მსოფლიოს მიმართ ბერლინის მიდგომა მის რეპუტაციაზე გაცილებით უკეთესია
გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საგარეო პოლიტიკაში ოლიმპიურ მედლებს რომ არიგებდეთ, ოქროს რომელი მნიშვნელოვანი მსოფლიო სახელმწიფო მიიღებდა? ზოგმა დამკვირვებელმა შეიძლება ჩინეთი ახსენოს, რადგან ამ ქვეყნის ეკონომიკური და სამხედრო ძლიერება მასშტაბურად გაფართოვდა, საკვანძო საერთაშორისო ინსტიტუტებში მისი გავლენა გაიზარდა და ქვეყანამ თავიდან აიცილა ის ძვირადღირებული სამხედრო კონფლიქტები, რომელთა ბადეშიც ამერიკის შეერთებული შტატები არაერთხელ გაება. მაგრამ ამ ბოლო დროს სი ძინპინის ჩინეთმაც წაიფორხილა და საშინაო თუ საგარეო გამოწვევების მიმართ მისმა არადემოკრატიულმა მიდგომამ ქვეყნის რეპუტაცია შელახა, მეზობელი ქვეყნები შეაშფოთა და ქვეყნის მომავალი გეგმებისადმი სხვების ნდობას წყალი შეუყენა. მართალია ადრე მედლის ფავორიტად მოიაზრებოდა, მაგრამ მისი ბოლოდროინდელი საქმიანობის გამო ჩინეთი ბრინჯაოზე მეტს არ იმსახურებს და შეიძლება უმედლოდაც დარჩეს.
რუსეთზე რის თქმა შეიძლება? 20 წელზე მეტია ვლადიმირ პუტინი სუსტი კარტებით თამაშობს, მაგრამ მისი საგარეო პოლიტიკით რუსეთი უფრო უსაფრთხო არ გამხდარა – თუ გახდა, მაშინ უკრაინით ასე შეშფოთებული რატომ არის? გარდა ამისა, ამ საგარეო პოლიტიკას რუსეთი არც უკეთესად აღუჭურვია, რომ მომავალ ათწლეულებში ქვეყანამ სრულფასოვანი კონკურენციის გაწევა შეძლოს. რუსეთის ხელმძღვანელები შეიძლება ესწრაფვიან სხვათა მიერ თავიანთი ქვეყნის დიდ გლობალურ სახელმწიფოდ აღიარებას, მაგრამ მათი მართვის მოდელი ნაკლებად მიმზიდველია და სხვა ქვეყნები მომავალს უფრო შთამბეჭდავად გამოჭედავენ, ვიდრე მოსკოვი. პეკინსა და მოსკოვს შორის განხეთქილება თუ არ ჩამოვარდება (რასაც ამერიკის შეერთებული შტატები და სხვები, თუ სიბრძნე ეყოფათ, სავარაუდოდ ეცდებიან), რუსეთი დაქვეითდება და მას მაქსიმუმ ჩინეთის უმცროსი პარტნიორის როლი თუ ერგება.
მიუხედავად არაერთი ხანგრძლივი უპირატესობისა, მედლის სერიოზულ კანდიდატებად ვერც ამერიკის შეერთებული შტატები მოიაზრება და ვერც დიდი ბრიტანეთი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წაიფორხილა როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისევე, როგორც დიდმა ბრიტანეთმა ლეიბორისტული და კონსერვატიული მთავრობების დროს. 2003 წელს ლეიბორისტი პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის გადაწყვეტილება ჯორჯ დაბლიუ ბუშის ადმინისტრაციას ერაყში ბრმად გაყოლოდა საკუთარ კარში გატანილი აშკარა ავტო გოლი იყო, ხოლო ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ კონსერვატორების გადაწყვეტილების შედეგად ბრიტანეთი უფრო გაღარიბდა, ნაკლებ გავლენიანი გახდა და ისეთ პოლიტიკოსთა ხელში დარჩა, რომელთა ფარისევლობაც მათ კომპეტენტურობას გაცილებით აღემატება.
ვინ დარჩა? მედლებს მე რომ ვარიგებდე, ოქროს მედალს გერმანიას გადავცემდი. თუ ნებისმიერი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიზანი დეკლარირებული პოლიტიკური ღირებულებების ზედმეტად დაზიანების გარეშე საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაძლიერებაა, მაშინ გასულ რამდენიმე ათწლეულში გერმანიის მოღვაწეობა აშკარად შთამბეჭდავია. მაგრამ ის სინამდვილე, რომელმაც ამ სტრატეგიის რეალიზაცია შესაძლებელი გახადა, ამჟამად ქრება, და დიდი კითხვა ახლა, როცა ახლად არჩეული კანცლერი ოლაფ შოლცი ვაშინგტონში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხვდება, არის შემდეგი: შეძლებს და მოისურვებს თუ არა გერმანია მორგებას?
გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ბერლინის წარმატება იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ პედესტალის სამივე საფეხური მას ერგო. პირველი, უშიშროების საკითხებში ის ამერიკის შეერთებული შტატების მჭიდრო პარტნიორად რჩება და ამერიკული დაცვის მატარებელში ისევ უბილეთო მგზავრია. გერმანელებისთვის ამერიკის შეერთებული შტატები ის ქვეყანაა, რომელიც მათ პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში პირველი გამოექომაგება, და ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ „ბიძია სემმა“ ამ როლზე უარი არ თქვას. უფრო მეტიც, გერმანიამ ამ პრივილეგირებული პოზიციის შენარჩუნება მოახერხა მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელს ის დაუფარავად შეეწინააღმდეგა ერაყის დაპყრობის შესახებ აშშ გადაწყვეტილებას და წარმატებით აუარა გვერდი კოლექტიური თავდაცვაში სამართლიანი წვლილის შეტანის შესახებ ამერიკის არაერთ მოთხოვნას. ბუშის, ობამას და ტრამპის ადმინისტრაციები ბევრს ცდილობდნენ, რომ გერმანია თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე დაეყოლიებინათ, მაგრამ ბერლინი ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება თავდაცვის დაფინანსების იმ მშპ-ის 2%-იან მაჩვენებელს, რომელიც ნატომ რვა წლის წინ განსაზღვრა. თანაც, გერმანია თავის თავდაცვის ბიუჯეტს ძალიან ეფექტიანადაც არ ხარჯავს, რის გამოც თავდაცვის იმდენ პრაქტიკულ შესაძლებლობას არ იღებს, რამდენსაც უნდა იღებდეს. მაგრამ ამ ნაკლოვანებებს მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ჯერ არ მოუტანია. როგორც უკრაინის მიმდინარე კრიზისზე ამერიკის მტკიცე რეაქცია მიანიშნებს, გერმანიას ჯერ კიდევ შეუძლია ჰქონდეს იმის იმედი, რომ როცა კი მგელი კარს მიადგება, ამერიკის შეერთებული შტატების მის საშველად გამოემართება.
ამავე დროს, გერმანია კარგ სამუშაო ურთიერთობას ინარჩუნებს რუსეთთან მიუხედავად 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის დაპყრობის გარშემო ჩამოვარდნილი უთანხმოებისა და დღეს უკრაინის გარშემო განახლებული კონფრონტაციისა. გერმანია რუსეთის რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია (ორმხრივი ვაჭრობა თითქმის 50 მილარ აშშ დოლარს აღწევს), და 1995 წლიდან ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა ყოველწლიურად 5%-ზე მეტად იზრდება. სხვათა შორის, ამ ეკონომიკური კავშირების შედეგად გერმანია უზარმაზარი რაოდენობის რუსულ ბუნებრივ გაზს იღებს. რუსულ ენერგიაზე გერმანიის დამოკიდებულების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა არაერთხელ დაძაბულა (განსაკუთრებით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის პროექტთან დაკავშირებით), მაგრამ არასოდეს გაწყვეტილა, თვით ყოფილი აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი. ეს პოლიტიკა გამართლებულია წმინდა გერმანული პერსპექტივიდან: რუსული გაზმომარაგებით გერმანიის ქარხნები გაუჩერებლად გუგუნებდნენ და მოსახლეობა თბილ სახლებში ცხოვრობდა მაშინაც კი, როცა გერმანიამ ბირთვული ენერგიის გამოყენების ეტაპობრივი შეკვეცა დაიწყო. რუსულ ენერგიაზე გერმანიის დღევანდელი დამოკიდებულება შეიძლება წინდახედული არ იყოს და ბოლოს გერმანიამ ეს შეიძლება მწარედ ინანოს, მაგრამ ჯერჯერობით ამ პოლიტიკით გერმანია ფონს შესანიშნავად გადის.
მესამე, გერმანია კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს აღმავალ ჩინეთთან და ამ კავშირებიდან გერმანიის მეურნეობის სხვადასხვა დარგი უზარმაზარ ხეირს ნახულობს. ჩინეთი ამჟამად გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია – ამ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობამ 2020 წელს 212 მილიარდზე მეტი ევრო შეადგინა (მიუხედავად კოვიდ-19 პანდემიისა). გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ჩინეთი გერმანიას ევროპაში ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც მთავარ პარტნიორად განიხილავს. დიალოგის მრავალრიცხოვანი მექანიზმების მეშვეობით პოლიტიკის მაღალ დონეზე რეგულარული კოორდინაცია, აგრეთვე დინამიური სავაჭრო ურთიერთობები, ინვესტიციების, გარემოს დაცვის, კულტურისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობა ორმხრივ ურთიერთობებში მთავარი ელემენტებია.“ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული პრობლემები უთანხმოების წყაროდ რჩება (განსაკუთრებით გერმანიის „მწვანეთა პარტიისთვის“) და გერმანიის მოსახლეობას ჩინეთზე ძალზე არასახარბიელო წარმოდგენა აქვს, ბერლინი პეკინთან წარმატებით აგრძელებს თბილ სამუშაო ურთიერთობას და ახერხებს ჩინეთთან მომგებიანი სავაჭრო კავშირების შენარჩუნებას (და სანამ გერმანიას უპრინციპო სიხარბის ან სიბრიყვის გამო უსაყვედურებთ, მხედველობიდან არ გამოგრჩეთ ის ფაქტი, რომ ვაჭრობა ჩინეთსა და ამერიკას შორისაც იზრდება მიუხედავად ტრამპის მიერ დადგენილი და მისი უფლებამონაცვლე ბაიდენის მიერ გაგრძელებული ტარიფებისა).
გასულ რამდენიმე ათწლეულში გერმანიის პოლიტიკა სრულყოფილია? რა თქმა უნდა, არა. სრულყოფილი პოლიტიკით ვერცერთი ქვეყანა დაიტრაბახებს და ამ მხრივ არც გერმანიაა გამონაკლისი. 1991 წელს გერმანიის მიერ ხორვატიისა და სლოვენიის ნაადრევმა აღიარებამ დააჩქარა იუგოსლავიის დაშლა და ხელი შეუწყო დამანგრეველ „ბალკანურ ომებს,“ ხოლო გერმანიის დაჟინებულმა პოზიციამ ევროზონის კრიზისის დროს მკაცრი ფისკალური ზომების გატარებაზე სავარაუდოდ შეანელა ევროპის წელში გამართვა და ხელი შეუწყო ევროპული პოპულიზმის წარმოშობას. სირიის სამოქალაქო ომიდან ლტოლვილებისთვის ქვეყნის კარის გასაღებად გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მომხიბლავი ძალისხმევა ის იშვიათი პოლიტიკური შეცდომა იყო, რომლიდანაც მას უკან უნდა დაეხია, თუმცა საგარეო პოლიტიკაზე ამ შეცდომის უარყოფითი გავლენა შედარებით უმნიშვნელო იყო.
ამასთან, მთლიანობაში, შესანიშნავია გერმანიის ის უნარი, რომლითაც მან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა რუსეთთან, ჩინეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მის ევროპელ მეზობლებთან. გარდა ამისა, გერმანიის მოზომილი პოლიტიკა ბევრ რამეს გვეუბნება იმ მიმზიდველ ვარიანტებზე და შესაძლებლობებზე, რომლებიც საშუალო სახელმწიფოებს აქვთ იმ მსოფლიოში, სადაც რამდენიმე დიდი სახელმწიფოა. სანამ დიდ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები უკიდურესად პოლარიზებული არ იქნება, გერმანიის მსგავს საშუალო სახელმწიფოებს აქვთ ყველა მიზეზი მათ შორის გადაადგილდნენ და მოერიდონ დიდ სახელმწიფოებს შორის კინკლაობებში ჩათრევას.
გერმანიამ ამ ამოცანას თავი მარჯვედ გართვა. მან ეს ნაწილობრივ იმით შეძლო, რომ გარეგნულად არსებული ინსტიტუტების – ნატოს და ევროკავშირის – ერთგული დარჩა, რითაც გააქარწყლა ის შემორჩენილი (და, ჩემი აზრით, უსაფუძვლო) ეჭვები იმის თაობაზე, რომ ერთ დღესაც გერმანიამ შეიძლება აგრესიული რევიზიონისტული სახელმწიფოს როლი დაიბრუნოს. გერმანიის საგარეო პოლიტიკის ელიტა მუხლჩაუხრელად მუშაობს იმისათვის, რომ ტრანსატლანტიკურ პოლიტიკის ქსელებს ხელი შეუწყოს ისეთი ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა „გერმანიის მარშალის ფონდი“ და „მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია.“ ამავე დროს, გერმანიის ხელისუფლებას არ გაუწყვეტია კავშირგაბმულობის ხაზები პეკინთან და მოსკოვთან და არ იზიარებს იმ შეხედულებას, რომ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა წინააღმდეგობრივ იდეოლოგიებზე დაფუძნებული ანტაგონისტური კონკურენციაა. გერმანიის საგარეო პოლიტიკის ელიტა რეალიზმის ენაზე ხმამაღლა იშვიათად საუბრობს – თუ საუბრობს, მხოლოდ შეუვალი ლიბერალური ინსტიტუციონალისტების ენაზე – მაგრამ შესაძლებელია იმის თქმა, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართ ეს პრაგმატული მიდგომა რეალისტის მგრძნობიარობით შეესაბამება ძალაუფლების პრიორიტეტულ განაწილებას და იმის კეთების უდრეკ სურვილს, რაც გერმანიის ნაციონალურ ინტერესებშია.
თუმცა, გერმანიის წარმატებულმა რბოლამ შეიძლება დიდ ხანს ვერ გასტანოს. როგორც აწ გარდაცვლილმა რობერ ჯერვისმა თავის წიგნში „სისტემის ეფექტები“ ხაზგასმით აღნიშნა, როცა მსხვილ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო იძაბება, ისინი სულ უფრო ნაკლებად იწყნარებენ ბუნდოვანებას, და საშუალო სახელმწიფოებმა შეიძლება მანევრირების თავისუფლება დაკარგონ. ჩინეთსა და ამერიკას შორის კონკურენციის გამძაფრებისა და ჩინურ-რუსული კავშირების განმტკიცების ფონზე, გერმანიას გაუჭირდება სამივე დიდ სახელმწიფოსთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება. მიუხედავად უკრაინის კრიზისისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამერიკელებმა განაგრძონ გერმანიის (და ევროპის სხვა ქვეყნების) უშიშროების სუბსიდირება, თუ მისი ნატოს წევრი მოკავშირეები ვაშინგტონსა და პეკინ-მოსკოვის პარტნიორობას შორის მიმდინარე დაპირისპირებაში ნეიტრალური პოზიციის დაკავებას შეეცდებიან. ასეთ პირობებში, ბერლინს არჩევანის გაკეთება მოუწევს. თუ ის არჩევანს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან კავშირის გაგრძელებაზე შეაჩერებს, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ პარტნიორებს შორის შრომის ახალი განაწილების საკითხის სერიოზული განხილვისთვისაც ხელსაყრელი დრო იქნება.
სტივენ მ. უოლტი
7 თებერვალი 2022
http://foreignpolicy.com/2022/02/07/the-gold-medal-for-foreign-policy-goes-to-germany/