• December 21, 2024


22 მაისს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები – პრემიერ მინისტრი ნიკოლ
პაშინიანი და პრეზიდენტი ილჰამ ალიევი – ერთმანეთს ბრიუსელში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებზე შეხვდნენ. ეს მოვლენა ევროკავშირის შუამავლობით 2021 წლის 14 დეკემბერს, 2022 წლის 4 თებერვალს და 2022 წლის 6 აპრილს გამართული წინა სამი სამიტის გაგრძელება იყო. ამ ბოლო შეხვედრაზე მხარეებმა სატრანსპორტო პროექტებთან და საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით საგრძნობ პროგრესს მიაღწიეს. ორივე მხარემ გადაწყვიტა „მჭიდრო კონტაქტში“ დარჩენა და აგვისტოსთვის „იმავე ფორმატში“ კვლავ შეხვედრა (Twitter.com/eucopresident, May 23).

ევროკავშირის შუამავლობით 2021 წლის 14 დეკემბერსგამართულ პირველ სამიტზე (იხილეთ EDM, 28იანვარი), პაშინიანი და ალიევი ე. წ. ზანგაზურის დერეფნის გასწვრივ შემაერთებელი სარკინიგზო მონაკვეთის (რომლითაც აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორია მის ნახჭევნის ექსკლავს სამხრეთ სომხეთს გავლით დაუკავშირდება) მშენებლობის პირობებზე შეთანხმდნენ. სომხეთისა და აზერბაიჯანის  ლიდერები ამ წარმატებაზე არ გაჩერებულა – 22 მაისს ისინი იმავე მარშრუტის გასწვრივ საავტომობილო გზატკეცილის მშენებლობის პირობებზეც შეთანხმდნენ. ევროკავშირის მიერ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მხარეები საზღვრის მართვის, უსაფრთხოებისა და მიწის საფასურების მთავარ პრინციპებზე, აგრეთვე ამ შემაერთებელ მონაკვეთებთან დაკავშირებით საბაჟო საკითხებზე შეთანხმდნენ (Consilium.europa.eu, 23 მაისი). მომდევნო დღეს ალიევმა დაადასტურა, რომ მათ ზანგაზურის დერეფანზე შეთანხმებას ბრიუსელში მიაღწიეს (APA, 23 მაისი). დეტალები ჯერ კიდევ უცნობია.

„საგრძნობი პროგრესი“ ასევე ეხებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამავალი სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციას და დემარკაციას. 23 მაისს ორივე მხარემ თავიანთი შესაბამისი სახელმწიფო კომისიების შექმნის შესახებ განაცხადა; და მომდევნო დღეს აღნიშნული კომისიები მუშაობის დასაწყებად ერთმანეთს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეხვდნენ (Mfa.gov.az, 24 მაისი). მათი შემდეგო შეხვედრები მოსკოვში და ბრიუსელში გაიმართება (Mfa.gov.az, 24 მაისი).

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის შექმნაზე მოლაპარაკებები თავდაპირველად ერთი წლის წინ დაიწყო. 2021 წლის 19 მაისს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა წამოაყენა წინადადება რუსეთის, როგორც შუამავლისა და კონსულტანტის მონაწილეობით ორმხრივი დელიმიტაციის კომისიის შექმნის შესახებ (Civilnet.am, 20 მაისი).

თუმცა მოსკოვი ამ პროცესში და უფრო ზოგადად სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან აქტორად რჩება, მისი როლი ახლა დაკნინებულია, ბრიუსელის ჩართულობა კი სულ უფრო აქტიური ხდება. აღსანიშნავია, რომ ამ წლის დასაწყისიდან ამ ორი სამხრეთ კავკასიური რესპუბლიკის წარმომადგენლები ერთმანეთს მხოლოდ ევროკავშირის შუამავლობით ხვდებიან მაშინ, როცა რუსეთის შუამავლობით ერთადერთი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 12 მაისს სხვა მნიშვნელოვანი მოვლენის კულისებში გაიმართა, თუმცა აღნიშნულ შეხვედრას ამ მოლაპარაკებებში რაიმე ახალი სიტყვა არ უთქვამს.  

ისევე როგორც წინა 6 აპრილის სამიტის მიმართ, ბრიუსელის ბოლო 22 მაისის სამიტის მიმართ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს მარია ზახაროვას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია ჰქონდა (იხილეთ EDM, 18 მაისი). „ევროკავშირის მხრიდან ჩვენ ვხედავთ გამუდმებულ მცდელობებს ჩაერიოს სამმხრივ შეთანხმებების პროცესში“, უკმაყოფილოდ განაცხადა ზახაროვამ. „იმედი გვაქვს ბრიუსელი მათ განხორციელებას ხელს შეუწყობს, თუ მას ეს სურს, და არ ითამაშებს პოლიტიკურ თამაშებს, მაგრამ ჩვენს ეს არ გვინდა“, გააკეთა მან გაფრთხილება  (News.am, 25 მაისი).

აშკარა იყო, რომ ამა წილის გაზაფხულამდე რუსეთი მძღოლის სკამზე იჯდა, როცა საქმე 2020 წლის ყარაბახის ომის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეხებოდა. რუსეთის მონაწილეობის გარეშე დასავლეთი ამ პროცესში პირველად სერიოზულად ამ ომის დასრულებიდან ექვს თვეზე მეტი ხნის შემდეგ ჩაერთო: 2021 წლის ივნისში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შუამავლობით, ერევანმა ბაქოს ნაღმების რუკების პირველი პარტია 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლების სანაცვლოდ გადასცა (იხილეთ EDM, 2021 წლის 14, 16 ივნისი). იმ დროს ცოტას თუ ეგონა, რომ დასავლეთი ამ სამშვიდობო პროცესში მონაწილეობას გააგრძელებდა, რომ არაფერი ვთქვათ, მონაწილეობის გაფართოებაზე, ვინაიდან მოლაპარაკებების ყველა მნიშვნელოვან პლატფორმაზე რუსეთი დომინირებდა.

მომდევნო თვეებში, ამერიკის შეერთებულშტატების შუამავლის როლი დაკნინდა და ინიციატივა ევროკავშირმა აიღო. თუმცა ბრიუსელმა პირველი სერიოზული ნაბიჯი 2021 წლის 14 დეკემბერს გადადგა, როცა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის კულისებში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს  შორის შეხვედრა მოაწყო, მან უფრო აქტიური როლის თამაში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. კონტინენტთაშორისი ტრანსრუსული მარშრუტზე შექმნილი შეფერხებების ფონზე, ეს აზერბაიჯანის ბუნებრივი გაზის ექსპორტისა და „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ („შუა დერეფნის“) მიმართ ევროკავშირის მზარდ ინტერესს დაემთხვა (იხილეთ EDM, 20 აპრილი, 4 მაისი).

პროცესში შუამავლად ჩართვა ევრკავშირს რეგიონში რუსეთის საპირწონედ მოქმედების შესაძლებლობას აძლევს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნების განმტკიცებისთვის და, შესაბამისად, რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის იმ დროს, როცა ევრაზიაში გეოპოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. თავის მხრივ, ეს რეგიონული სტაბილურობა აუცილებელია ენერგიის ექსპორტის უწყვეტობის შესანარჩუნებლად და ახალი ტრანსკასპიური ენერგეტიკული ინიციატივების განსახორციელებლად. ამავე დროს, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია „შუა დერეფნის“, მათ შორის, მასთან პოტენციურად დაკავშირებული ზანგაზურის მსგავსი სატრანზიტო პროექტების პრაქტიკული ღირებულების უზრუნველსაყოფად. ამით მცირდება ორივე სფეროში რუსეთის ფარდობითი მნიშვნელოვნება და ალბად ამის გამო იყო, რომ რუსეთის საგარეო საქმეა სამინისტრომ ევროპას სამხრეთ კავკასიაში „გეოპოლიტიკური თამაშების“ თამაშისთვის უსაყვედურა.    

ევროკავშირის შუამდგომლობით და რუსეთის შუამდგომლობით მოლაპარაკებების დღის წესრიგებს შორის ერთი აღსანიშნავი განსხვავებაა. სახელდობრ, თუმცა სომხეთი და აზერბაიჯანი ევროკავშირის შუამდგომლობით მოლაპარაკებების დროს ყოვლისმომცველი მშვიდობის პერსპექტივებს განიხილავენ, როგორც ჩანს ისინი ამ ფორმატში ნაკლებ ყურადღებას აქცევენ თვით აზერბაიჯანის ყარაბახის რეგიონს, სადაც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტია ჩაყენებული (Armenpress.am, 7 აპრილი).

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ორ სამხრეთ კავკასიურ რესპუბლიკ შორის ორმხრივი საომარი მოქმედებები იმ სამშვიდობო გარიგებით დასრულდეს, რომელიც საბოლოოდ არ წყვეტს ყარაბახის საკითხს. აგვარად, ყარაბახის პრობლემის მოუგვარებლობა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ყველა სხვა განზომილებას, მათ შორის, ერთობლივი სატრანსპორტო პროექტებისა და საზღვრის დელიმიტაციის საკითხებში, საფრთხეს უქმნის. შიდა თუ გარე ძალების მიერ ინსპირირებულმა დაძაბულობამ შეიძლება ერევანსა და ბაქოს შორის მიმდინარე მთელ სამშვიდობო პროცესს ძირი გამოუთხაროს. შესაბამისად, რეგიონში რუსეთის სამხედრო პლაცდარმი, ადგილობრივი სეპარატისტი ჯგუფების პრორუსული განწყობები და რუსეთის მხარდასაჭერად მათ მიერ გაკეთებული მოწოდებები მოსკოვის ხელში კოზირია. რუსეთს შეულია ეს კოზირი გამოიყენოს, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებები კონტროლს აღარ დაექვემდებარება. ევროკავშირს ამ პრობლემის ეფექტიანად მოგვარების შეზღუდული მექანიზმები აქვს, თუმცა მას შეუძლია ორივე მხარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისკენ უბიძგოს. ასეთი ნაბიჯი დიდად შეუწყობდა ხელს გრძელვადიანი მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობის დამყარების საქმეში ყარაბახის პრობლემის ჩამშლელი გავლენის დასუსტებას.      

ვასიფ ჰუსეინოვი

31.05.22.

Leave a Reply