• December 3, 2024


ცივი ომის შემდეგ ის ყველაზე სისხლიანი
წყლის მასაა – და არა მარტო უკრაინის გამო.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანმა „მოსკვამ“  14 აპრილს ისტორია დაწერა, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონფლიქტებში განადგურებულმა ყველაზე დიდმა სამხედრო გემმა. უკრაინის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ეს გემი მან მისი ორი „ნეპტუნის“ რაკეტით ჩაძირა, განსაკუთრებული შოკი გამოიწვია და ქვეყანამ მისი სანაპირო დაცვის და, კერძოდ, სამხრეთდასავლეთ სანაპიროების დაცვის შესაძლებლობების გადაფასება დაიწყო. თუმცა, სათანადო ყურადღების მიღმა დარჩა ის, თუ რამდენად  მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ეს ისტორიული ჩაძირვა შავი ზღვის ტალღებზე მოხდა.

შავი ზღვა არა თუ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სივრცეებს შორის, არამედ წყლის ობიექტებს შორისაც კი იშვიათად მოიაზრება. სამხრეთ ჩინეთის ზღვას, სპარსეთის ყურესა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვას ბოლო წლებში გაცილებით მეტი ყურადღება ეთმობა. მაგალითად, 2019 წელს კონგრესმა მიიღო კანონი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის პოლიტიკის გადახედვის შესახებ. 2020 წელს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად გამოაქვეყნა ახალი პოზიცია სამხრეთ ჩინეთის ზღვის შესახებ და განაცხადა, რომ ის არ დაეთანხმებოდა „ძალა აღმართს ხნავს“ პრინციპს. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სპარსეთის ყურე აშშ პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა; ერაყის ომები, საუდის არაბეთსა და ირანს შორის მაქინაციებში აშშ-ის როლი და ნავთობისა და გაზის ძირითადი გადაზიდვები ის ფაქტორებია, რომელთა გამოც სპარსეთის ყურე პრიორიტეტად რჩება.        

ამისგან განსხვავებით, შავი ზღვა დიდწილად მეორადი მნიშვნელობის ზონად მოიაზრება. ეს ასეა მიუხედავად იმისა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ შავი ზღვის აკვატორიაში ან მის სიახლოვეს მოხდა 10 ომი, ე. ი. უფრო მეტი, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე სხვა საზღვაო სივრცეში: დნესტრისპირეთის კონფლიქტი მოლდოვაში, საქართველო-აფხაზეთის ომი, საქართველოს სამოქალაქო ომი, რუსეთ-საქართველოს ომი, ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები, 2014 წლის და 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომები, და სომხეთ-აზერბაიჯანის პირველი და მეორე ომები. და, სიმართლე რომ ვთქვათ, ეს გასაკვირი არც უნდა იყოს: ბოლოს და ბოლოს, შავი ზღვა ის რეგიონია, სადაც თავს იყრის მსოფლიოს არაერთი უმსხვილესი სახელმწიფო – რუსეთი, ევროკავშირი, თურქეთი და ნატო (რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები მოყვება) – თუმცა, აბსოლუტური ჰეგემონია არცერთს აქვს.    

მხოლოდ მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომი და შავი ზღვის სხვა რეგიონული კონფლიქტების არსებული მემკვიდრეობა როდია აშშ- და დასავლეთის წუხილის მიზეზი. ამ ბოლო წლებში უსაფრთხოების სხვა კრიზისებმაც ხელახლა იჩინა თავი. ამის პარალელურად, არსებობს დროში გაწელილი, დაურეგულირებელი პრობლემებიც. ყველა მათგანს კი შემდგომი კონფლიქტების გაჩაღების პოტენციალი აქვს.  

ერთ-ერთი მაგალითია თურქეთის დიდი ხნის კონფლიქტი ქურთისტანის მშრომელთა პარტიასთან (ქმპ), რამაც უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე თითქმის 6000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაახლოებით ამდენივე ადამიანია მოკლული 2015-2017 წლებში უკრაინის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში მომხდარ კონფლიქტშიც. გარდა ამისა, თურქეთსა და ევროკავშირს შორის გამავალი საზღვარი ევროპის ბოლოდროინდელი საემიგრაციო კრიზისების თვალსაზრისით ცხელი წერტილია და, მიუხედავად უკრაინელი ლტოლვილების მიმართ ევროკავშირისუფრო მიმღები პოლიტიკისა, ეს პრობლემა არ მოგვარებულა.    

აქედან გამომდინარე, შავი ზღვის რეგიონში ამ უსაფრთხოების პრობლემების პოტენციური ესკალაციისთვის უკეთ რომ მოვემზადოთ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს რეგიონის ქვეყნების შემადგენლობა, მათი შესაბამისი ინტერესები და ის, თუ მათ აქამდე რატომ ვერ შეძლეს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა.  

ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცვლილება იყო ბულგარეთისა და რუმინეთის 2004 წელს ნატოში, ხოლო სამი წლის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება. თუმცა თურქეთი და საბერძნეთი დიდი ხანია ნატოს წევრები არიან, მათ შორის არსებული დაძაბულობის გამო რეგიონში თანამშრომლობის შესაძლებლობა ხშირად იზღუდებოდა. სოფიას და ბუქარესტის გაწევრიანებით ნატოს სამხედრო გემებს შავი ზღვის ნავსადგურებზე უფრო საიმედო წვდომის შესაძლებლობა მიეცათ, მაგრამ შავ ზღვაზე ვაშინგტონის სამხედრო გავლენა მაინც უფრო დაბალია, ვიდრე სპარსეთის ყურეში ან სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, სადაც აშშ სამხედრო-საზღვაო ძალები ბევრად უფრო აქტიურია. მიუხედავად ამისა, 18 წლის შემდეგ რუსეთი ამ ორი ქვეყნიდან დასავლეთის ძალების გაყვანას ისევ ითხოვს, თუმცა ამ მოთხოვნებს ნატოს ხელმძღვანელობა სერიოზულად არ მიიჩნევს.      

და მაინც, რუსეთის ქმედებები უკრაინაში, აგრეთვე მის მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ნაწილობრივ მაინც მოტივირებული იყო იმ რწმენით, რომ მას საკუთარი უსაფრთხოების აღდგენა დასავლეთის შავი ზღვის აუზიდან გაძევებით უნდა განეხორციელებინა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2007 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა და გულდაწყვეტით ილაპარაკა წინა წლებში მოლდოვასა და საქართველოში საბჭოთა დროინდელი ბაზების შემცირებაზე.  

მომდევნი წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით მოსკოვმა კვლავ სცადა თავი შავ ზღვაზე უსაფრთხოების საკითხში მთავარ მოთამაშედ გამოეცხადებინა. თუმცა ოფიციალურად რუსეთი საქართველოში სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის დასაცავად შეიჭრა, კრემლმა ეს ომი (რომელშიც სამხედრო გემი „მოსკვაც“ მონაწილეობდა) თბილისის მცირე სანაპირო დაცვის ფლოტის გასანადგურებლად, ოთის პორტის დასაბომბად და შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე სეპარატისტულ რეგიონზე – აფხაზეთზე კონტროლის გასაფორმებლად გამოიყენა. ეს იყო გასული საუკუნის 90-იან წლების რუსეთის იმ პოზიციაში მომხდარი ცვლილების კულმინაცია, რომლითაც ის მანამდე თბილისს აფხაზეთში გავლენის შენარჩუნების უფლებას აძლევდა. 2008 წელს აფხაზეთის მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილება მოტივირებული იყო არა ალტრუიზმით ან ეთნიკური აფხაზების გათავისუფლების რწმენით, არამედ რეგიონში მოსკოვის ფარდობითი ძალაუფლების დაკარგვით.    

საქართველო-აფხაზეთის ომის მსგავსად, შავი ზღვის რეგიონში 1991-2008 წლებში მომხდარი კონფლიქტები – საქართველოს სამოქალაქო ომი, დნესტრისპირეთის კონფლიქტი, ჩეჩნეთის ომები და მთიანი ყარაბახის პირველი ომი – ნაწილობრივ გამოწვეული იყო რეგიონში ჰეგემონიის დაკარგვით და იმით, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ამ ქვცეყნების მისი გავლენის სფეროდან გასვლისგან შეკავება. ამ სიტუაციაში ცვლილება პუტინის ხელისუფლებაში მოსვლით და ჩეჩნეთთან ომის განახლებით დაიწყო. რუსეთის მიერ ძველი პოზიციის ძალისმიერი მეთოდებით დაბრუნების მცდელობის პარალელურად, სხვა სახელმწიფოებმაც სცადეს ვაკუუმის შევსება. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია თურქეთი.  

რეგიონში ანკარას როლი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის უთუოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკურებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ ფაქტს, რომ ნატოსთან თურქეთის ურთიერთობა ხშირად დაძაბულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ერაყის დაპრყობას, ქურთების პრობლემას, სირიას, კვიპროს და უამრავ სხვა საკითხს. თურქეთი ნატოს წევრია, მაგრამ მას საკუთარი დღის წესრიგი აქვს, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით, და ამ მხრივ თურქეთი გაცილებით უფრო დამოუკიდებლად მოქმედებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოკავშირე.  

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე, ანკარა მოსკოვთან დაახლოებასაც ცდილობდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია თურქეთის მიერ S-400 რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეძენა, რისთვისაც მას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციებიც კი დაუწესა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ბუნებრივი გაზის შესყიდვა და 2020 წელს „თურქული ნაკადის“ გაზსადენის გაშვება. მაგრამ, საერთო ჯამში, ანკარა და მოსკოვი ლიბიის, სირიისა და, რაც შავი ზღვის რეგიონში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტებში საპირისპირო მხარეებზე დარჩნენ. უკრაინის კონფლიქტმა აჩვენა, რომ თურქეთი საკუთარ თავს მოსკოვის ბანაკში არ მოიაზრებს, თუმცა კონკურენციაზე თუ თანამშრომლობაზე თანახმაა, როცა კი სამუთარი ძალაუფლების გაზრდის პოტენციალს დაინახავს.  

უკრაინის საკითხზე ანკარას დელიკატური პოზიცია ამ ბოლო წლებში პირველი შემთხვევა არ არის, როცა თურქეთის მთავრობამ შავი ზღვა დიდი სახელმწიფოს სტატუსის ხაზგასასმელად გამოიყენა. რუსული გაზის ტრანსპორტირებაში თურქეთის როლის გაფართოებაც მისი კიდევ ერთი ამგვარი ტაქტიკაა ისევე, როგორც მისი მუქარა გადახედოს შავ ზღვაში შესვლის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზისს – მონროს კონვენცის. უკრაინასთან დაკავშირებით მისი ქმედებები იმ კიდევ ერთ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას გვახსენებს, რომლითაც შავი ზღვაზე თურქეთის სტრატეგიული პოზიცია წარმატებით გამყარდა; მისმა ბაირაქტარის დრონებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა არა მარტო უკრაინის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში, არამედ 2020 წლის მთიანი ყარაბახის ომში აზერბაიჯანის სომხეთზე გამარჯვებაშიც.  

თუმცა, ალბათ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედება პუტინის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მოხდა: 28 თებერვალს ანკარამ ხმელთაშუა და შავ ზღვებს შორის გასასვლელები ყველა სამხედრო გემისთვის გადაკეტა. შავ ზღვაში ჩაძირული „მოსკვას“ ჩასანაცვლებლად მოსკოვს სხვა გემის შეგზავნა აღარ შეუძლია. ამის შემდეგ, ანკარას შავ ზღვაზე შესასვლელის გაკონტროლების უნარი ალბათ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ცივი ომის შემდეგ ოდესმე ყოფილა.    

აშკარაა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოგანი ვაშინგტონის კეთილგანწყობით არ სარგებლობს და 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ აშშ-თურქულ ალიანსს კვლავ სკეპტიკურად უყურებს. თუმცა, უკრაინისა და მთიანი ყარაბახის კონფლიქტებში ანკარას როლი აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა რეგიონული უსაფრთხოებისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაშინგტონი მას უბრალოდ რეგიონულ სახელმწიფოდ მიიჩნევს. რუსეთის ასეთ სახელმწიფოდ მიჩნევას სავალალო შედეგები მოჰყვა და ერდოგანის მიერ ეკონომიკის ექსცენტრულად მართვის პირობებში, ამერიკის შეერთებული შტატები ამ შეცდომას ვეღარ გაიმეორებს და თურქეთთან მიმართებითაც იმავეს ვერ გააკეთებს.  

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე, ვაშინგტონის მთელი ყურადღება გადატანილი იყო ჩინეთზე, როგორც მზარდ სახელმწიფოზე, და საჯარო მოხსენებებში სწორედ ამიტომ გაჩნდა ისეთი ფრაზები, როგორიცაა თუკიდიდეს ხაფანგი“ და „კურსი აზიისკენ“. ამიტომ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პეკინიც რეგიონში მზარდ სახელმწიფოდ გვევლინება, რადგან შავი ზღვა მის იმ „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ეკონომიკური სტრატეგიაში შედის, რომლითაც ჩინეთი ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციებს დებს და სავაჭრო ქსელებს ავითარებს, განსაკუთრებით საქართველოში, ბულგარეთსა და თურქეთში, თუმცა ალბათ მოულოდნელ სირთულეებს რუმინეთსა და უკრაინაში წააწყდა.  

მიუხედავად იმისა, კაცი ჩინეთის მიმართ მტრულად განწყობილია თუ არა, ეს შეშფოთების საფუძველია. მიზეზი იმისა, რომ შავი ზღვა სტრატეგიულ სივრცედ არ მიიჩნეოდა და მიზეზი იმისა, რომ ამ რეგიონში ამდენი კონფლიქტია მომხდარი, ერთი და იგივეა: მის სანაპიროებზე კონცენტრირებულია და იკვეთება უმსხვილესი სახელმწიფოების ინტერესები. მულტიპოლარულობა ნიშნავს იმას, რომ ის არ დაინახება იმავე შავთეთრ ფერებში, როგორშიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გავლენისთვის კონკურენცია. უკრაინის დაპყრობის ავანტიურაში მოსკოვის აშკარა მხარდაჭერის საკითხზე პეკინის მერყეობა ერთგვარი გარანტიაა იმისა, რომ ჩინეთი არ ცდილობს, ნებისმიერი შესაძლებლობებისას დაამხოს აშშ-ის თაოსნობით დამყარებული მსოფლიო წესრიგი. მაგრამ შავი ზღვის რეგიონში მულტიპოლარულობა დამყარებულია.

ის ფაქტი, რომ შავ ზღვაში ამდენი სახელმწიფოს ინტერესი იკვეთება, ალბათ მისი დესტაბილიზაციის მთავარი მიზეზია. იმ დროს, როცა ერდოგანი მიიჩნევს, რომ მისი ქვეყანა აღზევების პროცესშია და ამის აღიარებას ითხოვს, ხოლო პუტინი უკრაინაზე რუსეთის ბატონობის აღდგენას და როგორც რეგიონში, ასევე მის გარეთ აშშ-ის ჰეგემონიის დასუსტებას ცდილობს, მოსალოდნელია, რომ კონკურენტი სახელმწიფოები შავი ზღვის რეგიონში ისევ გადაიკვეთებიან და ერთმანეთს ისევ შეეჯახებიან. ჩინეთის როლი სხვა კითხვებსაც ბადებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის ახლა შავ ზღვას სავაჭრო მარშრუტად განიხილავს რუსეთი და უკრაინა ხომ საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო ბაზრებისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნები არიან.

თუმცა ჩვეულებრივ არ ასოცირდება იმ სავაჭრო ომებთან, როგორც სხვა საზღვაო გზები, მაგ., მალაკის სრუტე და სუეცის არხი, ასოცირდებიან, მხოლოდ ტონაჟის მიხედვითაც კი აშკარაა, რომ შავი ზღვის აუზი სათანადოდ არ არის აღიარებული. რუსეთის მიერ გაზვიადებული ჩრდილოეთი ზღვის მარშრუტით 2021 წელს გადაზიდულმა ტვირთმა რეკორდულ მაჩვენებელს – 34,9 მილიონ მეტრულ ტონას მიაღწია მაშინ, როცა იმავე წელს 898 მილიონმა ტონამ გაიარა შავი ზღვის დარდანელის სრუტით, რაც სუეცის არხით გატარებული 1,27 მილიარდი მეტრული ტონის დაახლოებით 70%-ია.    

პოტენციური სავაჭრო ომები, თურქეთის მიერ გავლენის გაძლიერების მცდელობები, კრემლის შემდგომი რევანშიზმი და მიგრაცია იმ საფრთხეებიდან მხოლოდ ზოგიერთია, რომლებიც შავი ზღვის რეგიონს ემუქრება. მის გარშემო პოლიტიკური ძალების წონასწორობაში არსებული არასტაბილურობის გამო ეს საფრთხეები შეიძლება სერიოზულ კონფლიქტებში გადაიზარდოს. შავი ზღვის აუზის თვითმყოფად უსაფრთხოების სივრცედ განხილვა მულტიპოლარულობის საფრთხებს წარმოაჩენს.     


მაქსიმილიან ჰესი

25.04.22.

Leave a Reply