომატია არ აინტერესებს. სანამ პუტინი რუსეთის მმართველია, რუსეთი მოწინაღმდეგე იქნება.  

დასავლეთმა პუტინს ის გავლენის სფერო არ უნდა დაუთმოს, რომელსაც ის ევროპაში ითხოვს. ეს იმით იწყება, რომ დასავლეთმა უკრაინის სუვერენიტეტს მხარი უნდა დაუჭიროს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და არა უბრალოდ მანამ, სანამ პუტინი ტოტალური ომით იმუქრება. უკრაინაზე რუსეთის გავლენის სფეროს არსებობა, სრულმასშტაბიანი სამხედრო ოკუპაციის გარეშეც კი, ქვეყნისა და რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევდა: პუტინის გაგებით, ამისათვის უკრაინელმა ხალხმა უნდა მიიღოს სამუდამო ავტოკრატია, უარი თქვას თვითგამორკვევაზე და შეეგუოს ქვეყნის შიგნით ფართოდ გავრცელებულ კორუფციას.  

თუ უკრაინაზე პუტინის ზეწოლის შემდეგი ეტაპი ეკონომიკურ იძულებას ითვალისწინებს, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა ყოფილ საბჭოთა სახელწმიფოს ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებაში უნდა დაეხმარონ. უკრაინის დღევანდელ საზოგადოებას კარგად ახსოვს პოლონეთისა და ბალტიისპირა ქვეყნების მაგალითი: მოქალაქეებს მთელი გულით სურდათ ის უკეთესი ცხოვრება, რის მოტანაც კანონიერებას და ევროპიზაციას შეუძლია. ამ მიზნით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უკრაინის ხელმძღვანელობა უნდა წაახალისოს, რათა ამ უკანასკნელმა განახორციელოს ზომები საბაზრო ეკონომიკის გასაძლიერებლად და კანონიერების განსამტკიცებლად, მათ შორის, ჩაატაროს სამუშაოები ხელისუფლების ყველა დონეზე კორუფციის აღმოსაფხვრელად, სასამართლო რეფორმის გასატარებლად და სახელმწიფო შესყიდვების პროცესში გამჭვირვალობის ასამაღლებლად.    

უკრაინის ეკონომიკაში ინვესტიციების სფეროში ევროპამ პირველი ადგილი არავის უნდა დაუთმოს. გერმანიამ „ჩრდლოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტი უკვე შეაჩერა და უკრაინას ენერგოდამოუკიდებლობისა და ევროპასთან ინტეგრაციის გაუმჯობესებაში დახმარება შესთავაზა. გერმანიამ, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპის წამყვანმა სახელმწიფომ და უკრაინისთვის ყველაზე დიდი დახმარების პროვაიდერმა, ევროპის ქვეყნები გარს უნდა შემოიკრიბოს, რათა მათ ჩადონ ინვესტიციები უკრაინის ეკონომიკის მთავარი დარგების, მაგალითად, სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებაში. გარდა აისა, უკრაინას აქვს მზარდი ტექნოლოგიური სექტორი ელექტრონული ვაჭრობის, მიწოდებისა და ფინანსების სფეროში მოქმედი ინოვაციური კომპანიებით. ევროპა, რომელსაც საკმაოდ უჭირს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩინეთთან ტექნოლოგიური ინოვაციების დარგში კონკურენცი, უკრაინაში არსებული შესაძლებლობებით უნდა ისარგებლოს და შექმნას ტექნოლოგიებში ინვესტიციების ფონდი ევროპულ და უკრაინულ კომპანიებს შორის პარტნიორობის სახელმწიფო გრანტებით მხარდასაჭერად.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნატოს წევრობა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალ დემოკრატიულ ქვეყნებს შორის ხშირად ევროკავშირთან ინტეგრაციის გზად განიხილებოდა. მაგრამ ვინაიდან ნატოს წევრობა კიევისთვის ახლო მომავალში ჰორიზონტზე არ ჩანს, ეს მოდელი უნდა შემოტრიალდეს: ევროკავშირმა უნდა განიხილოს უკრაინისთვის კარის გაღების საკითხი. ურიგო არ იქნება, თუ ის ევროპელები, რომლებიც ამ პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებენ, გაიხსენებენ, რომ 2013 წელს კიევის „მაიდან ნეზალეჟნოსტიზე“ (დამოუკიდებლობის მოედანზე“) მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები სწორედ ევროკავშირის დროშების ქვეშ დაიწყო. მას შემდეგ ევროპულ თანამეგობრობაში ყოფნის სურვილში ათასობით უკრაინელმა საკუთარი სიცოცხლე გადაიხადა. იმ დროს, როცა ევროპაში არსებული დაყოფები ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება, ევროპელებმა მხარი უნდა დაუჭირონ ევროპული ღირებულებებისა და პრინციპებისაკენ უკრაინელთა სწრაფვას და კიდევ უფრო გაერთიანებული კონტინენტის მათეულ ხედვას.  

უკრაინის ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობაი ინვესტიციების ჩადებით შესუსტდება პუტინისგან მომდინარე ზეწოლა, მაგრამ არა სამხედრო მუქარები. როგორც ჟურნალისტმა და ისტორიკოსმა ანა ეფლბაუმმა აღნიშნა, პუტინს მხოლოდ მტკიცე ძალის ენა ესმის. 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დაპყრობის ფაქტისთვის წაყრუებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა დაკარგეს. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა უკრაინას 2,7 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია და ეს დახმარება ბოლო წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაზარდა, რუსეთის შესაკავებლად ეს საკმარისი არ არის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატოში მისმა მოკავშირეებმა უნდა დააჩქარონ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ტემპი და ამისთვის განაგრძონ იარაღის მიწოდება და წვრთნები, სანამ დამოუკიდებელი უკრაინის სახელმწიფო ჯერ კიდევ არსებობს. ეს ეხება შავი ზღვის აუზსაც, სადაც რუსეთმა შეაიარაღა ყირიმი და ახლა კონტროლის სფეროს აფართოებს. ამ მხრივ შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი სხვა ქვეყნები, კერძოდ, რუმინეთი და თურქეთი, უნდა გააქტიურდნენ, რომ რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის სრული ტვირთი მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ დააწვეს ზურგზე.  

წინააღმდეგობა ასევე ნიშნავს ევროპაში თუ სხვაგან პუტინის ყველა სახის აგრესიაზე პასუხის გაცემას. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე პუტინის პროვოკაციებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, არამედ დასავლეთზე მოსკოვის ბერკეტის შესუსტებასაც. ამისათვის დასავლეთის ქვეყნებმა უნდა შეამცირონ რუსულ ბუნებრივ გაზსა და ნედლეულზე (მაგ., ტიტანიუმზე) დამოკიდებულება. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა არ უნდა დაუშვან ის, რომ პუტინმა და მისმა გარემოცვამ თავიანთი უკანონო გზებით ნაშოვნი თანხები დასავლეთის ფინანსურ სისტემაში განათავსონ. ბაიდენის ადმინისტრაციამ მისი „უმაღლესი დონის შეხვედრა დემოკრატიისთვის“ ფარგლებში წარმოადგინა დეტალური ანტიკორუფციული პაკეტი. ეს პოლიტიკა მანყოველმხრივ უნდა გამოიყენოს, მაგრამ განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებით.  

ბაიდენის ადმინისტრაციასა და ევროპელ ლიდერებს გამზადებული აქვთ მკაცრი ფინანსური სანქციები და ექსპორტზე შეზღუდვები იმ შემთხვევაში, თუ პუტინი უკრაინაზე შეიარაღებულ თავდასხმას განახორციელებს. თუ პუტინი სრულმასშტაბიანი შეიარაღებულ თავდასხმისგან თავს შეიკავებს, მაგრამ აგრესიას სხვა გზებით გააგრძელებს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ ამ ღონისძიებებიდან რომლები დაიტოვონ რეზერვში და რომლები აამოქმედონ რუსეთის მხრიდან ტოტალური ომის გარდა სხვა სახის აგრესიაზე პასუხის გასაცემად.  

ამერიკის შეერთებული შტატები ცივი ომის დროს მიხვდა, რომ მას შეუძლია სხვა ქვეყანასთან შეჯიბრებითობის პრინციპზე აგებულ ურთიერთობაზე შეთანხმდეს. პუტინის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის პარალელურად, ვაშინგტონმა ამ ურთიერთობის სტაბილიზაციის მიზნით უნდა დააყენოს წინადადებები ტრადიციული შეიარაღების შეზღუდვის, სამხედრო გამჭვირვალობის, რისკების შემცირებისა და სხვა საკითხების თაობაზე. შეიარაღების შეზღუდვით  შესაძლებელია სტრატეგიული კონკურენციის გადატანა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპისთვის  უდიდესი საფრთხის შემცველი სფეროებიდან (მაგ., ბირთვული ან ტრადიციული სამხედრო დაპირისპირებებიდან) უფრო დიდი შესაძლებლობის სფეროებზე, მაგ., რუსულ საზოგადოებასთან გრძელვადიან ურთიერთობაზე.

პუტინის ქმედებები მაინცდამაინც რუსეთის ისტორიის გარდაუვალ კულმინაციაზე არ მიანიშნებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ კრემლში მათ ახლანდელ მოწინააღმდეგესთან ურთიერთობის პოლიტიკა მომავალში რუსეთთან უკეთესურთიერთობთვის საფუძვლის ჩაყრით უნდა სრულყონ. ამაში შედის რუსებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც კრემლის პროპაგანდის მანქანას გაანეიტრალებს; იმ რუსი გამომძიებელი ჟურნალისტების მხარდაჭერა, რომლებიც მათ სისტემაში არსებული სიცრუისა და კორუფციის მხილებას ცდილობენ; და რუსი საზოგადოების გაბედული, მაგრამ შევიწროებული, მათ შორის, საზღვარგარეთ გადასახლებაში მყოფი იმ წევრების გაძლიერება, რომლებიც საკუთარი თავებისთვისაც და ქვეყნისთვისაც იმაზე უკეთესი მომავლისთვის იღვწიან, ვიდრე პუტინი იძლევა. ამგვარი მხარდაჭერა უკვე არსებობს. მაგრამ ეს უნდა გაძლიერდეს, განსაკუთრებით პუტინის რეპრესიების გაძლიერების ფონზე.  

ახლა უკვე ძალზე გვიანია იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებმა რუსეთთან სტრატეგია გადაიფიქროს. ურთიერობების გადაწყობისა და დალაგების თანმიმდევრული მცდელობები კრახით დასრულდა. ეს ყველაფერი პუტინის აგრესიის შედეგია. ვაშინგტონის ამოცანა პუტინის დამარცხება და წესებზე ორიენტირებულ, ლიბერალურ მსოფლიო წესრიგზე დაფუძნებული დასავლეთის დემოკრატიული ალტერნატივის გამარჯვებაა.

 

ალინა პოლიაკოვა, დანიელ ფრიდი

https://www.foreignaffairs.com/articles/ukraine/2022-02-23/putins-long-game-ukraine

Leave a Reply