• April 25, 2024


ამ ტერიტორიის ლიდერი აცხადებს, რომ კენჭისყრა ივლისში ჩატარდება. მაგრამ იმ დროისთვის მისი უფლებამოსილების ვადა უკვე ამოწურული იქნება და ამ პროცესით არც მისი უფლებამონაცვლე და არც რუსეთია ისე დაინტერესებული, როგორც თვითონ
ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერმა განაცხადა, რომ ტერიტორია რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმს 17 ივლისს გამართავს.

მაგრამ რეფერენდუმის ჩატარება იმ ფაქტით გართულდება, რომ სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ცოტა ხნის წინ არჩევნები წააგო, რომელშიც თუ გაიმარჯვებდა, თანამდებობაზე მეორე ვადით დანიშნებოდა. შესაბამისად, 17 ივლისს ის პრეზიდენტი აღარ იქნება, მის უფლებამონაცვლეს და მოსკოვს კი ამ პროცესის მიმართ დიდი ენთუზიაზმი არ გამოუვლენიათ.    

ბიბილოვმა ეს განცხადება 13 მაისს, ჯერ მის ტელეგრამის არხზე, შემდეგ კი – ოფიციალურ ვებსაიტზე გააკეთა. რეფერენდუმზე დასმული იქნება შემდეგი კითხვა: „მხარს უჭერთ თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანებას?“

აუცილებელია, რომ რეფერენდუმი ახლა ჩატარდეს, ვინაიდან „დღეს კარი ჩვენთვის ღიაა“, აღნიშნა ბიბილოვმა. „რუსეთი დღეს ძალიან რთულ სიტუაციაშია… რუსეთის ბევრი ე.წ. პარტნიორი რუსეთს ზურგს აქცევ. ჩვენ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, საკუთარი თავი ყოველთვის რუსი ხალხის ნაწილად მიგვაჩნდა“.

თუმცა, უცნობია, ბიბილოვი ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს თუ ეს შემთხვევაც ამ პატარა ტერიტორიის რუსეთზე მიბმის მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება.

ამ მოულოდნელი განცხადების შემდეგ, ბიბილოვის ახლად არჩეული მემკვიდრე ალან გაგლოევი კვლავ იმ ფრთხილი პოზიციაზე რჩება, რომელიც მას შემდეგ ჰქონდა, რაც ბიბილოვმა ის პირველად წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაახმოვანა: რომ თეორიაში ის რუსეთთან შეერთების მომხრეა, თუმცა ახლა შეიძლება სწორი დრო არ იყოს.  

„როგორც ჩვენი სამშობლოს შვილი და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ხალხის მიერ არჩეული, მე სრულიად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ხალხის ერთიანი რუსეთის ფარგლებში გაერთიანებას“, გაგლოევმა 14 მარტს განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასსს“ (მეზობელი ჩრდილოეთ ოსეთი, სადაც ოსების უმრავლესობა ცხოვრობს, უკვე რუსეთის შემადგენლობაშია). „ჩემი პოზიციიდან, მინდა სამხრეთ ოსეთის ხალხი დავარწმუნო იმაში, რომ გაერთიანების რეფერენდუმთან დაკავშირებული ჩემი ქმედებები მიმართული იქნება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვისკენ, კონსულტაციებისკენ და რუსეთის ფედერაციასთან დადებული შეთანხმებების შესრულებისკენ”.

გაგლოევმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის „კავშირისა და ინტეგრაციის შესახებ“ 2015 წლის შეთანხმება ორივე მხარეს მოუწოდებს განახორციელონ კოორდინირებული საგარეო პოლიტიკა და „ერთმანეთს შეატყობინონ ის ქმედებები, რომლებსაც გავლენა აქვს ორმხრივ თანამშრომლობაზე“, რაც, როგორც მან მიანიშნა, ბიბილოვს არ გაუკეთებია. გაგლოევმა ასევე დასძინა, რომ ბიბილოვს რეფერენდუმის დაგეგმვა „ახლად არჩეულ პრეზიდენტთან“ არ შეუთანხმებია (გაგლოევი აქ საკუთარ თავს მესამე პირში მოიხსენიებს), „თუმცა კარგად იცოდა, რომ  რეფერენდუმთან დაკავშირებულ მთელ კომპლექსურ საქმიანობას ის (გაგლოევი) განახორციელებდა, თან პერსონალის შეცვლის დროს“.  

გაგლოევი დე-ფაქტო პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 24 მაისიდან შეუდგება.

როგორც ჩანს, რეფერენდუმის ჩატარებაზე თანხმობა სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიისას და უზენაეს სასამართლოს უჩვეულოდ მოკლე დროში აქვს გაცემული. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის თანახმად უზენაეს სასამართლოს მოთხოვნაზე თანხმობის გასაცემად 14 დღიანი ვადა აქვს, ამ შემთხვევაში თანხმობის გაცემა „რამდენიმე საათში“ მოხდა და ამ სიჩქარემ დამკვირვებლები გააკვირვა“, იტყობინება RFE/RL.

სამხრეთ ოსეთში რა ინტრიგაც უნდა იყოს, გადაწყვეტილება იმაზე, სამხრეთ ოსეთი რუსეთს უერთდება თუ არა, მოსკოვში მიიღება ისე, როგორც ეს 2014 წელს ყირიმის ანალოგიურად ანექსიის შემთხვევაში მოხდა.  

და მოსკოვიდან სიგნალები ძლიერი არ ყოფილა. რუსეთის მაღალჩინოსნებს რეფერენდუმზე აზრი ჯერ არ დაუფიქსირებიათ და რუსეთის პარლამენტის წევრებიც რეფერენდუმზე ორაზროვან გზავნილებს აკეთებენ.  

ერთმა პარლამენტის წევრმა არტურ თაიმაზოვმა, რომელიც რუსეთის დუმაში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელია, „ტასსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „თუ რეფერენდუმის ჩატარებაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მაინ დიახ, ვფიქრობ, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანებისკენ მივდივართ”. მან ასევე დასძინა: „დღეს, თითოეული ოსის უმთავრესი მიზანი არის ის, რომ ჩვენმა ხალხმა ერთად იცხოვროს”.

მაგრამ სხვა პარლამენტის წევრმა კონსტანტინ ზატულინმა ამ იდეას ცივი წყალი გადაასხა: „მე ანატოლი ბიბილოვს პატივს ვცემ, მაგრამ მისი ქმედებები ახლა მთლად სწორი არ არის“, განუცხადა მან გაზეთ „ვედომოსტის”. “თუ არჩევნები წააგე, რეფერენდუმი ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს. და თუ მისი სურვილია ერთი საბოლოო რამის გაკეთება, ეს მიმზიდველი არ არის. ახლა ეს რეფერენდუმი რუსეთისთვის სწორი არ არის“.

სამხრეთ ოსეთის ოფიციალურმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ ორივე სტატია გამოაქვეყნა.

რუსეთი მის თითზე ჩამოსათვლელ მოკავშირეებთან ერთად ამჟამად სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს. მსოფლიოს უდიდესი ნაწილი კი მას იმ სეპარატისტულ ნაწილად მიიჩნევს, რომელიც საქართველოს მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ომის დროს მოსწყდა. თბილისმა დაგმო რეფერენდუმის ჩატარების გეგმები; ის სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას უკანონოდ, ტერიტორიას კი – რუსეთის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას სწორედ რუსეთი უწევს მნიშვნელოვან ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.  

„მიუღებელია რაიმე რეფერენდუმზე საუბარი მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული”, 31 მარტს განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. „არანაირ რეფერენდუმს იურიდიული ძალა არ ექნება ოკუპაციის პირობებში, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ასიათასობით ჩვენი მოქალაქე ეთნიკური წმენდის შედეგად საკუთარი სახლებიდან არიან გამოძევებული და მათ დაბრუნების უფლებას არ აძლევენ”.

ჯოშუა კუცერა 

16.05.22.

Leave a Reply