• April 18, 2024

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი დაზვერვის სამსახურები უკრაინის სასარგებლოდ აამუშავა. ამერიკული დაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შიძლება უფრო ლეტალური გამოდგეს, ვიდრე ის შეიარაღება, რომელსაც ნატო უკრაინას რუსეთთან საბრძოლველად უგზავნის.

გუშინ ცნობილი გახდა ორი ამბავი, რომლებითაც დასტურდება, თუ რა დიდ როლს ასრულებს რუსეთთან უკრაინის ომში აშშ-ს დაზვერვის მხარდაჭერა. პირველი ამბიდან ვიგებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას აწვდის ოპერატიულ ინფორმაციას, რომლის დახმარებითაც უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსულ სამეთაურო პოსტებს მიზანში იღებენ და ანადგურებენ და, განზრახ თუ შემთხვევით, უპრეცედენტო რაოდენობის რუს სამხედრო ოფიცრებსა და გენერლებს ხოცავენ. მეორე ამბით კი დადასტურდა მოარული ხმები იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ფლაგმან „მოსკვას“ ჩაძირვაში მონაწილეობდა – სარაკეტო დარტყმის განხორციელებამდე ამერიკულმა დაზვერვამ უკრაინელებს კრეისერის ზუსტი ადგილმდებარეობა დაუდასტურა. ამ განცხადებებს ბაიდენის ადმინისტრაცია შეეწინააღმდეგა, დაზვერვისა და ადმინისტრაციის მუშაკები კი რეპორტიორებთან კმაყოფილებით საუბრობენ.        

ის ცნობები, რაც ჯერჯერობით ხელთ გვქვს, ბუნდოვან წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, ამერიკის მიერ მიწოდებული მონაცემები როგორ ჯდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციულ გაზიარებაში. მაქსიმალურად ეფექტიანი რომ იყოს, მონაცემები სწრაფად უნდა მიეწოდებოდეს ფრონტის ხაზის გასწვრივ მოქმედ ნაწილებს, რომ მათ ისინი მანამ გამოიყენონ, სანამ ისინი უსარგებლო გახდება. ომში იყო მართალი არასწორ დროს იგივეა, რაც იყო მტყუანი. ჩვენთვის უცნობია, აშშ-ს სუბიექტები რა დონეზე აწვდიან ინფორმაციას უკრაინის მხარეს მყოფ თავიანთ კოლეგებს. თუმცა, განსაკუთრებით იმ რუსი გენერლებისა და ოფიცრების დახოცვასთან დაკავშირებით, რომლებიც ძალზე სწრაფად გადაადგილდებიან და ძნელი დასაფიქსირებელი არიან, გამოდის, რომ შანსის გამოვლენიდან თავდასხმის განხორციელებამდე არც იმდენი ბუფერული საფეხურია გასავლელი.  

გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რთული სივრცეებიდან ინფორმაციის გაცხრილვის და მისი სარწმუნო ოპერატიული ინფორმაციად გადაქცევის შთამბეჭდავი სისტემები შექმნა. მოქმედი სისტემის პირველი სამხედრო პროტოტიპები 1970 წლებით თარიღდება (მისი წინამორბედები კი პირველ მსოფლიო ომის დროსაც კი არსებობდა). მიუხედავად ამისა, სისტემამ ყურადღება გადაიტანა „ტერორიზმთან ომზე,“ რა დროსაც დაზვერვის აქტივები საჭირო იყო მცირერიცხოვანი ჯგუფებისა და თვით ცალკეული პირების კვალზე გასასვლელად და მათ გადაადგილებასა და საქმიანობაზე დასაკვირვებლად როგორც გაშლილ სივრცეებში, ასევე რთულ ურბანულ გარემოში.  სისტემა ინფორმაციას იღებს თანამგზავრებიდან, სიგნალების გადამჭერებიდან, ელექტრომაგნიტური სპექტრიდან, კიბერსივრციდან, დრონებიდან და სხვა არსებული საჰაერო ხომალდებიდან. ეს სისტემა მხოლოდ ნახევარია სადაზვერვო-დამკვრელი კომპლექსისა, რაც იმ სისტემების სისტემაა, რომლითაც დამნახველი იძლევა სამიზნე წერტილებს, რომლებსაც შემდეგ მსროლელი ანადგურებს. ეს „თანამედროვე სისტემის“ ყველაზე თანამედროვე ინკარნაციაა, რომლის მიხედვითაც სახმელეთო ბრძოლები პირველი მსოფლიო ომის ბოლო პერიოდიდან წარიმართება.

ამ ეტაპზე ვიცით, რომ ამერიკული დაზვერვის სისტემა რუსულ სისტემაზე უკეთესია და რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს სისტემა რუსებთან ბრძოლაში უკრაინელთა დასახმარებლად აამოქმედა. ინტენსიური ომის დროს ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელოვნების გაზვიადება შეუძლებელია; ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია რუსული სამხედრო მანქანის მყესები იპოვნოს და უკრაინელებს მათ გადაჭრაში დაეხმაროს. უეჭველია, სინერგიაც არსებობს დაზვერვის სისტემასა და იმ შეიარაღებას შორის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და სხვები უკრაინას აწვდიან. დაზვერვას შეიძლია იმ ჯავშანტრანსპორტიორებისა და სხვა ბრონირებული სატრანსპორტო საშუალებების სუსტად დაცული კოლონების გამოვლენა, რომლებიც „ჯაველინის“ ტიპის რაკეტებით შეიძლება განადგურდეს.  

შორს არ არის ის დრო, როცა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული შორი მოქმედების საარტილერიო დანადგარები ფრონტის ხაზიდან კილომეტრობით ზურგში განლაგებულ რუსეთის კრიტიკულად მნიშვნელოვან სამხედრო წერტილებს დაბომბავენ. ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიღებული ინფორმაციის დადასტურება და ინტეგრირება შესაძლებელია TB2 დრონების მიერ მოწოდებული ვიდეო მასალებით, რის დახმარებითაც შესაძლებელი ხდება რუსეთის სამხედრო შენაერთებზე კიდევ უფრო ლეტალური დარტყმების განხორციელება.  

რაც დრო გადის, ამერიკული დახმარება შეიძლება კიდევ უფრო ლეტალური გახდეს. როცა უკრაინაში ამინდი გამოიდარებს, ამერიკული თანამგზავრები რუსული ჯარების გადაადგილებაზე და განლაგებაზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებას შეძლებენ. მაგრამ, ცხადია, ამ ყველაფერში საფრთხეებიც არის. საკმაოდ მოულოდნელი იყო ის, რომ ამერიკის მთავრობამ აღიარა რუსი გენერლების დახოცვაში შეტანილი თუნდაც გარკვეული წვლილი, რომ აღარაფერი ვთქვათ შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის – კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვაზე. ბრძოლის ველზე უკრაინული სამხედრო შენაერთებისთვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ეომება ამ სიტყვის სამართლებრივი მნიშვნელობით, მაგრამ იმას კი ნამდვილად ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ კონფლიქტში სერიოზულად არის ჩართული იმ ფორმებით, რომლებიც ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინისთვის უზარმაზარი რაოდენობის შეიარაღების მიწოდება. არსებითად, ამერიკის შეერთებული შტატები რუს ჯარისკაცებს ეუბნება: „გხედავთ და შეგვიძლია დაგხოცოთ.“ მომავალი გვიჩვენებს, რუსების პასუხიროგორი იქნება.    

რობერტ ფარლი

07.05.22.

Leave a Reply