• April 27, 2024

 

თურქეთის პრეზიდენტი ნატოს სხვა წევრებს აშანტაჟებს, მაგრამ მას სუსტი წერტილებიც აქვს

თურქეთს ნატოდან რატომ არ ვუშვებთ? მაგარი აზრია – განსაკუთრებით სამიტის შემდეგ ერთი-ორი ჭიქის დროს.

ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნერვების მშლელი მოკავშირეა. ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მიმართ პრეტენზიებზე უარის თქმის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა მალევე ახალი ეჭვები გააჩინა, როცა განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტი მისი თანხმობის რატიფიკაციას არ განახორციელებდა, თუ შვედეთი უარს იტყოდა იმ 73 პირის ექსტრადაციაზე, რომლებსაც თურქეთი ტერორიზმში ადანაშაულებს.

ერდოღანის მართლმსაჯულების სისტემის წყალობის იმედად რომელიმე ადამიანის თურქეთისთვის ჩაბარება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის რთულად შესასრულებელი მოთხოვნაა. ეროვნებით ქურთი სელაჰათინ დემირთასი, რომელიც ასევე ოპოზიციის ლიდერია, 2016 წლიდან ციხეშია გამოკეტილი მიუხედავად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ ის უნდა გათავისუფლდეს და რომ მას თავისუფლების აღკვეთა „ფარული პოლიტიკური მიზნის დასაფარად“ შეეფარდა.    

მისი მაგალითი ერთადერთი შემთხვევა როდია. სამხედრო გადატრიალების სავარაუდო ორგანიზებისთვის ბიზნესმენ და ფილანტროპ ოსმან კავალა შეწყალების გარეშე სამუდამო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მის წინააღმდეგ წარდგენილ არადამაჯერებელ მტკიცებულებებს დასავლეთის ხელისუფალთა, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მხრიდან არაერთი საპროტესტო განცხადება მოჰყვა. კავალასთან ერთად შვიდ ბრალდებულს, მათ შორის, გამოჩენილ აკადემიკოსს ჰაკან ანტინაი,  18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა უაღრესად საეჭვო მტკიცებულებებით.  

ერდოღანის ქცევა ნატოს უხერხულ კითხვებს უჩენს. ალიანსი აცხადებს, რომ ის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვას ეფუძნება. მაგრამ შეთითხნილი ბრალდებებით პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვა ისეთი რამ არის, რის კეთებაც ვლადიმირ პუტინს ახასიათებს. მართლაც, რუს და თურქ ლიდერებს ერთმანეთთან დიდი ხანია ახლო ურთიერთობა აქვთ.

ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღება პუტინისთვის დიდი დარტყმა იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ნატოში რუსეთის გარდა ყველა ბალტიისპირა ქვეყანა იქნება გაწევრიანებული. თურქეთის დაბლოკვის ტაქტიკის მიღმა აშკარად ვლინდება ცინიკური და უდარდელი დამოკიდებულება ნატოს წევრი იმ ბალტიისპირა ქვეყნების მიმართ, რომლებიც ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგანან.

ის, რომ ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის საკითხში ნატოს დაშანტაჟებაზე წამსვლელია, ეჭვებს ბადებს იმაზე, როგორ შეიძლება მოიქცეს თურქეთი მომავალი კრიზისების დროს. ალიანსის მთავარი მეხუთე მუხლი – ურთიერთდაცვის გარანტია, რომელიც რუსეთის მხრიდან თავდასხმისას უნდა ამოქმედდეს – ერთსულოვან კენჭისყრაზეა დამოკიდებული.

ამიტომ განა თურქეთის გარეშე ნატო უკეთესად არ იქნებოდა? რა თქმა უნდა არა. თურქეთის გაძევება, სამართლებრივად შესაძლებელი რომც იყოს, სტრატეგიული კატასტროფა იქნებოდა. უკრაინისთვისაც და რუსეთისთვისაც შავი ზღვა ხმელთაშუა ზღვაზე და დანარჩენ მსოფლიოზე გასასვლელი მთავარი მარშრუტია. იმისათვის, რომ უკრაინის მარცვლეული ქვეყნის ნავსადგურებიდან მსოფლიო ბაზარზე გავიდეს, მან უნდა გაიაროს შავი ზღვა, რომელში შესასვლელსა თურქეთი აკონტროლებს. ეს მნიშვნელოვანი როლი კარგად გამოჩნდა თურქეთის მიერ იმ რუსული გემის დაკავებისას, რომელსაც, როგორც ამბობენ, უკრაინიდან მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა.

თურქეთი რომ ნატოდან გაძევებულიყო და რუსეთის დე-ფაქტო მოკავშირე გამხდარიყო, უკრაინა რეალურად ჩაკეტილი ქვეყანა გახდებოდა, ხოლო რუსეთი ხმელთაშუაზღვაზე გასასვლელთან აღმოჩნდებოდა.

ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების ბალანსსაც სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა. სირიაში თურქების  მსხვილი სამხედრო შენაერთებია განლაგებული. თუმცა თურქებს ამერიკელებთან ქურთების როლთან დაკავშირებით დავა აქვთ, ისინი რუსეთსა და ასადის რეჟიმს შორის ალიანსს ეწინააღმდეგებიან. გარდა ამისა, თურქეთმა სირიიდან 3,7 მილიონი ლტოლვილი მიიღო და ამ ჰუმანიტარულმა აქტმა ევროკავშირს ტვირთი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა.

სადაო არ არის ის ფაქტი, რომ ერდოღანმა დემოკრატიის დაცვაში თურქეთის ავტორიტეტი  სერიოზულად შელახა. მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით, თურქეთი დანარჩენი ნატოს წევრი-ქვეყნების უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქნის – თუ არ ჩავთვლით საბერძნეთს, რომელიც ეგეოსის ზღვაში ერდოღანის გააქტიურებით შეშფოთებულია. რუსეთის შესაჩერებლად ნატოს გადამწყვეტი მნიშვნელობის გათვალისწინებით, თურქეთის ნატოში დატოვება ახლა უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე.

ეს ერდოღანმაც იცის. იცის და იყენებს კიდეც ზემოქმედებს იმ მექანიზმს, რომელიც მას უკრაინის ომმა მისცა. ეს სიტუაცია გამაღიზიანებელია, მაგრამ უმართავი არ არის. თურქეთის პრეზიდენტი პოზიციას უმალ შეიცვლის, როცა ეს მას აწყობს. და ნატოს სხვა წევრებსაც აქვთ თურქეთზე ზემოქმედების მექანიზმი.

ერდოღანის მოქნილობა საუდის არაბეთთან დამოკიდებულების შეცვლითაც დასტურდება. თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის მრავალი წელია უთანხმოება იყო, რაც რეგიონში ლიდერობისა და მუსლიმთა საძმოს მიმართ საწინააღმდეგო დამოკიდებულებებიდან მომდინარეობდა. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა საუდის არაბეთი თურქულ საქონელს ბოიკოტი გამოუცხადა. ახლა, როცა თურქეთის ეკონომიკა სახიფათო მდგომარეობაშია, ერდოღანს მსგავსი ანტაგონიზმი კარგს ვერაფერს მოუტანდა. ამიტომ მან საუდის არაბეთთან ურთიერთობა აღადგინა – სულ ცოტა ხნის წინ ერდოღანი ანკარაში საუდის არაბეთის დე-ფაქტო ლიდერსა და ტახტის მემკვიდრეს მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა.

თურქეთის ეკონომიკის სისუსტე ნატოს სხვა წევრებს ერდოღანზე ზემოქმედების გარკვეულ მექანიზმებს აძლევს. თურქეთში ინფლაცია ახლა თითქმის 80%-ს მიაღწია, რაზეც მნიშვნელოვანწილად ერდოღანის არაკვალიფიციური ეკონომიკური პოლიტიკაა პასუხისმგებელი. გასული ორი წლის განმავლობაში თურქეთის ვალუტა 60%-ზე მეტით გაუფასურდა. ქვეყანას მიმდინარე ანგარიშის უზარმაზარი დეფიციტი აქვს და არ წყდება საუბარი იმაზე, რომ სანაციის სახით თურქეთს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან დახმარება დასჭირდება. ეს ერდოღანისთვის დამცირება იქნება, განსაკუთრებით ახლა, როცა 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება.

ეკონომიკური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, თურქეთს ალბათ უცხო ქვეყნების დახმარება დასჭირდება. ნატოს მოკავშირეები მას სწორედ აქ შეიძლება დაეხმარონ. ეკონომიკური დახმარების სანაცვლოდ, თურქეთმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე შეიძლება უფრო გონივრული პოზიცია დაიკავოს. და თუ ეს სტამბულის დიდ ბაზარში შევაჭრებას ჰგავს – იყოს ასე.

გედეონ რახმანი

06.07.22.

 

Leave a Reply