• December 25, 2024

მცდარმა დაშვებებმა, საშინელმა მატერიალურ-ტექნიკურმა მხარდაჭერა და უკრაინელთა მხრიდან სასტიკმა წინააღმდეგობა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის უკრაინული ავანტიურა ფერფლად აქცია – ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან სულ სამი კვირა გავიდა და მთელი დედამიწის ზურგზე სოციალური მედია სავსეა აფეთქებული რუსული ტანკების, ტალახში ჩაფლული  კოლონების და იმ ახალწვეული ჯარისკაცების ამსახველი კადრებით, რომლებიც სახლში ოჯახის წევრებს ურეკავენ და რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ომში მიდიოდნენ. როგორც იტყობინებიან, მეზობელ ბელარუსში მორგები გვამებით არის გადატენილი. და ფრონტის ხაზებზე, გამოუცდელი ნაწილები, რომლებსაც ბრძოლა უწევთ მოსალოდნელზე უფრო მედგარ უკრაინულ ჯარებთან, რომლებიც დამპყრობლების შესაჩერებლად ხიდებს აფეთქებენ და მათ მარაგებს თავს ესხმიან, იმაზე დარდობენ, კიდევ რამდენ ხანს გაძლებენ.    

„დავიღალე ყველას გადახვევით და მათი კიდურების დატვირთვით,“ უკრაინის ქ. მარიუპოლის მისადგომებთან მყოფმა ერთმა რუსმა ჯარისკაცმა განაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გადაჭერილ მესიჯში. „ამდენი კიდური ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს. ხელი აღარ აქვს, ფეხი აღარ აქვს, თავი აღარ აქვს.“

მოვლენების ასეთ განვითარებას არც აშშ და ევროპელი პოლიტიკოსები ელოდნენ და არც განსაკუთრებით კრემლი. აშშ-ს და დასავლეთის თავდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმედოვნებდა, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევს ხანმოკლე კამპანიის ფარგლებში აიღებდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სულ რამდენიმე დღეში დაამხობდა. ახლა, როცა მისი ძალები გაჭირვებით ცდილობენ კიევი ალყაში მოაქციონ და საბაზისო მარაგების სერიოზულ პრობლემებს განიცდიან, ომის შედეგი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.  

„არაფერი არ მოხდა ისე, როგორც რუსეთი გეგმავდა,“ განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების საკითხებში კვლევითი ცენტრის CNA-ის ექსპერტმა მაიკლ კოფმანმა. „გეგმა იყო გამაოგნებელი და ისეთ დაშვებებზე აგებული, რომლებსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. შედეგები ახლა გაურკვეველია.“

გარდა იმისა, რომ პუტინი ომი ოპერაციული თვალსაზრისით ფიასკოა, ის სტრატეგიული თვალსაზრისითაც კატასტროფაა, რამაც რუსეთის პრეზიდენტის ყველაზე მძაფრი შიშები უკვე რეალობაც აქცია. ამ სტრატეგიულმა შეცდომამ ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ უფრო მეტი კონტინგენტისა და შეიარაღების განლაგებისკენ უბიძგა და ფინეთის მსგავსად მანამდე ნეიტრალური ქვეყნები  ნატოში გაწევრიანებაზე აალაპარაკა. გერმანიამ დაძლია ის ალერგია, რაც მას აქამდე თავდაცვის დაფინანსებაზე ჰქონდა, და რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება გადააფიქრებინა. დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიარაღება გაუგზავნეს, ხოლო ვროკავშირში გაწევრიანებასთან უკრაინა არასოდეს ყოფილა ისე ახლოს, როგორც ახლაა. ამასობაში რუსეთის ეკონომიკა უპრეცედენტო სანქციების შედეგად სულს ღაფავს და ქვეყანას მასიურად ტოვებენ უმსხვილესი დასავლური კორპორაციები.  

როგორც ჩანს, დაპყრობის შესახებ პუტინის გადაწყვეტილება და ის, თუ რა სახის ომი უნდა ეწარმოებინა მას, არასათანადო ინფორმირების შედეგია. რუსეთმა მცდარი ვარაუდები გააკეთა როგორც საკუთარი, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების შესახებ. რუსეთს ეგონა, რომ უკრაინის დიდი ნაწილი რუსეთის ჯარებს განმათავისუფლებლებად მიიღებდნენ ისევე, როგორც ეს უკრაინის ზოგიერთ ნაწილში მოხდა 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის მოულოდნელი ანექსიის შემდეგ. კოვიდ-19 პანდემიის პერიოდში პუტინი საკმაოდ იზოლირებული იყო და მისი მმართველობა სულ უფრო ავტორიტარული ხდებოდა, რის გამოც რუს მაღალჩინოსანთა მიერ ქვეყნის ლიდერისთვის მიწოდებული ინფორმაციის ხარისხთან და სიზუსტესთან დაკავშირებით ბევრ დიდი ხნის დამკვირვებელს საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდა.

„თუ ისტორიის ქრონიკებში ამ ომს სახელი დაერქმევა, ეს სახელი იქნება არასათანადოდ  შეფასების ომი,“ განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მანტას ადომენასმა.

სამხედრო შეცდომები ყველაზე აშკარაა. ომის პირველ კვირებში მოსკოვის სტრატეგია სამ გამოკვეთილ ფაზად იყოფოდა, განაცხადა ბრიტანული კვლევითი ცენტრის „გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის“ მეცნიერ-თანამშრომელმა.

„პოლიტიკური ცენტრების სწრაფად აღებისა და ქვეყანაზე კონტროლის უმოკლეს ხანში დამყარების მიზნით“ 24 თებერვალს გამთენიისას დაწყებული შეტევა რამდენიმე საათის განმავლობაში მოულოდნელი თავდასხმის ყველა ნიშან-თვისებას ატარებდა, აღნიშნა მან. თავდაპირველი შეტევა ჩაიშალა უკრაინის მედგარი წინააღმდეგობის, აგრეთვე საზღვრის გადალახვის შემდეგ რუს ჯარისკაცებში გაჩენილი დაბნეულობის შედეგად. ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების ინფორმაციიდან ცხადი ხდება, რომ მათთვის წინასწარ თითქმის არც კი უთქვამთ, რომ ომში მიდიოდნენ, რის გამოც ისინი ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი აღმოჩნდნენ და მალევე გამოელიათ ისეთი საბაზისო მარაგებიც კი, როგორიცაა საკვები და საწვავი.    

ამის შემდეგ დამპყრობი რუსული სამხედრო შენაერთები უფრო ტრადიციულ ომის ეტაპზე გადავიდნენ, რა დროსაც არტილერიით ბომბავდნენ უკრაინის უმსხვილეს ქალაქებს, მაგალითად, მარიუპოლსა და ხარკოვს. ამ შემთხვევაშიც რუსეთის სამხედრო შენაერთებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა სხვადასხვა სახის იარაღის – საჰაერო, სახმელეთო და არტილერიის – კოორდინირებულად გამოყენებლობა, რის გამოც არაერთი რუსული შენაერთი უკრაინის ძალების კონტრშეტევებს ემსხვერპლა. დასავლელი ექსპერტების გაანგარიშებით, რუსეთის ცოცხალი ძალის დანაკარგი ამ დროისთვის დაახლოებით 7000 ჯარისკაცს ითვლის; რუსეთის დანაკარგების შესახებ უკრაინული ციფრები კიდევ უფრო მაღალია, თუმცა ცოცხალი ძალის დანაკარგის გაანგარიშება ადვილი საქმე არ არის.

ბოლო კვირებში რუსეთის შეიარაღებული ძალები საკვანძო ქალაქების ალყაში მოქცევის ტაქტიკაზე გადავიდნენ, რომ ქალაქის დამცველები შიმშილით დახოცონ, ხოლო თავიანთ რიგებში ნაკლები მსხვერპლი ჰქონდეთ. უკრაინის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქ. მარიუპოლში, რომელც ამ ტაქტიკის შედეგად ყველაზე სერიოზულად დაზარალდა, ასი ათასობით ადამიანი საკუთარ ქალაქში ტყვედ ჩავარდა. რუსულმა ძალებმა ქალაქი გარე სამყაროს მოწყვიტეს, რის შედეგადაც ქალაქის მაცხოვრებლები საკვების, წყლისა და სამედიცინო დახმარების ნაკლებობას განიცდიან, ხოლო რუსული დაბომბვის შედეგად დაღუპულთა გვამებ მასობრივ სასაფლაოში ერთმანეთზე აწყვია ან უბრალოდ ქუჩებშია მიმოფანტული.

პუტინის ომი უკვე სამ კვირას ითვლის, მაგრამ რუსეთის თითქმის 200 000-იანმა ჯარმა, რომლის შემადგენლობაში მრავალი ახალწვეულია, უკრაინის ერთი მსხვილი ქალაქიც კი ვერ აიღო, თუმცა ომისგან გაჩანაგებული ქვეყნის აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილები იმ წითელი ლაქებით დაფარა, რომლებიც დაპყრობილ, თუმცა ჯერ კიდევ დაუმორჩილებელ, მიწებს აღნიშნავს. უკრაინელთა მოსალოდნელზე უფრო მედგარმა წინააღმდეგობამ „მნიშვნელოვნად შეაჩერა“ პუტინის შეტევა, გასული კვირის ხუთშაბათს განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სააგენტომ. „რუსული ძალების პროგრესი ხმელეთზე, ზღვაზე ან საჰაერო სივრცეში ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მინიმალურია და ისინი კვლავ მძიმე დანაკარგებს განიცდიან,“ აღნიშნა სააგენტომ თავის განცხადებაში.  

რუსული სამხედრო შენაერთები გაცილებით ნელა მიიწევენ წინ, ვიდრე ეს ომის დასაწყისში დასავლელ დამკვირვებლებს ეგონათ. უმრავლეს შემთხვევაში რუსული შენაერთები გზებს არ სცილდებიან, უკრაინელი ძალები კი მათ უსაფრდებიან. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შიდა დაზვერვის სააგენტომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის ძალები „მარჯვედ იყენებენ იმას, რომ რუსეთს მანევრირება არ შეუძლია, აფერხებენ რუსების წინსვლა და დამპყრობლებს დიდ ზიანს აყენებენ.“ ბრიტანული დაზვერვის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი იძულებულია ჯარების ნაწილი სხვა მიმართულებით გადაიყვანოს, რომ მომარაგების ხაზები უკრაინელთა თავდასხმებისგან დაიცვას.

რუს დამპყრობ ძალებთან ფართომასშტაბიან, ღია ბრძოლებში ჩაბმის ნაცვლად, უკრაინის სამხედრო შენაერთები ძირითადად ურბანულ ტერიტორიებზე არიან განლაგებული, სადაც ისინი ადგილებს და რელიეფს კარგად იცნობენ. „ყველა შეტაკება მცირემასშტაბიანია, მაგრამ ამ შეტაკებების შედეგად რუსული ძალები სტაბილურად სუსტდება,“ აღნიშნა კოფმანმა.    

თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე თავდაპირველად შეყვანილი ძალები რუსეთის საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი შენაერთების სავარაუდოდ ნახევარზე მეტისგან შედგებოდა, მოსკოვმა უკვე დაიწყო დამხმარე ძალების შეკრებაზე ფიქრი, მათ შორის ქვეყნის შორეული აღმოსავლეთიდან (აგრეთვე სირიელი დაქირავებული ჯარისკაცების ჩამოყვანაზე). ხუთშაბათს აშშ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ უკრაინაში უკვე შეყვანილი 100-ზე მეტი ბატალიონისგან შემდგარი ტაქტიკური ჯგუფების გასაძლიერებლად ახალი ჯარებისა და მარაგების შეგზავნის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილება მიანიშნებდა იმაზე, რომ კრემლს უკრაინაში მისი ძალების ყოფნის ხანგრძლივი პერსპექტივით „შეშფოთებ ეწყებოდა.“ ერთმა ევროპელმა დიპლომატმა, რომელიც „Foreign Policy“-ს ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, განაცხადა, რომ რუსეთმა ბროლაში იმდენი ჯარისკაცის დაკარგვა დაიწყო, რომ მას რეალური გავლენა აქვს რუსეთის უნარზე განახორციელოს შეტევითი ოპერაციები, ფრონტის ხაზებზე მყოფი რუსეთის ჯარები კი იმაზე დარდობენ, თუ კიდევ რამდენ ხანს გაძლებენ.

„რუსეთის სახმელეთო ძალები ზუსტად ასე ფიქრობენ. ალბათ რუსი გენერლებიც ასე ფიქრობენ,“ განაცხადა ევროპელმა დიპლომატმა. „მაგრამ სხვა საკითხია, ეს პუტინის ყურამდე მიდის თუ არა და, თუ მიდის, შეისმენს ის ამას თუ არა.“

რუსეთს საქმე უკეთ არც საჰაერო სივრცეში აქვს. თავდაპირველად იყო მოლოდინი, რომ რუსეთი უკრაინის მცირერიცხოვან საჰაერო ძალებს რამდენიმე დღეში გაანადგურებდა და საჰაერო სივრცეში გაბატონდებოდა, მაგრამ ცა სამი კვირის შემდეგაც სადაოა. რუსეთის საჰაერო ძალებმა სირიაში მნიშვნელოვანი როლი კი შეასრულეს, მაგრამ მათ იქ წინააღმდეგობას თითქმის არავინ უწევდა და ამიტომ დღის საათებში მარტივი ფორმაციებით დაფრინავდნენ. „ჩემი აზრით, ეს საჰაერო ძალების ტრეინინგსა და ხელმძღვანელობაში მნიშვნელოვან ნაკლოვანებებს ადასტურებს,“ აღნიშნა უოტლინგმა.  

მიუხედავად აშშ თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებისა დაებლოკა პოლონეთის გეგმა, რომელიც უკრაინელი პილოტებისთვის გადაცემის მიზნით საბჭოთა დროინდელი მიგ-29 გამანადგურებლების გერმანიაში განლაგებული აშშ სამხედრო ბაზაზე გადაყვანას ითვალისწინებდა, მალე უკრაინამ შეიძლება უფრო მეტი დახმარება მიიღოს. აშშ თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის გვერდით მჯდარმა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა ჯაროსლავ ნაჯმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ამერიკელ და უკრაინელ მაღალჩინოსნებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსული წარმოების S-300 საზენიტო დანადგარების უკრაინისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით იმ პირობით, თუ ნატოს წევრი-ქვეყნები აღნიშნულ დანადგარებს საკუთარი საზენიტო სისტემით ჩაანაცვლებდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ კრემლი არ ელოდა უკრაინისგან იმ წინააღმდეგობას, რასთანაც მას უწევს შეჯახება. ამ კვირას რეპორტიორებთან საუბრის დროს ისრაელის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ პუტინს ეგონა, რუსულ სამხედრო ძალებს უკრაინელებთან მე-20 საუკუნისეული ფართომასშტაბიანი ბრძოლა მოუწევდათ, მაგრამ ამის ნაცვლად რუსული შენაერთები ჩასაფრებული უკრაინული მცირერიცხოვანი დანაყოფების მსხვერპლი ხდებიან, რაც მათ წინსვლას სერიოზულად აფერხებს. ისრაელის მაღალჩინოსნის განცხადებით, ასეთი ჩასაფრების დროს უკრაინული შენაერთები იყენებენ დასავლეთისგან მიწოდებულ ტანკსაწინააღმდეგო იარაღებს, მათ შორის, ამერიკულ ჯაველინებს და უახლეს ბრიტანულ მსუბუქ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს.    

„ლოჯისტიკის საკითხში რაღაც არ მუშაობს,“ განმარტა ისრაელის მაღალჩინოსანმა და მაგალითად მოიყვანა სამხედრო ავტომანქანებისა და მარაგების 60 კილომეტრიან კოლონა, რომელიც კიევის ჩრდილოეთით იყ გაჩერებული, სანამ აშშ თავდაცვის პერსონალმა თანამგზავრული გამოსახულებებით არ გაშიფრა, ავტომანქანების ჯგუფები როგორ ეფარებოდნენ ხის მწკრივებს და სამრეწველო ზონებს, რომ უკრაინის სამხედრო შენაერთები მათ თავს არ დასხმოდნენ.    

თუმცა სამხედრო ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ უკრაინის შედარებით ბრტყელი რელიეფი რუსი დამპყრობლებისთვის ხელსაყრელი გარემო იქნებოდა, დაზვერვის ანალიტიკოსთა აზრით უკრაინის გაცილებით მცირერიცხოვანმა სამხედრო შენაერთებმა გამონახეს ამ ფაქტორის თავიანთ სასარგებლოდ გამოყენების გზები. 60 კილომეტრიაი რუსული კოლონის შესაფერხებლად დამცველებმა კიევის შემოგარენში, კერძოდ ირპინში ხიდი გაანადგურეს,ასევე წყალსაცავები გახსნეს და ეს ტანკგამავალი ქვეყანა ჭაობად აქციეს.

და მაინც, აღმოსავლეთში სერიოზული საფრთხეა – აშშ სამხედრო ექსპერტები დაჟინებით აცხადებენ, რომ რუსეთი ცდილობს დონბასში ფრონტის ხაზზე განლაგებული უკრაინული ძალები ალყაში მოაქციოს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან და მათ გზა მოუჭრას, სანამ ისინი კიევის დაცვას შეძლებენ. რუსეთმა ხარკოვის სამხრეთაღმოსავლეთით მდებარე ქ. იზიუმი აიღო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამხედროები შეიძლება სამხრეთის მიმართულებით გადაადგილდნენ. რუსული ძალები სამხრეთაღმოსავლეთსაც ბომბავენ.    

იმ დროს, როცა უკრაინელი სამხედროები დროს იგებენ და რუსეთის შეტევას აკავებენ, ზელენსკი მოხერხებულად ლობირებს დასავლეთის ქვეყნებთან, რომ მათგან სამხედრო დახმარება მიიღოს. აშშ კონკგრესისთვის და ბრიტანეთისა და გერმანიის პარლამენტებისთის მიმართვებში ზელენსკიმ გაიხსენა მეორე მსოფლიო ომში სამივე ქვეყნის გამოცდილება, რომ ისინი უფრო აქტიური ქმედებისკენ აღეძრა. „მე მოგმართავთ თქვენ ყველას, ვისაც გსმენიათ, რომ ყოველ წელს პოლიტიკოსები ამბობენ „არასოდეს განმეორდება,“ მაგრამ ვხედავ, რომ ამ სიტყვებს ჩალის ფასი აქვს. ახლა, ევროპაში მთელი ჩვენი ერი ნადგურდება. რატომ?“ ჰკითხა ზელენსკიმ გერმანიის ბუნდესტაგს ხუთშაბათს.    

ახლა, როცა თავდაპირველი თავდასხმა წახდენილია, ომის შემდეგი ეტაპი დამოკიდებულია იმაზე, დაძლევს თუ არა მოსკოვი ლოგისტიკურ სირთულეებს და შეავსებს თუ არა დანაკარგებს იმ დროს, როცა უკრაინა დასავლეთის მიერ უფრო მეტი და უკეთესი იარაღით მარაგდება.    

„დაინახავთ, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში სისხლისგან დაიცლებიან,“ განაცხადა უოტლინგმა. „მეორე ვარიანტია ის, რომ რუსეთი რამდენიმე კვირაში აგვარებს ლოგისტიკურ პრობლემებს, განსაზღვრავს შეტევის ღერძის პრიორიტეტებს, საკვანძო ქალაქებს ალყაში მოაქცევს და გააგრძელებს მა დასჯას, სანამ ისინი შიმშილით არ დაიხოცებიან. რა შემთხვევაშიც შეიძლება ნახოთ სცენარი, რომელშიც ექვს თვეში მათ მიერ აღმოსავლეთ უკრაინა ფუნქციონალურად აღებული იქნება.“  

ჯეკ დეჩი, ეიმი მაკინონი

18.03.22.

 

https://foreignpolicy.com/2022/03/18/russia-putin-ukraine-war-three-weeks/

Leave a Reply