• March 29, 2024


უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ინტერესის საგნად იქცა. ბალტიისპირეთის სამმა ქვეყანამ (ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ) და მოლდოვამ აშკარად ანტირუსული პოზიციები დაიკავეს
. მათ შორის აღსანიშნავია კიშინოვი, რომელიც იმდენად შორს წავიდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადიც კი შეიტანა; მეორეს მხრივ, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ბელარუსი დაუფარავად მხარს უჭერს. რაც შეეხება კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მთავრობებს, მათ უფრო ფრთხილი პოზიციები დაიკავეს. ამის ერთი კარგი მაგალითია აზერბაიჯანის შემთხვევა, ვინაიდან ბაქო მოსკოვთან ზოგადად თბილ და მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებს, თუმცა ამის პარალელურად  უკრაინის დასახმარებლად დახვეწილ ნაბიჯებსაც დგამს.

ბოლოდროინდელი მოვლენები

ამა წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმოხილვა სიტუაციის სწორად დანახვაში დაგვეხმარება. ჰუმანიტარული დახმარება ბაქოს ბოლოდროინდელი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. მაგალითად, 20 აპრილს მოლდოვას თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ მოლდოვას შეიარაღებული ძალები უკრაინელ ლტოლვილებს სხვა დონორებთან ერთად აზერბაიჯანის მიერ გამოგზავნილ მარაგებს დაურიგებდნენ. ამ დახმარების „ტრანსპორტირება განხორციელდა ეროვნული არმიის ტექნიკური ნაწილებიდან კიშინოვის სან ფარმ პრიმის საწყობში,“ განმარტა სამინისტრომ. 21 აპრილს ახალი ამბების სააგენტო „აზერტაკმა“ განაცხადა, რომ ვარშავის აეროპორტის გავლით ბაქომ უკრაინას ჯამში 3,37 მილიონი მანათის (1,9 მილიონი აშშ დოლარის) ღირებულების 170 ტონა მედიკამენტები და მარაგები და 1 მილიონი მანათის (588 000 აშშ დოლარის) ღირებულების საკვები გაუგზავნა. აპრილის ბოლო რიცხვების მდგომარეობით, „უკრაინაში არსებული კრიზისის გამო აზერბაიჯანის მიერ მიწოდებულმა მთლიანმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ თანხობრივად 27,6 მილიონი მანათი (დაახლოებით 15 მილიონი ევრო), ხოლო წონით 720 ტონა შეადგინა.  

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ნავთობს, კერძოდ, „აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის“ შვილობილ კომპანია „სოკარენერჯი უკრაინას“ ეხება. როგორც იტყობინებიან, კომპანიამ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს სასწრაფო დახმარებისა და სხვა მანქანებისთვის 100 ტონა საწვავი გადასცა.    

გარდა ამისა, აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ უღიარებია დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონები. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა მარი გლანცმა განმარტა, „ისტორიულად აზერბაიჯანს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და აქვს უკრაინასთან, რომელიც მთიანი ყარაბახის კონფლიქტში მხარს უჭერდა აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ერთიანობას.“

ხალხის დონეზე, აზერბაიჯანელებიც გამოხატავენ ომით უკმაყოფილებას. როცა ომი დაიწყო, ბაქოში უკრაინის საელჩოსთან ასობით აზერბაიჯანელი შეიკრიბა, რომლებსაც ხელში უკრაინის დროშები ეკავათ. მარტში რუსეთის წინააღმდეგ ომის საწინააღმდეგო საპროტესტო დემონსტრაციები ბაქოში რუსეთის საელჩოსთანაც  გაიმართა.

მეორეს მხრივ, ბაქო ყველანაირად ეცადა, რომ ამ მგრძნობიარე პერიოდში რუსეთი არ გაებრაზებინა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის განხორციელება გააგრძელა და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს არ შეუერთდა. მარტში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის აგრესიის დაგმობის რეზოლუციაზე კენჭისყრაში აზერბაიჯანს მონაწილეობა არ მიუღია. ქვეყანამ იგივე პოზიცია დაიკავა აპრილში ამერიკის ინიციატივით შემოტანილ რეზოლუციაზე, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას ეხებოდა.

ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, კერძოდ 22 თებერვალს, ანუ რუსეთის მიერ უკრაინაზე ტოტალური თავდასხმიდან 2 დღის შემდეგ, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს „დეკლარაციას ურთიერთქმედების შესახებ.“ თუმცა კავკასიის საკითხებში ზოგი ექსპერტის აზრით ეს შეთანხმება სხვა არაფერი იყო, თუ არა აზერბაიჯანის მიერ კრემლის ანტიუკრაინული პოლიტიკის გაზიარება, შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ანკარასთან ტანდემში ბაქომ ამ გაჭირვების პერიოდში კიევის მხარდასაჭერად ძალზე მნიშვნელოვანი და საქები ნაბიჯები გადადგა.  

იმიჯის შეკეთება

ჯერჯერობით, რაც აზერბაიჯანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისგან განასხვავებს, არის ის, რომ ბაქო რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით პრაგმატულ საგარეო პოლიტიკასსხვადასხვა მიზეზით იცავს, რომელთა შორისაც ძირითადი მაინც ყარაბახის საკითხია. როგორც ჩანს, უკრაინას და დასავლელ პარტნიორებს ესმით აზერბაიჯანის გათვლილი დაბალანსების პოლიტიკის ეს ასპექტი და ამ სტრატეგიის ლოგიკა. კიევისთვის (და კიშინოვისთვის) მედიკამენტებით და საწვავით დახმარებაც კარგად იქნა მიღებული; 28 მარტს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა და [აზერბაიჯანელ კოლეგას] „უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მათ შორის, სამედიცინო მარაგებისთვის მადლობა გადაუხადა.“    

დღეს აზერბაიჯანი რთულ სიტუაციაშია. 2020 წელს ქვეყანას მთიან ყარაბახზე რამდენიმედღიანი ომი ჰქონდა; მართალია ბრძოლის ველზე ბაქომ გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ომის შედეგად მოჰყვა ის, რომ რეგიონში უფრო მეტი რუსი განლაგდა, მათ შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოებით ორი ათასი რუსი მშვიდობის დამცველი ჩადგა. როგორც ჩანს, აზერბაიჯანმა ნახა, რა დღეში ჩაცვივდნენ რეგიონში იმ ქვეყნების ხელისუფლებები, რომლებიც ანტირუსულ პოზიციებს დაუფარავად გამოხატავდნენ, კერძოდ, რა დაემართა საქართველოს 2008 წელს და უკრაინას 2014 და 2022 წლებში.    

რუსეთში მიმდინარე ანტიაზერბაიჯანული პროპაგანდაც შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზია; ზოგი პირი ღიად საუბრობს ბაქოს მიმართ „ტაქტიკური ბირთვული რაკეტით თავდასხმის“ შესაძლებლობაზე. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების ნეიტრალიტეტი უკრაინაში მყოფ მის მოქალაქეებს ვერ იცავს. „ამერიკის ხმის“ ახალი ამბების სამსახურმა გააშუქა სულ ცოტა ერთი აზერბაიჯანის მოქალაქის შემთხვევა – ეს იყო მარიუპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომლებიც რუსებმა გაიტაცეს – მას 17 მარტიდან 12 აპრილამდე აწამებდნენ. თუმცა ახალგაზრდა კაცი საბოლოოდ გაათავისუფლეს, ეს ინციდენტი მაინც შემაშფოთებელია და შეიძლება რუსეთში არსებული ანტიაზერბაიჯანული განწყობების გამოხატულებად იყოს განხილული.  

ამრიგად, სტრატეგიული დუმილით და რუსეთის კრიტიკაზე უარის თქმით აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს არ გააბრაზოს რუსეთი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულ ტერიტორიულ დავაში რუსეთს შეუძლია მარტივად დაიწყოს სომხეთის დახმარება; ან უკრაინის დაპყრობის მოდელის გათვალისწინებით, კრემლმა შეიძლება გამონახოს აზერბაიჯანში გარკვეული სახის ოპერაციის ჩატარების საბაბი.  

ამავე დროს, აზერბაიჯანს სურს აჩვენოს, რომ მას ევროპის მეგობრად დარჩენა სურს. ამიტომ, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, ცენტრალური აზიიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და აქედან მთელი რეგიონისთვის ენერგიის ტრანსპორტირებისთვის კავკასიის დერეფნის იდეა დღეს ფართოდ განიხილება. მაგალითად, ვაშინგტონში ყაზახეთის საელჩომ 18 აპრილს „საერთაშორისო საგადასახადო და საინვესტიციო ცენტრისა“ და „ახალი ხაზების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციას უმასპინძლა; სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე თიმურ სულეიმენოვი, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის მთავრობა და ბაქო კასპიის ზღვაზე ყაზახეთის აქტაუს პორტიდან ბაქოს პორტში ნავთობის გადაზიდვის მოცულობის გაზრდის მიზნით  ტანკერების ახალი ფლოტის შექმნას განიხილავდნენ. თვით აზერბაიჯანსაც სურს საკუთარი ენერგოწარმოების, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდა  იმისათვის, რომ ევროპისთვის ენერგიის უფრო მსხვილი მიმწოდებელი გახდეს. როგორც ნიკოლა მიკოვიჩმაინტერპრეტერისთვის“ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, „ბაქომ ამ დავიდარაბიდან [ომიდან] შეიძლება სარგებელი ნახოს, განსაკუთრებით ევროპაში გაზის ექსპორტთან დაკავშირებით.“  

ასევე, ბაქო ცდილობს ვაშინგტონს აჩვენოს, რომ ის აფასებს ორმხრივ ურთიერთობებს. ომის დაწყების შემდეგ, აშშ სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთმანეთს ტელეფონით რამდენიმეჯერ ესაუბრნენ. უფრო მეტიც, 28 მარტიდან 1-ლ აპრილამდე, „სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის“ ფარგლებში ოკლაჰომას ნაციონალურმა გვარდიამ და აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთებმა სამხედრო წვრნები ჩაატარეს. ამ წვრთნებში შედიოდა ოკლაჰომას არმიას და საჰაერო ნაციონალურ გვარდიასა და აზერბაიჯანის ოპერატიულ ბატალიონზე მიმაგრებულ ექიმებს შორის სამედიცინო ცოდნის გაზიარება.

დასკვნები

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ არც მწვადი უნდა დაწვას და არც შამფური, რომ არც ზედმეტად პრორუსული გამოჩნდეს და არც ზედმეტად პროუკრაინული, ვინაიდან ორივე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ უარყოფითი შედეგები მოჰყვება. სომხეთთან ტერიტორიული დავა, რაც 2020 წლის კონფლიქტის მემკვიდრეობაა, და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვართან რუსი მშვიდობის დამცველების კონტინგენტის განლაგება ის ფაქტორებია, რომლებიც ბაქომ უნდა გაითვალისწინოს, სანამ რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება.

მეორეს მხრივ, ბაქო ცდილობს დამტკიცოს, რომ მას შეუძლია  ევროპისთვისაც და ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც საიმედო პარტნიორი იყოს როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ენერგიის და საქონლის სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში, ასევე სხვა სფეროებშიც. უკრაინისთვის და მოლდოვასთვის (უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად) მედიკამენტებისა და ნავთობის ჰუმანიტარული დახმარების სახით გადაცემაშეიძლება იარაღის გადაცემის მნიშვნელობის არ არის, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი მოვლენებია, რომლებიც ბრიუსელს, ლონდონსა და ვაშინგტონს მხედველობიდან არ უნდა გამორჩეს.  

 

ვილდერ ალეხანდრო სანჩესი

01.05.22.

 

Leave a Reply