• December 21, 2024

 

ამა წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, რუსულ მომარაგებაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით ევროპის ქვეყნები ალტერნატიულ ენერგორესურსებს ეძებენ. ჯერჯერობით ეს ძალისხმევა წარუმატებელია, ვინაიდან მოკლე ვადაში შეუძლებელია წარმოების იმ დონემდე გაზრდა, რომ რუსეთიდან ენერგორესურსების ექსპორტი საჭირო აღარ იყოს, და იმ ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც ენერგორესურსების ევროპულ ბაზრებზე გატანისთვისაა საჭირო. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში  ენერგორესურსების დივერსიფიკაცია რეალური შესაძლებლობაა და ევროპის ქვეყნებიც თავიანთ სტრატეგიებს კასპიის რეგიონ, კერძოდ, ენერგორესურსებით მდიდარ ყაზახეთს, თურქმენეთსა და აზერბაიჯანს უკავშირებენ. ეს ქვეყნები ტრადიციულად რუსული გავლეის ზონად განიხილებიან, მაგრამ მათ მალე შეიძლება მოსკოვს სერიოზული კონკურენცია გაუწიონ და ევროპის ენერგობაზარზე რუსეთის უპირობო ბატონობასაც წერტილი დაუსვან.  

 

ფოკუსი ენერგეტიკაზე

 

როცა საქმე რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლებას ეხება, კასპიის რეგიონი რატომ არის ასე პერსპექტიული? კასპიის ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი ნავთობისა და გაზის მწარმოებელი რეგიონია. რუსეთის მსგავსად, აქ მდებარე პოსტ-საბჭოთა ქვეყნები თავიანთ ენერგორესურსებს საკუთარი ეკონომიკის ასაშენებლად იყენებენ და ამ პროცესში ნავთობისა და გაზის ექსპორტზე სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდებიან. პანდემიის შედეგად ქვეყნების ეკონომიკის დასუსტებისა და მნიშვნელოვანწილად უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიით გამოწვეული ეკონომიკური კავშირების მოშლს პირობებში, მარაგების შენარჩუნება ამ რეგიონში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელი და ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი მომმარაგებელია. მისი ნავთობის რეზერვები დაახლოებით 30 მილიარდ ბარელს შეადგენს, ხოლო ბუნებრივი გაზის რეზერვების სიდიდით ყაზახეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში რიგით მესამეა რუსეთისა და თურქმენეთის შემდეგ. ყაზახეთში  ნავთობისა და გაზის 250-ზე მეტი საბადოა, რომელთა მოპოვებით დასაქმებულია 104 კომპანია, მათ შორის, ისეთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიები, როგორიცაა „შევრონი,“ „ენი,“ „ტოტალი,“ „ექსონმობილი,“ „როიალ დაჩ შელი“ და „ბრითიშ გაზი.“ 2021 წელს ნავთობისა და გაზის მრეწველობამ ყაზახეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 17% შეადგინა, ხოლო მისი ბიუჯეტის დაახლოებით მესამედი ნავთობზე მოდიოდა. ენერგომოპოვების სექტორმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28% შეადგინა. ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტმა კი ყაზახეთის მთლიანი ექსპორტის 57% შეადგინა.  

თურქმენეთი ბუნებრივი გაზი ამ ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების 85%-ს შეადგენს. თურქმენეთი მსოფლიოში ბუნებრივი გაზის რეზერვების მიხედვით მეოთხე ადგილზეა და მის მფლობელობაშია „გალკინიში“ – მსოფლიოში სიდიდით რიგით მეორე ბუნებრივი გაზის საბადო. ამასობაში, აზერბაიჯანი დღეში 590,000 ბარელ ნავთობს (გაზის კონდენსატით) აწარმოებს, ხოლო მისი რეზერვები 7 მილიარდი ბარელი ნავთობით და 1,9 ტრილიონი კუბური მეტრი გაზით განისაზღვრება. მიუხედავად ქვეყნის სურვილისა ენერგეტიკის გარდა სხვა დარგებიც განავითაროს, აზერბაიჯანის ნავთობის ექსპორტი მისი მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 86%-ს შეადგენს.  

 

ევროპასთან კავშირები

 

ევროპისთვის კასპიის რეგიონი განსაკუთრებით მიმზიდველია არსებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან, მათ შორის, მილსადენის ქსელებთან მისი სიახლოვის გამო. კასპიის რეგიონის მიმზიდველობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ყოველდღიურად იზრდება როგორც აშკარა მიზეზების, ასევე იმის გამოც, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერები რუსეთთან – ევროპისთვის ნავთობისა და გაზის უმსხვილეს მიმწოდებელთან – ანტაგონიზმს აღარ ერიდებიან და მისი ტრადიციული გავლენის სფეროში დაუფარავად იჭრებიან. დასავლეთის მიერ მოსკოვის იზოლაციისა და ანტირუსული განწყობების ზრდის პირობებში, ამ სფეროში ევროპის ქვეყნები სულ უფრო თამამად იწყებენ საქმეს მიუხედავად იმისა, რომ მათმა საქმიანობამ შეიძლება რუსეთის ინტერესებს ხელი შეუშალოს და ამ საქმიანობას შეიძლება კრემლისგან საპასუხო ზომები მოყვეს.

ევროკავშირის წევრი-ქვეყნები უკვე ცენტრალური აზიისა და კავკასიის ენერგორესურსების მნიშვნელოვანი მყიდველები არიან. მთლიანობაში, ევროკავშირი ყაზახური ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია. ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ამასწინანდელ სატელეფონო საუბარში, ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად იყო მისი ნახშირწყალბადის პოტენციალი მსოფლიო და ევროპის ბაზრების სტაბილიზაციისთვის გამოეყენებინა.  

მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ევროპის მიმართულებით ყაზახეთის საექსპორტო მილსადენი რუსეთზე გადის, ძირითადად კასპიის მილსადენის კონსორციუმის ქსელის მეშვეობით, რაც მოსკოვს ამ გარიგებაზე გავლენის მნიშვნელოვან ბერკეტს ანიჭებს. რუსეთის ტერიტორიისთვის გვერდის ავლით ყაზახური ნავთობის ევროპამდე მისატანად კი ახალი მარშრუტების გაყვანაა საჭირო. ერთი მნიშვნელოვანი ვარიანტია „ტრანსკავკასიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი”, რომელსაც „შუა დერეფანსაც“ უწოდებენ, რომელიც ყაზახეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ევროპას ერთმანეთთან აკავშირებს და ტრადიციულ რუსულ მარშრუტებს გვერდს უვლის. „შუა დერეფნის“ ათვისების შესახებ  პირველი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ბრიუსელში ამა წლის 15 ივნისს გაიმართა.  

 

ევროპასთან საკვანძო მნიშვნელობის ენერგეტიკული კავშირები აზერბაიჯანსაც აქვს. 2022 წლის იანვარ-თებერვალში იტალიამ ამ ქვეყნის ნავთობის ექსპორტის 43,3% შეისყიდა. მაგრამ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარებით ნაკლები რესურსების გამო აზერბაიჯანი უფრო ტრანზიტულ ქვეყნად განიხილება, ვიდრე მომმარაგებლად. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მას შეძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპისთვის გაზის ექსპორტის ზრდაში, განსაკუთრებით „გაზის სამხრეთ დერეფნის“ მეშვეობით, რომელშიც შედის ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი, თურქეთის ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) და ტრანს-ადრიატიკის მილსადენი (TAP). თუმცა, ამ დერეფნის გავლით ექსპორტის გაფართოვებას მნიშვნელოვანი ინვესტიციები დასჭირდება იმისათვის, რომ მილსადენების გამტარუნარიანობა გაიზარდოს. მაგალითად, თურქეთის ტრანსანატოლიური გაზსადენის საპროექტო გამტარუნარიანობა წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრით, ხოლო ტრანს-ადრიატიკის მილსადენის საპროექტო გამტარუნარიანობა წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრით განისაზვრება. შედარება რომ გავაკეთოთ, ევროკავშირის მიმართულებით რუსეთის გაზსადენების ჯამური გამტარუნარიანობა წელიწადში 175 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.  

ამასობაში, თურქმენეთისთვის ევროპა ჯერ-ჯერობით მნიშვნელოვანი ბაზარი არ არის, ვინაიდან მისი გაზის ექსპორტის დაახლოებით 80% ჩინეთში გადის. თუმცა, მაინც არსებობს გარკვეული გეგმები იმისათვის, რომ ეს მომარაგება იმ პოტენციური „ტრანსკასპიური გაზსადენის“ მეშვეობით გაიზარდოს, რომელიც თურქეთის ტრანსანატოლიური გაზსადენისა და ტრანს-ადრიატიკის მილსადენის სისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს. „კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ 2018 წლის კონვენციამ“ ეს შეიძლება შესაძლებელი გახადოს. კონვენციის თანახმად, რომელსაც ხელს აწერს აზერბაიჯანი, ირანი, ყაზახეთი, რუსეთი და თურქმენეთი, კასპიის ზღვის ფსკერზე მილსადენის გაყვანა მხოლოდ იმ ქვეყნის თანხმობას საჭიროებს, რომლის ტერიტორიულ წყლებშიც მილსადენი გადის. ამ პროექტის საანგარიშო ღირებულება დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარით, სიგრძე – 300 კილომეტრით (186 მილით), ხოლო წლიური გამტარუნარიანობა – 30 მილიარდი კუბური მეტრით განისაზღვრება.

 

რუსული ბერკეტები

 

რუსეთისთვის კასპიის ზღვა მნიშვნელოვანი რეგიონია როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. უსაფრთხოების თვალსაზრისით, კასპიის ზღვა რუსეთის სამხრეთ საზღვრებს ყოფს ირანისგან, მოსკოვს კავკასიის ხშირად ფეთქებად რეგიონში ყოფნისა და გავლენის განხორციელების საშუალებას აძლევს და ამავე დროს ის ადგილია, საიდანაც მას სირიაში სარაკეტო დარტყმების განხორციელება შეუძლია. ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ ზღვით რუსეთი კასპიის აუზის ქვეყნებს უკავშირდება და ამავე ზღვაში ბუნებრივი რესურსების მსხვილ რეზერვებს ფლობს. ივნისის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქმენეთის ქ. აშხაბადს ეწვია და კასპიის სამიტს დაესწრო – უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს უცხო ქვეყანაში მისი პირველი ვიზიტი იყო. სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე მან მოლაპარაკებები გამართა აზერბაიჯანის, ირანის, ყაზახეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებთან.  

რუსეთი ამ რეგიონს ყურადღებით დააკვირდება იმისათვის, რომ ძალაუფლების სასწორმა დასავლეთისკენ საკმარისზე მეტად არ გადაიწიოს. ამ ეტაპზე, ის მაინცდამაინც ძალიან შეშფოთებული არ არის იმით, რომ დასავლეთი მისი გავლენის შესუსტებას ცდილობს, და ეს რამდენიმე მიზეზით აიხსნება. პირველი, რუსეთს ესმის, რომ ევროპისთვის ენერგოექსპორტის სწრაფად გაზრდა თითქმის შეუძლებელია. ამისთვის საიროა არსებული მილსადენების გამტარუნარიანობის გაზრდა ან ახალი მილსადენების, კერძოდ, „ტრანსკავკასიური გაზსადენის“ მშენებლობა, რის განხორციელებასაც მრავალმილიარდიანი კაპიტალდაბანდებები, ხოლო დასრულებას არაერთი წელი დასჭირდება. მეორე, თეირანის კონვენციაკასპიის რეგიონში დაბინძურების პრევენციის, შემცირებისა და კონტროლის ხელშეწყობის შესახებ არსებული ჩარჩო ხელშეკრულებარომელსაც კასპიის აუზის ხუთივე ქვეყანა აწერს ხელს, შეიძლება მოსკოვს ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების გაფართოება-მშენებლობის წლობით შეფერხებაში გამოადგეს. მაგალითად, ზღვის დონის კლების ფონზეყაზახეთი კასპიის ზღვის ფსკერსაღრმავებელი სამუშაოების ჩატარებას გეგმავს იმისათვის, რომ გემები ნავთობპლატფორმებთან ადვილად ჩამოდგნენ. ამ პროექტმა შეიძლება კასპიის ზღვის ეკოლოგიას ზიანი მიაყენოს, რაც რუსეთმა შეიძლება პროექტის განხორციელების შეფერხების საბაბად გამოიყენოს. გარდა ამისა, კასპიის ზღვის დემარკაცია ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. „კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციის თანახმად, ზღვის ფსკერისა და ქვედაფენის დემარკაცია ყველა მომიჯნავე და მოპირდაპირე ქვეყნის თანხმობით უნდა განხორციელდეს. ამან შეიძლება რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება კიდევ უფრო გაართულოს.        

რუსეთის, ისევე როგორც კასპიის რეგიონში მისი ტრადიციული მოკავშირეების, ეკონომიკური კეთილდღეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგორესურსების ექსპორტზე. გრძელვადიან პერსპექტივაში, მას მოუწევს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში გავლენის გაძლიერება, რაც არც ისე ადვილი საქმე იქნება, ვინაიდან კასპიის აუზის ქვეყნები ენერგობაზარზე მისი მზრდი კონკურენტები ხდებიან.

ეკატერინა ზოლოტოვა

13.07.22.

Leave a Reply