• March 29, 2024


იმ ფონზე, როცა სკანდინავიის ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს, საქართველო ათწლეულზე მეტია გაურკვეველ მდგომარეობაშია. ნატოს გაფართოების ეს ახალი ტალღა თბილისისთვის კარგია თუ ცუდი?

შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფად მიიწევენ, ქართველები კი, რომლებიც ამ ალიანსში შესვლას ათწლეულზე მეტი ხანია ცდილობენ, ამ პროცესს ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნიბებით აკვირდებიან.

ამ ორი სკანდინავიური ქვეყნის ნატოში შესვლა რუსეთის საზღვრებთან ახლოს ნატოს შემდგომ გაფართოებაზე „მოსკოვის ვეტოს“ გვერდის ავლით ხდება. ამით შეიძლება მოხდეს იმ ჩიხიდან გამოსვლა, რომელშიც ნატოში გაწევრიანების მცდელობისას საქართველო და უკრაინა შევიდნენ მას შემდეგ, რაც 2008 წელს მათ პირველად დაპირდნენ ამ ალიანსი მიღებას.    

მაგრამ საქართველოში პესიმისტები შიშობენ, რომ ნატო გაფართოების მიმდინარე რაუნდით დაკმაყოფილდება და საქართველოს ისევ მოლოდინის რეჟიმში დატოვებს.

ქართველებისთვის სკანდინავიური ქვეყნების ნატოში გაწევრიანება „ტკბილმწარეა“, განაცხადა თბილისში არსებული საექსპორტო კვლევითი ორგანიზაციის „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ.

„ერთის მხრივ, კარგია, რომ არსებობს ნატოს ღია კარის პოლიტიკა, რაც საქართველოსთვის კარგია; კარგია ისიც, რომ რუსეთს ამაზე ვეტოს უფლება არ აქვს“, განუცხადა კაკაჩიამ „Eurasianet“-ს.„ეს შეიძლება საქართველოსთვის შანსი იყოს, მაგრამ შეიძლება საპირისპირო რამეც მოხდეს – ნატო შეიძლება სტატუს-კვოთი დაკმაყოფილდეს და შემდგომი გაფართოების მადა დაკარგოს”’ განმარტა კაკაჩიამ. როგორც მან აღნიშნა, აქ გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ის, თუ როგორ დასრულდება უკრაინაში მიმდინარე ომი.    

რუსეთის უკრაინაში შეჭრა სწორედ ის ფაქტორი იყო, რის გამოც შვედეთმა და ფინეთმა უარი თქვეს ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე და ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადები შეიტანეს. 18 მაისს ორივემ განაცხადები ოფიციალურად შეიტანა და მოკლე დროში გაწევრიანების შესახებ ალიანსისგან ორივემ იმედის მომცემი სიგნალები მიიღ.  

ამისგან განსხვავებით, საქართველოს საკითხი უკვე წლებია გაურკვეველია. ეს პროცესი 2008 ლიდან გრძელდება, როცა ნატომ განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა „ნატოს წევრები გახდებოდნენ”.

თუმცა ნატომ არაერთხელ დაადასტურა, რომ ეს დაპირება კვლავ ძალაშია, ამ მხრივ რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეინიშნება, და საქართველოს ჯერაც არ მიუღია ოფიციალური „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა”. რომელიც გაწევრიანებისკენ მიმავალი გზაა.

და ახლა, როცა ალიანსი ამ წლის ივნისში მადრიდის სამიტისთვის ემზადება, სადაც წევრი-სახელმწიფოები სავარაუდოდ მიიღებენ დოკუმენტს, რომლითაც მომდევნო დეკადაში მისი მიმართულება განისაზღვრება, როგორც ჩანს საქართველოს გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგშიც კი არ არის შეტანილი.

წლებია ამერიკისა და ევროპის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საქართველო ალიანსში შესვლისთვის ტექნიკურად მზად არის. ნატო საქართველოსთან ფართოდ თანამშრომლობს: ალიანსი საქართველოს სამხედრო და თავდაცვის უნარების გაძლიერებაში ეხმარება, საქართველო კი ნატოს საერთაშორისო მისიებშია ჩართული და რეგულარულად იღებს მონაწილეობას მოკავშირე ქვეყნებთან ერთად გამართულ სამხედრო წვრთნებში.  

მაგრამ ნატოში გაწევრიანების პროცესი ჩიხშია შესული იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ღია კონფლიქტი აქვს რუსეთთან, რომელსაც საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში – სავარაუდოდ 10 000 ჯარისკაცი ჰყავს ჩაყენებული. ნატოს არაერთი ევროპელი წევრი ამ მდგომარეობაში მყოფი ახალი ქვეყნის მიღებაზე უარს ცხადებს.

იანვარში, როცა უკრაინაში ომის დაწყების პერსპექტივები იზრდებოდა, გერმანიის თავდაცვის მაღალჩინოსანმა გაიმეორა ის სკეპტიკური დამოკიდებულება, რაც ბევრ ნატოს წევრ-სახელმწიფოს აქვს საქართველოს შესაძლო გაწევრიანებასთან მიმართებით.  

„საქართველოს სურს გახდეს წევრი”, ინდოეთში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ვიე-ადმირალმა კაი-აჩიმ შონბახმა. „მოთხოვნებს აკმაყოფილებენ? დიად, დიახ, აკმაყოფილებენ. გონივრულია მათი წევრად მიღება? არა, არ არის, არ არის”.

კომენტარის გამო შონბახი იძულებული გახდა გადამდგარიყო (მანამდე მა მსგავსი არგუმენტი უკრაინასთან მიმართებითაც ჰქონდა დაფიქსირებული), მაგრამ საქართველოში ოპტიმისტები ხაზს უსვამენ იმ პოზიტიურ აზრებს, რომლებიც მან საქართველოს შესახებ გამოთქვა.  

შონბახი „აცხადებს, რომ ნატოში გაწევრიანებისთვის საქართველო ფაქტობრივად მზად არის და მას დასავლეთისგან მხოლოდ ერთი ნაბიჯი სჭირდება – თანხმობა ნატოში შესვლაზე“, განუცხადა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა „საქართველოს საზოგადოებრივ ტელევიზიას“.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების ზოგმა მომხრემ წარმოადგინა ფორმულა, რომლითაც ქვეყანა შეიძლება ნატოში მიიღონ, მაგრამ ამ ფორმულის მიხედვით ალიანსის უმნიშვნელოვანესი მე-5 მუხლი, რომლითაც წევრები საგარეო თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს დაიცავენ, მხოლოდ იმ ტერიტორიაზე გავრცელდება, რომელსაც საქართველო ამჟამად აკონტროლებს.

როგორც 2019 წელს ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა „ამერიკის ხმის“ საქართველოს სამსახურს განუცხადა, „საქართველო ნატოში გაწევრიანების თითქმის ყელა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ვფიქრობ, ამ ჩიხიდან გამოსავალია საქართველოში იმის განხილვა, მიიღებთ თუ არა იმ პირობას, რომ ნატოს მე-5 მუხლი გავრცელდეს საქართველოს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას სრული სუვერენიტეტი აქვს“.    

გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ალიანსში გაწევრიანებას. მაგრამ წლების განმავლობაში გაუთავებელმა ლოდინმა საქართველოში ბევრს იმედი გაუცრუა იმის გამო, რომ სიტყვიერი დაპირებით ქვეყნისთვის ნატოს კარი ღიაა, მაგრამ რეალურად ქვეყანას ამ კარში არ უშვებენ.  

„[2008 წლიდან] საკმარისი დრო გავიდა, ეს დაპირება რომ შესრულებულიყო“, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა ახალი ამბების ვებგვერდს Civil.ge იანვარში. რუსეთის შანტაჟზე ყველაზე მარტივი, მკაფიო და სწორი რეაქცია იქნებოდა არა ახალი დაპირებების გაცემა, არამედ ძველი დაპირებების შესრულება”.

იმ განცდის საპირწონედ, რომ ნატოს გაფართოების ამ რაუნდში საქართველო გამოტოვებულია, არსებობს ალიანსის კითხვები ქვეყაში დემოკრატიული ღირებულებების დაცვასთან დაკავშირებით. ამ საკითხთან დაკავშირებით ნატოს შვედეთთან და ფინეთთან მიმართებით კითხვები არ აქვს.  

კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინა თბილისს აპრილის ბოლოს ეწვია. „ფორმულა tv“-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ალიანსი საქართველოს ხელისუფლებისგან დამატებითი რეფორმების ჩატარებას მოითხოვდა სასამართლო სისტემაში, საარჩევნო სისტემაში და უსაფრთხოების სფეროში.

„ჩვენ გვაწუხებს ჩვენს მიერ მოთხოვნილი რეფორმების განხორციელების დონე“, განაცხადა კოლომინამ და დასძინა, რომ რეფორმები „გასული ერთი წლის თუ წელიწადნახევრის განმავლობაში წინ არ წასულა“.

დემოკრატიზაციისა და ნატოში გაწევრიანების საკითხის მგრნობიარობა სახეზე იყო, როცა პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს 18 მაისს ეწვია. როცა ღარიბაშვილსა და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შორის ჩანიშნული შეხვედრა უეცრად გაუქმდა, ზოგმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა ეს გაუქმება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის გაუარესებას  და უკრაინის ომის საკითხში ხელისუფლების რუსეთის გულის მოგების პოლიტიკას დაუკავშირა.    

ეს შეხვედრა იმავე დღეს სხვა დროს ჩატარდა, მაგრამ ახსნა-განმარტება არ გაკეთებულა.

 

ნინი გაბრიჩიძე

23.05.22.

Leave a Reply