• December 21, 2024

ახლა, როცა უკრაინა მის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ, დონბასის რეგიონში რუსულ ჯარებთან ფართომასშტაბიანი შეტაკებებისთვის ემზადება, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატოდან მისმა მოკავშირეებმა უკრაინისთვის ტანკების, ვერტმფრენებისა და მძიმე შეიარაღების ინტენსიურად მიწოდება დაიწყეს.

იარაღის ახალი პარტიის მიწოდება ომის პირველ დღეებში უკრაინისათვის დასავლეთის მხარდაჭერაში მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს, რადგან მაშინ აშშ და ევროპის ლიდერები, რომლებიც არ იყვნენ დარწმუნებული იმაში, უკრაინა რუსეთის მასიურ შემოტევას რამდენხანს გაუძლებდა, მძიმე შეიარაღების მიწოდებისგან თავს იკავებდნენ, რადგან არ სურდათ, ის რუსეთის ხელში ჩავარდნოდა. უკრაინისთვის იარაღის ახალი პარტიის გაგზავნა სხვა ცვლილებითაც გამოირჩევა: თუ ადრე მიწოდებული პარტიები თავდაცვითი სისტემებზე, მაგ., ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებზე იყო ორიენტირებული, დღეს უკრაინა უკვე შეტევითი ტიპის იარაღით მარაგდება, რადგან ის მას ომის კრიტიკულ ეტაპზე ესაჭიროება.      

მძიმე იარაღის მიწოდების ნიაღვარს კარი პირველმა ჩეხეთის რესპუბლიკამ გაუხსნა, როცა აპრილის დასაწყისში უკრაინას ტანკები გაუგზავნა. ამით ის ნატოს პირველი წევრი-ქვეყანა გახდა, რომელმაც ეს 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააკეთა. ჩეხეთის რესპუბლიკამ უკრაინას ქვეითი და ბრონირებული მანქანები და საარტილერიო სისტემებიც მიაწოდა.  

ნატოს სხვა წევრმა-ქვეყნებმაც ჩეხეთის რესპუბლიკას მიბაძეს და უკრაინას თანამედროვე სამხედრო აპარატურა მიაწოდეს. სლოვაკეთმა უკრაინას თანამედროვე S-300 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი მიაწოდა, წინა ოთხშაბათს კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდიდა. ამ პარტიაში შედის 11 ერთეული MI-17 ვერტმფერენი, 20 ერთეული M113 ჯავშანტრანსპორტიორი, 100 ჰამვი, 300 ერთეული კამიკაძე დრონი „სვიჩბლეიდი,“ ათასობით ნაღმი და სხვა საბრძოლო მასალები.  

ომის პირველ ფაზაში, მრავალი დასავლელი ლიდერი ფიქრობდა, რომ რუსლი ძალების წინაშე კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა, რის გამოც ისინი უარს აცხადებდნენ იმ მთავრობისთვის მძიმე შეიარაღების გაგზავნაზე, რომლის გადარჩენაშიც დარწმუნებული არ იყვნენ.

ეს ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც დასავლეთის მიერ ტანკსაწინააღმდეგო იარაღით და სხვა მსუბუქი იარაღით მომარაგებული უკრაინული შენაერთების მედგარი წინააღმდეგობის, აგრეთვე ცუდად შეიარაღებული რუსული შენაერთების უხეში ტაქტიკური შეცდომების გამო ჩრდილოეთ უკრაინაში რუსეთის მასიური შეტევა კრახით დასრულდა.

უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემა ადვილი საქმე არ არის. მძიმე სატრანსპორტო საშუალებებისა და თვით იარაღის გარდა, უკრაინისთვის ასეთი შეიარაღების გადაცემა პოტენციურად გრძელი ლოგისტიკური კუდის მხარდაჭერას საჭიროებს, რაშიც შედის ტრეინინგი, სათადარიგო ნაწილები და მექანიკოსები იმისათვის, რომ ომის ზონაში სატრანსპორტო საშუალებები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იყოს (რუსეთმა უკრაინისკენ მიმავალი აშშ და ნატოს იარაღზე თავდასხმით დაიმუქრა).

„ტანკი უბრალოდ გასაქირავებელი მანქანა არ არის,“ განაცხადა ევროპაში აშშ არმიის ყოფილმა მეთაურმა გენერალმა  ბენ ჰოჯესმა. „როცა რაიმე სახის მექანიზებული ან შეჯავშნული მანქანის გადაცემაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიფიქროთ სათადარიგო ნაწილებზეც, ტექმომსახურების პაკეტებზეც, ტრეინინგზეც, საწვავზეც, საბრძოლო მასალებზეც … იმისათვის, რომ ტექნიკამ იმუშაოს.“

მიუხედავად ამისა, აშშ თავდაცვის მაღალჩინოსანმა ორშაბათს განაცხადა, რომ რამდენიმე მოკავშირე ქვეყანა უკრაინისთვის ტანკების, ძირითადად საბჭოთა დროინდელი ვერსიების, მიწოდებას მაინც განიხილავდა, ვინაიდან კიევში განლაგებულ ჯარებს შესაბამისი ტრეინინგი უკვე გავლილი ჰქონდათ. „ეს ის ტექნიკა, რომელსაც უკრაინელები უკვე ცნობენ და ამიტომ ტრეინინგის დრო შედარებით მოკლე იქნება,“ დასძინა ჰოჯესმა.

ლოგისტიკურა გართულებების გამო დასავლეთის ზოგიერთმა მთავრობამ მძიმე ტექნიკის უკრაინისთვის მსხვილმასშტაბიან მიწოდებაზე თავი შეიკავა მიუხედავად უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მრავალგზის თხოვნისა, რომ მოწინააღმდეგესთან შედარებით უფრო ცოტა ტექნიკის მქონე და მცირერიცხოვანი უკრაინისთვის უფრო მეტი დახმარება გაეწიათ.

სხვები, განსაკუთრებით გერმანიის ზოგი პოლიტიკოსი, შიშობენ, რომ უკრაინის სამხედრო შენაერთებისთვის მძიმე ტექნიკით მომარაგების გამო დასავლეთი რუსეთის შემდგომი აგრესიის სამიზნედ შეიძლება გადაიქცეს. როგორც იტყობინებიან, ამ საკითხზე უთანხმოებამ გერმანიის მმართველ კოალიციაში სერიოზული დაპირისპირებები გამოიწვია.  

გერმანიის უმსხვილესმა იარაღის მწარმოებელმა კომპანია „რაინმეტალმა“ გასული კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ის მზად იყო უკრაინისთვის 50-მდე ნახმარი „ლეოპარდი 1“ საბრძოლო ტანკები მიეწოდებინა, მაგრამ გერმანიის მთავრობას ამ იარაღის მიწოდებისთვის მწვანე შუქი ჯერ არ აუნთია. გერმანიის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამ აზრს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ რადგან უკრაინელებს აღმოსავლეთ ევროპაში არსებული პოსტ-საბჭოთა სისტემები გამოყენება იციან, დასავლეთში დამზადებულ ტანკებზე მათ ტრეინინგს დიდი ხანი დასჭირდება. „რაინმეტალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა ეს არგუმენტი არ გაიზიარა და განაცხადა, რომ ამ ტრეინინგს რამდენიმე დღეზე მეტი არ დასჭირდება.    

უკრაინელთა თვალში დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ახალი ტალღა მისასალმებელი ცვლილებაა, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის. უკრაინის ხელისუფლების ახლანდელმა და ყოფილმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დასავლეთს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი ქვეყნის შეიარაღებისთვის ახლა, როცა უკრაინა ომში გადამწყვეტ ახალ თავს უახლოვდება.  

„დამატებითი შეიარაღების გარეშე ეს ომი უსასრულო სისხლის აბანოდ გადაიქცევა და უფრო მეტ უბედურებას, ტანჯვას და განადგურებას მოიტანს,“ გასული კვირის ოთხშაბათს განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  „ტვიტერზე,“ და ჩამოთვალა ის ქალაქები, სადაც რუსულმა ძალებმა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტვა მოაწყვეს. „მარიუპოლი, ბუჩა, კრამატორსკი – სია გაგრძელდება. რუსეთს მძიმე იარაღის მქონე უკრაინის გარდა სხვა არავინ შეაჩერებს.“

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მთავრობის ანგარიშებმა დაიწყეს სოციალურ მედიაზე ჰაშტაგის #ArmUkraineNow გამოყენება, რითაც ყველას მძიმე იარაღის შემდგომი პარტიების მიწოდებისკენ მოუწოდებენ.

უკრაინის თავდაცვის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის ხელმძღვანელმა ოლენა ტრეგუბმა განაცხადა, რომ დასავლეთ მიერ მიწოდებული ახალი პარტიები საკმარისი არ არის იმისათვის, რომ უკრაინამ მასზე გაცილებით მრავალრიცხოვან რუსულ ძალებთან ბრძოლაში გაიმარჯვოს. „უკრაინა წვეთოვანზეა მიერთებული, რომ ნელი სიკვდილით მოკვდეს,“ დასძინა მან.  

და მაინც, აშშ და ევროპის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი იარაღის ახალი პარტიები იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი და სხვა ევროპელი მოკავშირეები ახლა ემზადებიან, რათა უკრაინას დაეხმარონ არა უბრალოდ იმაში, რომ რუსულ შემოტევას გადაურჩნენ, არამედ იმაშიც, რომ ეს შემოტევა მოიგერიონ. მათი განმარტებით, მძიმე შეიარაღების გადაცემამ უკრაინის სამხედრო წარმატებაში შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინის აზრით ეს პარტიები არასაკმარისია.  

„დასავლეთ ევროპა ყველაფერს აკეთებს, რაც მის ძალებშია, რომ უკრაინას ამ ომის მოგებაში დაეხმაროს, და ეს მხარდაჭერა იზრდება როგორც რაოდენობის, ასევე ხარისხის თვალსაზრისით,“ ლიეტუვას თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განუცხადა „Foreign Policy”-ს.

ტანკებზე უკრაინის მზარდი მადა და დასავლეთის ოფიციალური პირების აქტივობა, რომ უკრაინას უფრო მეტი ტანკი გაუგზავნონ, ასევე განპირობებულია უკრაინის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის უფრო ბრტყელი საბრძოლო ველით, სადაც ტანკების მანევრირება უფრო ადვილია.

„აღმოსავლეთ უკრაინის დიდი ტერიტორიები, რასაც ქვია, ერთი დიდი სატანკო სოფელია, ბრტყელი ღია მიწაა, რომელიც მექანიზებული საბრძოლო ოპერაციებისთვის ზედგამოჭრილია,“ განაცხადა ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ფრანც-სტეფან გადიმ. „სწორედ ამიტომ სჭირდება უკრაინას ძირითადი საბრძოლო ტანკები, ბრონირებული მანქანები, საშუალო სიშორის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, თვითმკვლელი დრონები და ა. შ. ეს უკრაინას იმისთვის სჭირდება, რომ ბროლა განაგრძოს, რუსული ძალები ჩიხში შეიყვანოს და ბოლოს, ხელსაყრელ მომენტში, კონტრშეტევაზე გადავიდეს,“ აღნიშნა მან. „უკრაინული ძალებისთვის მთავარი ამოცანა იქნებ ის, თუ როგორ ჩაატარონ ფართომასშტაბიანი კომბინირებული საომარი ოპერაციები მაშინ, როცა მათ უპირატესი რუსული საცეცხლ ძალა უპირისპირდება.“      

უკრაინისთვის იარაღის დამატებითი პარტიის მიწოდების მიზნით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მიერ წარდგენილი სასურველი იარაღის სიაში დადებითი გადაწყვეტილების ნიშნად ზოგიერთი უჯრის მონიშვნა დაიწყო. აშშ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით განაცხადა, რომ განიხილება გეგმები უკრაინელი მწვრთნელების ნატოს შემადგენლობაში შემავალ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გასამგზავრებლად, რათა იქ გაიარონ ტრეინინგი ახალი სისტემების, მაგ., ჰაუბიცებისა და საარტილერიო დამიზნების რადარების გამოყენებაში.      

გარდა ამისა, ვაშინგტონი მნიშვნელოვანი საყრდენი გახდა ევროპაში ნატოს წევრი-ქვეყნების იარაღით თავიდან აღჭურვაში, თუ ისინი საკუთარ მარაგებს უკრაინას გადასცემენ. სლოვაკეთის მიერ S-300 საზენიტო სარაკეტო კომპლექსის უკრაინისთვის გაგზავნის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მისი ერთ-ერთი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „პატრიოტი“ სლოვაკეთში განალაგა, რომ გამოთავისუფლებული ადგილი შეევსო. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ თვის დასაწყისში იარაღის მიწოდების შესახებ მსხვილი გარიგება დადო პოლონეთთანაც. აღნიშნული გარიგების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთის არმიას 250 ერთეულ „აბრამსის“ საბრძოლო ტანკს მიაწვდის, რის შედეგადაც პოლონეთს მისი ზოგიერთი ტანკი სავარაუდოდ უკრაინისთვის გამოუთავისუფლდება, თუმცა გადაწყვეტილება ამის შესახებ ჯერ არ გამოცხადებულა.  

ზოგი ექსპერტი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უფრო შორს უნდა წავიდეს და პოლონეთს „მიგ“ ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემაში უნდა დაეხმაროს, ხოლო ამით პოლონეთის გამოთავისუფლებული ადგილი ძველი თაობის F-16 ავიაგამანადგურებლებით შეავსოს. თუმცა, ამ წინადადებაზე ზოგიერთმა მოკავშირემ წარბი შეიკრა. გარდა ამისა, ეს პროცესი შეიძლება გართულდეს, როცა ჯერი ტრეინინგზე და ლოგისტიკაზე მიდგება (როგორც იტყობინებიან, „მიგ“ ავიაგამანადგურებლების თავისი ფლოტის უკრაინისთვის გადაცემის საკითხს სლოვაკეთიც განიხილავს).    

ჰოჯესმა განმარტა, რომ დასავლეთის ზოგი ქვეყნის წუხილები, რომ ასეთმა სამხედრო მხარდაჭერამ შეიძლება რუსეთთან ნატოს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი გამოიწვიოს, გადაჭარბებულია, და ვაშინგტონმა კიდევ უფრო უნდა მოუმატოს უკრაინისთვის საკუთარი იარაღის გადაცემას.  

„ეს რისკი ჩვენს მიერ გაზვიადებულია და რუსებმა ეს იციან,“ აღნიშნა მან. „ჩვენ გვაქვს მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძლიერი ალიანსი, რომელსაც ეშინია 25 წლის ავიაგამანადგურებლების იმ ქვეყნისთვის გადაცემისა, რომელიც თავის გადასარჩენად იბრძვის.“

ეს უთანხმოება ემთხვევა ომში კრიტიკულ მომენტს, როცა კიევის გარეუბნებიდან უკანდახეული რუსეთი გადაჯგუფების პროცესშია, ხოლო უკრაინის სამხედრო შენაერთები თავს უყრიან რაც შეიძლება მეტ საცეცხლე ძალას, რომ აღმოსავლეთ უკრაინის გასაკონტროლებლად ახალი ბრძოლაში ჩაებან. პენტაგონის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი საარტილერიო ნაწილებს აღმოსავლეთ უკრაინაში ქ. დონეცკის სამხრეთით განალაგებს, ხოლო წინა კვირაში ბრიტანული დაზვერვის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით ივარაუდებოდა, რომ რუსეთი გააძლიერებდა ავიადარტყმებს დონბასის ძირითად დასახლებულ პუნქტებში, მათ შორის, კრამატორსკში, რომელიც ძირითადი სარკინიგზო კვანძია და სადაც გასულ კვირას რუსეთის მიერ განხორციელებულ ბალისტიკურ სარაკეტო დარტყმის შედეგად 59 ადამიანი გარდაიცვალა.

„ვინაიდან დონბასი უფრო ღია სივრცეა, აქ უკრაინა მძიმე საარტილერიო დარტყმების შედეგად შეიძლება უფრო დაზარალდეს, თუ დაბებსა და ქალაქებში რუსეთთან შებმის ნაცვლად გენერალურ ბრძოლას გამართავს,“ განაცხადა სენტ ენდრიუს უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევების ექსპერტმა ფილიპს ო’ბრიენმა. „პირადად მე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით და უპილოტო საფრენი აპარატებით დავიწყებდი, რომ უკრაინელებმა საჰაერო ცეცხლით მაქსიმალური შედეგები დადონ. შორი რადიუსის საარტილერიო დანადგარებიც შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს.“

უკრაინისთვის დასავლეთიდან უფრო და უფრო მეტი იარაღის მიწოდების გამო რუსებს აღმოსავლეთ ევროპაში შეტევის გაგრძელება შეიძლება ძალზე გაუძნელდეთ. დასავლეთის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ კრემლი ძალიან არის მონდომებული, რომ მისი ძალებისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება 9 მაისამდე მოიპოვოს, ვინაიდან 9 მაისი ის ძირითადი დღესასწაულია, რომელზეც რუსეთი მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას ზეიმობს. ექსპერტთა აზრით, ომის პირველ თვეში უზარმაზარი დანაკარგების შემდეგ რუსეთს ახლა პრობლემას შეუქმნის დამხმარე ქვეითი ჯარის ნაკლებობა და დონბასში წინსვლის პროცესის შენელება.

„დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ შეტევა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება,“ განაცხადა სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტმა გედიმ. „ჩემი აზრით, რუსეთი ამ ბრძოლის გაგრძელებას ივნისამდეც კი ვერ შეძლებს. ასე, რომ ეს სიტუაცია ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება – რომელიღაც მხარეს დათმობაზე წასვლა მოუწევს.”

რობი გრამერი, ჯეკ დეჩი, ეიმი მაკინონი

15.04.22.

https://foreignpolicy.com/2022/04/15/tanks-heavy-weapons-ukraine-russia-nato-putin-offensive/?tpcc=recirc_latest062921

 

Leave a Reply