• December 3, 2024

იმ დროს, როცა რუსეთსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებებს რეალურ შედეგები ვერ მოაქვს, ნატოს უკრაინაში ტონობით იარაღი შეაქვს

რუსეთი და უკრაინა თვეზე მეტია აქტიურად განიხილავენ უკრაინის კრიზისს, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე შეთანხმება მიღწეული არ არის. „გაუთავებელი მოლაპარაკებების“ წინააღმდეგ კრემლის გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთის ოფიციალური პირები დასავლელ კოლეგებთან სხვადასხვა უმაღლესი დონის შეხვედრებში მონაწილეობას აგრძელებენ.

26 იანვარს, 2014 წელს შექმნილ „ნორმანდიის ფორმატში,“ რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები პარიზში შეიკრიბნენ აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში მიმდინარე ომის პრობლემის მოსაგვარებლად. ეს უმაღლესი დონის შეხვედრა რვა საათს გაგრძელდა.

იმის გათვალისწინებით, რომ გასული შვიდი წლის განმავლობაში უკრაინის მთავრობას, დონბასის წარმომადგენლებსა და აგრეთვე რუს და ევროპელ შუამავლებს შორის ბელორუსის დედაქალაქში 2015 წელს გაფორმებული „მინსკის შეთანხმების“ არცერთი პუნქტი არ შესრულებულა, გასაკვირი არ არის, რომ პარიზის მოლაპარაკებებში რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა.

როგორც იტყობინებიან, უკრაინა, რუსეთი და ევროპელი შუამავლები ნორმანდიის მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ბერლინში გამართვაზე შეთანხმდნენ. „მინსკის შეთანხმების“ განსხვავებული ინტერპრეტაციები ძირითად პრობლემად რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა მხარე ადასტურებდა ცეცხლის შეწყვეტის ძალაში დატოვების სურვილს, რეალურად ზავი ხმელეთზე სრულად არასოდეს ყოფილა რეალიზებული. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დონბასში მიმდინარე დაბომბვა და ტყვიების ზუზუნი მალე დასრულდება.

დეკემბერში კრემლის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უკრაინასთან დაკავშირებით „ულტიმატუმის“ წაყენების შემდეგ, რუსი და ამერიკელი დიპლომატები არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა დაძაბულობის განმუხტვა ვერ მოახერხეს.

ომის გარეშეც, რუსეთისა და უკრაინის ეკონომიკა უკვე იმკის მწარე ნაყოფს. რუსეთის სავაჭრო ბირჟამ უდიდესი დარტყმა მიიღო და ოქტომბრის ბოლოდან აშშ დოლარში 27%-ით გაუფასურდა, ხოლო უკრაინული ვალუტა გრივნა სულ ცოტა ხნის წინ ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

თუ ომი მართლა დაიწყება, დასავლეთი რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებს, რომლებმაც შეიძლება ქვეყნის საბანკო სექტორს ძალა გამოაცალოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბანკებს SWIFT ფულის გადარიცხვის სისტემის გამოყენება აეკრძალებათ.

კრემლს კარგად ესმის, რომ სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა შეიძლება სერიოზულად დააზარალოს და, როგორც ჩანს, ის აშშ წესებით თამაშს დათანხმდა. მიუხედავად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განაცხადებისა, რომ მოსკოვს „მოთმინების ფიალა აევსო,“ კრემლი უკვე თვეზე მეტია ელოდება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მის წინადადებაზე ამერიკის პასუხს.

და ახლა, როცა ამერიკამ მოსკოვს როგორც იქნა გასცა წერილობითი პასუხი, ახლა კრემლის რიგია. თუ რუსეთი ახლა რაიმე სერიოზულ მოქმედებას არ განახორციელებს და ამის ნაცვლად ამერიკის პასუხზე საკუთარ პასუხს მიწერს, ცხადი იქნება, რომ უკრაინის საზღვართან მისი სამხედრო მანევრები კიდევ ერთი ფუჭი მუქარა იქნება.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სთხოვა არ გამოექვეყნებინა მოსკოვის მოთხოვნებზე მისი წერილობითი პასუხის შინაარსი. თუ კრემლი დოკუმენტის საიდუმლოების დაცვაზე თანახმა იქნება, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს აჯობა და რუსეთი იძულებულია ამერიკის სასარგებლოდ დათმობებზე წავიდეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან რუსეთის ამჟამინდელი თავდაცვითი მიდგომის მიზეზი არა მხოლოდ ის არის, რომ კრემლს სანქციების ეშინია, არამედ ისიც, რომ დასავლეთთან შემდგომი კონფრონტაციის შემთხვევაში რუსეთის ხელმძღვანელობას დასაკარგი ბევრი აქვს.

საიდუმლო არავისთვის არის, რომ არაერთი რუსი სახელმწიფო თანამდებობის პირის შვილები დასავლეთის ქვეყნებში ცხოვრობენ, სწავლობენ და მუშაობენ. მაგალითად, კრემლის პრეს-სპიკერის დმიტრი პესკოვის ქალიშვილი ელიზავეტა პესკოვა საფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს, ხოლო რუსეთის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელისა და რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრის ვიქტორ ზოლოტოვის შვილიშვილი ინგლისში სწავლობს.

მეორეს მხრივ, დასავლელი სახელმწიფო თანამდებობის პირის შვილები და შვილიშვილები რუსეთში არ ცხოვრობენ, არც დასავლელი ოლიგარქები ფლობენ კაპიტალს რუსულ ბანკებში, რითაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს რუსეთზე გავლენის ბერკეტი ეძლევათ.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ნატოს სხვა წევრები უკრაინას იარაღით ღიად და დაუფარავად ამარაგებენ, კრემლს ხმელეთზე მოვლენათა ასეთი განვითარების პრევენციის მექანიზმი არ აქვს.

მოსკოვს ისიც კი არ შეუძლია, რომ კიევს „მინსკის შეთანხმება“ შეასრულებინოს, და ლავროვის ხშირი მოწოდებები, რომ აშშ-მა, საფრანგეთმა, გერმანიამ და სხვა დასავლელმა ქვეყნებმა კიევი 2015 წელს დადებული შეთანხმების შესრულებაზე დაიყოლიონ, ცხადყოფს პროდასავლურ უკრაინაზე რუსეთის პოლიტიკურ იმპოტენტობას.

უდავოა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის შეიარაღებული ძალებზე ძლიერია, მაგრამ კრემლში პოლიტიკური ნების სავარაუდო არარსებობა მოსკოვს რთულ სიტუაციაში აყენებს.

რუსეთი კვლავ უარს აცხადებს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარებაზე და, თუ ლავროვის ბოლოდროინდელი განცხადებებით ვიმსჯელებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვმა ამ მიმართულებით ნაბიჯი მალე გადადგას. მეორეს მხრივ, რუსეთის დუმა ამ საკითხის განხილვას თებერვალში აპირებს, მაგრამ მასზე საბოლოო სიტყვას კანონმდებლები კი არა, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტუნი იტყვის.

თავის მხრივ, პუტინი დონბასის რესპუბლიკების ოფიციალურად აღიარებისგან სავარაუდოდ თავს შეიკავებს, თუ უკრაინა რეგიონზე ძალის გამოყენებით სუვერენიტეტის აღდგენას არ ეცდება.

მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს მდივნის ანდრეი ტურჩაკის განაცხადება იმის თაობაზე, რომ მოსკოვმა უნდა ნატოს მიბაძოს და სეპარატისტული სუბიექტების შეიარაღება დაიწყოს, მიანიშნებს იმაზე, რომ მინიმუმ კრემლში არიან ისინიც, ვინც დონბასში რუსეთის მარიონეტების მიტოვებას არ აპირებენ.

მაგრამ რუსეთის პრობლემა ის არის, რომ მას კიევის წინააღმდეგ „მწვანე ყმაწვილებისა“ და სხვა ჰიბრიდული ოპერაციების გამოყენება აღარ შეუძლია. წლების განმავლობაში უკრაინის არმიამ საომარი გამოცდილება შეიძინა და ბრძოლა ისწავლა.

მასიური უკრაინული შეტევის შემთხვევაში, დონბასის რესპუბლიკების ე.წ. „სახალხო შეიარაღებულ ფორმირებებს“ სავარაუდოდ გაუჭირდებათ ფრონტის ხაზის 48 საათზე მეტს ხანს შენარჩუნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დიდი დრო არ დაჭირდებათ დონბასის სტრატეგიული ქალაქების, კერძოდ, გორლოვკას ან დონეცკის ასაღებად.

მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარება რუსეთს უაღრესად რთულ სიტუაციაში ჩააყენებს – ის ან დაუფარავად უნდა ჩაერიოს და მკაცრი სანქციები აიკრას, ან მკაცრად დაგმოს უკრაინის ქმედებები და დასავლელ პარტნიორებს სთხოვოს, რომ მათ კიევს ჯარები გააყვანინონ.

ეს უკანასკნელი სცენარი კი სხვა არაფერი იქნება, თუ არა დასავლეთთან რუსეთის დე-ფაქტო კაპიტულაცია. მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიდი ბრიტანეთთან და სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით რუსეთის პასიური პოზიციის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ნერვების თამაშში რუსეთმა პირველმა გადადგას ნაბიჯი. ნაცვლად ამისა, კრემლი ისევ მოიცდის.

რუსეთსა და დასავლეთს შორის სხვადასხვა მოლაპარაკება სულ ცოტა თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ამასობაში უკრაინა ნატოს ქვეყნებიდან ტონობით შეიარაღებას მიიღებს. თუ ბოლოს და ბოლოს მოსკოვი გადაწყვეტს და კიევის წინააღმდეგ საომარ ოპერაციას დაიწყებს, მისი შეიარაღებული ძალების დანაკარგები სერიოზული იქნება.

დრო რუსეთის მხარეს არ არის.

ნიკოლა მიკოვიჩი
2022 წლის 27 იანვარი

Time is not on Russia’s side in Ukraine

 

Leave a Reply