• March 29, 2024


რადგან რუსეთს მთავარი შუამავლის როლის შესრულება არ შეუძლია, ეს ქვეყნები დახმარებას სხვაგან ეძებენ

ახლა, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინაზეა მიპყრობილი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება სწრაფად იცვლება და ამაზე რუსეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული საპასუხო პოზიცია არ აქვთ. 2020 წელს რუსეთის შუამავლობით მიღწეულ ზავს, რომლითაც მეორე ყარაბახის ომი დასრულდა, რეგიონისთვის არც სტაბილურობა მოუტანია და არც უსაფრთხოება, ხოლო ჯერ კიდევ სანამ უკრაინის ომი დაიწყებოდა, რუსულ სამშვიდობოებს უკვე უჭირდათ თავიანთი მისიის შესრულება. მაგრამ ბაქოსა და ერევანს შორის ახალ სამშვიდობო პროცესს შეიძლება საძირკველი მაინც ეყრება, რადგან  ახალი შუამავალი – ევროკავშირი – სულ უფრო მეტად აქტიურობს. გასული ორი თვის განმავლობაში განვითარებული ეს დინამიური ცვლილებები კარგად აჩვენებს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი როგორ ცვლის ევრაზიის პეიზაჟს.      

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი საბჭოთა კავშირის იმ გვიანდელ პერიოდს უკავშირდება, როცა მთიანი ყარაბახის ავტონომიური რეგიონის ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ მოითხოვა, რომ მოსკოვს ეს ტერიტორია აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისგან (სსრ) ჩამოეჭრა და სომხეთის სსრ-სთვის მიება. ამ ნაბიჯმა ორივე მხარეს ნაციონალისტური სენტიმენტები გააძლიერა, რაც საბოლოოდ ხანგრძლივ სისხლიან კონფლიქტში გადაიზარდა.  

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ერთის მხრივ დამოუკიდებელმა აზერბაიჯანმა და მეორეს მხრივ ყარაბახელმა სომხებმა და დამოუკიდებელმა სომხეთმა ომი დაიწყეს, რასაც მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება და ეთნიკური წმენდა მოჰყვა. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომლითაც ადრე აზერბაიჯანის კუთვნილი ყარაბახის რეგიონი და მიმდებარე ტერიტორიები სომხეთის მხარის დე-ფაქტო კონტროლის ქვეშ დარჩა. ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების დადებაზე ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის და საფრანგეთის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. სერიოზული შეტაკებები 2016 წელს და 2020 წელს განახლდა. 2020 წელს გაჩაღებული ორმოცდახუთდღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ორი ათწლეულის წინ დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნეს, სომხებს კი ყარაბახის მხოლოდ ნაწილი დარჩათ. ამ დროს რუსეთმა ყარაბახში მშვიდობის დამცველები ჩააყენა მისი შუამავლობით დადებული ზავის უზრუნველყოფის, ამ ორი ეთნიკური ჯგუფის უსაფრთხოებისა და თემებს შორის დავების მოგვარების მიზნით.  

2020 წლის ომის ერთ-ერთი დადებითი შედეგი იყო ის, რომ ამით მოიხსნა ის რამდენიმე დაბრკოლება, რომლებიც რეგიონში შერიგებას და დაახლოებას ხელს უშლიდა. მაგალითად, თურქეთს სომხეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილი ჰქონდა ამ უკანასკნელის მიერ აზერბაიჯანული ტერიტორიის ოკუპაციის გამო, და ამ სამ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირები გასული საუკუნის 90-იან წლებში მოიშალა. მაგრამ 2020 წლის ომის შემდეგ დიპლომატიამ ხელახლა გახსნა მათი აღდგენის შესაძლებლობები. გასული წლის გვიანდელ პერიოდში, ბაქო და ერევანი შეთანხმდნენ საზღვრის დელიმიტაციის კომისიის შექმნაზე, თავდაცვის სამინისტროებს შორის ცხელი ხაზი შექმნეს და ერთმანეთთან პირდაპირ საუბარი განაახლეს, ეს ყოველივე კი პროგრესის მცირე ნიშნებია.  

მაგრამ ეს პროგრესი მაინც დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. როგორც ჩანს, აზერბაიჯანი დაშინების მოდელის იმ მოდიფიცირებულ ვერსიას იყენებს, რომელსაც მოსკოვი უკრაინაში 24 თებერვალს შეჭრამდე უკრაინის მიმართ მიმართავდა, კერძოდ, ამ ორ ქვეყანას შორის არსებული საზღვრის გასწვრივ სამხედრო შენაერთების თავმოყრას, იძულების დიპლომატიას და სომხეთის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებში შესაღწევად პერიოდულ საომარ მოქმედებებს. ზავის დარღვევის შემთხვევები ახლა არა მხოლოდ მთიან ყარაბახში და მის შემოგარენში ფიქსირდება, არამედ შიგადაშიგ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ჯერ კიდევ არდემარკირებულ საზღვარზეც. ყველაზე სერიოზული შეტაკება გასული წლის ნოემბერში მოხდა, რამაც ექვსი სომეხისა და შვიდი აზერბაიჯანელის სიცოცხლე შეიწირა და სახელმწიფოებს შორის პირდაპირი კონფლიქტის გაჩაღების რისკი გააჩინა.

გასულ თვეს აზერბაიჯანმა ყარაბახის სომხურ მოსახლეობაზე ზეწოლა გააძლიერა და დასახლებულ ცენტრებს გაზით მომარაგება ორჯერ შეუწყვიტა. აზერბაიჯანულმა შენაერთებმა თურქული ბაირაქტარები განალაგეს, სომხურ მშვიდობიან მოსახლეობას რეგიონის დატოვებისკენ პირდაპირ მოუწოდეს და პატარა სომხურ სოფელიც დროებით აიღეს, რის შედეგადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები სოფლიდან გაიქცნენ. ეს მოვლენები სომხებში საფრთხის შეგრძნებას ამძაფრებს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის შეთანხმებაში არსებულ ნაკლოვანებებს ავლენს და ომის განახლებისა და ეთნიკური წმენდის შიშებს აძლიერებს.  

ბევრი სომეხის აზრით, ამ ლაშქრობებით ბაქო ცდილობს ხელთ მაქსიმალურად მეტი ტერიტორია ჩაიგოს და ამით ერევანი ნაკლებად ხელსაყრელი პირობებით სამშვიდობო შეთანხმებაზე დაითანხმოს. როგორც ჩანს, ეს მეთოდი ამართლებს. დაძაბულობის განმუხტვის მიზნით ევროკავშირმა და რუსეთმა დიპლომატიურ ფრონტზე მუშაობა გააქტიურეს, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრა კონფლიქტის ერთობლივად დარეგულირების ამ სამუშაოს ართულებს და ბაქომაც ამ შემთხვევით ისარგებლა და ერევანს კომპლექსური მშვიდობის ხუთპუნქტიანი წინადადება წარუდგინა. ამ გეგმაში შედის თითოეული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთაღიარება, მომავალში ტერიტორიულ პრეტენზიებზე უარის თქმა, საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გახსნა. წინადადებიდან ამოღებულია სომხეთის დიდი ხნის მოთხოვნა: მთიანი ყარაბახისა და მისი სომხური მოსახლეობის მომავალი სტატუსის განსაზღვრის შესახებ შეთანხმება და შესაბამისი მექანიზმი.  

 

თეორიულად მოსკოვს, როგორც გარე სახელმწიფოს, მშვიდობის დამყარებაზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს. თუმცა, როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის მოსახლეობაც უკმაყოფილოა უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სიმხეცით და მხარს უკრაინელ ხალხს უჭერს, თუმცა რეგიონში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ხშირად საიმედო არ არის. დიპლომატიურად, ორივე ქვეყანა ცდილობს ძალზე რთულ გეოპოლიტიკურ სივრცეში რისკებისგან თავი დაიზღვიოს. აზერბაიჯანი იძულებული გახდა მამდე რუსეთთან ხელმოწერილ ახალ პარტნიორობაზე და „ალიანსზე“  შეთანხმებისგან თავი მალევე შორს დაეჭირა. გარდა ამისა, აზერბაიჯანმა მხარი არ დაუჭირა გაეროს გენერალურ ასამბლეის იმ რეზოლუციებს, რომლებითაც დაიგმო უკრაინაში რუსეთის ქმედებები, რითაც მან თვალში მოსახვედრ საგარეო პოლიტიკაზე აშკარად უარი განაცხადა. მიუხედავად რუსეთთან ხანგრძლივ კავშირზე მისი ეკონომიკური დამოკიდებულებისა, სომხეთი ცდილობს მაქსიმალურად ნეიტრალური დარჩეს: მან რუსეთის დაგმობის შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეის  ორ რეზოლუციაზე კენჭისყრისგან თავი შეიკავა, მესამეს კი მხარი არ დაუჭირა. მიუხედავად ამისა, რუსეთში ბოლოდროინდელი ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ აშინიანმა დაადასტურა ერევნის დაინტერესება მოსკოვთან ალიანსის განმტკიცების მიმართ. ეს განცხადება კი დასავლეთში შეუმჩნეველი არ დარჩენილა.  

2020 წლიდან რუსეთი რეგიონში შუამავლის როლს იმისათვის იყენებს, რომ აჯობოს ამერიკის შეერთებული შტატებ, რომელსაც არ ჰქონდა ამ მიწაზე სამხედრო კონტინგენტის განთავსების საშუალება და სურვილი. ეს მოსკოვს სამხრეთ კავკასიაში გავლენის განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. და მაინც, თურქეთის ჩათვლით რეგიონში რუსეთს არავინ ენდობა. უკრაინის ომამდეც კი, ყარაბახის კონფლიქტი უკვე დიპლომატიური და უსაფრთხოების თვალსაზრისით იმ დანაღმულ ველს წარმოადგენდა, რომელზეც მოსკოვი გაჭირვებით დაიარებოდა. ახლა ჩანს, რომ რუსეთს არ შეუძლია (ან არ სურს) მშვიდობის დაცვა, და ვრცელდება ამბები, რომ მოსკოვს ამ განთავსებული მშვიდობის დამცველების სრული კონტინგენტი აღარ ჰყავს, და გამოდის, რომ მინსკის ჯგუფი უკრაინაში მიმდინარე ომმა იმსხვერპლა.      

მაგრამ სხვები იწყებენ გააქტიურებას და ორი ქვეყანა შეიძლება პროგრესთან ახლოს იყოს. სომხეთს ძალიან სურს საზღვრების გახსნა, რომ რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს, და პაშინიანმა გამოთქვა აშკარა მზადყოფნა ამ საკითხზე როგორც აზერბაიჯანთან, ასევე თურქეთთან მოსალაპარაკებლად. მან ბაქოს წინადადებაზე, მათ შორის, მთიანი ყარაბახის ჩათვლით აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზე, წინასწარი თანხმობა განაცხადა და, როგორც იტყობინებიან, დეტალების, მათ შორის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრების სომხების საკითხზე პოზიციის, შემუშავებ ბაქოს შესთავაზა. როგორც ჩანს, მოლაპარაკებებს ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელმძღვანელობს. ამ ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ბრიუსელში  6 აპრილს შეხვდნენ და სატრანსპორტო კავშირების აღდგენისა და ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების დადებისკენ „სწრაფი ნაბიჯით სვლაზე“ შეთანხმდნენ. 25 აპრილს სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები საზღვრის დელიმიტაციის კომისიის შექმნის მექანიზმზე შეთანხმდნენ.  

მიუხედავად ამისა, რუსეთი რეგიონში უზარმაზარ გავლენას ინარჩუნებს და შეიძლება ეს პროცესი, განსაკუთრებით ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება, მარტივად ჩაშალოს. 21 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ დასავლეთს მინსკის ჯგუფის „პარალიზებაში“ დასდო ბრალი და დაგმო ევროკავშირის მიერ სამშვიდობო პროცესის „დაუფლება.“ მოლაპარაკებებს ჩირქი შეიძლება სომხეთში ან აზერბაიჯანში მოქმედი მემარჯვენე ელემენტებმაც მოცხონ. კომპრომისებზე შიდა უთანხმოებების გამო რელსებიდან გადავიდა 2001 წელს აშშ-ის შუამავლობით მიღწეული მორიგება. ბაქოსთან მოლაპარაკების გამართვაზე პაშინიანის ბოლოდროინდელმა მზაობამ პოლიტიკური ოპოზიციის, მისი მთავრობის ყოფილი წევრებისა და ყარაბახის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. გვიანდელი საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ყარაბახში მყოფ სომხებს პირველად გაუჩნდათ იმის შიში, რომ ერევანიდან მათ მხარდაჭერა აღარ აქვს, რაც სწორედ ის აღქმაა, რის გათამაშებასაც ოპოზიცია ლამობს. სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც კომპრომისს გულისხმობს, ორივე ქვეყნის ლიდერებს სერიოზული რისკების წინაშე აყენებს და ეს განსაკუთრებით ასეა პაშინიანის შემთხვევაში, რომლის გავლენაც ახლა გაცილებით სუსტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თუმცა, უკრაინაში არსებული არასტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში და მთლიანად ევრაზიაში დინამიკას ცვლის და ბაქოს და ერევანს აიძულებს ერთმანეთს პირდაპირ ახალ ფორმატში დაელაპარაკონ. ეს კი ერთდროულად რისკიც არის და პოტენციური შანსიც.      

ალექსა პულცი, პოლ სტრონსკი

25.04.22.

https://carnegieendowment.org/2022/04/25/ukraine-war-is-reshaping-armenia-azerbaijan-conflict-pub-86994

Leave a Reply