• December 25, 2024

მოსკოვი უკრაინაში აგებს საეკლესიო ომს, რომელიც ამ ქვეყანაში არსებულ ნებისმიერ სხვა  ბრძოლის ველზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად დაუფარავ მოწოდებებს აკეთებს მაშინ, როცა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას პაციფისტური პოზიცია უკავია – ეს უკანასკნელი რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად მხარეებს ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ამრიგად, იმ დროს, როცა უკრაინაში ომი მძვინვარებს, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა სულ უფრო იზრდება, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესია კოლაფსის მდგომარეობას უახლოვდება. მოკლედ რომ ვთქვათ, მრავალი უკრაინელი მიიჩნევს, რომ ამ პოზიციის გამო მოსკოვზე ორიენტირებული ეკლესი მოღალატეა და ამიტომ ტოვებს მას.

ამ სწრაფად განვითარებადი ტენდენციების შუქზე, კრემლის მხარდამჭერი არაერთი კომენტატორი (უფრო მოსკოვში, ვიდრე უკრაინაში) უკმაყოფილოა იმით, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უფრო მკვეთრად პრორუსული პოზიცია ვერ დაიკავა. თუმცა, სწორედ ამ ნეიტრალური პოზიციის შედეგად –  რომელსაც ნავთს ასხამს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისგან და მოსკოვის პატრიარქის კირილისგან წამოსული შოვინისტური რიტორიკა – მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესია სერიოზულ მარცხს განიცდის. ამასობაში, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის გამარჯვებები იმდენად შთამბეჭდავია, რომ კრემლის პროპაგანდისტები ფანტასტიკის სფეროს მიმართავენ, რომ მათ საპირისპირო ახსნა-განმარტება მოუძებნონ.

ამ ბრძოლის კვალზე გასვლა უფრო რთულია, ვიდრე მიმდინარე საომარ შეტაკებებზე დაკვირვება. საკმაოდ ხშირად დასავლელი დამკვირვებლები უბრალოდ აცხადებენ, რომ უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას მხოლოდ 7000 სამრევლო ჰყავს, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას – 12000 სამრევლო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვთან აფილირებულ ეკლესიას უკრაინაში დომინანტი პოზიცია უკავია. ამასთან, ეს ციფრები უკვე მოძველებულია (პირველი რიცხვი სწრაფად იზრდება, მეორე კი მნიშვნელოვნად მცირდება) და ამავე დროს ორი ასპექტით არასწორია. ერთის მხრივ, რუსულ სამრევლოებთან შედარებით უკრაინული სამრევლოების უმეტესობა გაცილებით დიდია, რაც ნიშნავს იმას, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უფრო მეტი მრევლი ჰყავს; მეორეს მხრივ, ზემოაღნიშნული რიცხვები ინდიკატორებს აღარ შეესაბამება, რადგან მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესია ჯიუტად უარს აცხადებს იმის აღიარებაზე, რომ მან იურისდიქციის გადაცემაზე ბევრი მოთხოვნა მიიღო („რადიო სვობოდა,“ 2021 წლის 24 აპრილი; Fondsk.ru, 2022 წლის 9, 10 მარტი).  

სიცხადე იმაში, თუ სად დგას ეს ეკლესია, შეიტანა „რეითინგ სოშიალ გრუპის“ მიერ 10 მარტს გამოქვეყნებულმა კვლევამ. კვლევით დადგინდა, რომ უკრაინელების 63% მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისგან სრული გამოყოფის მომხრეა, ამ პოზიციას მხოლოდ 10% ეწინააღმდეგება, გამოკითხულთა 18% ინდიფერენტულია, ხოლო 9% პასუხის გაცემისგან თავს იკავებს (Ratinggroup.ua, 10 მარტი). კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის, რომ ამ კვლევის შედეგების მიხედვით, მათგან, რომლებიც ამჟამად მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს წარმოადგენენ, ნახევარზე მეტი მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფის მომხრეა სწორედ იმ პოზიციის გამო, რაც ამ უკანასკნელს ომზე უკავია (Lb.ua, 2, 10 მარტი).

რატომ აქვს ამას მნიშვნელობა? იმიტომ, რომ აქედან ჩანს, რომ უკრაინელები სრულიად ეწინააღმდეგებიან მოსკოვის ომის ერთ-ერთ ძირითად (თუმცა არაოფიციალურად გამოხატულ) მიზანს: უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გაუქმებას. პუტინი უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებაზე უარის აცხადებს 2014 წლიდან, როცა ეს საკითხი წამოიჭრა (იხილეთ EDM, 2018 წლის 16 ოქტომბერი). და ამ ბოლო რამდენიმე კვირაში, კრემლის მხარდამჭერი კომენტატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პუტინმა უკრაინაში ჯარები იმიტომ გაგზავნა, რომ იქ მართლმადიდებელი ეკლესია არ გახლეჩილიყო და რომ უკრაინის ყველა ეპარქიაზე, სამრევლოსა და სხვა რელიგიურ საქმიანობაზე მოსკოვს სრული კონტროლი აღედგინა (Voron-news.ru, 2022 წლის 25 თებერვალი). მოსკოვის პატრიარქმა კირილმა ამ თემასთან დაკავშირებით ცეცხლს ნავთი დაასხა. მან არა მარტო ის თქვა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შესუსტება უკრაინელი ექსტრემისტების ბრალია, არამედ ისიც განაცხადა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი სარწმუნოების მქონე ერთი ხალხია. სწორედ ეს განცხადება იწვევს უკრაინელთა უმრავლესობის აღშფოთებას ახლა, როცა მათ რუსეთის სამხედრო აგრესიასთან უწევთ ბრძოლა (Expert.ru, 13 მარტი; „რია ნოვოსტი,“ „კომსომოლსკაია პრავდა,“ 10 მარტი; Prichod.ru, 14 მარტი).

პუტინი და მისი მომხრეები შეიძლება აცხადებდნენ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მაგრამ რელიგიურ სექტორში ეს ნამდვილად არ არის ასე. ახლა, თუ უკრაინელები ომს მოიგებენ, ნაკლებად სავარაუდოა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია გადარჩეს; ხოლო თუ ომში რუსები გაიმარჯვებენ,  ძალზე მცირეა იმის შანსი, რომ მოსკოვმა უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესია დამოუკიდებლობა შეუნარჩუნოს. ეს პერსპექტივა ამ ორ ერს შორის არსებულ ბზარს კიდევ უფრო აფართოებს. თუმცა, ამავე დროს ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მოსკოვი უკრაინის დაპყრობას მოახერხებს, მას საქმე ექნება მოსახლეობასთან, რომელიც არა მარტო მტრულად არის განწყობილი, არამედ ორგანიზებულიც არის, რელიგიური თვალსაზრისით მაინც, და შეუძლია წინააღმდეგობის გაგრძელება (Glavcom.ua, 11 მარტი).

ფართო პერსპექტივაში, მოსკოვი უფრო მეტს აგებს, ვიდრე უკრაინელი მორწმუნეების გულებსა და გონებას. პირველი, სხვა ქვეყნებში მოქმედი ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ სურთ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებიდან გამოსვლა და კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქის დაქვემდებარებაში გადასვლა – ამით შეიძლება დასუსტდეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც კრემლის მარჯვენა ხელი ამ უკანასკნელის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. მოსკოვის ეკლესია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს ეს დიდი არაფერია, მაგრამ აშკარაა, რომ ის შეშფოთებულია (Glavcom.ua, 14 მარტი).

მეორე, ომთან დაკავშირებით პატრიარქ კირილის პოზიციის გამო, მთელს მსოფლიოში რელიგიური ჯგუფები წყვეტენ მოსკოვის საპატრიარქოსთან ურთიერთობას. მათი აზრით, კირილი და მისი ხელქვეითები პუტინთან ერთად არიან დამნაშავე რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში და დანაშაულებში კაცობრიობის წინააღმდეგ („უკრაინსკაია პრავდა, 14 მარტი).

მესამე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კირილის პერსპექტივიდან, „მართლმადიდებელი სამყარო“ სულ უფრო მეტად ზურგს აქცევს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. უკრაინაში ეპარქიებისა და მრევლის დაკარგვის შემდეგ, მოსკოვის ეკლესია მისი დიდი მასშტაბის გამო აღარ არის ისეთი შიშისმომგვრელი, როგორც უწინ იყო. 2019 წელს უკრაინის ავტოკეფალიამდე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეკლესიათა დაახლოებით ნახევარი უკრაინაში იყო. გარდა ამისა, საკუთრივ კირილის იმპერიულმა დღის წესრიგმა – როგორც უკრაინაში, ასევე აფრიკაში – სადაც მან საეგზარქოსო საეკლესიო სამართლის დარღვევით შექმნა (იხილეთ EDM, 3 თებერვალი) – კიდევ უფრო გაზარდა წინააღმდეგობა მოსკოვის საპატრიარქოს მიმართ, რომელიც პრეტენზიას აცხადებს იმაზე, რომ გახდეს, როგორც ზოგიერთი ამბობს, „მართლმადიდებელი ვატიკანი. ბერძენმა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა წინადადებაც კი დააყენა იმაზე, რომ აფრიკაში მოსკოვის ქმედებებისთვის სასჯელის სახით ამ უკანასკნელისთვის ავტოკეფალია 5 წლის ვადით შეეჩერებინათ. ამ განცხადებამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან მკაცრი რეაქცია გამოიწვია, რომელიც მან შეიძლება მომავალში ინანოს (Risu.ua, 11 თებერვალი).

კერძოდ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა, რომ რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მიღების შემდეგ ამ სტატუსის შეჩერება ან გაუქმება შეუძლებელია. თუმცა, მოსკოვს ადრე სწორედ ეს აქვს გაკეთებული, ანაც ორჯერ: საქართველოში 1811 წელს და პოლონეთში 1924 წელს, და აშკარაა, რომ იმავეს გაკეთებას ახლა უკრაინაშიც აპირებს (Mospat.ru, 15 მარტი; Risu.ru, 21 თებერვალი). მთლიანობაში, ამით უკრაინაში მიმდინარე საეკლესიო ომში რისკები იზრდება. თუ მოსკოვი უკრაინაში მართლმადიდებელ მრევლზე კონტროლისთვის ბრძოლას წააგებს, სავარაუდოდ ის კიდევ უფრო მეტს წააგებს მიუხედავად იმისა, სურთ თუ არა მსოფლიო საპატრიარქოს ან სხვა მართლმადიდებელ საპატრიარქოებს მოსკოვისთვის ავტოკეფალიის შეჩერება.  

 

პოლ გობლი

15.02.22.

https://jamestown.org/program/moscow-losing-church-war-in-ukraine-and-more-broadly/

Leave a Reply