• April 25, 2024


რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნება სომხეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა
და ამას თავისი მიზეზი აქვს: სომხეთი ხომ სამხრეთ კავკასიის ის პატარა ქვეყაა, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით რთული დილემი წინაშე დგას. ეს საკითხები მძიმე სამხედრო ფაქტორებს სცდება. რუსეთი სომხეთის ენერგომომარაგების მონოპოლისტია. მაგალითად, „გაზპრომი“ სომხეთის გაზსადენისა და გაზგამანაწილებელი ქსელის პირდაპირი მფლობელია და ასევე ელექტროსისტემასაც აკონტროლებს ეთნიკური სომეხი მფლობელის მეშვეობით, რომელსაც რუსეთის მთავრობასთან მჭიდრო კავშირები აქვს. სომხეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთში სამუშაოდ წასული სომხების ფულად გზავნილებზე. და ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შედეგ, ერევანში მთავრობა რთული გამოწვევის წინაშე დგას: მარცვლეულისა და სხვა ძირითადი სასურსათო საქონლის უწყვეტი მომარაგებ ისე განახორციელოს, რომ კრემლის აგრესიულ ომში რუსეთის სამხედრო მხარდაჭერას მოერიდოს (იხილეთ EDM, 24 მარტი, 11მაისი).

ბრალდებები იმის თაობაზე, რომ სომხეთი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარს უჭერს, ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საკითხია. თუმცა მოსკოვი გიუმრში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზიდან გარკვეული კონტინგენტის უკრაინაში გადასროლაზე ერევნისგან თანხმობის მიღების თხოვნაზე თავს არასოდეს შეიწუხებდა, ასეთი გადაწყვეტილების თეორიული შესაძლებლობაც კი სომხეთის ხელისუფლებას მოსვენებას უკარგავს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ასეთი განცხადებები აზერბაიჯანული წყაროებიდან მოდის (EurasiaNet, 11 მარტი). ამა წლის მარტში, ერთ-ერთი აზერბაიჯანული ვებგვერდი იუწყებოდა (და ეს ამბავი ერთმა თურქულმა კერძო ტელევიზიამაც კი გააშუქა), რომ სომხეთმა რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად ის ოთხი Su-30SM ავიაგამანადგურებელი გაუგზავნა, რომლებიც მან რუსეთისგან 2020 წელს შეიძინა. ხელისუფლებამ ევროკავშირისა და ნატოს წევრი-ქვეყნების ადგილობრივი თავდაცვის ატაშეები სასწრაფოდ მიიწვია თავის ავიაბაზაზე იმის დასადასტურებლად, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლო იყო (Hetq.am, 31 მარტი).

ამავე დროს, თუმცა ოფიციალურ სომხურ განცხადებებში გამუდმებით არის საუბარი რუსეთის თაოსნობით შექმნილ „ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან“ (EEU) და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან“ (CSTO) თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ამ მიმართულებით გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯები ძალზე ცოტაა. რუსული ნარატივის თანახმად, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მიზანია რუსეთის დასუსტება და ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური ჰეგემონიის უზრუნველყოფა. შედეგად, რუსეთმა და მისმა ყოფილმა საბჭოთა მოკავშირეებმა „სოლიდარობა“ უნდა გამოავლინონ და სანქციების ზემოქმედების შესამცირებლად „ევრაზიული ეკონომიკურ კავშირის“ ფარგლებში ერთობლივი ზომები უნდა მიიღონ, ამა წლის აპრილში განაცხადა ერევანში რუსეთის ელჩმა სერგეი კოპირკინმა (Aravot.am, 6 აპრილი). მაგრამ კოპირკინის ამ მოწოდებას ან რეგიონში, ან თვით სომხეთში რაიმე პრაქტიკული გაგრძელება არ მოჰყოლია. მოსკოვის ამ ნარატივებს იმეორებს სომხეთის რადიკალური ოპოზიცია, ხოლო სომხეთის რადიკალური ოპოზიცის ასეთ განცხადებებს რეგულარულად ავრცელებენ რუსული პრო-სახელისუფლებლო მედია საშუალებები (იხილეთ EDM, 11 მაისი). შედეგად, ერევანში ნიკოლ პაშინიანის ხელისუფლებას არ ეტყობა, რომ ამ მანტიის წამოსხმის დიდი სურვილი ჰქონდეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ „ევრაზიული ეკონომიკურ კავშირის“ სხვა წევრებიც (მაგ., ყაზახეთი და ყირგიზეთი) დიდი მონდომებით არ ცდილობენ რუსეთსა და ბელარუსზე დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლას. უფრო მეტიც, როცა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისფორმატში ამა წლის მაისში გამართულ შეხვედრაზე „სოლიდარობის“ საკითხი კვლავ წამოწია, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა ურთიერთობითობის საჭირობას გაუსვა ხაზი. სომხეთის ლიდერმა ის იგულისხმა, რომ 2020 წლის 44-დღიანი ომის დროს და მას შემდეგ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ მხრიდან იგნორირების გამო, აგრეთვე იმის გამო, რომ რუსეთი და ბელარუსი აზერბაიჯანს წლების განმავლობაში იარაღით ამარაგებდა, რამაც კონფლიქტის გაღვივებას ხელი შეუწყო, ახლა რაიმე პრაქტიკული ზომების მიღების საჭიროება არ არსებობდა (Primeminister.am, 16 მაისი).

ყარაბახის 44-დღიანი ომის ბოლო ფაზაში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის მხარემ ცეცხლგამჩენი ფოსფორის ბომბები გამოიყენა. რუსული „პატრიოტმა“ რეჟისორმა სარიკ ანდრეასიანმა, რომელიც, როგორც იტყობინებიან, კრემლის პროპაგანდისტთან მარგარიტა სიმონიანთან დაახლოებული პირია, განაცხადა, რომ ამ სახის იარაღი უკრაინამ აზერბაიჯანს ომამდე ცოტა ხნით ადრე ან ომის დროს მიაწოდა. და ადგილობრივი მარიონეტები მას შემდეგ ამ ნარატივს იმეორებენ. მაგრამ ამ ამბავმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ახალი მნიშვნელობა შეიძინა: ეს ბრალდებები ახლა რეგიონში ანტიუკრაინული განწყობების გასაღვივებლად გამოიყენება (Civilnet.am, 25 თებერვალი). თუმცა, რუსეთის მიერ ფოსფორის ბომბების მარიუპოლში გამოყენების შესახებ ბოლო დროს გავრცელებულმა ამბებმა გაალიერა სომხური საზოგადოების უკმაყოფილება მოსკოვის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით.

წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდის საკითხი სომეხ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საინფორმაციო საშუალებებს შორის ცხარე დებატების საგანი იყო; მაგრამ ქვეყანა ამ საკითხზე რეალურ ნაბიჯებს არ დგამდა, თუ არ ჩავთვლით არასამთავროების მიერ ამ პროპაგანდის სამხილებლად გაწეული სამუშაოებს. ეს მდგომარეობა საბოლოოდ 20 მაისს შეიცვალა „ინფორმირებულ მოქალაქეთა კავშირის“ მიერ ორგანიზებულ „სომხეთის ფორუმზე დემოკრატიისთვის“(„თავისუფლების სახლის“ მხარდაჭერით), რომლსაც არაერთი სახელმწიფო თანამდებობის პირი და  უცხო ქვეყნის დიპლომატი ესწრებოდა. პირველად სომხეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სახელმწიფოს მიერ კოორდინირებული ასეთი პროპაგანდა ნაციონალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. ტელევიზიისა და რადიოს საკითხებზე კომისიის თავმჯდომარემ ტიგრან ჰაკობიანმა  განაცხადა, რომ უცხოენოვანი სატელევიზიო არხები, რომლებიც მაუწყებლობას საზოგადოებრივი და საკაბელო ქსელებით ახორციელებდნენ, აგრეთვე „ტელეგრამის“ არხები და სხვა დაურეგულირებელი მედია-საშუალებები თავიანთი აუდიტორიების მსოფლმხედველობას სერიოზულად ამახინჯებენ (Factor.am, 20 მაისი). აღსანიშნავია, რომ ერთადერთი უცხოენოვანი არხები, რომლებიც ამჟამად მაუწყებლობას საზოგადოებრივი ქსელებით ახორციელებენ, ოთხი პროსახელისუფლებო რუსული არხია. ისინი უნდა დახურულიყო „აუდიოვიზუალური მედიის შესახებ“ 2020 წლის კანონის თანახმად, რომელიც არეგულირებს მაუწყებლობას, ტელევიზიას და რადიოს. კანონმდებლობაში ცხადად არის მითითებული, რომ საზოგადოებრივ ქსელებზე საეთერო დროების მიღების უფლება მხოლოდ სომხურ მედია-საშუალებებს აქვთ, თუ სამთავრობათშორისო შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2020 წლის ნოემბერს, სომხეთ-აზერბაიჯანის ყარაბახის ომის დასრულებისთანავე, რუსეთმა თავისი გაიტანა და ასეთი შეთანხმებაც გააფორმა.  

არსებობს სხვა საკითხებიც, რომლებმაც პოტენციურად შეიძლება დაძაბოს მოსკოვსა და ერევანს შორის ორმხრივი ურთიერთობები: 44-დღიანი ომის პერიოდში და მას შემდეგ რუსეთის მხრიდან სომხეთისთვის გაწეული მინიმალური მხარდაჭერა; ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებების მიმართ რუსეთის უნდობლობა (იხილეთ EDM, 14 აპრილი, 18, 31 მაისი); აგრეთვე სომხური ოპოზიციის აგრესიული პრორუსული რიტორიკა. ამ ეტაპზე არცერთ მხარეს უნდა, რომ უთანხმოების ამ წყაროებიდან რომელიმე ღია კონფრონტაციაში გადაიზარდოს – სომხეთს აზერბაიჯანთან მისი მოწყვლადობის გამო და რუსეთს იმის გამო, რომ ახლა მთელი მისი ყურადღება უკრაინის ომზეა გადატანილი და მას „ერთგული“ მოკავშირეების შენარჩუნება სჭირდება (იხილეთ EDM, 2 ივნისი). მიუხედავად ამისა, ეს უთანხმოებები სავარაუდოდ გაგრძელდება და ერევანს დისკომფორტს ისევ შეუქმნის.

არმენ გრიგორიანი

03.06.22.

Leave a Reply