• November 21, 2024

10 მარტს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ყარაბახის რეგიონში, სადაც დროებით რუსი მშვიდობის დამცველები არიან განთავსებული, უკანონო სომხურმა შეიარაღებულმა რაზმმა ცეცხლი გაუხსნა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციებს აღდამის, ხოჯავენდისა და ფუზულის რეგიონების მიმართულებით (Mod.gov.az, 10 მარტი). თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის მხარემ საპასუხო ცეცხლი გახსნა და შეტაკებები ისე დასრულდა, რომ მსხვერპლი არცერთ მხარეს არ ყოფილა. თავის მხრივ, სომხებმაც დაადასტურეს, რომ ამ შეტაკებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამის საპირისპიროდ, 7 მარტს სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი ჯარისკაცი აზერბაიჯანის ნახჭევანის საზღვართან დაიღუპა, მაგრამ ბაქომ ეს ბრალდება უარყო (Panorama.am, 7 მარტი; Azernews, 8 მარტი).

მარტის დასაწყისიდან, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის დროს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკებები ინტენსიური გახდა არა მარტო ყარაბახის რეგიონში, არამედ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის გასწვრივაც. დაძაბულობის ესკალაცია უკავშირდება იმას, რომ აზერბაიჯანში იზრდება უკმაყოფილება რუსეთის სამშვიდობო მისიის ბოლოდროინდელი ქმედებებით გამო, რადგან ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო სომხეთის შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან გაყვანა, რაც 2020 წლის 10 ნოემბრის იმ სამმხრივი (რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის) განცხადების თანახმად უნდა მომხდარიყო, რომლითაც ყარაბახის მეორე ომი დასრულდა (იხილეთ EDM, 2021 წლის 22 სექტემბერი).

7 მარტს აზერბაიჯანმა გააპროტესტა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია „მთიანი ყარაბახის“ მიერ უკრაინის კიევისა და ზაპოროჟიეს ოლქებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის შესახებ (News.ru, 7 მარტი). აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ რუსულ მხარეს მოუწოდა „შეეწყვიტა აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიების იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად მოხსენიების პრაქტიკა, რომლებიც აზერბაიჯანში არ არსებობს.“ სამინისტრომ გააკეთა გაფრთხილება, რომ „ამგვარმა განცხადებებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს აზერბაიჯანულ-რუსულ ურთიერთობებს და დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს აზერბაიჯანის იმ ტერიტორიების გასწვრივ, სადაც რუსი მშვიდობის დამცველები დროებით არიან  განთავსებულნი“ (Report.az, 7 მარტი).

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ზემოაღნიშნულ განცხადებას მძაფრი რეაქცია მოყვა აზერბაიჯანულ მედიაშიც. მაგალითად, ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა აზერბაიჯანულმა მედია-საშუალებამ რუსულ მხარეს ოკუპანტი სომხური შეიარაღებული რაზმისა და ადგილობრივი სომხური სეპარატისტული ხელისუფლების პროვოკაციული ქმედებების იგნორირებაში და თვით „მიჩქმალვაშიც“ კი დასდო ბრალი. აღნიშნული მედია-საშუალების ინფორმაციით, მოვლენათა ამგვარმა  განვითარებამ ძირი სრულად გამოუთხარა იმის ადრეულ მოლოდინებს, რომ რუსი მშვიდობის დამცველები რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დადებით წვლილს შეიტანდნენ (Azernews.az, March 8).

აზერბაიჯანმა სომხეთის მიერ ლაჩინის კორიდორის (რომლითაც აზერბაიჯანის ყარაბახის რეგიონი სომხეთს უკავშირდება) არასწორად გამოყენებაც გააპროტესტა, რაც მათი აზრით რუსეთის სამშვიდობო მისიის ზედამხედველობის ქვეშ ხდებოდა. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატოს) გენერალური მდივნისთვის და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ოფისისთვის გაგზავნი წერილში აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა სომხეთი კორიდორის „სამხედრო მიზნით და არა დანიშნულებისამებრ [ჰუმანიტარული მიზნით]“ გამოყენების მცდელობაში დაადანაშაულა (Azernews.az, 10 მარტი).

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლოდროინდელი მცირემასშტაბიანი შეტაკებები შეიძლება უფრო დიდი კრიზისის მომასწავებელი იყოს, თუ ბაქო მიიჩნევს, რომ ერევანი აზერბაიჯანის მიერ აღებული დასავლეთ ტერიტორიებიდან სომხური შეიარაღებული ძალების გაყვანისგან ფეხს ითრევს. ამასობაში, ამ დავასთან დაკავშირებით რუსეთის პოლიტიკაზე შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგებმა.

მაგალითად, სომეხი ანალიტიკოსი ტიგრან გრიგორიანი მიიჩნევს, რომ „[24 თებერვალს უკრაინაზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმის გამო] დასავლეთისგან იზოლირებული რუსეთი ეცდება გავლენა იმ რეგიონებზე გააძლიეროს, რომლებსაც ის [უკვე] აკონტროლებს.“ ამაში შეიძლება შედიოდეს რუსეთის მიერ წამოწეულ რეგიონულ პროექტებში ინტეგრაციის გაღრმავებისა და გაფართოების მცდელობები. როგორც გრიგორიანი აცხადებს, ამით სომხეთის სუვერენიტეტი კიდევ უფრო მეტად შეზღუდება (Civilnet.am, 1 მარტი).

აზერბაიჯანს რაც შეეხება, თურქეთთან მისი კავშირი რეგიონში ნებისმიერი უარყოფითი გეოპოლიტიკური სიტუაციისგან დაცვის გარანტიაა. 2020 წელს ყარაბახის მეორე ომიდან მოკლე ხანში, კერძოდ 2021 წლის ივნისში მოკავშირეობის შესახებ დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ, ბაქო და ანკარა კიდევ უფრო განამტკიცებენ სამხედრო სფეროში კავშირს.

სწორედ ამიტომაა, რომ დღეს სომხეთში მოქმედი არაერთი დაჯგუფება რუსეთს მოუწოდებ უფრო მეტი ზომები მიიღოს ამიერკავკასიაში მისი გავლენის გაძლიერებისა და „რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე ახალი თურქული-ნატოს საფრთხის“ პრევენციის მიზნით (Russiancouncil.ru, 3 მარტი). მაგალითად, ცნობილმა სომეხმა ანალიტიკოსებმა პიეტრო შაქარიანმა და ბენიამინ პოღოსიანმა რუსლ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში მოსკოვს მოუწოდეს „განამტკიცოს რუსეთსა და სომხეთს შორის სტრატეგიული ალიანსი, რათა თურქეთმა და, ფართო გაგებით, ნატომ პოსტსაბჭოთა ამიერკავკასიაში დომინანტი პოზიცია არ დაიკავოს“   (Russiancouncil.ru, 3 მარტი). თუმცა, ამ ბოლო წლებში რუსეთი და თურქეთი გარკვეულწილად შეთანხმდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოქმედების პრინციპებზე. დღეის მდგომარეობით, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებები დროში გაიწელა და რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობიდან მეტწილად იზოლირებულია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ამიერკავკასიის საკითხში თურქეთთან დაძაბულობის ესკალაციაზე წავიდეს.  

ახლა, როცა მოსკოვის მთელი ყურადღება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეა გადატანილი, „ტელეგრამზეატვირთული ზოგი ჯერ-ჯერობით გადაუმოწმებელი ინფორმაციით, რუსეთს ყარაბახში განთავსებული სამშვიდობო მისიის ნაწილი უკრაინაში გადაყავს. უფრო მეტიც, 13 მარტს უკრაინის გენერალურმა შტაბმა „მთიანი ყარაბახი“ სერბეთთან და სირიასთან ერთად იმ რეგიონებად მოიხსენია, საიდანაც რუსეთს მებრძოლები უკრაინაში მის მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში დასახმარებლად ჩამოყავს (Kyiv Independent, 13 მარტი). ამრიგად, ამ ომის შედეგმა შეიძლება არა მარტო უკრაინის მომავალი გადაწყვეტოს, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა კუთხეებში არსებული სიტუაციაც შეცვალოს.  

 

ვასიფ ჰუსეინოვი

16.03.22.

https://jamestown.org/program/post-war-status-quo-in-south-caucasus-trembles-while-russia-fights-on-in-ukraine/

Leave a Reply