• November 26, 2022

შეძლებს დასვლეთი რუსეთთან ომის დაუწყებლად უკრაინის გადარჩენას?

როცა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე აშშ-ს დაზვერვის სამსახურები იძლეოდნენ გაფრთხილებას, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავდა, ამერიკის შეერთებული შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ორი სტრატეგიის განხორციელება დაიწყეს მიყოლებით. ჯერ მათ ესკალაციის თავიდან აცილება სცადეს. რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის თავიდან ასაცილებლად აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ადრევე მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ აშშ სამხედრო შენაერთებს უკრაინაში არ გაგზავნიდა. შემდეგ, მან ხელი მოჰკიდა მაიძულებელი დაპლომატიის სტრატეგიას და მუქარებს მიმზიდველი წინადადებებიც შეურია. ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ პუტინი უკრაინას თავს დაესხმებოდა, ის რუსეთს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებდა, და რუსეთს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე მოლაპარაკებები შესთავაზა.  

მაგრამ ეს სტრატეგია კრახით დასრულდა, როცა რუსულმა ტანკებმა უკრაინის საზღვარი გადალახეს. ახლა, როცა რუსეთის სამხედრო შენაერთები კიევს სულ უფრო უახლოვდებიან, დასავლელ პოლიტიკოსებს ორი კონკურენტული მიზანი აქვთ შესასრულებელი: ერთის მხრივ, მათ სურთ სამხედრო ძალის გამოყენების გარდა ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ უკრაინა რუსეთის მხრიდან ამ სასტიკ და გაუმართლებელ თავდასხმას გადაურჩეს. მეორეს მხრივ, მათ სურთ არ დაუშვან რუსეთსა და დასავლეთს შორის სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღება. ამ პრობლემის გადაჭრას ართულებს ის, რომ ერთი მიზნის შესასრულებლად რაც უფრო მეტს აკეთებენ, მეორე მიზნის მიღწევა მით უფრო ნაკლებად სავარაუდო ხდება. საგარეო პოლიტიკაში კომპრომისები ნორმაა, მაგრამ ეს არჩევანი ისე სასტიკი იშვიათად არის, როგორც ეს უკრაინაშია. გასაკვირი არ არის, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს უჭირთ ძაფის ნემსის ყუნწში გაძვრენა.

ავიღოთ ფრენებისთვის დახურული ზონის საკითხი: ნატოს მიერ უკრაინაზე ამ ზონის გახსნას ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაჟინებით ითხოვს. ფრენებისთვის დახურული ზონა ცუდ დღეში ჩაცვენილ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სერიოზულად დაეხმარებოდა, მაგრამ ამით ასევე გაიზრდებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების ნატოს თვითმფრინავებზე ნებსით ან უნებლიეთ თავდასხმის შესაძლებლობა და სწორედ ამიტომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა ეს ვარიანტი გამორიცხეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები რთული დილემის წინაშე დგანან: როგორ დაიცავ უკრაინა და შეაჩერონ რუსეთის აგრესია და ამავე დროს თავიდან აიცილონ ომი რუსეთთან, ქვეყანასთან, რომელსაც მთელს მსოფლიოში ბირთვული იარაღის ყველაზე დიდი არსენალი აქვს?  

ვინაიდან უკრაინაზე შეტევები გრძელდება, ძალზე მარტივია იმ სცენარების წარმოდგენა, რომლებშიც ნატო და რუსეთი ისეთ პირდაპირ კონფლიქტში ჩართული აღმოჩნდებიან, რომელიც არცერთ მხარეს არ სურს. ესკალაციისკენ მიმავალი ერთი გზა ითვალისწინებს უკრაინის სამხედრო შენაერთების ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღით მოსამარაგებლად კოლონების პოლონეთიდან და რუმინეთიდან შესვლას. რუსეთს შეიძლება ამ კოლონებს თავს დაესხას, რომ არ დაუშვას უკრაინისთვის იმ იარაღის მარაგების მიწოდება, რომლებიც ბრძოლის ბედს მნიშვნელოვნად წყვეტს. მართალია იარაღის მიწოდებას ნატოს ცალკეული წვერები ახორციელებენ და არა თვით ნატო, მაგრამ ნატო კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაა.  ნატოს ნებისმიერ წევრზე თავდასხმა ნატოს ყველა წევრზე თავდასხმაა. წარმოიდგინეთ, რომ რუსეთის ბომბდამშენმა დაბომბოს რუმინეთის ბაზაზე ჩამოტვირთული ფრანგული სამხედრო ტექნიკა. ამგვარი თავდასხმით გამართლდება თუ არა ერთობლივი თავდაცვის ვალდებულების შესახებ ნატოს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება? ამ ვარიანტის გატესტვა ჯერ არ მომხდარა, მაგრამ თუ ნატოს ხელმძღვანელობა დაასკვნის, რომ ასეთი თავდასხმით ერთობლივი თავდაცვა მართლდება, მაშინ ნატო და რუსეთი ომში ჩაბმული აღმოჩნდებიან.  

კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის სცენარები, რომლებშიც მიმდინარე კრიზისი შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენებამდე მივიდეს. უკრაინაზე თავდასხმის წინა დღეებში და თავდასხმიდან შემდეგ უკვე არაერთხელ რუსეთის ხელმძღვანელობა ბირთვულ იარაღზე საუბრობს. პუტინმა რუსეთის სტრატეგიული ბირთვული შენაერთები მზადყოფნაში ორჯერ მოიყვანა, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2 მარტს გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ნატოსთან ნებისმიერი ომი ბირთვული იქნებოდა. ჯერჯერობით, ამ გაფრთხილებების შედეგად რუსეთის ბირთვული შენაერთებს მზადყოფნის დონე არ გაუძლიერებიათ და ზოგი ვარაუდობს, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული მუქარები სხვა არაფერია, თუ არა იარაღის ჟღარუნი, რომელიც გამიზნულია იმისათვის, რომ ნატომ თავი შეიკავოს ჰაერში და ხმელეთზე იმ უაღრესად მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერისგან, რაც უკრაინას ძალიან სჭირდება.  მაგრამ ნატოს არცერთ წევრ ქვეყანას, განსაკუთრებით ევროპაში, არ სურს წაუყრუოს რუსეთის ბირთვულ მუქარებს, როგორც ბლეფს, და კარი გაუღოს გამანადგურებელ ესკალაციას.

ჯერჯერობით, ესკალაციის გაკონტროლების საკითხში დასავლეთს რაიმე სერიოზული წინსვლა არ ჰქონია. უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებები ენთუზიაზმის გარეშე, ფაქტობრივად კუს ნაბიჯით მიიწევს წინ. ისინი მხოლოდ ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული კორიდორებისა და ატომური ელექტროსადგურების გარშემო უსაფრთხო ზონების შექმნაზე შეთანხმდნენ, მაგრამ რუსეთის სამხედრო შენაერთებმა ერთიც და მეორეც შეთანხმებების გამოცხადებიდან მალევე დაარღვიეს. პენტაგონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც ახალი ცხელი ხაზი დაამყარეს აშშ და რუსულ ძალებს შორის კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ყველა ეს ზომა ესკალაციის შესაჩერებლად ძალზე სუსტი მუხრუჭია.    

როგორც ჩანს, არც იძულება-შეკავების ის ზომები მუშაობს, რომლებიც ამ დროისთვის არის მიღებული. სანქციებმა რომ შედეგი გამოიღოს, ამას ყოველთვის დრო სჭირდება; ისინი მომავალ ტანკებს არ აჩერებს. რუსეთის ხელმძღვანელობას ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ რაიმე მინიშნება იმაზე, რომ ის ცეცხლის შეწყვეტით ან მოლაპარაკეებით გულწრფელად არის დაინტერესებული. პირიქით, ისინი შეტევებს კიდევ უფრო აძლიერებენ. პუტინთან 3 მარტს გამართული საუბრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი დასკვნით რუსეთის პრეზიდენტის მთელი უკრაინის აღება ჰქონდა გადაწყვეტილი. ბრძოლის ველზე არსებულმა პრობლემებმა პუტინს შეიძლება რაიმე წინადადებით გამოსვლისკენ უბძგოს, მაგრამ მან თავისი გრძელვადიანი განზრახვების შესახებ უკვე მკაფიოდ განაცხადა.  

იმ დროს, როცა უკრაინაში შეჭრაზე საზოგადოების აღშფოთება და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობ უფრო და უფრო იზრდება, ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსეთის შეკავებასა და კონფლიქტის ესკალაციას შორის დაბალანსებული პოზიცია უნდა დაიკავონ. ამ პრობლემას შეიძლება ორი მხრიდან მივუდგეთ.  

პირველი რაციონალიზმისა და შეკავების კარგად დამკვიდრებულ თეორიებს ემყარება. ამ არგუმენტების მიხედვით, აგრესიული ლიდერის შეჩერების ერთადერთი გზაა სამხედრო მოქმედებების ხარჯების გაზრდა  და ურყევი პოზიციის როგორც სიტყვით, ასევე საქმით დემონსტრირება. სწორედ ამ გადასახედიდან აფასებდა ეკონომისტი თომას შელინგი კუბის სარაკეტო კრიზისს. შელინგი აცხადებდა, რომ საბჭოთა კავშირთან დაპირისპირება „ვის პირველი შეეშინდება“ თამაში იყო, რომელშიც ვიწრო გზაზე ორი მძღოლი პირდაპირ ერთმანეთის მიმართულებით მოძრაობდნენ. როცა ამ თამაშს თამაშობ, აცხადებდა შელინგი, საუკეთესო სტრატეგია არის ის, რომ საჭე გადააგდო – მეორე მძღოლი დაინახავს, რომ გადახვევა აღარ შეგიძლია და ხვდება, შეჯახება რომ თავიდან აიცილოს, მან თავად უნდა გადაუხვიოს, რადგან სხვა არჩევანი აღარ აქვს.  

ომის დაწყების შემდეგ ნატოს ლიდერები შეკავების სტრატეგიას ახორციელებენ. მათ არაერთი გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ ალიანსის რომელიმე წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმად იქნებოდა განხილული. მათ დამატებითი შენაერთები განალაგეს ნატოს იმ წევრ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან – ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში – და ნატოს ისეთ უფრო მსხვილ წევრებშიც, როგორიცაა პოლონეთი და რუმინეთი. გარდა ამისა, მათ აამოქმედეს ალიანსის სწრაფი რეაგირების შენაერთი – 40 000 ჯარისკაცისგან შემდგარი დანაყოფი, რომელიც მოკლე დროში განლაგდება იმ შემთხვევაში, თუ ნატოს რომელიმე წევრზე თავდასხმა გარდაუვალი იქნება. ამასობაში, დასავლეთის ქვეყნები განაგრძობენ რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების კიდევ უფრო დამძიმებას, იმ სანქციებისა, რომლებიც რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარ ზიანს აყენებს.  

მეორე მიდგომა საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსებისთვის ნაკლებად ცნობილია, მაგრამ აზროვნების მეცნიერებიდან აღებული მტკიცებულებებით კარგად დასტურდება. ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომისტმა დანიელ კანემანმა და ფსიქოლოგმა ამოს ტვერსკიმ ექსპერიმენტებით არაერთხელ დაადასტურეს, რომ როცა ადამიანები სერიოზულ დანაკარგს მოელიან ან განიცდიან, ისინი უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დანაკარგის ალბათობის გაზვიადებისკენ და კიდევ უფრო რისკიანი გადაწყვეტილებების მიღებისკენ. პუტინი სწორედ ამ კატეგორია მიეკუთვნება. მან საბჭოთა კავშირის დაშლას „საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა. გარდა ამისა, ის უკრაინას რუსეთის ისტორიული ტერიტორიის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. მან არაერთხელ დაადანაშაულა დასავლეთი იმაში, რომ დასავლეთმა რუსეთს უღალატა და მიცემული დაპირებები არ შეასრულა. და ახლა, უკრაინის წინააღმდეგ უმიზეზო და დაუნდობელი აგრესიის დაწყების შემდეგ, პუტინი აპროტესტებს და გმობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებიის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის განადგურებას. მიმდინარე კრიზისის დროს პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან აშკარა ხდება, რომ საქმე გვაქვს კაცთან, რომელსაც დანაკარგის განცდა კიდევ უფრო გაუღრმავდა.    

ფსიქოლოგების დაკვირვებით, ადამიანები სწორედ ასეთ პირობებში იღებენ რისკიან გადაწყვეტილებებს. თუ ფსიქოლოგები მართლები არიან, მაშინ უფრო სავარაუდოა, რომ უკან დახევის ნაცვლად პუტინი შემდგომი ესკალაციის გზას დაადგეს იმ გახურებული კამპანიის დროს, რომელიც გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას პუტინი ელოდა. ნატოს წევრი ქვეყნები სასოწარკვეთილად ცდილობენ ესკალაცია თავიდან აიცილონ, მაგრამ მათი შეკავების სტრატეგიის გაძლიერებით შეიძლება გაიზარდოს იმის ალბათობა, რომ პუტინი, რომელიც გამწარებული და შეშფოთებული ლიდერია, ესკალაციაზე წავიდეს. პარადოქსია ის, რომ სტრატეგიამ, რომლის მიზანიც შეკავებაა, შეიძლება ესკალაციის პროვოცირება გამოიწვიოს.    

ამ ორ კონკურენტულ მიდგომაში ძალზე განსხვავებულ სტრატეგიები მოიაზრება. როგორ შეიძლება, რომ დასავლეთის ლიდერებმა ეს წინააღმდეგობა დაძლიონ? ისტორიული შემთხვევების ერთმანეთთან შედარება იმაზე მიუთითებს, რომ სტრატეგიების თანმიმდევრობით გამოყენებამ შეიძლება ნაყოფი გამოიღოს. ჯერ სიმტკიცე და ურყევი პოზიცია აჩვენე და მხოლოდ ნატოს მიერ ამ პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირების შემდეგ გადადი პუტინისთვის მიმზიდველი წინადადებების შეთავაზებაზე იმისათვის, რომ მას შეექმნას დე-ესკალაციისა და მოლაპარაკებების წამახალისებელი პირობები. ასეთი სტრატეგიის უკან დამაჯერებელი ლოგიკა მოიაზრება, მაგრამ ეს დაკავშირებულია დროის სწორად გათვლისა და სწორი მომენტის შერჩევის რისკიან საქმესთან. თუ ნატო მიმზიდველი წინადადებების შეთავაზებას საკმარისზე დიდხანს დააყოვნებს, მაშინ პუტინი ესკალაციაზე წავა. და პუტინის გარდა არავინ იცის, საკმარისზე დიდ ხანი რამდენი ხანია.  

ამ წინააღმდეგობების დაძლევის კიდევ ერთი გზა გულისხმობს დე-ესკალაციის შესაძლებლობების განხილვის მიზნით პუტინთან არაოფიციალური გზებით დაკავშირებას. საიმედო შუამავლებად მოაზრებიან ან სხვა ქვეყნები, მაგ., ჩინეთი, ისრაელი ან თურქეთი, ან კერძო პირი, ვიღაც, რომელსაც პუტინთან ხანგრძლივი პერსონალური ურთიერთობ აქვს. კერძო არხის შექმნა პუტინისთვის არა მარტო გზავნილი იქნებოდა იმაზე, რომ, თუ ის საომარ მოქმედებებს შეწყვეტს, ნატო მოლაპარაკებისთვის მზადაა, არამედ ისიც არის, რომ ლიდერებს საფუძვლიანად აღარ ექნებოდათ ბრალეულობის განცდა იმ შემთხვევაში, თუ პუტინი მათ ძალისხმევას არად ჩააგდებდა. რაოდენ რთული გასააზრებელიც უნდა იყოს, ამ წინადადებებში უნდა იყოს მინიშნება დე-ესკალაციაზე თანხმობის შემთხვევაში ზოგიერთი სანქციის მოხსნისთვის მზაობაზე. როგორც მუქარები დაკავშირებული უნდა იყოს იმ ქცევასთან, რომლის თავიდან აცილებასაც ლიდერები ცდილობენ, ასევე მიმზიდველი წინადადებები მორგებული უნდა იყოს იმ ქცევაზე, რომლის წახალისებასაც ისინი ცდილობენ.  

რა თქმა უნდა, მოლაპარაკებისთვის მზაობაზე მინიშნება რისკებთან არის დაკავშირებული. ყოველთვის არის შესაძლებელი ის, რომ პუტინმა ამგვარი ჟესტი სისუსტის ნიშნად აღიქვას და ესკალაციაზე წავიდეს. შეკავების სტრატეგიის მომხრეები სწორედ ამას იმიზეზებენ. მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციას შეიძლება სურდეს ამ რისკზე წასვლა. თეთრმა სახლმა გააკეთა მინიშნება იმის თაობაზე, რომ მას აღელვებს გაუკონტროლებელი ესკალაცია – მაგალითად, მარტის პირველი კვირისთვის დაგეგმილი ბირთვული გამოცდის განზრახ ჩაშლა რუსეთის მიერ არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად. მაშინ, გასაკვირი იქნება, თუ ბაიდენის ადმინისტრაცია არაოფიციალური არხების გამოყენებით უკვე ჩუმად არ ცდილობს ამ მიდგომების მოსინჯვას.  

პოლიტიკური რისკები სერიოზულია იმ ლიდერებისთვის, რომლებიც ესკალაციის გაკონტროლებას ცდილობენ. უკრაინაზე პუტინის ბარბაროსულმა თავდასხმამ მთელ მსოფლიოში აღშფოთების ტალღა გამოიწვია. მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით გამოწვეული სამართლიანი განრისხება ავიწროებს იმ პოლიტიკურ სივრცეს, რომელიც ამ ომის დასრულების მიზნით პოლიტიკოსებმა უნდა გამოიყენონ. ლიდერებს გამბედაობა ესაჭიროებათ, რომ ესკალაციის რისკებზე საჯაროდ ისაუბრონ – აღნიშნული რისკების წინაშე არა მხოლოდ უკრაინელები დგანან, რომლებშიც უკვე ათასობით მსხვერპლია, არამედ ის სხვა მრავალი ათასობით ადამიანიც, რომლებიც ასევე დაზარალდებიან იმ შემთხვევაში, თუ ეს ომი გამწვავდება და მისი ქარცეცხლი ნატოს წევრ ქვეყნებსაც მოედება. საბოლოო ჯამში ზოგი უპრინციპობაში და გაუმართლებელ დათმობებზე წასვლაში დაადანაშაულებს იმ ლიდერებს, რომლებიც ესკალაციის რისკებზე ალაპარაკდებიან. მაგრამ ესკალაციის თავიდან აცილების მცდელობა  იმ ძალზე უთანასწორო ბრძოლაში, სადაც დომინანტ სახელმწიფოს ბირთვული იარაღი აქვს, უპრინციპობადა გაუმართლებელ დათმობებზე წასვლა არ არის.  

რუსეთის შეტევის შეწყვეტის მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი გზა არსებობს. უკრაინამ რუსეთის შემდგომი თავდასხმები შეიძლება მშვიდობიანი მოსახლეობის საშინელი დანაკარგების ხარჯზე მოიგერიოს, მაგრამ გეოგრაფიულად მაინც გაყოფილი დარჩეს. პუტინმა შეიძლება ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობა განაცხადოს და დაპატარავებული უკრაინა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში დატოვოს. ან მან შეიძლება მთელი უკრაინა დაიპყროს და შემდეგ დაუსრულებელი აჯანყებები მიიღოს. ისიც კი შესაძლებელია (თუმცა ნაკლებად სავარაუდოა), რომ კრემლში მის წინააღმდეგ შეთქმულება მოხდეს და პუტინი თანამდებობიდან გადააყენონ. და ბოლოს, კუთხეში მიმწყვდეულ პუტინი შეიძლება ესკალაციაზე წავიდეს და ომის გაფართოებას არ მოერიდოს.  

უახლოეს დღეებსა და კვირებში ლიდერებმა შეკავების სტრატეგიის გაძლიერების რისკები გამანადგურებელი ესკალაციის რისკებით უნდა დააბალანსონ. არავინ უნდა იყოს დარწმუნებული იმის ცოდნაში, რას გააკეთებს პუტინი. გამჭრიახობა გვკარნახობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე ნატოს წევრი ქვეყნები პირველ რიგში ცდილობენ იმ ომის თავიდან აცილებას, რომელმაც შეიძლება ათიათასობით უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად უკრაინის საზღვრებს მიღმა წარმოუდგენელი რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობა შეიწიროს. ნატომ უკვე აღიარა, რომ მას უკრაინისთვის მხოლოდ შეზღუდული ოდენობის მხარდაჭერის გაწევა შეუძლია, ვინაიდან ესკალაციის თავიდან აცილება ძალზე მნიშვნელოვანია; შეუძლებელია ალიანსი ამ ზღვარს გადაიდეს და რუსეთთან საშიში ომი თავიდან აიცილოს. ეს უკრაინასთან მიმართებით სამართლიანი არ არის – ეს ქვეყანა, მიუხედავად ყველაფრისა, უძლებს და იგერიებს რუსეთის მხრიდან უმიზეზო და დაუნდობელ შემოტევას. პირველი შემთხვევა არ არის, როცა საერთაშორისო პოლიტიკა რთული არჩევანის წინაშე დგას.    

 

ჯანის გროს სტეინი

09.03.22.

https://www.foreignaffairs.com/articles/russia-fsu/2022-03-09/ukraine-dilemma

 

Leave a Reply