• July 3, 2022

პუტინსა და რაისის შორის მოსკოვში ამ ბოლო დროს გამართულ შეხვედრას აკლდა ის პომპეზურობა და სიმბოლიზმი, რომელიც ნამდვილად მტკიცე და პროგრესირებად ურთიერთობებს ახასიათებს ხოლმე.

მაშინ როცა ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი მის რუს კოლეგასთან ვლადიმირ პუტინთან სურათგადასაღებ პოზირებდ, მოსკოვში გამართულ ამ უმაღლესი დონის შეხვედრას სახელმწიფო მედიამ ორ ქვეყანას შორის „გარდამტეხი მომენტი,“ „ახალი თავი“ და თვით „დიმპლომატიური ტრიუმფიც“ კი უწოდა.  

თუმცა სურათის ახლოდან შეხედვით ჩანს, რომ ამ ურთიერთობაში არის რაღაც უთქმელი. 19 იანვრის შეხვედრის კრიტიკულმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ რაისის კრემლში მისვლას არ დახვდნენ იმ საპატიო ყარაულით, რომელიც მის, როგორც უცხო ქვეყნის ლიდერის, სტატუსს შეფერებოდა.  

შეხვედრის ოთახში გამოფენილი არ იყო ორი ქვეყნის დროშა, რაც, როგორც იმავე დამკვირვებლებმა აღნიშნეს, მთავრობის მეთაურებთან პუტინის შეხვედრებისას იშვიათობა და თვით დიპლომატიური პროტოკოლის შესაძლო დარღვევაც კია. შეხვედრა გრძელ მაგიდასთან შედგა, რომელიც ქვეყნის ლიდერებს ერთმანეთისგან ფიზიკურად აშორებდა. შეხვედრის შემდეგ, რომელიც მხოლოდ 15 წუთი გაგრძელდა, არც ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართულა.

საჯარო შეხვედრაზე, პუტინმა ირანი შეაქო  პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ალიანსში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში“ (SCO) შეტანილი წვლილისთვის და ირანი „დამკვირვებლად“ მოიხსენია, რითაც წინააღმდეგობაში მოვიდა ირანულ მედიასა და ხელისუფლების მომხრე ანალიტიკოსებთან, რომელთა განცხადებითაც ირანი ჩინეთის ორგანიზებით დაფუძნებულ ბლოკში არც ისე დიდი ხნის წინ მუდმივ წევრად მიიღეს.  

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია,“ რომელიც რეგიონში აშშ-ისთვის წინააღმდეგობის გასაწევად რუსეთისა და ჩინეთის მთავარი ორგანოს წარმოადგენს, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ირანს ისევ „დამკვირვებელ“ წევრად მოიხსენიებს. პეკინში ორგანიზაციის სამდივნომ უპასუხოდ დატოვა „აზია ტაიმზის“ კითხვა სინამდვილეს შეესაბამებოდა თუ არა ბოლოდროინდელი ცნობები იმის თაობაზე, რომ ირანის სტატუსი შეიცვალა.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ პუტინმა პირდაპირ ჰკითხა რაისის, რას ფიქრობდა „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმით“ (JCPOA) გათვალისწინებული ბირთვული გარიგების შესახებ, რომელსაც რუსეთი იწონებს. როგორ იტყობინებიან, რაისმა კიხვას გვერდი აუარა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ  ისლამური რესპუბლიკა აშშ სანქციების ზემოქმედების „განეიტრალებას“ ცდილობს.

რაისის ვიზიტი პუტინის მოწვევით იყო ინიცირებული. მანამდე ირანული სახელმწიფო მედია და რაისის პიარ გუნდი ამ ვიზიტს „ოფიციალურ ვიზიტად“ წარმოაჩენდნენ, მაგრამ როცა მის დასახვედრად რუსეთმა სამზადისი შეკვეცა, მათ პოზიცია შეიცვალეს და ვიზიტს „სამუშაო ვიზიტი“ უწოდეს.  

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ირანულ-რუსული ურთიერთობები არსებითი და გრძელვადიანია.

ირანის წინა პრეზიდენტი ჰასან რუჰანი 8-წლიანი მმართველობის პერიოდში რუსეთს ოთხჯერ ეწვია. მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა ინტერვიუში განაცხადა, რომ, მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს ის რუსეთს 33-ჯერ ეწვია  და ცნობილია, რომ მან ახლო სამუშაო ურთიერთობები დაამყარა მის კოლეგასთან სერგეი ლავროვთან.

რაისიმ, რომლის ანტიდასავლურმა რიტორიკამ და ულტრაკონსერვატიულმა იდეოლოგიამ კიდევ უფრო დაძაბა ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები, მკაფიოდ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა პოლიტიკის მისეულ ხედვაში პრიორიტეტი მეზობლებთან კავშირს და რუსეთთან და ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავებას ენიჭება.

თუმცა რაისის ადმინისტრაცია ამჟამად რუჰანის დროინდელი გადმონაშთის „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ აღსადგენად მოლაპარაკებების პროცესშია, ის ოპტიმისტურად არ არის განწყობილი მის გაცოცხლებაზე და დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენაზე და სწორედ ამიტომ რუსეთთან და ჩინეთთან შეხმატკბილება რაისის ხელისუფლების დღის წესრიგის უპირველესი საკითხია.    

რუსეთთან ურთიერთობები დასაწყისი 1521 წლით თარიღდება და საუკუნეების განმავლობაში მკვეთრი წინსვლით და უკუსვლით ხასიათდება. ზოგ ირანელს მწარედ ახსოვს, 1813-1828 წლებში რუსეთმა როგორ წაგლიჯა ირანს მისი ჩრდილოეთის დიდი ტერიტორიები, როცა გულისტანისა და თურქმენჩაის საზავო ხელშეკრულებები გაფორმდა.  

ამით აიხსნება განსაზღვრული ნაციონალისტური განწყობები იმის თაობაზე, რომ ისტორიულად რუსეთი ირანს პატივს არ სცემდა და ისე ეპყრობოდა, როგორც კოლონიას. თუმცა დღეს ისლამური რესპუბლიკა ამჯობინებს ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭოს რუსეთთან ქვეყნის არასასიამოვნო წარსულს, რადგან რუსეთი ახლა ის ქვეყანაა, რომელც ირანის უსაფრთხოების საყრდა და მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ეს უკანასკნელი მას ისე ეჭიდება, როგორც სამაშველო რგოლს.

მიუხედავად იმისა, რომ ირანი რუსეთისთვის 30 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის სიაში არ შედის, რუსეთთან ისლამური რესპუბლიკის ვაჭრობამ 2021 წელს 3,5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ირანის კიდევ ერთ სტრატეგიულ მოკავშირესთან ჩინეთთან რუსეთის ბიზნესმა გასულ წელს რეკორდულ მაჩვენებელს 146,8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და თვით მეტოქე ამერიკასთან ორმხრივმა ვაჭრობამ 33,6 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა.  

შესაბამისად, ირანს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, სანამ ის მოთამაშე გახდება რუსულ ბაზრებზე, სადაც მისი პროდუქცია ძირითადად უცნობია და სადაც აშშ სანქციების დაცვა  მსხვილი ბანკების უმრავლესობას აიძულებს თავი შეიკავონ ირანთან დაკავშირებული გარიგებების დამუშავებისგან მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის იძულების ზომები ორივე ქვეყანაზე ვრცელდება.  

რაც შეეხება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, 2014-18 წლებში, როცა ქვეყნების უმეტესობა ირანზე ტრადიციული შეიარაღების გაყიდვისგან თავს იკავებდა, ირანში რუსეთის იარაღის ექსპორტმა ირანის იარაღის იმპორტის 96% შეადგინა. მაგრამ ირანის ჩრდილოელ მეზობელს ჯერ არ გაუკეთებია იმაზე მინიშნება, რომ ის მზად არის ირანს ახალი თაობის S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემა მიყიდოს. არადა, აშშ-სთვის რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, რუსეთმა ეს სისტემა უკვე მიყიდა ბელორუსს, ჩინეთს, ინდოეთსა და თურქეთს.  

თეირანსა და მოსკოვს შორის დადებული $800 მილიონიანი გარიგების ფარგლებში ოთხი S-300საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება 2016 წელს, 9 წლით დაგვიანებით, განხორციელდა, რის გამოც ირანმა რუსეთის თავდაცვის ექსპორტის სააგენტოს წინააღმდეგ ხელშეკრულების უარყოფის გამო უჩივლა და ზიანის ანაზღაურების სახით მისთვის $4 მილიარდის დაკისრება მოითხოვა.  

როგორ იტყობინებიან, პუტინს არ სურდა დაერღვია ირანისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები და მან გარიგებას მწვანე შუქი მხოლოდ 2015 წლის ივლისში აუნთო, როცა „ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას ხელი მოეწერა. თუმცა, მოგვიანებით, კერძოდ 2018 წელს, გარიგება მაინც ჩაიშალა.

ირანი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან, მაგრამ მათი ურთიერთობა შეიძლება საუკეთესოდ დახასიათდეს ფრაზით „ხელსაყრელი ქორწინება,“ რომელიც დამოკიდებულია დასავლეთთან მათი შესაბამისი ურთიერთობების ცვალებადობაზე და იმ როლზე, რომელსაც რუსეთი სპარსეთის ყურის რეგიონული კავშირების დაბალანსებაში ასრულებს, აცხადებს ოქსფორდის უნივერსიტეტის წმ. ანტონის სახელობის კოლეჯის მოწვეული დოქტორი დიანა გალეევა.

„შუა აღმოსავლეთში რუსეთი ყველა მხარესთან, მათ შორის, მოწინაამდეგეებთან ურთიერთობების დაბალანსების პოლიტიკას ახორციელებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან დაამყარა და ეცდება შეინარჩუნოს ურთიერთსასარგებლო სტრატეგიული ურთიერთობებ ირანის ისეთ მოწინააღმდეგეებთან, როგორიცაა ისრაელი და „ყურის თანამშრომლობის საბჭოს“ წევრი-სახელმწიფოები,“ განაცხადა გალეევამ.

სხვა ექსპერტები მიუთითებენ, რომ მიუხედავად რუსეთის ირანთან ურთიერთობების გაფართოების სურვილისა, ამ ურთიერთობის ფარგლები შეზღუდულია, სანამ ირანი საერთაშორისო ფინანსური და საბანკო სისტემიდან გამოძევებულია და აშშ-სთან და მის არაბ მეზობლებთან დაპირისპირების ჭაობშია ჩაფლული.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ირანს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს. მოსკოვი უბრალოდ არ აპირებს ირანის აშშ-სგან ან მისი რომელიმე შუა აღმოსავლელი მეზობლისგან დაცვას, რომელთანაც მოსკოვს კარგი ურთიერთობების შენარჩუნება სურს,“ განაცხადა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის შარის სკოლის პროფესორმა მარკ კაცმა.

„მოსკოვი ირანს კიდევ უფრო მეტ იარაღს მიყიდიდა, ირანს გადახდა რომ შეძლებოდა. მაგრამ სანქციების გამო ირანს გადახდა არ შეუძლია. გარდა ამისა, რუსეთიც და ირანიც ნავთობის ექსპორტიორები და, შესაბამისად, ერთმანეთის კონკურენტები არიან. ჩინეთი ნავთობის იმპორტიორია და, აქედან გამომდინარე, ორივესთვის სასურველი ეკონომიკური პარტნიორია,“ განაცხადა რუსეთის ექსპერტმა.

„რუსეთს და ირანს სურთ რუსულ-ირანული ვაჭრობის გაზრდა, მაგრამ ეს სურვილი შეზღუდულია იმდენად, რამდენადაც თითოეულ მათგანს სურს და შეუძლია მეორისგან ყიდვა. და ის ფაქტი, რომ რუსეთი უკრაინით არის დაკავებული, აშკარად ზღუდავს მის სურვილსა და შესაძლებლობას ირანისთვის რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთოს,“ დასძინა მან.  

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მარკ კაცი მიიჩნევს, რომ პუტინი „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმი აღდგენით დაინტერესებულია: „მოსკოვისთვის უფრო სასურველია „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ კვლავ ამოქმედება. მაგრამ მოსკოვი არც ძალიან შეწუხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ მოხდება. რუსეთს ახლა ირან-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობა უფრო მეტად აღელვებს, ვიდრე ბირთვული ირანის შესაძლებლობა.“

ის პრო-რუსული კომენტატორები, რომლებიც ირანულ სახელმწიფო მედიაში ხშირად ჩნდებიან და მოსკოვთან მტკიცე ურთიერთობების შენარჩუნების სარგებლიანობაზე საუბრობენ,  სპეკულირებენ, რომ რუსეთს შეიძლება ენდო, როგორც იმ მეგობარს, რომელიც ისრაელთან სამხედრო კონფლიქტის ან ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე ამერიკის შესაძლო თავდასხმების შემთხვევაში ირანს დაიცავს.

მაგრამ ეს ის სცენარია, რომელიც მრავალი დამკვირვებლის აზრით ნაკლებად სავარაუდოა იმ დამაბალანსებელი პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელსაც რუსეთი რეგიონში ასრულებს. უფრო მეტიც, მხედველობაში მისაღებია ირანთან ურთიერთობის გამოცდილებაც – 2006-2010 წლებში რუსეთმა მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს ექვს რეზოლუციას, რომლებითაც თეირანს ბირთვული პროგრამის გამო მკაცრი სანქციები დაუწესდა.  

„თუ ირანსა და ისრაელს შორის ომი ატყდება, ეჭვი მეპარება, რომ რუსებმა თეირანი დაიცვან,“ განაცხადა ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის ნაციონალური უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კვლევების დოცენტმა ალექსეი მურავიევმა.

„შესაძლებელია, რომ რუსეთმა გააღრმავოს ირანთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, მათ შორის, ირანს გადასცეს ზოგიერთი ახალი თაობის ტრადიციული სამხედრო ტექნოლოგია,“ განაცხადა მან.

„მაგრამ ისრაელთან და სპარსეთის ყურის ზოგიერთ მონარქიასთან მისი მიმდინარე სტრატეგიული დაბალანსების თამაშში ეს და არა ირანის მხარეს დადგომა იქნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ნატოზე რუსეთის სამხედრო-ტექნიკური რეაქციის ერთ-ერთი გამოვლინება.“

კუროშ ზიაბარი

https://asiatimes.com/2022/02/russia-and-iran-not-as-close-as-they-pretend

Leave a Reply