• December 21, 2024

 

“არ ვიცით. ყველაფერი შესაძლებელია“. ეს იყო გერმანიის ეკონომიკის მინისტრის რობერტ ჰაბეკის მოკლე პასუხი იმ კითხვაზე, რომელიც მისი ქვეყნის მთავრობას, მრეწველობას და საზოგადოებას ამჟამად აწუხებს: როცა 21 ივლისს „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ გაზსადენის 10-დღიანი გეგმიური ტექმომსახურების სამუშაოები დასრულდება, რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბუნებრივი აირის ექსპორტიორი „გაზპრომი“ მიწოდებას განაახლებს? თუ ვლადიმირ პუტინი გერმანიას გაზექტომიას ჩაუტარებს?

ქსელების ფედერალური სააგენტოს“ გაზმომარაგების შესახებ უკანასკნელი ანგარიშის გრაფაზე ნაჩვენებია, რა რაოდენობის რუსული ბუნებრივი გაზი შემოედინება გერმანიის აღმოსავლეთ საზღვარზე არსებულ სამ შეერთების წერტილში: ნული. „სიტუაცია“, აცხადებს სააგენტო, „დაძაბულია და ვითარების გაუარესება გამორიცხული არ არის“. 

 

ეს განცხადება რეალური სიტუაციის უფრო მიჩუმათებას ჰგავს. „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ გაზსადენით ბუნებრივ აირზე გერმანიის წლიური მოთხოვნილების 58% კმაყოფილდება. ბუნებრივ აირზე ევროპის საბაზისო ფასი 24 თებერვალს რუსეის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკვე 130%-ზე მეტით გაიზარდა და მეგავატ საათში 170 ევრო შეადგინა. ივნისის ბოლოს, რუსეთის მიერ მომარაგების 60%-ით შემცირების შემდეგ, ბერლინმა ბუნებრივ აირზე საგანგებო სიტუაციაში მოქმედების გეგმის მეორე ეტაპი აამოქმედა ისე, რომ ბუნებრივი აირის ნორმირებულ მოხმარებამდე სულ ერთი ნაბიჯიღა დარჩა.    

გერმანია ბუნებრივ აირს ნორვეგიიდანაც, ნიდერლანდებიდანაც და ბელგიიდანაც იღებს. მაგრამ რუსეთს შეეძლო ბუნებრივი გაზის მიწოდება სხვა მარშრუტით, მაგ., იამალის ან უკრაინის სატრანზიტო გაზსადენით, განეხორციელებინა, მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია. შესაბამისად, გერმანია ზამთრის მარაგების შესაქმნელად გაზსაცავებს ვეღარ ავსებს.  

ივლისის დასაწყისში გერმანიის 30-წლიანი სავაჭრო პროფიციტი დეფიციტში გადაიზარდა, რაც ბუნებრივ აირზე ფასების ზრდამ განაპირობა; ქვეყნის სიმდიდრე ძირითადად მრეწველობის იმ ენერგოტევადი დარგები იქმნება, რომელთა იმპორტის ხარჯებიც გაზრდილია. ინფლაციამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ეკონომიკური სტაგნაცია კარს არის მომდგარი და 2002 წლის შემდეგ პირველად ევრო დოლარს გაუტოლდა, რასაც ბუნებრივ აირზე ფასების ზრდა განაპირობებს. ქვეყნის გლობალური კონკურენტული უპირატესობის მთავარ წყაროს იაფი რუსული ბუნებრივი აირი წარმოადგენდა. ახლა რუსეთი ევროპას და გერმანიას პუტინის ომისთვის ფასს ახდევინებს.    

გერმანიას ბევრი არჩევანი არ აქვს, ხოლო რაც აქვს, ისინიც არასრულფასოვანი და არასასიამოვნოა. ჰაბეკი ქვანახშირის ელექტროსადგურებზე ალაპარაკდა და ხალხს არიგებს ხანმოკლე შხაპები მიიღონ. ის ამარტივებს შესყიდვას და ამსუბუქებს ეკოლოგიურ მოთხოვნებს გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალების ასაშენებლად; ამის პარალელურად, ის იჯარით იღებს მცურავ ტერმინალებს. ალტერნატიული გათხევადებული ბუნებრივი აირის მარაგების მოსაძიებლად მან სპარსეთის ყურის ავტორიტარული ლიდერების გულის მოგებაც კი სცადა. მწვანე პოლიტიკოსისთვის ეს მტკივნეული დათმობებია. მაგრამ ჰაბეკი ჩქარობს და პრაგმატულად მოქმედებს.

სიტუაცია უარესდება. ენერგეტიკაში საგანგებო სიტუაციის შესახებ გერმანიის კანონით კერძო შინამეურნეობებს მრეწველობის ობიექტებთან შედარებით უპირატესობა ენიჭებათ და ზოგიერთი კომპანია აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის ნორმირებულმა მოხმარებამ ან მომარაგების შეწყვეტამ შეიძლება მათი საქმიანობის სამუდამოდ შეწყვეტა გამოიწვიოს. მთავრობამ ახლახან მიიღო კანონი, რომლითაც მას შეუძლია დახმარების ხელი გაუწოდოს იმ ფირმებს, რომლებსაც ენერგოკრიზისმა საზიანო დარტყმა მიაყენა; ბუნებრივი აირის იმპორტიორმა კომპანია „უნიპერმა“ ხელი უკვე აწია. ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ფასები შეიძლება გასამმაგდეს.    

ამ მძიმე პერსპექტივის გამო ლიბერალები (რომლებიც ხელისუფლებაში არიან) და ოპოზიციონერი კონსერვატორები უკვე ხმამაღლა აკრიტიკებენ ბერლინის გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე უკანასკნელი სამი ატომური ელექტროსადგურის დახურვის შესახებ.

ირონიაა, თუმცა ფაქტია, რომ იაპონიაში ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შემდეგ 2011 წელს სწორედ ანგელა მერკელის კონსერვატიულ-ლიბერალურმა კოალიციამ მიიღო გადაწყვეტილება მოხმარებიდან ატომური ელექტროენერგიის ეტაპობრივად ამოღების შესახებ. მას შემდეგ გერმანიამ შეწყვიტა სამოქალაქო ატომური ელექტროსადგურის ტექნოლოგიებში და განათლებაში ინვესტირება. დარჩენილი სამი ატომური ელექტროსადგურის საექსპლუატაციო ვადაც მალე ამოიწურება. ისინი ქვეყნის ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების მხოლოდ 6%-ს დააკმაყოფილებდნენ. და მრეწველობას ტექნოლოგიური პროცესის სითბო სჭირდება და არა ელექტროენერგია. საბოლოო დასკვნა შემდეგია: საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივების ხარჯები და რისკი სარგებელს გადაწონის.

 

ვინაიდან ამ ტკივილის დიდი ნაწილი გერმანიამ საკუთარ თავს თვითონ მიაყენა, ევროპის სხვა ნაწილებში ბოროტი სიხარული პროგნოზირებადი იყო. ბევრისთვის მიუღებელია ის, რომ გერმანიამ სოლიდარობა მოითხოვოს მას შემდეგ, რაც ის წლების განმავლობაში საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და სხვათა კრიტიკას არად აგდებდა.  

და მაინც, ევროკავშირის ეკონომიკური გიგანტის ბუნებრივი აირის კრიზისი მთელ ევროპას მოსვენებას დაუკარგავს. „უნიპერი“ შეიძლება გერმანიის ბუნებრივი აირით უმსხვილესი მომმარაგებელი იყოს; მისი მთავარი აქციონერია ფინური სახელმწიფო ენერგოკომპანია „ფორტუმი.“ და რუსეთმა სრულად ან ნაწილორივ შეუწყვიტა გაზმომარაგება ევროკავშირის 12-მდე ქვეყანას. ამასთან, არ არსებობს ევროპული გაზის განაწილების ხელშეკრულება. რაც არის, ისინი მხოლოდ ნაჩქარევად გაფორმებული რამდენიმე ორმხრივი „სოლიდარობის“ ხელშეკრულებაა. „სოლიდარობის“ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია იმ ქვეყნებს, რომლებიც ძირითადად არა-რუსული გაზით მარაგდებიან. ამ ქვეყნების სიას მიეკუთვნება საფრანგეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი და ბელგია.

რაც ახლა საჭიროა, არის ევროკავშირის საერთო ენერგოუსაფრთხოების სტრატეგია. პუტინის გაზმომარაგების შეწყვეტის მუქარას გერმანიის საზოგადოების სიმტკიცისა და პოლიტიკური ნების გასატეხად იყენებს. მაგრამ გერმანიაში ის მთელ ევროპას გულისხმობს.

 

კონსტანცე სტელცენმიულერი

17.07.22.

Leave a Reply