• March 29, 2024


გარე
დან კარნახს ყურს არცერთი მხარე უგდებს და, როგორც ჩანს, არც დაუგდებს, ვინაიდან ორივე იმ აზრზეა, რომ საკუთარ ბედს ბრძოლის ველზე გადაწყვეტს.

უკრაინის ომს, რომელმაც ხანგრძლივობის 100-დღიანი ნიშანი გადაკვეთა, უამრავ სფეროზე სულ უფრო აშკარა და უარყოფითი გავლენა აქვს.  

იმ ფონზე, როცა მსოფლიო სურსათის კრიზისის საფრთხის წინაშე დგას, რომელიც შეიძლება წლები გაგრძელდეს, და ცხოვრების ხარჯები ყოველდღიურად ძვირდება და გლობალური ეკონომიკური კრიზისი შეიძლება რეალობად იქცეს, შეშფოთებულმა მსოფლიო ლიდერებმა აღარ იციან, რა რეაქცია ჰქონდეთ ომზე, რომელსაც დასასრული არ უჩანს.

არსებობს არგუმენტები როგორც რუსეთის პროგრესის შეფერხების ან უკრაინის შეიარაღებით რუსეთის დამარცხების მცდელობის, ასევე მოლაპარაკების გზით სწრაფი გარიგების სასარგებლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დათმობებზე წავა.

გარიგებასთან დაკავშირებით, ვრცელდება ცნობები იმაზე, რომ დასავლეთი აძლიერებს კიევზე ზეწოლას, რათა ის მოსკოვთან დათმობებზე წავიდეს იმისათვის, რომ ომი დასრულდეს. ამ ცნობებში შედის ყოფილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის მიერ მაისში ქ. დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებული კომენტარები და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გაფრთხილება, რომ რუსეთის დამცირება არ შეიძლება.

თუმცა, უკრაინაზე ასეთი საერთაშორისო ზეწოლა, როგორც ჩანს, უშედეგოა. რეალური გარიგებისაკენ მიმავალ გზაზე უამრავი დაბრკოლებაა იმ დროს, როცა ჰუმანიტარულ საკითხებზე მოლაპარაკებები და უკრაინის შავი ზღვის პორტების გახსნაზე დისკუსიები მხოლოდ თურქეთისა და გაეროს შუამავლობის შედეგად გრძელდება.    

მიუხედავად ამისა, უკრაინასა და რუსეთს შორის პილიტიკური მოლაპარაკებების განახლების მცდელობები მაინც გრძელდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამჟამად თურქეთში ვიზიტად იმყოფება, რაც თურქეთის შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას იძლევა.  

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ამასწინანდელ სატელეფონო საუბრებში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას უკრაინის პრეზიდენტთან „პირდაპირი და სერიოზული მოლაპარაკებების გამართვისკენ“ მოუწოდეს.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებებისთვის კარი არ დაუხურავს. ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „ნებისმიერი ომი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასრულდეს”.

მაგრამ მოსკოვისა და კიევის პოზიციები ახლაც ისევეა ერთმანეთისგან დაცილებული, როგორც მარტში იყო. და ეს, როგორც ჩანს, არ შეიცვლება, სანამ ორივე მხარე არ მიხვდება, რომ თავიანთ პოზიციებს ბრძოლის ველზე ვერ გააუმჯობესებენ.  

ასეთი ცვლილებას კი პირი არ უჩანს. დონბასში ომი კვლავ გრძელდება და რეგიონის გათავისუფლების შესახებ რუსეთის რიტორიკა ბოლო არ უჩანს. უკრაინის ტერიტორიების შენარჩუნება და აღმოსავლეთში და სამხრეთში პოზიციების გამაგრება მოსკოვისთვის კვლავ პრიორიტეტია.

რაც შეეხება უკრაინას, რუსული ძალების 24 თებერვლის თავდასხმამდე არსებულ პოზიციებზე უკან დახევინებისა და საბოლოოდ „მის ტერიტორიაზე უკრაინის სრული სუვერენიტეტის“ აღდგენის შესახებ მის ხშირ განცხადებებს დათმობაზე წასვლის ნიშანწყალიც კი არ ეტყობა.

უფრო მეტიც, დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო, უკრაინის იარაღით მომარაგებას აგრძელებენ, ევროკავშირი კი რუსეთზე დაწესებულ სანქციებს კიდევ უფრო ამკაცრებს.

ამიტომ ბრძოლა ორივე მხარისთვის ინტენსიური და მსხვერპლიანია. უკრაინაში ხმელეთზე საომარი სიტუაცია ამ ბოლო კვირებში დიდად არ შეცვლილა – 500 კილომეტრიანი ფრონტის ხაზის გასწვრივ ორივე მხარე ეუფლება და კარგავს ტერიტორიებს.

მიუხედავად საწინააღმდეგო პროგნოზებისა, უკრაინის თავდაცვა არ ჩამოშლილა. უკრაინამ დონბასში გარკვეული ტერიტორიები დაკარგა, მაგრამ ხარკოვთან მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიბრუნა, რამაც რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ მისი შემართება კიდევ უფრო გააძლიერა.

კიევისა და მისი დასავლელი პარტნიორების შემთხვევაში, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც დონბასში და შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის კონტროლს განამტკიცებს, წყალს პუტინის წისქვილზე ასხამს.

ფაქტობრივად, უკრაინაში რუსეთის დამარცხებისთვის ბრძოლა დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში მთავარ გზავნილად იქცა. ზოგი ამას რუსეთის შემდგომი ავანტიურის შეკავებისა და ნატოს შიგნით თუ გარეთ მყოფი მოკავშირეების (ბალტიისპირეთის ქვეყნების, მოლდავეთისა და ტაივანის) დარწმუნების საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს.

გარდა ამისა, უკრაინაზე დასავლეთის ზეწოლის შესახებ საუბარი მცდარია სამი დამატებითი მიზეზით. ერთი ის არის, რომ ვერ დაიდება ისეთი გარიგება, რომელსაც უკრაინის, მათ შორის, ხალხის მხარდაჭერა, არ ექნება. უკრაინელ ხალხს კი ამჟამად რუსეთთან რაიმე დათმობაზე წასვლის შესახებ სიტყვის გაგონებაც კი არ სურს.  

მეორე მიზეზი არის ის, რომ საბოლოო ჯამში დასავლეთს უკრაინაზე ზეწოლის დიდი მადაც არ აქვს. ბოლოს და ბოლოს, დათმობებზე წასვლაზე უკრაინის იძულება ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურებისთვის ბრძოლაში საკუთარი თავის დამარცხებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება.  

თუ რუსეთი არ მიხვდება, რომ დასავლეთს საპასუხო დარტყმის სურვილიც აქვს და შესაძლებლობაც, ევროპაში ახალი სტაბილური უსაფრთხოება და წესრიგი შესაძლებელი არ იქნება. უკრაინის ან ევროკავშირისა და ნატოს მიერ რუსეთთან დათმობებზე წასვლით კი ეს არ მიიღწევა.

ამას უკრაინის ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერების (ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს და აშშ-ის) გარდა სხვებიც მიხვდნენ – გერმანიამ უკვე მხარი დაუჭირა ნატოს ჩრდილოეთ ფლანგის გაძლიერებას და ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ხარჯების დაფინანსების გაზრდას.

და ბოლოს, ომის დასრულება მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული, უკრაინა დათმობებზე წავა თუ არა. სამშვიდობო მოლაპარაკების დადებას და შესრულებას ორივე მოწინააღმდეგე მხარის თანხმობა სჭირდება. უკრაინაზე ზეწოლა არასაკმარისია უნდობლობის იმ ღრმა უფსკრულის ამოსავსებად, რომელიც ამჟამად არსებობს.

რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებით – იქნება ეს ომში გამარჯვებისა თუ სამშვიდობო მოლაპარაკების გზით – არ დასრულდება ის გაცილებით ფართო კრიზისი, რომელიც ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებაში ამჟამად არსებობს.

ამიტომ დასავლეთმა ზეწოლა უფრო რუსეთზე უნდა განახორციელოს, ვიდრე უკრაინაზე. ამით რუსეთის აგრესია შეიძლება უცბად არ დასრულდეს, მაგრამ როცა დასრულდება, შედეგი სამუდამო იქნება.

ტატიანა მალიარენკო, სტეფან ვოლფი

09.06.22.

Leave a Reply