• December 21, 2024

 

ქვეყნების უმრავლესობას ნეიტრალიტეტი ურჩევნია

2022 წლის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი სამიტებით სრულდება. სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრები ჩვეულებრივ საბედისწერო ან ავისმომასწავებელი არ არის, მაგრამ დიდი შვიდეულის სამიტი, რომელიც სამხრეთ გერმანიაში იმართება და BRICS-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ს. აფრიკა) სამიტი, რომელიც პეკინში იმართება, წელს განსხვავებულია. რუსეთ-უკრაინის ომის, გლობალურად მზარდი ინფლაციისა და მოსალოდნელი სურსათის კრიზისის პირობებში, ლიდერებმა სერიოზულად დაიწყეს მომავალი წლებისთვის ახალი ეკონომიკური კავშირების შექმნაზე და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებაზე მუშაობა.

დიდი შვიდეული

დიდი შვიდეულის შემადგენლობაში შედიან მსოფლიოს უმდიდრესი დემოკრატიები – კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები – პლუს ევროკავშირი. 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ეს ქვეყნები კიევს სხვადასხვა გზით კოორდინირებულად უჭერენ მხარს და ამის პარალელურად კრემლთან ეკონომიკურ ომს აწარმოებენ. თუმცა, სანქციებისა და რუსეთის საპასუხო ზომების შედეგად ენერგიაზე ფასები გაიზარდა, ისედაც მაღალი ინფლაცია გამწვავდა და სერიოზული სოციალური და ეკონომიკური რისკები შეიქმნა ევროპის უმეტეს ნაწილში, რომელიც რუსულ გაზზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ომმა სერიოზულად შეაფერხა უკრაინაში მარცვლეულის წარმოება და მისი ექსპორტი, ხოლო ენერგიაზე და სასუქებზე გაძვირებული ფასები წარმოებაზე ყველგან უარყოფითად აისახება. ამ კრიზისების მასშტაბი მაღალი დონის, კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს საჭიროებს. დიდი შვიდეული იმედოვნებს ამ ეკონომიკური ტკივილის რუსეთის გარდა სხვა ყველასთვის შერბილებას და ომის დასრულების მიზნით მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას.    

ამ ზეწოლის კამპანიის ერთი კომპონენტია ოქროზე ემბარგო, რაზეც შეთანხმებას სამშაბათს მიაღწიეს. რუსეთი ოქროს უზარმაზარ მარაგს სანქციების ზემოქმედების შესარბილებლად და ადგილობრივი ვალუტის მხარდასაჭერად იყენებს. ახლა, როცა ენერგიაზე ევროპული სანქციების გარეშე დასავლეთი რუბლზე და რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლის ახალ გზებს ეძებს, რუსულ ოქროზე ემბარგოს დაწესება ლოგიკური ნაბიჯია. რუსეთის მონაწილეობით ოქროსთან დაკავშირებული ტრანზაქციები აშშ-ის მიერ მარტიდან არის აკრძალული.

კიდევ ერთი ზომა, რომელზეც ჯერ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის, ეხება რუსულ ნავთობზე ფასის მაქსიმალურ ლიმიტს. ენერგიის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებით რუსეთი ომს აფინანსებს და ჯერჯერობით გამოყენებული სანქციები ნავთობზე ფასის გაძვირებას იწვევს. აშშ-მა და სხვებმა უკვე აკრძალეს რუსული ნავთობის იმპორტი, მაგრამ ევროპის დიდი ნაწილი რუსეთიდან მომარაგებაზეა დამოკიდებული და მსგავსი ზომების მიღებას ეწინააღმდეგება.

მაქსიმალურ ფასზე ლიმიტი თეორიაში უზრუნველყოფს მიწოდების გაგრძელებას – თუ რუსეთს აწყობს – და რუსეთის შემოსავლების შემცირებას. თუმცა, არაერთი კითხვა არსებობს მის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, თან მოსკოვსაც ანგარიშგასაწევი ზემოქმედების მექანიზმი აქვს. მაგალითად, მან ნავთობის სავალდებულო ფასად გაყიდვაზე შეიძლება უარი განაცხადოს ან მოგონილი საბაბით ევროპას უფრო მეტი გაზსადენები გადაუკეტოს – „ჩრდილოეთის 1-ლი ნაკადის“ გადაკეტვით ის გერმანიას უკვე ემუქრება. ეს საპასუხო ზომები რუსეთსაც ძვირად დაუჯდება და ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის ცოდნა, ტკივილს რომელი მხარე უფრო მეტხანს გაუძლებს. რაც ცნობილია, არის ის, რომ დასავლეთს უჭირს ალტერნატიული ენერგომომარაგების წყაროების პოვნა და ამიტომ ცუდ მდგომარეობაშია.

ხედვის არე რომ გავადიდოთ, რაღაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება. დიდ შვიდეულს და უფრო ზოგადად ეგრეთწოდებულ დასავლეთს სჭირდება მოკავშირეები, რომ მას არსებული საერთაშორისო წესებისა და ნორმების დაცვაში და რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმაროს. მას მოკავშირეები სჭირდება იმ პოტენციური სურსათის კრიზისისგან თავის დასაცავად, რომელიც რუსეთის – თვითონ სურსათის მასიური მწარმოებლის – მიერ გამოწვეულია უკრაინის მარცვლეულის საწყობების განადგურებით და შავი ზღვის ბლოკადით. ამ მიზნით, დიდი შვიდეულის სამიტზე გერმანელმა მასპინძლებმა არგენტინა, ინდოეთი, სენეგალი და სამხრეთ აფრიკაც მოიწვიეს. განცხადებაში დიდი შვიდეულის ქვეყნებმა დააფიქსირეს თავიანთი განზრახვა ამ სტუმარ ქვეყნებთან გააფორმონ ე.წ. „ენერგოუსაფრთხოებაზე გადასვლის პარტნიორობა“, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ან ზოგი მათგანი დასავლეთს შეიძლება რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში დაეხმაროს. ამასობაში, გერმანია და სენეგალი ამ უკანასკნელის ბუნებრივი გაზის საბადოების ერთობლივი ძებნა-ძიებისა და ათვისების გზებს განიხილავენ. არგენტინამ ოფიციალურად დააყენა წინადადება გახდეს „ევროპისთვის რუსული გაზის ნაცვლად არგენტინული გაზის და მსოფლიოსთვის სურსათის სტაბილური და საიმედო მიმწოდებელი”. ხოლო ინდოეთმა გააკეთა განცხადება თითქმის ათწლიანი გაყინვის შემდეგ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების განახლების შესახებ.

ამავე დროს, მრავალი მიზეზი არსებობს საიმისოდ, რომ მხარეებმა სიფრთხილე გამოიჩინონ. მაგ., არგენტინის გაზის საბადოების უმეტესობა აუთვისებელია და მნიშვნელოვან ინვესტიციებს საჭიროებს, რომ ამ პროექტმა გაამართლოს. თავის მხრივ, ინდოეთს რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა ჯერ არ დაუგმია. წინ რთული მოლაპარაკებებია. ყველა მოთამაშეს როდი აქვს გადაწყვეტილი, რომელ მხარეს დადგეს, და იმათ დაყოლიებას, ვინც დასაყოლიებელია, კომპენსაცია დაჭირდება.

რუსეთის სამიტები

იმ დროს, როცა დასავლეთი ახალ მოკავშირეების შეძენაზეა გადასული, რუსეთს ეტყობა, რომ აშკარად უჭირს პარტნიორების შენარჩუნება. ივნისში რუსეთმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა, რომელზეც იმ მთავრობებისა და კომპანიების ლიდერები შეიკრიბნენ, რომლებიც რუსეთთან მუშაობით იყვნენ დაინტერესებული. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის საომარი ოპერაციების დაწყებიდან ამ ფორუმის მონაწილეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდებოდა, მაგრამ მას მაინც ესწრებოდნენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის, აგრეთვე ჩინეთის, ინდოეთის, ვენესუელის, კუბისა და სერბეთის ლიდერები. ამ ღონისძიების დროს, ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა ყველას ყურადღება მიიპყრო, როცა განაცხადა, რომ ყაზახეთი უკრაინის სეპარატისტულ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს არ აღიარებდა. მან ასევე განაცხადა, რომ არა-დიდი შვიდეულის ქვეყნების უმრავლესობას რომელიმე მხარის დაკავება არ სურდა, თან დასძინა, რომ რუსეთს „მეგობრული“ ქვეყნებისთვის შესათავაზებელი ბევრი რამ ჰქონდა. გასულ შაბათ-კვირას, კრემლის სცენარიდან გადახვევით მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით, ტოკაევმა რუსეთს მნიშვნელოვანი მოკავშირე უწოდა და აღნიშნა, რომ მას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან „მშვენიერი შეხვედრა“ ჰქონდა. ბოლოს კი დასძინა, რომ ყაზახეთის ნავთობსადენზე რუსეთის მხარის მიერ წარმოებული სარემონტო სამუშაოები ალბათ ამ კვირაში დასრულდებოდა (დასავლეთის ოფიციოზი ეჭვობს, რამ ამ ნავთობსადენს საჭირო ტექმომსახურება უტარდება).

სანქტ-პეტერბურგის ფორუმს წინ უძღოდა BRICS-ის  (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) ქვეყნების მე-14 წლიური სამიტი – ეს გაერთიანება დიდი შვიდეულისა და ზოგადად აშშ-ის თაოსნობით შექმნილი ბლოკების „სამხრეთელ“ მოწინააღმდეგედ განიხილება. 23 ივნისს გამართულ სამიტზე პუტინმა თავის კოლეგებს დასავლეთის სანქციების საპასუხოდ მხარდაჭერისკენ და უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირებისკენ მოუწოდა.  

ჯერჯერობით, მის მოწოდებას არავინ გამოხმაურებია. თუმცა ამა წლის მარტში გაეროში გამართულ კენჭისყრაზე რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა მხოლოდ ბრაზილიამ დაგმო, BRICS-ის დანარჩენმა წევრმა-ქვეყნებმა დრო გაწელეს და მხარის დაკავებას აშკარად მოერიდნენ. მათ ისარგებლეს იმ შესაძლებლობით, რომ რუსეთს საქმის კეთების სურვილი აქვს, თუმცა ამის პარალელურად დასავლეთთან ვაჭრობაზე და დასავლურ ინვესტიციებზე უარს არ ამბობენ. რაც უკრაინის ომი დაიწყო, ინდოეთმა რუსეთიდან ენერგორესურსების შესყიდვა მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა დიდი შვიდეულის სამიტსაც დაესწრო და ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებიც განაახლა. სამხრეთ აფრიკა ჩვეულებრივ რუსეთის მოკავშირეა, მაგრამ დიდი შვიდეულის სამიტს ეს ქვეყანაც დაესწრო და გერმანიასთან ენერგოპროექტები განიხილა. და არგენტინამ, როგორც უკვე აღინიშნა, დიდი შვიდეულის ქვეყნებისგან ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების ჩადებაზე მზადყოფნა განაცხადა.  

პუტინმა ასევე დააყენა წინადადება BRICS-ის საკალათე ვალუტის და SWIFT-ის ბანკთაშორისი გზავნილების სისტემის ალტერნატივის შექმნის შესახებ და აღნიშნა, რომ BRICS-ის ქვეყნებთან რუსეთის ვაჭრობა 2022 წლის პირველ კვარტალში 38%-ით გაიზარდა. ამ მექანიზმის მიზანია ის, რომ რუსეთის სავაჭრო პარტნიორებმა დასავლეთის სანქციებს თავი აარიდონ, რაც მათთვის მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. მაგალითად, ჩინეთში ტვირთის გამგზავნებმა,  რომლებსაც სურთ ტვირთის ევროპაში გაგზავნა, უნდა აირჩიონ, ეს რუსეთის ტერიტორიის გავლით განახორციელონ თუ ყაზახეთის ტერიტორიის გავლით.

არსებული მონაცემების საფუძველზე, სულ უფრო მეტი გამგზავნი ყაზახეთის ტერიტორიის გავლით სარგებლობს. ყაზახეთის სახელმწიფო რკინიგზის კომპანიამ განაცხადა, რომ წლის დასაწყისიდან აქტაუს საზღვაო პორტი, კურიკის პორტი და აქტაუს ჩრდილოეთ საზღვაო ტერმინალში ტვირთვის დამუშავების ოპერაციები გაორმაგდა. ჩინეთის „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ეკონომიკური სტრატეგია ყაზახეთს ევროპასთან ვაჭრობაში სატრანზიტო ზონად ისედაც მოიაზრებდა. უკრაინის ომო ამ პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს და ზრდის ყაზახეთის რეგიონულ მნიშვნელობას. ამ ახალ სატრანსპორტო რუკას ყაზახეთსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობაც ხელს უწყობს. 10 მაისს შეხვედრაზე, ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოკაევმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ჩინეთისა და ევროპის მიმართულებით ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის, „მათ შორის, თურქეთის სატრანსპორტო დერეფნების გამოყენების“ ვარიანტები განიხილეს.  

სწორედ ეს არის სანქტ-პეტერბურგში ტოკაევის განცხადებების მნიშვნელოვანი კონტექსტი. ყაზახეთის პრეზიდენტს სწორედ ახლა აქვს რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ზეწოლის მექანიზმი. ამითაც აიხსნება ის, თუ ამ კვირის ოთხშაბათს პუტინი რატომ ესწრება აშხაბადის კასპიის ზღვის სამიტს, სადაც საინვესტიციო პროექტები დამატებით განიხილება. კრემლი არ ფიქრობს, რომ რეკომენდირებული ახალი დერეფნები ეფექტიანი იქნება – კავკასია ზედმეტად არასტაბილურია – მაგრამ წუხს იმაზე, რომ რეგიონული ინიციატივები რუსეთის მონაწილეობის გარეშე ხორციელდება.

BRICS-ის სამიტზე დასკვნით განცხადებაში გაკეთდა მითითება წევრთა მიერ გაეროს უშიშროების საბჭოზე და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებულ განცხადებებზე და განმეორებით დადასტურდა, რომ ამ გაერთიანების წევრები მხარს უჭერენ რეგიონში გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მისიას. ასეთი ბუნდოვანი განცხადებები მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნები ყოყმანობენ ცალსახად რუსეთის მხარე დაიკავონ. თუმცა, მათ არც დასავლეთის მხარეს დადგომის დიდი სურვილი აქვთ. იმ ეკონომიკურ გარემოში, სადაც გაურკვევლობა ბატონობს, მოქნილობა შეუფასებელია.

ანტონია კოლიბასანუ

29.06.22.

 

 

Leave a Reply