ევროპაში, სადაც განახლებული ინტერესები ნორმებზე და ღირებულებებზე მაღლა დგას, გაერთიანებათა სამი სხვადასხვა ქვეჯგუფი ყალიბდება.
„მინდა აქ გავჩერდე და გულწრფელი ვიყო. ერთხელ და სამუდამოდ, თავად უნდა გადაწყვიტო, ვისთან ყოფნა გინდა,“ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირისადმი თავის მიმართვაში, სადაც მან გამოარჩია გერმანია იმის გამო, რომ მან ვერ გაიგო, რა ხდება უკრაინაში, და ნეიტრალიტეტის გამო უნგრეთიც მკაცრად გააკრიტიკა. მდინარე დუნაის სანაპიროზე ჰოლოკოსტის მემორიალის ფეხსაცმლებზე მითითებით ზელენსკიმ, აშკარად გაბრაზებულმა უნგრეთის თავდაჭერილობისა და ნეიტრალიტეტის გამო, ვიქტორ ორბანის მისამართით განაცხადა: „შეხედეთ ამ ფეხსაცმელებს და დაინახავთ, მასობრივი ხოცვა-ჟლეტა როგორ შეიძლება მოხდეს დღევანდელ მსოფლიოში. და ეს სწორედ ის არის, რასაც რუსეთი დღეს აკეთებს.“
ევროატლანტიკურ სივრცეში ერთიანობის ზედაპირული ჩვენების მიღმა მკვეთრად განსხვავებული პოზიციები იმალება. ომისდროინდელი ვარაუდი ყოველთვის მყიფეა, მაგრამ ჯერჯერობით, განზოგადების რისკით, ნატოს და ევროკავშირის ქვეყნებში სამი გამოკვეთილი ქვეჯგუფი შეინიშნება. ნაცვლად იმის მარტივად თქმისა, რომ დასავლეთში ფართო ერთიანობა არსებობს, საკითხის ანალიზისთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეჯგუფების მოტივების გაგება. მათ შესაბამისად შეიძლება ეწოდოს სტატუს-კვო ქვეყნები, დამბალანსებლები და და ევანგელისტები. ამ კონტექსტში საფრანგეთი, გერმანია და უნგრეთი სტატუს-კვო ქვეყნების ტიპურ მაგალითებს წარმოადგენენ. „სტატუს-კვო ქვეყნების ძირითადი მოტივია ომის გავრცელების პრევენცია, აგრეთვე მორიგება და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა; ევანგელისტთა ძირითადი მოტივია ის, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს, ხოლო დამბალანსებლების ძირითადი მოტივია იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ომი ადგილზე დარჩეს და უფრო ფართო კონფლიქტში არ გადაიზარდოს.“
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთზე ევროკავშირის მომავალ მიმართულებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებში უნგრეთი, საფრანგეთი და გერმანია ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებიან, მათ შორის არსებული ერთიანობა აშკარაა. უნგრეთის მთავრობამ მტკიცედ დაუჭირა მხარი ნატოს გადაწყვეტილებას უკრაინის ცის დაკეტვაზე უარის თქმის შესახებ. უნგრეთმა ისიც აღნიშნა, რომ ის ვეტოს დაადებდა უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის ან უნგრეთის ტერიტორიის გავლით იარაღის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებებს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სზიჟარტომ პირდაპირ განაცხადა, რომ ცის დაკეტვა ომს ნიშნავდა და მშვიდობის დამცველთა უკრაინაში გაგზავნასაც შეიძლება ომი გამოეწვია. „უნგრეთის ინტერესი აშკარაა: უნგრეთს არ სურს ამ ომში ჩართვა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ნატოს საერთო პოზიციას და არ მივემხრობით იმ წინადადებებს, რომლებმაც შეიძლება ჰაერში თუ ხმელეთზე ომი გამოიწვიოს,“ სზიჟარტომ ინტერვიუში აღნიშნა და გაახმოვანა ორბანის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ომი ლოკალიზებული უნდა დარჩეს და უკრაინის საზღვრებს არ უნდა გასცდეს. „უნგრეთის მთავრობას თავისი წვლილი შეაქვს „მშვიდობის დაფინანსების ევროპული მექანიზმის“ ბიუჯეტის გაორმაგებაში, და ევროკავშირის წევრი-ქვეყნებიდან იარაღის მიწოდება არ იბლოკება, მაგრამ უნგრეთი უკრაინას იარაღს არ აწვდის და გამანადგურებელმა იარაღმა [ჩვენს] ქვეყანაზე არ უნდა გაიაროს.“
ამჯერად, უნგრეთის პოზიცია გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციებს დაემთხვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კატეგორიულად გამორიცხა ნატოს ნებისმიერი ინტერვენცია ან ცის დაკეტვა და „ტვირტერით“ განაცხადა, რომ მართალია, საფრანგეთი მოზომილად მხარს უჭერს თავდაცვითი და გამანადგურებელი იარაღის გაგზავნას, მას არ სურს, რომ ნატო ამ ომში მონაწილე მხარე იყოს. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ამას წინათ უარი განაცხადა რუსეთის ენერგოსექტორისთვის (რომელსაც უკრაინელები სისხლის ფულს უწოდებენ) სანქციის დაწესებაზე და აღნიშნა, რომ ეს ევროპის რეცესიას გამოიწვევდა. გარდა ამისა, ეს მიუთითებს იმ მზარდ დაპირისპირებაზე, რომელიც იკვეთება უნგრეთსა და პოლონეთს შორის, ანუ იმ ქვეყნებს შორის, სადაც დასავლელი ლიბერალებისგან მოძულებული ხელისუფლებაში მემარჯვენე კონსერვატორები არიან. ამ ორ ქვეყანას რუსეთთან მიმართებით საპირისპირო პოზიცია აქვთ. პოლონეთი და უნგრეთი ევროსაბჭოში დაყოფას იწვევენ – პოლონეთი რუსეთის გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტზე სანქციის დაწესებას და უკრაინაში ნატოს ჰუმანიტარული მისიის გაგზავნას მოითხოვს, უნგრეთი კი (გერმანიის მსგავსად) ენერგოიმპორტზე სანქციის დაწესებას და კონფლიქტში ნატოს ნებისმიერი ფორმით ჩართვას ეწინააღმდეგება.
პოლონეთის, ბალტიისპირა ქვეყნებისა და ფინეთისგან შემდგარ ამ დაჯგუფებას შეიძლება ევანგელისტები ვუწოდოთ. ისინი რუსეთის დაბალანსების საკითხში მაქსიმალისტები არიან – ისინი, ასე ვთქვათ, ფრონტის წინა ხაზზე დგანან და აცხადებენ, რომ ნატოს საზღვრები არ სჭირდება და რომ ნატო უნდა ჩაერთოს იმ ოპერაციებში, რომლებიც მის საზღვრებს მიღმა ხდება. სულ ცოტა ხნის წინ პოლონეთმა სცადა ამერიკის შეერთებულ შტატები ისეთ პოზიციაში ჩაეყენებინა, რომ ამ უკანასკნელს უკრაინისთვის მიგ-29 გამანადგურებელი თვითმფრინავები მიეწოდებინა. პოლონეთის ეს წინადადება ამერიკისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც გაოცება ვერ დაფარა იმის გამო, რომ პოლონეთი პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარებას ცდილობდა, ეს წინადადება დაბლოკა. ლიეტუვამ და ესტონეთმა უკრაინის ცის დაკეტვა მოითხოვეს მაშინაც კი, როცა ცის დაკეტვა ომს გამოიწვევს და როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში მრავალმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ქვეყნება არ უნდა გახდეს დიდ სახელმწიფოთა ომში ჩათრეული. იმ დროს, როცა ბელგია, გერმანია, ავსტრია, უნგრეთი და ნიდერლანდები ჯერჯერობით უარს აცხადებენ რუსულ ენერგორესურსებზე სანქციის დაწესებაზე, ფინეთი და ბალტიისპირა ქვეყნები კვლავ იმეორებენ თავიანთ პოზიციას იმის შესახებ, რომ რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა სხვა არაფერია, თუ არა ომების დაფინანსება. რუსეთის დაბალანსების საკითხზე ყველაზე ხმამაღალი განცხადებები ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ისე, რომ საქმე ლამის რეალურ კონფლიქტამდეც კი მივიდა.
და ბოლოს, არიან მოხეტიალე დამბალანსებლები, რომლებიც კლასიკური დამბალანსებლების მსგავსად ორივე მხარის თამაშს თამაშობენ. ერთის მხრივ, ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ცალსახად ემხრობიან იმას, რომ რუსეთს რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს უკრაინაზე თავდასხმა. ბრიტანეთი იარაღის მიწოდებაში ყველაზე აქტიურია, მაგრამ ცის დაკეტვას და კონფლიქტში ნატოს ჩარევას ეწინააღმდეგება. მსგავსი პოზიცია აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, რომელიც თავის მხრივ რუსეთს ყველაზე სასტიკ სანქციებს უწესებს.
გასათვალისწინებელია რამდენიმე საკითხი. ცივი ომის დასრულებამდე რიტორიკული ნეიტრალიტეტი სუვერენის პრეროგატივა იყო. სახელმწიფოებმა კონფლიქტებთან დაკავშირებით ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩენა ამჯობინეს, ხოლო გლობალური ომები იმპერიული სახელმწიფოს მიერ ნეიტრალურ მეზობელზე აგრესიის გამო დაიწყო. თვით ცივი ომის პერიოდშიც კი, ის სახელმწიფოები, რომლებიც არცერთ სამხედრო ალიანსს არ მიეკუთვნებოდნენ, თუმცა საბჭოთა საქმეს უთანაგრძნობდნენ, ხშირად რიტორიკულ ნეიტრალიტეტსა და ორივე-მხარეს ესწრაფოდნენ, რაც ზოგჯერ კომიკური შედეგებით მთავრდებოდა. ეს მიდგომა შეიცვალა ცივი ომის შემდგომ ეპოქაში, რომელიც ერთპოლუსიანობით და ისტორიის ლიბერალური თაღის მიმართ რწმენით გამოირჩევა. ერთპოლუსიანობა ახლა უკვე აღარ არსებობს და, ბუნებრივია, თითქმის გვერდით მოვლენასავით, საგარეო პოლიტიკაში დაბრუნდა რისკებისგან თავის დაზღვევა და რეალიზმი ძველი სკოლის რიტორიკულ ნეიტრალიტეტთან ერთად. ამ კონტექსტში უკრაინის ომი იმ განახლებული მრავალპოლუსიანი მსოფლიოს პირველი ომია, სადაც დიდი სახელმწიფო მის შედარებით სუსტ მეზობელს თავს დაესხა – არა ღირებულებების დასაცავად, არამედ გავლენის სფეროებზე დაფუძნებული სადამსჯელო კამპანიის ფარგლებში. ამ განსხვავებულ გათვლებს განსხვავებული რეაქციები მოჰყვება და ევროპაც ნელ-ნელა უბრუნდება ნორმას, სადაც გეოგრაფია და ინტერესები იდეოლოგიასა და ღირებულებებზე იმარჯვებს.
შეიძლება კაცი შინაგანად სკეპტიკურად იყოს განწყობილი ღია წყაროებიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის მიმართ, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ომი ჯერჯერობით რუსეთისთვის ტაქტიკური კატასტროფაა. თუმცა კითხვა იმაზე, ეს რუსეთის სტრატეგიული მარცხია თუ არა, ჯერ კიდევ ღიად რჩება. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იუტლანდიის ბრძოლა ბრიტანეთის ტაქტიკური მარცხი იყო, რადგან ამ ბრძოლაში ზარმაცმა, არხეინა და გაუბედავმა ბრიტანეთის ფლოტმა უფრო მეტი გემები დაკარგა, ვიდრე იმპერიულმა გერმანიამ. მაგრამ ეს ბრძოლა მაინც სტრატეგიული გამარჯვება იყო, რადგან გერმანიამ ომის პერიოდში ზღვაზე გასვლა ვეღარ მოახერხა. ყველაფერი ომის მიზნებზეა დამოკიდებული. ახლა, როცა არა მარტო საკუთარი ახირების გამო, არამედ ევროპის აღმოსავლეთ პერიფერიაში ხანგრძლივი მტრული დამოკიდებულებით დაჭრილი და დაუძლურებული რუსეთი წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდება, საინტერესო იქნება უახლეს საგარეო პოლიტიკაში რა გადანაწილებები მოხდება ყოფილ იდეოლოგიურ ალიანსებს შორის.
სუმანტრა მაიტრა
28.03.22.
https://nationalinterest.org/feature/ukraine-crisis-spurs-new-alignments-europe-201497