ახლო აღმოსავლეთის დიპლომატიურ რუკაზე კვლავ მორიგი ცვლილება ხდება. როგორც ჩანს, ყინულმა ლღობა დაიწყო ყოფილ პარტნიორებს – თურქეთსა და ისრაელს – შორის, რომელთა ურთიერთობაც თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაუარესდა. გასულ კვირას ერდოგანმა განაცხადა, რომ ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ანკარას მარტის შუა რიცხვებში ეწვევა, რითაც ჰერცოგი2007 წელს შიმონ პერესის ვიზიტის შემდეგ ისრაელის პირველი პრეზიდენტი გახდება, რომელიც თურქეთს ეწვია (ისრაელის მთავრობას ეს ვიზიტი ჯერ არ დაუდასტურებია, მაგრამ „შესაძლო ვიზიტი“ უკვე აღიარა). თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების დათბობის იმედები კიდევ უფრო გაძლიერდა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ იაირ ლაპიდსა და მის თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გასულ თვეს გამართული სატელეფონო საუბრით, რომელიც უკანასკნელი 13 წლის პერიოდში ამ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის პირველი საჯაროდ აღიარებული საუბარი იყო.
ის ფაქტი, რომ ერდოღანი ახალ პარტნიორებს ეძებს და როგორც ჩანს, ურთიერთობების გამოსწორებას ლამობს, გასაგებია. ქვეყნის ეკონომიკა იშლება, მისი მმართველობის წინააღმდეგ შიდა ოპოზიციური პარტიები ძალებს იკრებენ, ქვეყანას კონფლიქტი აქვს არაბ მეზობლებთან და ტრადიციულ დასავლელ მოკავშირეებთან და რეგიონში ახალი ცხელი წერტილი ჩნდება – რუსეთი უკრაინის დასაპყრობად ემზადება.
თურქეთი პირველი მუსლიმური ქვეყანა იყო, რომელმაც ისრაელის ახალი სახელწმიფო 1949 წელს აღიარა და დიპლომატიის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის სფეროებში ეს ორი ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც 2002 წელს ხელისუფლებაში ერდოღანის ისლამური „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ მოვიდა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა „ამერიკული მთებით“ გასეირნებას დაემსგავსა. ახლა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის აუზში მზარდი იზოლაცია და შიდა ეკონომიკური პრობლემები თურქეთის ლიდერს აიძულებს მის დაუძინებელ მტერს შეურიგდეს.
ერდოგანის ხშირი ანტისემიტური და ისრაელის საწინააღმდეგო გამოხტომების გათვალისწინებით, რომლებსაც აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლის მაისში „დასაძრახი“ და „შფოთის ამტეხი“ უწოდა, ისრაელი ფრთხილად იქცევა. „თურქეთთან დაკავშირებით ილუზიები არ მაქვს,“ ამას წინათ განუცხადა გაზეთ „ჰაარეცს“ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა. „ჩვენთვის მთელი დინამიკა კარგად არის ცნობილი.“
ისრაელისთვის ყველაზე მეტად მიუღებელია ერდოღანის ურყევი მხარდაჭერა აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასისა, რომელიც გაზას აკონტროლებს. როგორც „ტელეგრაფი“ 2020 წელს იუწყებოდა, სხვადასხვა სახის მხარდაჭერასთან ერთად, ანკარამ თურქეთის მოქალაქეობა მიანიჭა და პასპორტები დაურიგა ჰამასის უფროს ოპერმუშაკებს, მათ შორის, მას, ვინც „ხელმძღვანელობდა იერუსალიმის იმდროინდელი მერისა და ისრაელის სხვა საზოგადოებრივი მოღვაწეების მკვლელობის გეგმას.“ ერდოღანმა დაუფარავად უმასპინძლა ჰამასის ორ ლიდერს, სალეჰ-აროურის და ისმაილ ჰანიეს. ორივე ვაშინგტონს გლობალურ ტერორისტთა სიაში ჰყავს შეყვანილი. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ, როგორც „აქსიოსი“ ცოტა ხნის წინ იტყობინებოდა, ისრაელის „შინ ბეთის“ დაზვერვის სააგენტომ „თურქეთზე შიდა საუბრებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნორმალიზაციის ნებისმიერი პროცესი უნდა ითვალისწინებდეს თურქეთში ჰამასის საქმიანობის შეზღუდვას.“
ის, რაც ისრაელის ეჭვს აძლიერებს და ისრაელის მიმართ ერდოღანის მშვიდობიან ინიციატივებს ირონიულ ელფერს სძენს, არის ის ფაქტი, რომ 2020 წელს ერდოღანმა ძალღონე არ დაიშურა ისრაელსა და მის რამდენიმე არაბ მოწინააღმდეგეს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მიზნით აშშ-ის მიერ ინიცირებული „აბრაამის შეთანხმებების“ ჩასაშლელად. ირანისა და ჰამასის მსგავსად, თურქეთის ხელისუფლებამ ეს შეთანხმება დაგმო და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს დიპლომატიური კავშირის გაწყვეტითაც კი დაემუქრა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ისრაელთან მშვიდობის აღსადგენად ბაჰრეინს, მაროკოსა და სუდანს შეუერთდა.
მას შემდეგ არაბთა გაერთიანებულ საემიროების მიმართ გამოთქმული მუქარა ერდოგანმა უკან წაიღო და იმ არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობების გამოსასწორებ დაიწყო, რომლებთანაც თურქეთს ახლო წარსულში შეხლა-შემოხლა ჰქონდა. ახლა ერდოღანი ისრაელთან მიმართებითაც იმავეს აკეთებს. სწორედ ამ დიპლომატიური ფაცაფუცის ერთ-ერთი კომპონენტი იყო 2021 წლის ნოემბერში ემირატის ტახტის მემკვიდრის მოჰამედ ბინ ზაიედის ანკარაში ვიზიტი, არადა სულ ახლო წარსულში, 2020 წელსაც კი, თურქეთის სახელმწიფო მედია მას „შავ პრინცად“ მოიხსენებდა. ერდოგანს აშკარად იმის იმედი აქვს, რომ ემირატების დედაქალაქში ჩავა და თურქეთის გაჩანაგებულ ეკონომიკას მათი დახმარებით ფეხზე წამოაყენებს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობის შემდეგ, აბუ დაბიმ და ანკარამ ვალუტის გადაცვლის შესახებ $4,5 მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმეს, ხოლო აბუ დაბის სამეფო ფონდმა თურქეთში 10 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის პირობა დადო. თავის მხრივ, არაბთა გაერთიანებული საემიროები თავის ინვესტიციაზე არა მხოლოდ კარგ უკუგებას მოელის, არამედ თურქეთს ირანის წინააღმდეგ პოტენციურ მოკავშირედ განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ ბაიდენის ადმინისტრაცია თეირანთან ახალი ბირთვული შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებებს დაიწყებს.
მართალია ისრაელი ნავთობჭაბურღილებიდან არ იღებს შემოსავლებს, თურქეთს თავზე დოლარები რომ აწვიმოს, მაგრამ მას რეგიონში ნამდვილად აქვს ფინანსური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური ძლიერება. ისრაელთან ურთიერთობების გაუმჯობესება თურქეთს მისი შელახული საერთაშორისო იმიჯის, კერძოდ, საინვესტიციო ქვეყნის იმიჯის, აღდგენაშიც წაადგებოდა. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში თურქეთიდან დასავლური კაპიტალის უპრეცედენტო გადინებამ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თურქეთის, როგორც მზარდი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის იმიჯი, რასაც შეიძლება შედეგად მოყვეს ის, რომ ამ დაწესებულებებმა თურქეთი დააქვეითონ და ეგრეთწოდებულ „სასაზღვრო ბაზრად“ მიიჩნიონ. თუ ეს ასე მოხდა, თურქეთის ფასიანი ქაღალდები და აქციები მსოფლიო ბირჟების უმეტესობისთვის არაინვესტირებადი გახდება. ეს კი თურქეთის ეკონომიკის გაჩანაგებას დააჩქარებს და ეროღანს პოლიტიკურ სადარდებელს გაუმრავლებს.
გარდა ამისა, არსებობს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის მილსადენის მშენებლობის მიმზიდველი შესაძლებლობა – აღნიშნული პროექტით შესაძლებელია ისრაელის ბუნებრივი გაზის თურქეთისთვის და თურქეთიდან ევროპისთვის მიწოდება. ასეთ მილსადენზე საუბარსაც კი, რაც სხვადასხვა სირთულის გამო ჯერ მხოლოდ თეორიულია, შეუძლია მორალი აამაღლოს თურქულ კომპანიებსა და საოჯახო მეურნეობებში, რომლებიც მწყობრიდან გამოდიან ენერგომომარაგების გახშირებული გათიშვებით და წელში წყდებიან გაძვირებული კომუნალური გადასახადებით. 2010 წელს გაზას ფლოტილიის კრიზისის შემდეგ თურქეთსა და ისრაელს შორის ჩამოვარდნილი განხეთქილების დროს, თურქეთი რეგულარულად ძირავდა ისრაელთან შესაძლო ენერგოგარიგებებს, მაგრამ ამ თვის დასაწყისში მილსადენის პროექტი კვლავ ამოსწია და, როგორც ჩანს, მონდომებულია საქმეს შეუდგეს. გასულ თვეს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ისრაელი-კვიპროსი-საბერძნეთის მილსადენის მხარდაჭერის შეწყვეტის შემდეგ, რაც ანკარამ თურქეთის გამარჯვებად წარმოაჩინა, ერდოგანს ისრაელი-თურქეთის ალტერნატივის წინ წაწევის მორიგი მიზეზი მიეცა.
ერდოღანი იმასაც იმედოვნებს, რომ ისრაელთან და ეგვიპტესთან ურთიერთობების დალაგებით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში თურქეთის მზარდი იზოლაცია შეჩერდება. აღნიშნულ რეგიონი ისრაელს, ეგვიპტეს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, საბერძნეთსა და კვიპროსს შორის დიპლომატიისა და სამხედრო სფეროებში განსაცვიფრებელი და უპრეცედენტო პარტნიორობის მოწმე გახდა – ყველა ეს ქვეყანა შეშფოთებული იყო რეგიონში თურქეთის თვითდაჯერებული და ამბიციური ქცევით; ამ ჯგუფისთვის „აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის გაზის ფორუმის“ ეგიდით ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივაც მიმზიდველია. „აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის გაზის ფორუმი“ ის ორგანიზაციაა, რომელში ერთ დღეს გაწევრიანებასაც თურქეთი იმედოვნებს. დიდი ხანია თურქეთი საბერძნეთსა და კვიპროსს მთავარ მოწინააღმდეგეებად განიხილავს, და ერდოღანის დიპლომატიური ფაცაფუცის მორიგი მიზანი შეიძლება რეგიონის სწრაფად ცვალებადი პარტნიორობის ქსელიდან მათი ჩამოცილებაც იყოს. ამ ეტაპზე არავის უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ისრაელი ამ ფასის გადასახდელად მზად არის. „ჯერუსალემ პოსტი“ იუწყება, რომ, ისრაელის ხელისფლების განცხადებით, „იერუსალიმსა და ანკარას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება საბერძნეთსა და კვიპროსთან ისრაელის ალიანსის ხარჯზე არ მოხდება.“ თუმცა ისრაელთან მიმართებით ერდოღანის მიერ კურსის მკვეთრად შეცვლამ ებრაელ ანალიტიკოსთა დაეჭვება გამოიწვია, ისრაელის ოფიციალურ პირთა შორის არის ფრთხილი ოპტიმიზმი იმის თაობაზე, რომ თურქეთთან ისრაელის ურთიერთობები თანდათანობით გაუმჯობესდება. აღნიშნულს შეიძლება მოყვეს ქვეყნებს შორის არა მხოლოდ ელჩების გაცვლა, არამედ ირანისა და ახლო აღმოსავლეთში მისი მარიონეტების წინააღმდეგ ტაქტიკური თანამშრომლობაც. როგორც გაზეთ „ჰაარეცს“ ამ ცოტა ხნის წინ ერთმა ისრაელის დიპლომატმა განუცხადა ანონიმურად, ანკარაში პოლიტიკოსები „რბილად რომ ვთქვათ, ირანის დიდი მეგობრები არ არიან და ვერ წამოვისხამთ სიწმინდის ერთგვარ მანტიას, რომელიც ალიანსების შექმნაში შეგვიშლის ხელს,“
ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია ისე სწრაფად არ მოხდება, როგორც ეს ისრაელსა და, მაგალითად, არაბთა გაერთიანებულ ემირატებს შორის მოხდა, რადგან ეს ქვეყნები მრავალი წლის განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. გასული ორი ათწლეულის განმავლობაში ერდოღანის მიერ ისრაელთან ურთიერთობების გაფუჭებისა და მის მიერ აღებული კურსის 180%-ით შეცვლის ხშირი შემთხვევების გათვალისწინებით, ნდობის აღდგენას დრო და ძალისხმევა დაჭირდება. გარდა ამისა, პრეტენზიები ანკარასაც აქვს. სამშაბათს, ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ „ისრაელთან ჩვენს ურთიერთობებთან დაკავშირებით ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი, ნებისმიერი ნორმალიზაცია პალესტინის საქმის ხარჯზე არ იქნება.“ მაგრამ ანკარამ იცის, რომ თურქეთთან შედარებით ახლა ისრაელი, ნაწილობრივ „აბრაამის შეთანხმებების“ წყალობით, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში ნაკლებად იზოლირებულია და ნაკლები აქვს დასაკარგი, თუ თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობები კრახით დასრულდება. შესაბამისად, ურთიერთობების გაუმჯობესებაში პროაქტიურობის ტვირთი ერდოღანის ხელისუფლებას ეკისრება.
საბოლოო ჯამში, ნდობაზე დაფუძნებული ნამდვილი მეგობრული ურთიერთობების დამყარება შეიძლება მომავალში თურქეთის ახალი ხელისუფლების პირობებში გახდეს შესაძლებელი. კოალიციურ ოპოზიციურ ბლოკს ისეთი პირი უჩანს, რომ 2023 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მან შეიძლება ერღოგანი დაამარცხოს. მაგრამ ახლა, როცა სერიოზული პრობლემების წინაშე მდგარი ერდოღანი ეკონომიკასა და საგარეო პოლიტიკაში მის მიერ გამოწვეული ზიანის გამოსწორებას ლამობს, ისრაელთან უკეთესი ურთიერთობების აღდგენაზე მუშაობა კარგი დასაწყისი იქნებოდა.
აიკან ერდემირი
11.02.22.
https://foreignpolicy.com/2022/02/11/erdogan-turkey-israel-thaw/