• March 29, 2024

რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის შუამავლობის შესახებ ერდოგანის წინადადება
ააშკარავებს, რომ ანკარას სულ უფრო ეშინია იმ დილემისა, რომლის წინაშეც ის შეიძლება ომის
გაჩაღების შემთხვევაში ამოჩნდეს

რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ
ერდოგანის წინადადება შეიძლება საქებარ სამშვიდობო ნაბიჯად ან პუბლიკაზე გათვლილ
გამოსვლად ჩანდეს, მაგრამ ომის მზარდი სპექტრი თურქეთისთვის შეშფოთების მიზეზ ნამდვილად
არის, რადგან ეს ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის ომის
უარყოფით შედეგებს იგრძნობს.

მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი ახლო ურთიერთობისა, ერდოგანმა
მოსკოვი გააბრაზა – არა მხოლოდ კიევის მიმართ მტკიცე სოლიდარობის ჩვენებით, არამედ ნატოს
შავი ზღვის რეგიონში ყოფნის განვრცობის სტრატეგიის მხარდაჭერითაც, მათ შორის იმ ნაბიჯებით,
რომლებმაც დაბადა კითხვები იმაზე, თუ რამდენად იცავს ანკარა 1936 წლის მონროს კონვენციას,
რომელიც შავ ზღვაზე რუსული ინტერესებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. აღნიშნული
კონვენცია არეგულირებს ხმელთაშუა და შავ ზღვებს შორის დამაკავშირებელი თურქეთის
ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით საზღვაო მიმოსვლას და მკაცრ შეზღუდვებს
აწესებს არა-შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამხედრო გემებზე, რითაც ზღუდავს აშშ და ნატოს
სამხედრო ძალების შავ ზღვაში შესვლას.

მაგრამ ახლა საომარი ბარაბანები უკრავს და ვაშინგტონი ანკარასგან ურყევი პოზიციის დაკავებას
მოელის, ერდოგანი ცდილობს თურქეთი გარეგნულად მაინც ნეიტრალურ პოზიციაში დააყენოს.
პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ამ თვეს გამართულ სატელეფონო
საუბრებში ერდოგანმა ეს ორი ლიდერი თურქეთში მოიწვია. მაგრამ რადგან რუსეთი მხრებს
იჩეჩავს, ახლა თვით ერდოგანი გეგმავს თებერვლის დასაწყისში კიევში ჩასვლას, შემდეგ კი
მოსკოვს გამგზავრებას.

კიევი ნატოს წევრი ქვეყნის თურქეთის შუამავლობის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ზელენსკიმ
დონბასში პრო-რუსულ სეპარატისტებთან კონფლიქტის დასასრულებლად პუტინთან პირდაპირი
მოლაპარაკებები მოითხოვა. მიუხედავად ამისა, კრიზისის მიმართ ერდოგანის მიდგომა – ის
აცხადებს, რომ დონბასში არსებული კონფლიქტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე
უნდა გადაწყდეს და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას ოკუპაციას უწოდებს, როგორც ოკუპაციის მას
რუსეთის თვალში ნაკლებად სავარაუდო მედიატორად აქცევს.

19 იანვარს კრემლმა დაადასტურა, რომ ის მიესალმება თურქეთის ძალისხმევას „გავლენა იქონიოს
უკრაინელებზე და ისინი [არსებული] შეთანხმებებისა და ვალდებულებების შესრულებაზე
დაიყოლიოს“ – რომელ შეთანხმებებშიც ე. წ. 2015 წლის „მინსკის შეთანხმებები“ იგულისხმება. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთს აწყობს არა შუამავლობა, არამედ მუშაობა იმისათვის, რომ აშშ და
ბრიტანეთის მხარდაჭერით შეგულიანებულ ზელენსკის დონბასში საომარი მოქმედებების დაწყება
გადააფიქრებინოს.

უფრო მეტიც, მოსკოვმა მოახერხა ნატოს აღმოსავლეთისკენ ექსპანსიის შესაჩერებლად უფრო
ფართო სადაო საკითხად გადაქცევა, რაც კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც ერდოგანს ნაკლებად
სავარაუდო მედიატორად აქცევს. როგორც ჩანს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ
ქავუსოგლუ ამ საკითხს დაეთანხმა, როცა გასულ კვირას განაცხადა, რომ „ნატო-რუსეთსა და აშშ-

რუსეთს შორის დიალოგი გადამწყვეტი იქნება“ იმისა, თუ როგორც განვითარდება ეს
დაპირისპირება.

იმ დროს, როცა თურქეთს დაძაბულობის განმუხტვა ჰაერივით ესაჭიროება, უკრაინის მიერ
თურქეთის მიერ მიწოდებული სამხედრო დრონების დონბასში გამოყენება ანკარასთვის
პოტენციური თავის ტკივილია. კვრის ბოლოს, თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი ცდილობდა
დრონების გაყიდვა გაემართლებინა და ეს ფაქტი წევრი პარტნიორების მიმართ ნატოს
ვალდებულებების ჭრილში წარმოეჩინა. „ამ სისტემების შეძენა და გამოყენება უკრაინაზეა
დამოკიდებული. მათზე თურქეთი, როგორც ექსპორტიორი, პასუხს არ აგებს,“ განაცხადა მან. „ისიც
გასათვალისწინებელია, რომ უკრაინა ნატოს გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორია.
აქედან გამომდინარე, უკრაინის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება ნატოს ინდივიდუალური
პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პუნქტია. ორმხირივად და ნატოს თურქეთმა თავისი
წვლილი შეიტანა უკრაინის თავდაცვისუნარიანობის ჩარჩოში გაძლიერებაში,“ დასძინა მან.

ანკარას გამონათქვამები დასავლეთის მიერ იმ განცხადების უარყოფადაც შეიძლება გავიგოთ, რომ
თურქეთის მიერ სამხედრო დრონების უკრაინისთვის მიწოდებამ რუსეთის პროვოცირება გამოიწვია.

თურქეთის მიერ რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენა შეიძლება აშკარა
უკუჩვენება იყოს, მაგრამ სხვა არაერთი დასავლელი მოკავშირეებისა არ იყოს, ერდოგანი,
როგორც ჩანს შიშობს, რომ ყირიმის ანექსია შეიძლება სულაც არ იყოს უკანასკნელი თავი რუსეთის
გეგმებისა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე დაბრუნდეს რუსულენოვანი მოსახლეობის
დაცვის საბაბით. რუსეთმა ყირიმის „უზურპაცია“ განახორციელა და „ოკუპაციის მენტალობით საქმე
ვერ გაგრძელდება,“ განაცხადა ერდოგანმა 17 იანვარს.

თუმცა იმავე დროს ერდოგანი პუტინის დაყვავების საჭიროებასაც გრძნობს ანკარასა და მოსკოვს
შორის იმ მეგობრობის გათვალისწინებით, რომელმაც სტრატეგიული ორიენტაცია შეიძინა. შედეგად,
ერდოგანმა ზიგზაგური სვლები გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის,
პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვას აშკარად ძალისმიერ მიწოლასა და ევროპული
ქვეყნების – გერმანიის, ავსტრიისა და უნგრეთის – უფრო ფრთხილ მიდგომას შორის. ევროპულ
ქვეყნებს შორის ერთიანობის არქონამ ერდოგანს მანევრირება გაუადვილა.

ისეთი ახალი ბლოკების შექმნა, როგორიცაა ჩინეთის შესაჩერებლად აშშ-ბრიტანეთ-ავსტრალიის
უსაფრთხოების პაქტი და იმავე ტრიოსა და იაპონიის მონაწილეობით „ოთხმხრივი უსაფრთხოების
დიალოგის“ ინიციატივა, აგრეთვე ისეთმა საკამათო მოვლენებმა, როგორიცაა ავღანეთიდან
ჯარების გაყვანის შესახებ აშშ-ის ცალმხრივი გადაწყვეტილება და სამმხრივი პაქტის გაფორმებიდან
მოლე ხანში ავსტრალიის მიერ საფრანგეთთან წყალქვეშა ნავების გარიგების გაუქმება, ნატოს
ევროპულ ბანაკში ცუდი წინათგრძნობა გააჩინა, და თურქეთმაც სცადა ეს ბზარები თავის
სასარგებლოდ გამოეყენებინა. მაგრამ ახლა, როცა უკრაინის კრიზისის ესკალაცია მიმდინარეობს,
თურქეთს ეს შეიძლება ძვირად დაუჯდეს.

რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ბრიტანეთის პოლიტიკა ითვალისწინებს უკრაინის ომისთვის
მოსამზადებლად შეიარაღების მიწოდებას და ისეთი სანქციებით დამუქრებას, რომლებმაც შეიძლება
რუსეთის ეკონომიკა ჩაძიროს. მაგრამ ეს პოლიტიკა მოუჭერს თურქეთსაც რუსეთთან მისი
კავშირების, მათ შორის, S-400 სისტემების შესყიდვის გამო, გერმანიასაც „ჩრდილოეთის ნაკადის“
მე-2 გაზსადენის რუსეთთან შენარჩუნების გამო, ფინეთსა და შვედეთსაც სამხედრო ბლოკებში, მათ
შორის, ნატოში, გაუწევრიანებლობის პოლიტიკის გამო, და ნებისმიერ ნატოს წევრ-ქვეყანასაც,
რომელსაც არ სურს, რომ ევროპა იქცეს თეატრად, სადაც „ცივი ომის“ მსგავსი ახალ ორპოლუსიან
ომი გაჩაღდება.

როგორი მკაცრიც უნდა იყოს მისი რიტორიკა, ჩანს, რომ ანკარასთვის ზომიერება გარდაუვალია.
გასათვალისწინებელია თურქეთის მიდგომა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როცა
დასავლეთის მხარდაჭერით საქართველო შეეცადა დაებრუნებინა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული
რეგიონი. თუმცა ომის წინა პერიოდში ანკარა ქართველი ჯარის წვრთნა-აღჭურვის პროგრამის
მთავარი მხარდამჭერი იყო, მან ანგარიში გაუწია მონროს კონვენციას და უარი განაცხადა რუსეთის
შესაკავებლად აშშ სამხედრო გემების შავ ზღვაში შეშვებაზე. საბოლოოდ, საქართველოს სამხრეთ
ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნების გეგმები კრახით დასრულდა, რადგან სეპარატისტულ
რეგიონებს რუსეთი გამოესარჩლა.

აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის ესკალაციამ ანკარას შეიძლება მძიმე
გადაწყვეტილებები მიაღებინოს, განსაკუთრებით თურქეთის სრუტეების გავლით საზღვაო
მიმოსვლის უზრუნველყოფის ვალდებულებასთან დაკავშირებით. ასეთ სიტუაციებში მოსკოვთან
კონფრონტაციის თავიდან აცილება სავარაუდოდ ანკარას მთავარი საზრუნავი იქნება. ერდოგანის
ხელისუფლება მრავალ ინტერესზე აქვს საფიქრალი, მათ შორის, თურქეთის სრუტეებისა და შავი
ზღვის სტაბილურობა, აკუიუს ატომური ელექტროსადგური, რომელსაც რუსები სამხრეთ თურქეთში
აშენებენ, რუსეთთან გაზსადენებიდან გაზმომარაგების უსაფრთხოება, თურქეთის ტურიზმის
სექტორისთვის რუსი და უკრაინელი დამსვენებლების მნიშვნელობა, თურქული ხილისა და
ბოსტნეულის ექსპორტიორებისთვის რუსული ბაზრები, არაერთი სამშენებლო პროექტი, რომლებსაც
რუსეთში თურქული კომპანიები ახორციელებენ, 2020 წლის მთიანი ყარაბახის ომში აზერბაიჯანის
დახმარების შემდეგ თურქეთის კავკასიაში გავლენის სფეროს გავრცობის მისწრაფებები, და მისი
მიმდინარე ოპერაციები სირიასა და ლიბიაში. თურქეთის მზარდი ეკონომიკური პრობლემების
ფონზე, ახლა რუსეთიდან ხორბლის იმპორტიც კი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან ქვეყანაში
პურის ფასები სულ რამდენიმე კვირაში გაორმაგდა.

უფრო მეტიც, რუსეთის წინააღმდეგ პოტენციური სანქციებისა და ამ სანქციების მესამე მხარეებზე
ზემოქმედების პროგნოზირება ადვილი არ არის. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების
საქმეში ამერიკასა და ევროპის ქვეყნებთან გაერთიანებაზე თურქეთი ჯერჯერობით უარს აცხადებს,
მაგრამ მას ეს შეიძლება ძალიან გაუჭირდეს, თუ სანქციები საბანკო სექტორზეც გავრცელდება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ანკარა როგორმე მოახერხებს და ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩება, ამ
დავიდარაბიდან თურქულ-რუსული კავშირები უვნებელი გამოვიდეს. რთული წარმოსადგენია
პუტინმა თვალი დახუჭოს თურქეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დრონების მიყიდვაზე ან
ერდოგანის მიერ ყირიმის „უზურპირებულ“ ტერიტორიად მოხსენიებაზე. ვერც იმას გამოვრიცხავთ,
რომ რუსეთმა შეიძლება თურქეთს სამაგიერო გადაუხადოს ისეთ პრობლემატურ საკითხებთან
დაკავშირებით, როგორიცაა კვიპროსის კონფლიქტი, თურქეთის სამხედრო ნაწილების სირიაში,
ლიბიასა და ერაყში ყოფნა და ქურთების პრობლემა.

ფეჰიმ თაშთექინი

https://www.al-monitor.com/originals/2022/01/why-turkey-wants-mediate-ukraine-crisis

Leave a Reply