• December 22, 2024

რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, უკრაინაში მიმდინარე საზარელმა მოვლენებმა შეიძლება საქართველოს მსგავს რუსეთის მოსაზღვრე პატარა სახელმწიფოებს უსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობა მისცეს.

უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ომი გვიჩვენებს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკა კვლავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკრაინა რეგიონში რუსეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირების მხოლოდ უახლესი (და ყველაზე ტრაგიკული) მაგალითია, რომელიც მეოცე საუკუნის ევროპის ყველაზე ბნელ დღეებს გვახსენებს. ეს ომი არა მხოლოდ პუტინის მხეცური და პარანოიით შეპყრობილი აზროვნების მაჩვენებელია, არამედ იმ ასიმეტრიული რეალიებისაც, რომელთა წინაშეც რუსეთის მოსაზღვრე პატარა (არა მაინცდამაინც ფიზიკური ზომით პატარა) სახელმწიფოები დგანან.

სხვა იმპერიების მსგავსად, რეგიონში ანექსიის განსახორციელებლად, გავლენის დასამყარებლად და ძალაუფლების დასაკანონებლად რუსეთმაც დაყოლიების, მანიპულაციის, დასაჩუქრებისა და დასჯის ტაქტიკა გამოიყენა. 2014 წელს საერთაშორისო სცენაზე რუსეთ-უკრაინის კრიზისის გაჩაღებამდე, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმაც საკუთარ ტყავზე იწვნიეს რუსეთის მოძალადე ხელი ეკონომიკაშიც (საქართველოსთან ვაჭრობაზე ემბარგოს დაწესება და სომხეთის მრეწველობის ძირითადი დარგების ხელში ჩაგდება), სამხედრო სფეროშიც (რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი, აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის იარაღის მიწოდება) და პოლიტიკაშიც (დეზინფორმაცია, პრო-რუსული პარტიების დაფინანსება). ეს პროცესები პუტინით არ დაწყებულა. სამხრეთ კავკასიის ნედლეულის (სპილენძი, ქვანახშირი და მანგანუმი, აგრეთვე ნავთობ-გაზი) და სტრატეგიული ადგილმდებარეობის (საზღვარი არა მხოლოდ ირანთან და თურქეთთან, არამედ შავ და კასპიის ზღვებთანაც) გამო, რითაც სამხრეთ კავკასია ტრანზიტის, ვაჭრობისა და ჯარების გატარებისთვის მნიშვნელოვანი ხიდის როლს ასრულებს, რეგიონი ყოველთვის მაგნიტივით იზიდავდა რუსეთს და მის კონკურენტ ირანის, ოტომანთა თურქეთის, ბრიტანეთის, გერმანიის და ამერიკის იმპერიებს.    

მიუხედავად ამისა, საქართველოს მსგავსი პატარა სახელმწიფოებისთვის ვითარება არც ისე უიმედოა, როგორც ეს მეოცე საუკუნის დასაწყისში იყო, როცა დამოუკიდებელი კავკასიური სახელმწიფოების შექმნის პირველივე მცდელობა წითელმა არმიამ სისხლში ჩაახშო. რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას უკრაინის ნაწილებად დაყოფა სურს, მაგრამ მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში მასობრივი დემონსტრაციები (უკრაინის მედგარ წინააღმდეგობასთან და დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდებასთან ერთად) აჩვენებს, პატარა სახელმწიფოებისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნორმები, საზღვარგარეთ საზოგადოებრივი სოლიდარობა და მსოფლიო მედია.    

ერთი საუკუნის წინ, როცა იმპერიათა შორის ომი იყო გაჩაღებული და გერმანია, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი ფარული შეთანხმებებით ან ფორს-მაჟორით ცდილობდნენ სამხრეთ კავკასიის სათავისოდ განაწილებას, საქართველოს, რომელმაც დამოუკიდებლობა 1918 წელს გამოაცხადა, არც მფარველები ჰყავდა, არც მოკავშირეები, არც დიპლომატიური მხარდაჭერა ჰქონდა და არც საერთაშორისო სამართლით გარანტირებული დაცვა. დიდმა სახელმწიფოებმა არად ჩააგდეს თვითგამორკვევის მხარდასაჭერად ვუდრო უილსონის მიერ გაკეთებული მოწოდებები, რომლებშიც საქართველო ან აზერბაიჯანი, როგორც პოტენციური სახელმწიფოები, არასოდეს შესულან, და სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკა 1920-1921 წლებში (საბჭოთა) რუსეთმა ისევ თავის შემადგენლობაში შეაბრუნა, რასაც დასავლელი მოკავშირეების მხრიდან სერიოზული პროტესტი არ მოჰყოლია.  

მაგრამ დღეს, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის ეროზიის პირობებშიც კი, უკრაინამ აჩვენა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მდებარე საქართველოს მსგავს პატარა სახელმწიფოებს შეუძლიათ მათ დასაცავად უფრო დიდი დემოკრატიული სახელმწიფოების საერთაშორისო ნორმებისა და შეთანხმებების გარშემო მობილიზება. დემოკრატიაც და გეოგრაფიაც ამ სტრატეგიაში უაღრესად მნიშვნელოვანია. უკრაინას რომ დემოკრატიული სახელმწიფოს ავტორიტეტი არ ჰქონოდა, მისი სუვერენიტეტის დაცვის საქმეში დასავლეთი სავარაუდოდ უფრო ნაკლებად ჩაერთვებოდა. სწორედ ამიტომ საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის შიდა ბრძოლა ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხია.      

2022 წელს უკრაინაში პუტინის სამხედრო კამპანიის წარუმატებლობა გვაჩვენებს, რომ პატარა (და საშუალო ზომის) სახელმწიფოები პოზიციებს იძლიერებენ. ისინი აღარ არიან ის უმწეო სუბიექტები, რომლებსაც წარმომადგენლობა ან მოკავშირეები არ ჰყავთ. რუსეთთან ურთიერთობაში მათ უკვე ფართო სპექტრის მექანიზმები და მათი გამოყენების მეტი გამოცდილება აქვთ. ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი პატარა სახელმწიფოებისთვის ქმნის გაცილებით უფრო ხელსაყრელ გარემოს, სადაც დასავლეთის სახელმწიფოები მხარს უჭერენ ადამიანის უფლებებს, კოოპერაციულ უსაფრთხოებას (სამწუხაროდ არა ჩრდილოეთ კავკასიაში) და დემოკრატიულ რეფორმას. რომ არა 1990-იან წლებში დასავლეთის მთავრობების მიერ ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის განხორციელებული დახმარება და მათ მიერ მრავალმხრივობის, დიპლომატიური შეთანხმებებისა და კანონიერებაზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის მხარდაჭერა, უკრაინა და საქართველო რუსეთის „პრივილეგირებული ინტერესების“ სფეროს ვერასოდეს გაარღვევდნენ.      

თავისუფალ, არამოძალადე გარემოში პატარა სახელმწიფოებს გარიგებების მომგებიან პირობებით დადების შესაძლებლობა ეძლევათ (რაც მათ სხვა შემთხვევაში არასოდეს ექნებოდათ). საქართველომ საერთაშორისო არენაზე – გაეროში და ევროკავშირთან და ნატოსთან მოლაპარაკებებში – აჩვენა, რომ მას შეუძლია კოალიციების შექმნა და რუსეთის ჰეგემონიური პრეტენზიებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. კერძოდ, საქართველოს აზერბაიჯანზე და სომხეთზე მეტად აქვს ის რესურსები, რომლებსაც ჯოსეფ ნაი „რბილ ძალას“ უწოდებს. 2000-იან წლების პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების საკითხში დასავლეთის პოლიტიკის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა. საქართველომ ნატოსთვის გამოსადეგობა ერაყსა და ავღანეთში დაამტკიცა და ოპერის ვარსკვლავებით, ეროვნული კერძებით და ბუნების სილამაზით ახალ კულტურულ ფენომენად მოგვევლინა. საქართველო მილიონობით ევროპელ ტურისტს იზიდავს მის მთებში ეკო-ტურებში და მის ქალაქებში საჭმლის ტურებში მონაწილეობის მისაღებად. მაგარი ძალის მსგავსად, რბილი ძალა საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არ არის, მაგრამ ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო იარაღია.  

რეალისტების აზრით, სახელმწიფოს მიმზიდველობას ან რეპუტაციას მისი ნაციონალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ამის ნაცვლად, რეალისტები მხოლოდ პუტინის მსოფლიოს აღიარებენ, სადაც დიდი სახელმწიფოების ბატონობა ემყარება ძალას და მათ მიერ დადგენილ წესებს, სადაც მცირე სახელმწიფოები ვერაფერს წყვეტენ. რეალისტების ხედვით, რუსეთის აგრესიის მსხვერპლნი სულელები არიან, რომ სუვერენიტეტისკენ ან დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისკენ ისწრაფვიან. ჰარვარდელი სტივენ უოლტი აღნიშნავს, რომ საქართველოს და უკრაინის მსგავს სუსტი სახელმწიფოებისთვის გამოსავალია ნეიტრალიტეტის გამოცხადება, მაგრამ განა ეს პოლიტიკურად შესაძლებელია, რეალისტურია ან ის არის, რასაც რუსეთის შემდეგი ხელისუფლება არ დაარღვევს, როცა ის მორიგი ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე დადგება?    

უკრაინას და საქართველოს შვეიცარიის ან ავსტრიის მსგავსი გეოგრაფიული მდებარეობა არ აქვთ; ისინი ესაზღვრებიან მეზობელს, რომლის იდენტობაც მჭიდროდ არის დაკავშირებული იმპერიასთან. ვინც არ უნდა იყოს რუსეთის მეთაური ათწლეულების შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ქვეყანამ უარი თქვას უკრაინისგან ან საქართველოსგან მიტაცებულ ტერიტორიებზე. რეალიზმის დამცველი ჯონ მეარშეიმერი აცხადებს, რომ თუ უკრაინა ნეიტრალიტეტს გამოცხადებს, პრობლემა უბრალოდ გაქრება. მაგრამ მოლდოვა 1994 წლიდან „ნეიტრალურია“ – ეს მის კონსტიტუციაში წერია. განა ამით მოლდოვა უფრო მეტად არის დაცული, ვიდრე ბალტიისპირა ქვეყნები, რომლებიც ნატოს წევრები არიან? საკვირველია, ამნაირი წინადადებები როგორ ექცევა „რეალიზმის“ რუბრიკაში.

თუმცა, რეალისტები ერთ საკითში მართალი არიან. ეს პრობლემა ნაწილობრივ დასავლეთს უკავშირდება; უკრაინის ომში ბრალი მასაც მიუძღვის. მაგრამ არა ლიბერალური ილუზიების ან რუსეთის წინააღმდეგ ნატოს „სტრატეგიული აგრესიის“ გამო. არამედ იმის გამო, რომ უკრაინაში მიმდინარე ტრაგედია დასავლეთის სისუსტის შედეგია. დღეს, გაკვეთილი გასაგები უნდა იყოს: რუსეთის მიერ 1991-1992 წლებში დნესტრისპირეთის ოკუპაციაზე, 1990-იან და 2000-იანი წლების ორ ომში ჩეჩნეთის განადგურებაზე, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციაზე დასავლეთის სახელმწიფოების მორიდებული რეაქცია გახდა საწინდარი 2022 წელს უკრაინაში დატრიალებული ტრაგედიისა. რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაცია პრაქტიკულად ერთი და იგივე რამ იყო.  

მაგრამ, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, უკრაინაში მიმდინარე საზარელმა მოვლენებმა შეიძლება საქართველოს მსგავს რუსეთის მოსაზღვრე პატარა სახელმწიფოებს უსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობა მისცეს. საქართველოს შემთხვევაში, ამისთვის სულ ცოტა სამი რამ იქნება საჭირო: ევროკავშირის და ნატოს წევრი-ქვეყნების მიერ საქართველოს უსაფრთხოებაზე უფრო მტკიცე ვალდებულების აღება; ქვეყნის შიგნის დემოკრატიის განმტკიცება; და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსეთის დამარცხება. რუსეთს არ უნდა მიეცეს გამარჯვების შესაძლებლობა. თუ რუსეთი გაიმარჯვებს, საქართველოს მსგავსი რუსეთის მოსაზღვრე (და მსოფლიოს სხვა კუთხეებში მდებარე) პატარა სახელმწიფოების დაუცველობა გაგრძელდება და მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების თაოსნობით ახალი ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის დამყარების შესაძლებლობა ხელიდან გასხლტება.

სტივენ ჯოუნსი

12.04.22.

https://nationalinterest.org/feature/how-georgia-could-gain-russo-ukrainian-war-201769

 

Leave a Reply