• December 3, 2024

ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების მიმართ ამერიკის სამხედრო ინტერესების შესუსტების ფონზე, თურქეთი აჩვენებს, რომ რეგიონს შესწევს უნარი მოკავშირეებს ხელი შეუშალოს იმ შემთხვევაში, თუ მის ინტერესებს ყურადღებას არ მიაქცევენ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განგაშის ზარებს ჩამოჰკრა და განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატოში) ფინეთისა და შვედეთის შესაძლო გაწევრიანების საკითხში ის „დარწმუნებული“ არ იყო.

ნატოში გაწევრიანება დამოკიდებულია ორგანიზაციის 30 წევრის ერთსულოვან მხარდაჭერაზე. თურქეთს ნატოში სიდიდით რიგით მეორე რეგულარული არმია ჰყავს.

ნატოს წევრთა უდიდესი უმრავლესობა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების მომხრეა. ნატოს წევრები იმედოვნებენ, რომ ამ ქვეყნების განაცხადებს ივნისის სამიტზე დააკმაყოფილებენ.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე თურქეთის მხრიდან პოტენციურმა ვეტომ შეიძლება ტრანსატლანტიკური ერთიანობის შენარჩუნების ძალისხმევა გაართულოს.

ერდოღანის ზეწოლის ტაქტიკა მისი კოლეგის – უნგრეთის პრემიერ მინისტრის ვიქტორ ორბანის – მანევრებს ირეკლავს. ორბანი ევროკავშირის ერთიანობას რუსულ ბუნებრივ გაზზე და ნავთობზე სრულმასშტაბიანი ბოიკოტზე წინააღმდეგობით ემუქრება.  

უფრო ადრე, ნავთობზე ფასების დაგდებისა და ევროპის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა და საუდის არაბეთმა უარი განაცხადეს.

თუმცა ამის შემდეგ სპარსეთის ყურის ამ ორმა ქვეყანამ ტონის შერბილება დაიწყო. აპრილის ბოლოს, ფრანგულმა კომპანიამ TotalEnergies მაისის დასაწყისში ევროპისთვის აბუ დაბიში ნავთობის ჩასატვირთად ტანკერი დაფრახტა – ნავთობის შესყიდვის ასეთი გარიგება უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში პირველი იქნება.

ზედმეტი ხმაურის გარეშე საუდის არაბეთმა რეგიონში სატარიფო მექანიზმები გამოიყენა და არაბული „მედიუმი“ (საუდის ნედლი ნავთობი, რომელიც რუსული საექსპორტო ნავთობის „ურალსის“ ეკვივალენტია და რომელზეც ევროპელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებია აგებული) აზიიდან ევროპისკენ მიმართა.

ერდოღანმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე უარი იმით ახსნა, რომ ეს ორი ქვეყანა მხარს უჭერდს ქურთების მშრომელთა პარტიას (PKK) – პარტიას, რომელიც თურქეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

ათწლეულების განმავლობაში ქურთების მშრომელთა პარტია თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების ეროვნული, ეთნიკური და კულტურული უფლებების დასაცავად აჯანყებაში მონაწილეობს. ქურთები ქვეყნის 84 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ.  

ამ ცოტა ხნის წინ თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში განლაგებული ქურთების მშრომელთა პარტიის პოზიციები „ბრჭყალების დახურვის ოპერაცია წოდებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დაბომბა.

თურქეთს ამერიკის შეერთებულ შტატებთან უთანხმოება აქვს იმის გამო, რომ ამერიკა სირიელ ქურთებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. თურქეთი აცხადებს, რომ ამერიკის სირიელი ქურთი მოკავშირეები განლაგებული ქურთების მშრომელთა პარტიასთან ალიანსში არიან.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუსოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი ეწინააღმდეგება ამერიკის ახალ გადაწყვეტილებას სირიის იმ რეგიონებისთვის სანქციების მოხსნის შესახებ, რომლებსაც ქურთების თაოსნობით „სირიის დემოკრატიული ძალები“ (SDF) აკონტროლებენ.  

„ეს შერჩევითი და დისკრიმინაციული სვლაა“, განაცხადა ჩავუშოღლუმ და დასძინა, რომ სანქციების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება არ ეხებოდა სირიის ქურთებით დასახლებულ იმ ტერიტორიებს, რომლებსაც თურქები და მისი მარიონეტები აკონტროლებდნენ.

ნატოში გაწევრიანებაზე დაკავშირებით, ერდოღანმა განაცხადა: „სკანდინავიური ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ერთგვარ სასტუმროს წარმოადგენენ. ისინი პარლამენტშიც კი არიან.“

ერდოღანის პრეტენზიები ძირითადად შვედეთს ეხება, ფინეთი კი ამის გამო ირიბად ზარალდება.

შვედეთში მნიშვნელოვანი ქურთული თემი ცხოვრობს. გარდა ამისა, შევედეთი ევროპის იმ წამყვან ქურთულ ფეხბურთის გუნდს მასპინძლობს, რომელიც თანაგრძნობით არის განწყობილი ქურთების მშრომელთა პარტიის და თურქი ქურთების მისწრაფებების მიმართ. გარდა ამისა, შვედეთის პარლამენტის ექვსი წევრი ეთნიკური ქურთია.  

თურქეთის საკითხებში ექსპერტმა ჰაუარდ ეისენსტატმა აღნიშნა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე თურქეთის უარი შეიძლება გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდეს. „თურქეთის სტრატეგიული მოქნილობა ძირითადად იმით აიხსნება, რომ მისი პრიორიტეტები მისი ყველაზე მნიშვნელოვანი დასავლელი მოკავშირეებისთვის მეორეხარისხოვან საკითხებად მიიჩნევა. მიმდინარე კონტექსტში შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანება აბსოლუტურად არ არის მეორეხარისხოვანი,“ განაცხადა ეისენსტატმა.

თურქეთის უარი აჩვენებს, რომ ახლო აღმოსავლეთს შესწევს ძალა ხელი შეუშალოს მსოფლიოს სხვა კუთხეებში ამერიკისა და ევროპის პოლიტიკას.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ბევრს რისკავენ, როცა ხელის შეშლის პოტენციალს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებენ.  უკრაინასთან დაკავშირებით ნავთობით მომარაგების საკითხში ფრთხილი უკუსვლა ახლო აღმოსავლური ომის ზღვარზე დაბალანსების ლიმიტებს ან/და რისკებს წარმოაჩენს.    

იმავეს აჩვენეს ის ფაქტიც, რომ უკრაინამ ნატოს მიზიდულობის ცენტრი გადაიტანა ჩრდილოეთ ევროპისკენ – თურქეთთან ახლოს მდებარე მისი სამხრეთი ტერიტორიებიდან შორს.

უფრო მეტიც, თურქეთი რისკზე მიდის, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიდი ხნით დაძაბულ ურთიერთობებში ბოლოდროინდელ დათბობას შეიძლება ზიანი მიაყენოს.  

უკრაინის კრიზისში თურქეთის შუამავლობისა და ამ უკანასკნელის მიერ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გამო აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაიწყო მუშაობა თურქეთის F-16 ავიაგამანადგურებლების ფლოტის განახლებისა და უფრო ახალი თაობის F-35 მოდელების თურქეთისთვის მიყიდვის გეგმებზე მიუხედავად იმისა, რომ ანკარას რუსეთი არც დაუგმია და არც მისთვის სანქციები დაუწესებია.  

ზოგი ანალიტიკოსის აზრით, შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე უარი თურქეთმა შეიძლება ამერიკულ F-35 ავიაგამანადგურებლების პროგრამაზე წვდომის განახლებისთვის გამოიყენოს. 2019 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ სამხედრო თვითმფრინავების თურქეთისთვის მიყიდვის გარიგება დაბლოკა მას შემდეგ, რაც ნატოს ამ წევრმა რუსეთისგან S-400 ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა შეიძინა.  

ერდოღანს „ამგვარი ტაქტიკა ადრეც გამოუყენებია. ზეწოლის ამ მექანიზმს ის თურქეთისთვის სარფიანი გარიგების მისაღებად გამოიყენებს“, განაცხადა აშშ-ის სამხედრო ფლოტის ადმირალმა და საზღვაო სტრატეგიის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯეიმს ფოგომ. ერდოღანის მრჩეველმა იბრაჰიმ კალინმა ფოგოს ანალიტიკური დასკვნა დაადასტურა. „ჩვენ კარს არ ვკეტავთ. მაგრამ ამ საკითხს ვსვამთ, როგორც თურქეთისთვის სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხს“, აღნიშნა კალინმა ნატოსთან დაკავშირებით თურქეთის ლიდერის განცხადებებზე. „რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია შვედ კოლეგებთან დისკუსია, მოლაპარაკება“.     

თურქეთის მოთხოვნებზე საუბრისას კალინმა შემდეგიც აღნიშნა: „რის გაკეთებაც საჭიროა, აშკარაა: მათ არ უნდა დაუშვან ქურთების მშრომელთა პარტიის ფილიალების, ორგანიზაციების, ღონისძიებებისა და ცალკეული პირების ამ ქვეყნებში არსებობა.“  

ერდოღანის ომის ზღვარზე დიპლომატიას შეიძლება საზღვარი ჰქონდეს, მაგრამ ის აჩვენებს, რომ ესა თუ ის ქვეყანა რისკზე მიდის და თავს საფრთხეში იგდებს, როცა ახლო აღმოსავლეთის იგნორირებას ახდენს.  

თუმცა, ახლო აღმოსავლელ ავტოკრატებთან საქმის დაჭერა მაინცდამაინც არ ნიშნავს მათ მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ფეხქვეშ გათელვის ფაქტებზე თვალის დახუჭვას.  

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპისთვის გამოსავალი იქნება იმ პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ავტოკრატების ზოგჯერ ხელისშემშლელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების საჭიროებით აბალანსებს იმ ბრძოლაში, რომელიც იმაზე მიმდინარეობს, თუ ვისი ღირებულებებით გადაიწერება 21-ე საუკუნის მსოფლიო წესრიგი.  

თუმცა, ამას სჭირდება კრეატიული პოლიტიკა და დიპლომატია, რაც იშვიათი საქონელია.  

ჯეიმს მ. დორსი

16.05.22.

Leave a Reply