• March 28, 2024

უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ნატოში გაწევრიანებაზე ნაკლებია, რუსეთთან მხოლოდ მყიფე და საეჭვო მშვიდობას შეიძლება იძლეოდეს.

20 მარტს ისრაელის კნესეტისთვის მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის აწ გარდაცვლილი პრემიერის გოლდა მეიერის სიტყვები გაიხსენა: „ჩვენ სიცოცხლე გვინდა, ჩვენს მეზობლებს სურთ, რომ მკვდარი გვიხილონ.“

იმ პრეზიდენტის შემთხვევაში, რომელიც რუსეთის მიზნებს ამგვარად ახასიათებს, ზელენსკის მიერ ნეიტრალიტეტზე შეთანხმების ძიება გაუგებრობას იწვევს. კიდევ უფრო გაუგებარია ის, რომ მისი რწმენით უსაფრთხოების გარანტიის მოცემა შეუძლია ქვეყანას, რომლის ინტერესები მის ქვეყნის ინტერესებს საპირისპიროა. მიუხედავად ამისა, სწორედ ამას გულისხმობს უკრაინის მიერ გასულ კვირას წარმოდგენილი ნეიტრალიტეტის გეგმა.  

პირველ მსოფლიო ომამდე ნეიტრალიტეტი აღიარებული სამართლებრივი სტატუსი იყო, რომელზეც ბევრს მუშაობდნენ და რომელსაც მეტწილად იცავდნენ და პატივს სცემდნენ. ბელგიის ნეიტრალიტეტი, რომელიც 1839 წლის ლონდონის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, ძალაში დარჩა 1914 წლამდე, როცა გერმანიამ მას „ქაღალდის ნალეჯი“ უწოდა და ქვეყანა დაიპყრო. 1815 წლის პარიზის ხელშეკრულებამ აღიარა „შეიარაღებული ნეიტრალიტეტი,“ რაც შვეიცარიის სტატუსის საფუძველია. ნაპოლეონ ბონაპარტის საბოლოო დამარცხების შემდეგ ამ ხელშეკრულების გარანტი საფრანგეთი და დავების გადაწყვეტის მთელი სისტემა გახდა.

მე-20 საუკუნეში ნეიტრალური ქვეყნების, მაგ. ბელგიისა და ნორვეგიის, ბედი გაცილებით უიღბლო გამოდგა. გამონაკლისი მხოლოდ ფინეთი აღმოჩნდა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ეს წესი ძალაში იყო. მისმა ნეიტრალიტეტმა გაძლო, ვინაიდან საბჭოთი კავშირი მიხვდა, რომ ფინეთის დამოუკიდებლობა ურყევი გამხდარიყო.    

შეძლებს უკრაინა ფინეთის სტილის ნეიტრალიტეტის მიღებას? ფინეთის მსგავსად, ის რუსეთს ჩიხში შესვლამდე ებრძვის. მაგრამ რუსეთის შეიარაღებული ძალების შემუსვრა მთლად შესაძლებელიც არ არის, და რუსეთის ინტერესები და რისკები უკრაინაში გაცილებით მაღალია, ვიდრე ფინეთში იყო. თუ უკრაინას ვერ დაიმორჩილებს, „რუსული სამყაროს“ მითი ხუხულასავით ჩამოინგრევა. ვლადიმერ პუტინისთვის პერსონალური აკვიატებაა იმის გამოსწორება, რასაც ის რუსეთისა და „პატარა რუსეთის“ განცალკევების დანაშაულად მიიჩნევს.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მოლაპარაკებების წარმოებაში ზელენსკის მოტივები სპეკულაციის საგნად რჩება. მაგრამ ეს მოტივები აშკარაა. პირველი, ნატოს იმ განცხადებიდან 14 წლის შემდეგ, რომ უკრაინა ერთ დღეს ნატოს წევრი გახდებოდა, მისმა გარანტიებმა იმპერატორის სამოსელის მთელი დიდებულება აირეკლა. როცა საქმე ეხება მარცხის თავიდან აცილებისთვის საჭირო თავდაცვითი იარაღის მომარაგებას, უკრაინის ნატოს პარტნიორები აქ გულუხვობას იჩენენ. ისეთი იარაღის მიწოდებისგან კი, რომელიც ჭურვების ცვენას შეაჩერებს, ნატოს პარტნიორებმა თავი შეიკავეს. აშკარაა, ზელენსკის გადაწყვეტილი აქვს, რომ უკრაინას უსაფრთხოების განსხვავებული ბაზისი სჭირდება.  

მეორე, ზელენსკის მხედველობიდან არ გამორჩენია რუსეთი მიერ 24 თებერვლის პოზიციებიდან უკან დახევის მასშტაბი. ზელენსკი ხვდება, რომ მოლაპარაკებისას მტკიცე ნებისყოფით და შეუპოვრობით შესაძლებელია კომპრომისზე რუსეთის დაყოლიება. რუსეთი უკვე აღარ ითხოვს „დენაციფიკაციას“ (რეჟიმის შეცვლას) და „დემილიტარიზაციას“ (უკრაინის განიარაღებას).    

მესამე, ერთი მიზანი, რომელზეც რუსეთს უარი არ უთქვამს – უკრაინის მიერ სეპარატისტული დონბასის წარმონაქმნების (მათი სრული ადმინისტრაციული და არა დროებითი საზღვრებით) და მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარება – უკრაინისთვის ანათემაა. აქ ზელენსკის პოზიცია ურყევია.

სულ ცოტა ოთხი კითხვა უნდა დაისვას. პირველი, ნატო-უკრაინის თანამშრომლობასთან დაკავშირებით: 1997 წელს „განსაკუთრებული პარტნიორობის ქარტიის“ ხელმოწერის შემდეგ, სამხედრო ქსელების ჯვარედინმა განაყოფიერებამ და წვრთნისა და დახმარების უზარმაზარმა მასშტაბმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უკრაინის სამხედრო კულტურის ფორმირებასა და სახელწიფო უსაფრთხოების განმტკიცებაში. არის ზელენსკი მზად ზურგი აქციოს ამ ურთიერთობებს და მათ სანაცვლოდ რუსეთთან საეჭვო მშვიდობას დაყაბულდეს?  

მეორე, აშშ-ის, რუსეთისა და ისრაელის მიერ ბოძებული „ნატოს მე-5 მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მტკიცე“ უსაფრთხოების გარანტიებით რა იგულისხმება? რა საშუალებით? მე-5 მუხლის ძალა მომდინარეობს არა მისი სიტყვებიდან, არამედ საერთო ინტერესებიდან, მჭიდრო ინტეგრაციიდან, ოპერატიული მართვის დახვეწილი მექანიზმებიდან და ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ჩვეულებებიდან. მათ გარეშე გარანტიები მხოლოდ კეთილი დაპირებებია.  

მესამე, იმ ქვეყნებმა, რომლებსაც არ სურთ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცენ, როგორც ნატოს წევრებმა, რატომ უნდა უბოძონ მას ეს გარანტიები ნატოს ფარგლებს გარეთ? უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის მიზეზი არის არა ის, რომ უკრაინა მათ ღირსად არ მიაჩნიათ (როგორც ჩანს, ზელენსკი ასე ფიქრობს), არამედ ის, რომ ნატოს ქვეყნებს არ სურთ უკრაინის გამო ომის დაწყონ რუსეთთან, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს.

და ბოლოს, როცა უკრაინა რუსეთთან ოფიციალურ სამშვიდობო მოლაპარაკებას ხელს მოაწერს, დასავლეთში ვინ მოითხოვს უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების გაწევას, სანქციების ძალაში დატოვებას ან რუსეთისთვის ხარჯების გაზრდას? დღეს ისინი, ვისაც სურთ ხელები უკრაინას შეაწმინდონ, დაბნეული და დისკრედიტირებული არიან. უკრაინის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადებით ისინი კვლავ გამოცოცხლდებიან.

საიდუმლო არ არის ის, რომ კიევის გეგმები დიდწილად ზელენსკის სპრეზიდენტო სამსახურის მიერ არის შედგენილი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებან საკმარისი კონსულტაციების გარეშე. არაპროფესიონალიზმის კვალი თვალში საცემია. თავი შეგვიძლია ზელენსკის იმ განცხადებით დავიმშვიდოთ, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინელი ხალხი მიიღებს. მაგრამ ის, რასაც უკრაინელი ხალხი იტყვის, ზელენსკისთვის შეიძლება მოულოდნელი აღმოჩნდეს.  

ჯეიმს შერი

03.04.22.

https://www.ft.com/content/499f2277-1a9b-4bf3-9f70-409340d5dc3c

 

Leave a Reply