თუ უკრაინის გარშემო რუსეთის მთელ ქცევას შეხედავთ, მისი სტრატეგია გახდება აშკარა – ან იმდენად აშკარა, რამდენადაც აშკარა გეოპოლიტიკაში შეიძლება იყოს. ჯარების მობილიზაცია რამდენიმე თვის წინ დაიწყო. დროთა განმავლობაში, აშშ და მისი ნატოს მოკავშირეები მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა. რუსებმა თავიანთი მოთხოვნები რამდენი კვირის წინ წამოაყენეს და მოითხოვეს, რომ ნატოს უკრაინისთვის ალიანსში გაწევრიანებაზე უარი ეთქვა და აღმოსავლეთ ევროპიდან იარაღი გაეტანა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთმა იმ სტატუს კვოს აღდგენა მოისურვა, რომელსაც ის საბჭოთა კავშირის დაშლამდე ფლობდა.
რუსეთის ამ ქცევას ერთი ახსნა-განმარტება მოეძებნა. მოსკოვის მოთხოვნებში ისეთი სურათი იქმნებოდა, თითქოს უკრაინა და აღმოსავლეთ ევროპა მას უქმნიდა განსაკუთრებულ საფრთხეს, რომელიც მოიხსნებოდა, თუ ნატო გემს მიატოვებდა. ეს უბრალოდ სინამდვილეს არ შეესაბამება; აღარ არის საჭირო, რომ რაკეტები ახლოს იყოს განლაგებული იმისათვის, რომ მიზანში იყო ამოღებული და საფრთხეს წარმოადგენდეს. ამიტომ ეს მოთხოვნა უაზრო იყო გარდა ერთი ასპექტისა: რუსეთს სახმელეთო თავდასხმისთვის სტრატეგიული სიღრმე სჭირდება. ეს საფრთხე რამდენად ნაკლებად სავარაუდოც უნდა იყოს, ის მთავარი და სიღრმისეულია. ეს საკითხი მოგვარდებოდა, თუ ნატო უკან დაიხევდა და დასავლეთის მიმართულებით გადაინაცვლებდა, და საერთოდ მოხსნებოდა დღის წესრიგიდან, თუ რუსეთის ჯარები დასავლეთის მიმართულებით განლაგდებოდნენ.
ამ მიმართულებით აზროვნებაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთმა შესანიშნავად უწყოდა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს განაცხადებდნენ.
კიდევ ერთი თეორია იყო ის, რომ რუსეთს უკრაინის დაპყრობის განზრახვა ყოველთვის ჰქონდა. ომი რომ გაემართლებინა, რუსეთი ეძებდა საბაბს – ამერიკას მისი წინადადება არ მიეღო. ზოგადად ევროპელებს და ამერიკაშიც მრავალს ომი არ უნდათ. რუსები შეიძლება იმედოვნებდნენ, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ევროპას სერიოზულად შეაშფოთებდა. შესაბამისად, თუ ყურადღებას უკრაინიდან ნატოზე გადავიტანთ, რუსეთის განზრახვა შეიძლება ყოფილიყო ნატოს ისე ღრმად დაყოფა, რომ ის ვეღარასოდეს გამთლიანებულიყო. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპელებს არ სურთ იტვირთონ ალიანსის შენახვის ფინანსური ვალდებულება, აშშ ნატოს წევრებს არ ენდობა ყველა რისკის განაწილებაში და, რადგან ზოგადი ეკონომიკური ძალები ევროპას ნაწილებად ყოფს, ალიანსის დასაყოფად რუსეთს დიდი ძალისხმევა არ სჭირდება.
ამ საკითხზე უაღრესად მნიშვნელოვანია გერმანიის პოზიცია, ქვეყნისა, რომელიც ევროპის დე-ფაქტო ლიდერია. ამჟამად მისი ეკონომიკა დასუსტებულია მისი საექსპორტო ბაზრის შეზღუდვით და კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული შიდა დისბალანსებით. მისი ეკონომიკის სტაბილიზაციის ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორია რუსული ბუნებრივი გაზის ექსპორტების საიმედოობა, რაც „ჩრდილოეთის ნაკადის“ მე-2 ნავთობსადენით კიდევ უფრო უნდა განმტკიცებულიყო. ზოგადად ევროპისთვის და კონკრეტულად გერმანიისთვის გაზის რეალიზაციიდან შემოსავალი რუსეთს ჰაერივით სჭირდება. შესაბამისად, უკრაინის საზღვართან რუსეთის ქმედებებმა ერთგვარი დილემა შექმნა. გერმანიას და სინამდვილეში ნატოს ყველა წევრს რუსეთის ენერგია სჭირდებათ, მაგრამ რუსეთის მიმართ ნდობა არ აქვთ. ომმა შეიძლება რუსეთი აიძულოს შეწყვიტოს ევროპაში ენერგიის ექსპორტი და ამით გერმანია და სხვა ქვეყნები არჩევანის წინაშე დააყენოს: შიდა პრობლემები და არეულობა თუ რუსეთისგან გრძელვადიანი უსაფრთხოება. რუსეთს ხილული ნაბიჯი არ გადაუდგამს, რადგან ხშირად თავდასხმის იდეა უფრო ძლიერზემოქმედებს, ვიდრე რეალური თავდასხმა.
სწორედ ამით აიხსნება რუსეთის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რის შედეგადაც თავდასხმა ჭიანურდება და ომის შიში იზრდება. გერმანია ნატოს მიმართ სოლიდარობის ჟესტებს გააკეთებს და ამის პარალელურად ეცდება მოძებნოს ისეთი გამოსავალი, რომელიც რუსეთს განზრახვაზე ხელს ააღებინებს. ამითვე აიხსნება მოსკოვის განსაკუთრებული თავშეკავება აშშ-ის პასუხზე და დაპირება, რომ მიუხედავად ჯარების თავმოყრისა, ომი არ იქნება. თუ ნატო არსებითად დაიშლება, რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა შექმნას ნეიტრალური სამხედრო ზონა და ეკონომიკური ზონა, რომლის შემადგენელი ნაწილი და ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელიც თვითონაა.
ამ ყველაფერში ერთი წინააღმდეგობრივი საკითხი, რომელსაც გეოპოლიტიკაში ჩვეულებრივ ყურადღებას არ ვაქცევთ, არის საზოგადოებრივი აზრი. ამერიკის მიერ რუსეთის წინადადების უარყოფას აშშ-ში დაყოფები, ხოლო ევროპაში საერთო ანტი-ამერიკული განწყობები უნდა გამოეწვია. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ზოგადად კარგად ეხერხება სოციალური და პოლიტიკური დაყოფები იმისათვის, რომ ქვეყნებმა მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღონ.
მოსკოვის ქმედებებისა და წინადადებების მიზანი იყო აშშ-ისთვის, როგორც არაგონივრული ქვეყნისთვის, ზურგის შექცევა. მაგრამ ჯერჯერობით ევროპაში რაიმე ფართომასშტაბიანი ომისსაწინააღმდეგო მოძრაობა არ დაწყებულა, და დაყოფა ვაშინგტონში ადგილზე რჩება. ევროპამ რომ გეზი რუსეთისთვის სასურველი მიმართულებით აიღოს, ამას საზოგადოებრივი მხარდაჭერა სჭირდება. ამით კი მთავრობებს მანევრირების შესაძლებლობა აღარ ექნებათ, ეს კი სწორედ ის არის, რის გაკეთებაც რუსეთს სჭირდება.
ეს ძალზე რთული მანევრების მთელი დასტის რთული ახსნა-განმარტებაა. რუსები ფიქრობენ, რომ თუ ნატო ერთიანობას ვერ შეინარჩუნებს, ისინი უკრაინაზე კონტროლს უმტკივნეულოდ დაამყარებენ. მინიმუმ გერმანიის აზრით, ნატოს სარგებელი ბუნებრივ გაზზე წვდომის სარგებელს არ შეედრება. რაც შეეხება გერმანიას, ის ნატოს გაზთან შედარებით უპირატესობას ვერ მიანიჭებს. რუსეთის ახორციელებს ირიბი თავდასხმის სტრატეგიას – ჯერ ნატო დასუსტდეს, იქნებ დაიშალოს კიდეც, და შემდეგ უკრაინა კალთაში ჩაუხტეს. სწორედ ეს არის მისი მოლოდინი, მაგრამ სხვა ქვეყნების მსგავსად, რუსეთი ხშირად შემცდარა. რუსები აბსოლუტურად გულწრფელები იყვნენ, როცა განაცხადეს, რომ უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებდნენ. მანამდე მათ უფრო გრანდიოზული მიზნის მიღწევა აქვთდაგეგმილი.
ჯორჯ ფრიდმანი
2022 წლის 1-ლი თებერვალი
https://geopoliticalfutures.com/russias-true-strategy-shows-itself/