თბილისს მოსკოვისთვის ბევრი აქვს სასაყვედურო. მაშ უკრაინის მიმართ გულგრილი რატომ არის?
მაშინ, როცა ევროპაში და მთელს მსოფლიოში უკრაინის მოკავშირეები ერთ მუშტად შეიკრნენ და წინა თვეში უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთს სადამსჯელო სანქციები დაუწესეს, ერთი ქვეყანა თვალშისაცემად განსხვავებულად მოიქცა: ეს ქვეყანა საქართველოა, რომელმაც ასევე საკუთარ ტყავზე იწვნია 14 წლის წინ რუსეთის თავდასხმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს ნაბიჯი გაამართლა და განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციებს შეერთება „ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას მხოლოდ უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა.“ ამ გადაწყვეტილების გამო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოდან გაიწვია და საქართველოს ამ ნაბიჯს „ამორალური“ უწოდა.
შექმნილ კრიზისზე საქართველოს ასეთი რეაქცია არც პირველია და არც უკანასკნელი, რომელმაც ქვეყანაში აღშფოთება გამოიწვია და ანალიტიკოსები გაკვირვებული დატოვა. საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეთა მიერ ქვეყნიდან გასვლაზე, ხოლო ცნობილი კრემლის კრიტიკოსები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები საზღვარზე უკან გააბრუნეს მიუხედავად რუსეთთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმისა.
ქვეყნის ეს სტრატეგია ან ეკონომიკის დაცვისა და მოსკოვის პროვოკაციის თავიდან აცილების უღიმღამო მცდელობაა, ან დაყვავებისა და გულის მოგების სახიფათო თამაშია ხელისუფლების მიერ, რომლის მისივე საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების ხარისხი სულ უფრო უარესდება, აცხადებენ ექსპერტები.
„ჩემი აზრით, ეს ამაზრზენია. სინამდვილეში შესაფერისი სიტყვებს ვერ ვპოულობ,“ განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სერგი კაპანაძემ, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
2008 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ძალის გამოყენებით შემოერთების მცდელობის შემდეგ რუსეთთან კატასტროფულ ომში ჩაება. ამის პასუხად, რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში სწრაფად შევიდნენ და ქვეყნის დედაქალაქ თბილისს 50 კმ-ით მიუახლოვდნენ, რის შემდეგაც ხუთდღიანი საომარი მოქმედებები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების დადებით დასრულდა.
ჯერ კიდევ დავობენ იმაზე, ვინ დაიწყო ომი – რუსეთმა თავისი პროვოკაციებით თუ საქართველოს წინდაუხედავმა პრეზიდენტმა. მაგრამ ომის შემდეგ რუსეთმა აღიარა საქართველოს ორი დამოუკიდებელი რეგიონის – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – დამოუკიდებლობა და ორივე ანკლავში ჯარები ჩააყენა, რის შედეგადაც მოსკოვმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე დე-ფაქტო კონტროლი დაამყარა. ნატოს წევრობის მოსურნე საქართველოს დესტაბილიზაციისთვის რუსეთის მიერ აპორბირებული არაერთი ტაქტიკა მოგვიანებით უკრაინაშიც იყო გამოყენებული.
ერთმა დასავლელმა დიპლომატმა, რომელიც გამოცემას ანონიმურად ესაუბრა, გულწრფელად შეაფასა ადგილზე არსებული სიტუაცია. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოში რუსეთის სამხედრო მოქმედებების განახლების რისკი არ შეუმჩნევიათ. მაგრამ იმ დროს, როცა რუსეთის შავი და კასპიის ზღვის ფლოტები ყურის ძირში არიან და ჯარების კონტინგენტები რუსეთისა და მეზობელი სომხეთის საზღვრის გასწვრივ, ხოლო ათასობით ჯარისკაცი იქვე სირიაში და მშვიდობის დამცველები აზერბაიჯანში დგანან, პრობლემის გამოსაწვავად კრემლს დიდი ოდენობით ჯარების თავმოყრა არ სჭირდება.
„თვალის დახამხამებაში მთელი ეს ტერიტორია შეკერილია,“ განაცხადა დიპლომატმა. „საქართველოს არგუმენტი არის ის, რომ მათ (რუსებს) დიდი ძალების მობილიზაცია არ ჭირდებათ, რადგან აქვე არიან, და საქართველო რისკის წინაშე დგას. [რუსეთს] შეუძლია თვალის დახამხამებაში ტანკები რამდენი ასეულ მეტრში გადააადგილოს.“
ამ ბოლო დროს გაკეთებულ საჯარო კომენტარებში რუსეთის უმაღლესმა თანამდებობის პირებმაც, მათ შორის, ვლადიმირ პუტინმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ახსენეს საქართველო. „უკრაინაში შესვლამდე მათ საკმარისი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოს მოსვენება დაეკარგა,“ განცხადა დიპლომატმა. „მათ ფაქტობრივად ეს თქვეს: „თქვენზე თვალი გვიჭირავს.““
10 წლის განმავლობაში რეფორმების მუხლჩაუხრელად განხორციელების შემდეგ, სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობის“ პარტია 2012 წელს არჩევნებში დამარცხდა და მის ნაცვლად ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პარტია მოვიდა. ახალმა ხელისუფლებამ დასავლეთის ინსტიტუტებში გაწევრიანების პოლიტიკა კი გააგრძელა, მაგრამ მოსკოვთან ურთიერთობაში ის ნაკლებად კონფრონტაციული იყო. ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, რომელიც საქართველოს მსგავსად ნატოში გაწევრიანებას ცდილობს, თბილისში რისკები მნიშვნელოვნად გაზარდა.
„ამ ხელისუფლებას ამ სიტუაციამ შიშის ზარი დასცა – ხელისუფლება ფიქრობს, რომ შემდეგ მათი რიგი იქნება და ამიტომ ისინი ცდილობენ დაბალანსებული პოზიცია დაიკავონ – გარეგნულად კრემლის მიმართ ანტაგონიზმი არ გამოხატონ, ამავე დროს ისტორიული მომენტით ისარგებლონ და ევროკავშირში გაწევრიანებაზე განცხადება ოფიციალურად შეიტანონ, და თან უკრაინისთვის იმდენი გააკეთონ, რაც შეუძლიათ,“ განაცხადა ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის უფროსმა არარეზიდენტმა მეცნიერ-თანამშრომელმა ლაურა ლინდერმანმა. თავიდან საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განცხადებას გეგმის შესაბამისად 2024 წელს შეიტანდა, მაგრამ მზარდი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ზეწოლის შემდეგ ხელისუფლებამ პოზიცია შეიცვალა და უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირში შესვლაზე განცხადება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიტანა.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას დიდი ხანია ესწრაფვის, დასავლეთში იზრდება წუხილები თბილისში დემოკრატიის ხარისხის სავარაუდო დაქვეითების გამო. ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს დემოკრატიული გარდაქმნების ნიშნით რეგიონში თითით საჩვენებელი იყო, ამ ბოლო წლებში დაუსრულებელი კრიზისებია. დაძაბულობამ პიკს გასულს წელს მიაღწია, როცა „ქართული ოცნების“ მიერ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების სავარაუდო გაყალბების პროტესტის ნიშნად ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტში შესვლას ბოიკოტი გამოუცხადეს (საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებით, დარღვევები მოხდა, მაგრამ მთლიანობაში არჩევნები სამართლიანად ჩატარდა).
„მმართველი პარტია, ამათ უკრაინის გამარჯვების არ სჯერათ და ცდილობენ პუტინის ეს პროპაგანდა გამოიყენონ: „კარგი, ეს ჩვენი ომი არ არის. ეს უკრაინის ომია,“ განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სააკაშვილთან დაახლოებულმა ხატია დეკანოიძემ. „ეს აბსოლუტურად რუსული პროპაგანდაა. ‘კარგი, მე მეცეკვე. ჩემთან ახლოს იყავი, [მაგრამ არ] გამაღიზიანო.“
ამ ბოლო კვირებში ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩებში უკრაინაში რუსეთის შეჭრის და საქართველოს ხელისუფლების თავშეკავებული რეაქციის გასაპროტესტებლად.
საქართველოში თითქმის ყველა სხვა პოლიტიკური კრიზისის მსგავსად, უთანხმოებები იმაზე, თუ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე რეაქცია როგორი უნდა იყოს, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ხმაურიან პარტიულ დაპირისპირებაზე ტყდება. „ისინი ერთსა და იმავე პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ჩაბმული და ზოგჯერ ამ პოლიტიკური ბრძოლის იქით ვერ იხედებიან, რომ დაინახონ, რა შედის საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებში,“ აღნიშნა ლიდერმანმა. კიევის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის შემდეგ საქართველოში „ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის ხელისუფლება ქართული ოპოზიციის ზეგავლენის ქვეშ მყოფობაში დაადანაშაულა.
ვაშინგტონში საქართველოს საელჩომ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხში ქვეყანა ურყევია. „საქართველო განაგრძობს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას. ამის საპირისპიროს თქმა მცდარია და სამარცხვინოა,“ აღნიშნა საელჩომ განცხადებაში და განმარტა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი რუსულ ბანკებზე და სხვა სუბიექტებზე დაწესებულ სანქციებთან შესაბამისობაში იქნებოდა.
2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოში წევრობა საქართველოსაც შესთავაზეს და უკრაინასაც, თუმცა რომელიმე ქვეყნის გაწევრიანებაზე კონკრეტული ვადები არასოდეს თქმულა, რაც ამ ორივე ქვეყნის სერიოზულ იმედგაცრუებას იწვევს. „გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ შევეგუეთ იმ აზრს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში ან ევროკავშირში ვერასოდეს გაწევრიანდებიან,“ განაცხადა სამხრეთ კავკასიის საკითხებში კონგრესის ჰელსინკის კომისიის უფროსმა მრჩეველმა მაიკლ სესირმა. „ჩემი აზრით, ამ ომმა უნდა მოგვცეს შესაძლებლობა გადავაფასოთ ის, თუ რას ვგულისხმობთ, როცა ამას ვამბობთ.“
მიუხედავად თბილისის ყოყმანისა დასავლეთის სანქციებს შეერთებოდა თუ არა, საქართველომ უკრაინას 140 მეტრული ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა და შეუერთდა კიდეც ევროპაში გაეროს უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საერთაშორისო ძალისხმევას, რომლის მიზანია რუსეთის ქმედებების დაგმობა.
წინა კვირას გაკეთებულ განცხადებაში,საქართველოში აშშ ელჩი კელი დეგნანი მიესალმა ქვეყნის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო ორგანიზაციებში გაკეთებულ განცხადებებს და ხაზი გაუსვა ერთიანობის საჭიროებას. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ საქართველოშიც ვისარგებლოთ შესაძლებლობით და გვერდზე გადავდოთ ეს პოლარიზაცია და გავერთიანდეთ იმ პრობლემის გარშემო, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური თანამეგობრობისთვის,“ აღნიშნა მან.
მიუხედავად შიშებისა, რომ რუსეთი კიევს რამდენიმე დღეში აიღებდა, მალევე ცხადი გახდა, რომ რუსეთის წინსვლა სერიოზულად გაართულა ლოგისტიკურმა პრობლემებმა და უკრაინის მიერ გაწეულმა სასტიკმა წინააღმდეგობამ. როგორც ჩანს, ამით თბილისმა ცოტა ამოისუნთქა.
„აშკარაა, რომ რუსეთს არ ჰყოფნის რესურსები უკრაინაში,“ აღნიშნა სესირმა. „ჩემი აზრით, ამ კონფლიქტის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიდგომაში მცირეოდენი ცვლილება შეიძლება სწორედ ამიტომ მოხდა. ვფიქრობ, რომ დასაწყისში ისინი გაცილებით უფრო ფრთხილები იყვნენ, ვიდრე ახლა არიან.“
ამი მაკინონი, ჯეკ დეჩი
11.03.22.
https://foreignpolicy.com/2022/03/11/georgia-ukraine-invasion-russia/