• December 3, 2024

ანტი-რუსული აგრესია საქართველოს არ წაადგება, მაგრამ არც ახლანდელი ხელისუფლების მცდელობები ნებისმიერ ფასად კონფლიქტი თავიდან აიცილოს.

„ქართველები რუსებს კარგად იცნობენ. […] კრემლი სიმართლეს ამახინჯებს და ისტორიას აუკუღმართებს. […] რუსეთი ის ქვეყანაა, რომელმაც 1921 წელს საქართველოს რესპუბლიკა გაანადგურა, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიები წაბილწა და ქართული ენის ამოღება სცადა.“ ეს არადიპლომატიური ენა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მიერ 11 იანვარს გაკეთებული განცხადების ნაწილი იყო.

ამერიკის ელჩისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლება სიფრთხილეს იჩენს.

იმ დროს, როცა რუსეთი უკრაინის საზღვართან თავის ჯარებს უყრის თავს, საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დუმილი გამაყრუებელია. ერთადერთი მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც უკრაინას მხარს ხმამაღლა, ძირითად ტვიტერით, უჭერს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანია. ოპოზიციური პარტიების მიერ ამ საკითხის პარლამენტში განხილვის მოთხოვნის შემდეგ, 26 იანვარს მმართველმა „ქართული ოცნების“ პარტიამ როგორც იქნა წარმოადგინა განცხადების პროექტი, რომელშიც საქართველოს, როგორც სუვერენული ქვეყნის, უფლებების დაცვა უკრაინის უფლებების დაცვასთან დააკავშირა. თუმცა განცხადების ტონი თავშეკავებული იყო. ის ფაქტი, რომ განცხადებაში რუსეთი ნახსენებიც კი არ იყო, სასაცილოდ არ ეყოთ იმ ქართველებს, რომლებსაც უფრო მკაცრი პოზიციის დაფიქსირება სურდათ და რომლებისთვისაც ეს განცხადება სხვა არაფერი იყო, თუ არა დასავლეთისა და მისი ღირებულებების მიმართ ახლანდელი ადმინისტრაციის ნელთბილი დამოკიდებულების დადასტურება.

საქართველოს ხელისუფლების პასიურობა არაერთი მხრივ არის გაუგებარი: საქართველოს და უკრაინას ერთმანეთთან ხანგრძლივი და პოზიტიური ურთიერთობა აქვთ; მეცხრამეტე საუკუნეში ქართული და უკრაინული ინტელიგენციის წარმომადგენლებს რუსული მმართველობის მიმართ წინააღმდეგობა აერთიანებდათ; 1918-20 წლებში თავიანთ საზღვარზე ბოლშევიკურ არმიებს შეებრძოლნენ და საქართველოს და უკრაინის დამოუკიდებელმა რესპუბლიკებმა ერთმანეთი დიმპლომატიურად სცნეს.

დღეს მათი ინტერესები კვლავ ერთმანეთს უახლოვდება ვლადიმირ პუტინის რუსეთთან ურთიერთობის საკითხში. როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში „ფერადი რევოლუციები“ მოხდა და ორივე სახელმწიფომ პრო-დასავლური და პრო-დემოკრატიული კურსი აიღო. ორივე ქვეყანამ იწვნია რუსული სამხედრო აგრესია და ორივეს გარკვეული ტერიტორიები წაართვეს  პრო-რუსულმა ძალებმა თუ რუსეთმა.

საქართველო ოფიციალურად აღიარებს უკრაინას, როგორც მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს, და მკვლევარების ლევან კახიშვილისა და ალექსანდრე კუპატაძის მონაცემებით,  1991 წლის შემდეგ საქართველოს ყველა ორმხრივი ხელშეკრულების 39% უკრაინასთან არის დადებული.

ორივე სახელმწიფო ესწრაფვის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას და ევროკავშირისა და ნატოს მიერ არაოფიციალურად „პაკეტად“ განიხილებიან. ის, რაც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის ან ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით ერთ ქვეყანას ეხება, ეხება მეორესაც. ამ თვალსაზრისით, ისინი ერთმანეთთან გადაჯაჭვული არიან. ეს კი ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში უკეთ ინტეგრაციის მიზნით უფრო მჭიდრო კოორდინაციას, ერთობლივი უკრაინულ-ქართული სტრატეგიების შემუშავებას საჭიროებს, თუმცა ეს კოორდინაცია დღეს არ ჩანს.

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი დაძაბულობაც იყო, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე დანიშვნას უკავშირდებოდა. 2021 წელს სააკაშვილის საქართველოში არალეგალურად დაბრუნებამდე და პრეზიდენტობის დროს სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულთა გამო მის ციხეში ჩასმამდე, ის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო, რომელ თანამდებობაზეც ის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2020 წელს დანიშნა.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთთან მიმართებით მისი სიფრთხილე გამართლებულია: საქართველო პატარა სახელმწიფოა იმ საერთაშორისო წესრიგში, რომელიც მის ინტერესებს თანმიმდევრულად არაფრად აგდებს. 1921 წელს დასავლეთმა დამოუკიდებელ საქართველოს რეალურად შეუწყვიტა დახმარება და აგრესიული საბჭოთა-თურქული ალიანსის წინაშე მარტო დატოვა. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე შვედი დიპლომატის ჰეიდი ტაგლიავინის ევროკავშირთან შეთანხმებულ ოფიციალურ ანგარიშში, ომის დაწყება საქართველოს ბრალდება. ამ ანგარიშში არ არის გათვალისწინებული რუსულ-ქართული ურთიერთობის კოლონიური კონტექსტი ან შედარებით სუსტ ქვეყნებზე ბატონობის უზრუნველყოფის მიზნით რუსეთის მიერ ჩუმი და „მშვიდობიანი ტაქტიკის“ ჩვეული გამოყენება.

საქართველოს დასავლეთისგან მიტოვების შიში უსაფუძვლო როდია: არც ნატო და არც ევროკავშირი საქართველოს თავიანთი ინტერესებისთვის მნიშვნელოვნად არ განიხილავენ. ეს თვალნათლივ გამოჩნდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, როცა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უცბათ შეცვალა ტონი და რუსეთთან ურთიერთობების „გადახედვაზე“ დაიწყო საუბარი. საქართველოს და უკრაინის მიღების მიმართ აშკარა წინააღმდეგობა ევროკავშირშიც იგრძნობა და ნატოშიც.

სააკაშვილის სტილის აგრესიულობა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ არ გამოადგება. მაგრამ არც რუსეთისგან სამაგიეროს გადახდევინების შიშით ახლანდელი ხელისუფლების მიერ თავის ჩაღუნვისა და მოკავშირეების, მაგ., უკრაინის გამოსარჩლებაზე უარის თქმის პოლიტიკა წაადგება ქვეყანას. რეალიზმმა შეიძლება ის გვიკარნახოს, რომ საქართველომ შუა გზა აირჩიოს, მაგრამ ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ეს დამაბალანსებელი პოლიტიკა 1990-იან წლებში მოსინჯა, თუმცა მას საქართველოს უსაფრთხოებისთვის დიდი სარგებელი არ მოუტანია. რუსული მუქარა საქართველოსთვის არახალი პრობლემაა, რომელიც ეგზისტენციალურად რჩება, სანამ რუსეთში რაღაც ფუნდამენტურად არ შეიცვლება.

მაგრამ საქართველოს რეალისტური შესაძლებლობები აქვს, რომლებიც შეუძლია გამოიყენოს და არ იფიქროს, რომ უიღბლოა და სინამდვილესთან ბროლას აზრი არ აქვს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია, საქართველომ მსოფლიოში საკმაოდ გაითქვა სახელი და თავისი სტატუსისა და სარგებლიანობის აღიარება მოიპოვა.

სავაჭრო და ენერგეტიკული დერეფნის საქართველოს გავლით გაყვანაზე შევარდნაძის მუშაობა, რასაც ბაქო-ტბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა და დასავლეთისკენ კურსის აღება მოყვა, რანდენიმე წლის შემდეგ სააკაშვილის მიერ სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტის ხელშეწყობით განმტკიცდა. ნავთობსადენიც და გაზსადენიც ზრდის საქართველოს ეკონომიკურ და სტრატეგიულ მნიშვნელობას თურქეთისთვის, ევროპისთვის და აშშ-სთვის (ამ პროექტებში აშშ ეენერგოკომპანიები მსხვილი ინვესტორები არიან).

სააკაშვილმა საქართველო ნატოსთვის საიმედო სამხედრო პარტნიორად აქცია და, მიუხედავად მისი ავტორიტარული ტენდენციებისა, წარმატებით წარმოაჩინა საქართველო, როგორც არალიბერალურ რეგიონში არსებული დემოკრატიის კუნძული, რაც განსახიერდა 2005 წელს ჯორჯ დაბლიუ. ბუშის საქართველოში ვიზიტით, როცა მან საქართველოს „თავისუფლების შუქურა“ უწოდა.

და ბოლოს, საქართველომ დაამტკიცა, რომ ის რბილი ძალის ოსტატია. თუ სკანდინავიის ქვეყნები საკუთარ თავს საერთაშორისო მედიატორებად და წარმატებულ გარემოსდამცველებად წარმოაჩენენ, საქართველომ სახლი გაითქვა მისი კერძებით, კულტურული მიღწევებით (აღსანიშნავია ის მრავალრიცხოვანი მომღერლები, რომლებიც ევროპის ოპერებში მოღვაწეობენ) და სტუმართმოყვარეობით. ამ თვისებებს უსაფრთხოებაზე ნალები გავლენა აქვს, მაგრამ ისინი საქართველოსთვის რეალური კაპიტალია და სახელმწიფოს საერთაშორისო პროფილს სძენს.

როგორც მკვლევარებმა თრეისი გერმანმა და კორნელი კაკაჩიამ ხაზგასმით აღნიშნეს, მართალია, საქართველოს სტრუქტურული ძალა აკლია, ის „არ არის უბრალო პაიკი ან უცხო პოლიტიკის ‘მიმღები.’ მან უკვე წარმოაჩინა ლობირების უნარები გაეროში, სადაც ის რეგულარულად იცავს რეზოლუციებს იძულებით ადგილნაცვალი ქართველი ხალხის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაბრუნების უფლების თაობაზე.

მაგრამ მან ხმა უნდა აღიმაღლოს და განამტკიცოს კავშირი უკრაინასთან (აგრეთვე მოლდოვასთან, რომელიც მსგავს სიტუაციაში მყოფი კიდევ ერთი სახელმწიფოა). რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს, ბალტიისპირა ქვეყნებისა და პოლონეთის ლიდერები სოლიდარობის გამოსახატად საქართველოში ჩავიდნენ. საქართველომ ამ საქმეს საფუძველი 2008 წელს ჩაუყარა, მაგრამ დღეს ეს სტრატეგია გამქრალია. საქართველო სოლიდარობის მნიშვნელოვან წყაროებს კარგავს არა მარტო ბალტიისპირა ქვეყნებში და პოლონეთში, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მის დასავლელ მოკავშირეებშიც – ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ამის გამოსასწორებლად საქართველომ უნდა გაიუმჯობესოს მისი, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს, ნიშნები. პატარა, მაგრამ ძლიერი ხედვის მქონე საქართველოს როლი რისკის წინაშე დადგება, თუ ხელისუფლება განაგრძობს ჩავარდნებს დემოკრატიული რეფორმების გზაზე. საქართველომ შეაჩერა რუსეთის სამხრეთ კავკასიაში ჰეგემონიის დამყარების ამბიციები და წარმოაჩინა რუსეთის სისუსტეები. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა აჩვენოს რუსეთის აგრესიის შესაკავებლად მიმდინარე საერთაშორისო ძალისხმევისთვის მისი გარდაუვალი საჭიროება და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც საქართველოს ამ სტრატეგიაში შეუძლია შეასრულოს.

სტივენ ფ. ჯოუნზი

2022 წლის 27 იანვარი

https://eurasianet.org/perspectives-georgias-fate-linked-with-ukraine

Leave a Reply