• March 28, 2024

კონფლიქტი შეიძლება სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ან რუსეთში არეულობამ შეაჩეროს, მაგრამ ყველაზე სავარაუდო არის ის, რომ საომარი მოქმედებები შეიძლება კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდე.

„მითხარი, როგორ მთავრდება?“ ეს ის ფრაზა, რომელსაც ხალხი ხშირად კინოებში, თუმცა ზოგჯერ რეალურ ცხოვრებაშიც ამბობს. ეს არის უმნიშვნელოვანესი კითხვა უკრაინაში მიმდინარე ომზე, მაგრამ ეს ისეთი კითხვაა, რომელიც ზოგჯერ ყოველდღიური მოვლენების სრული დრამატიზმით და საშინელებით ბუნდოვანდება.

სანამ ომი დაიწყებოდა, სამხედრო ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობდა, რომ რუსეთი ერთი ხელის მოსმით გაიმარჯვებდა. მაგრამ ეს ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა – და წინ ჯერ კიდევ ბევრი სიურპრიზია. ასე, რომ ყველა პროგნოზი მოკრძალებულად უნდა გაკეთდეს.

ამის გათვალისწინებით, უკრაინასთან დაკავშირებით სამი სცენარი ყველაზე სავარაუდოა. პირველი, რომელიც ყველაზე ტრაგიკულიც არის და ყველაზე შესაძლებელიც, არის ის, რომ ომი რამდენიმე თვე გრძელდება. არსებობს მეორე, დაახლოებით 30%-იანი, შესაძლებლობა იმისა, რომ ომი სამშვიდობო მოლაპარაკებით დასრულდეს. მესამე სცენარის მიხედვით, რომლის ალბათობაც სადღაც 10%-ია, რუსეთში გარკვეული სახის პოლიტიკური მღელვარება იწყება, რაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დამხობით და უკრაინის მიმართ ახალი მიდგომით მთავრდება.  

ხანგრძლივი, გამანადგურებელი ომის სცენარის მიხედვით, ახლა არც რუსეთს და არც უკრაინას არ შესწევს ტოტალური გამარჯვების უნარი, მაგრამ არც რომელიმეა მზად იმისათვის, რომ მარცხი აღიაროს. პუტინი მისი პოლიტიკური სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის, უკრაინელები კი თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად იბრძვიან.

ომის დაწყებიდან თითქმის ერთი თვე გავიდა, მაგრამ რუსეთმა უკრაინის ერთი მსხვილი ქალაქიც კი ვერ აიღ, რომ არაფერი ვთქვათ ცოცხალი ძალისა და ტექნიკის სერიოზულ დანაკარგებზე. შეიძლება რუსებს მარიუპოლის სტრატეგიული პორტის აღებამდე ცოტა დრო აორებთ, მაგრამ ამას მხოლოდ მისი სრული განადგურებით თუ შეძლებენ.  

რუსული ტაქტიკის მზარდი სისასტიკე, რაც მარიუპოლში თვალში საცემი გახდა, კარგად აჩვენებს, თუ რა იქნება მომავალში. რუსები რაც უფრო სასოწარკვეთილი ხდებიან, მით უფრო სასტიკდებიან. არსებობს იმის ავისმომასწავებელი ნიშნები, რომ კრემლი იმ ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავს, რომელიც სირიაში უკვე გამოიცადა.  

მაგრამ მარიუპოლის მოსახლეობასთან შედარებით კიევის მოსახლეობის რაოდენობა ექვსჯერ მეტია. უკრაინის დედაქალაქის ალყაში მოქცევა, მისი დაბომბვით დამორჩილება და შემდეგ ქალაქში კონტროლის დამყარება ბევრის ვარაუდით რუსეთის სამხედროების ძალებს აღემატება. თვით ოდესის დაპყრობასაც კი, რითაც რუსეთი უკრაინის ზღვის სანაპიროს სრულად გააკონტროლებდა, შეიძლება თვეები დასჭირდეს და ამისთვის საჭირო გახდეს ამ საპორტო ქალაქის განადგურება, ქალაქისა, სადაც უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბბინაა განთავსებული.

რომ აღარაფერი ვთქვათ უზარმაზარ მსხვერპლზე, გაჭიანურებული ომის შედეგად ესკალაციის რისკი თანდათანობით გაიზრდება. ომის საშინელებების ინტენსიფიკაციის კვალობაზე გაიზრდება დასავლელ ლიდერებზე ზეწოლაც, რომ პროცესებში ჩაერიონ. აშშ და ევროპის ქვეყნების მთავრობები ეცდებიან არ დაყვნენ ამ ზეწოლას. მაგრამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მასშტაბების გაფართოებამ შეიძლება ჩარევასა და ჩაურევლობას შორის გამავალი საზღვარი წაშალოს და რუსეთსა და დასავლეთს შორის პირდაპირი ომის რისკი გაზარდოს.

ახლა და მომავალში ორივე მხარის შემზარავმა დანაკარგებმა უნდა გააფართოვოს ომის სამშვიდობო მოლაპარაკებებით დასრულების პერსპექტივა. რუსები და უკრაინელები მოლაპარაკებებს თითქმის კონფლიქტის დაწყებიდანვე მართავენ. როგორც ჩანს, უკრაინელები შეურიგდნენ იმ აზრს, რომ ნატოში არ გაწევრიანდებიან და ნეიტრალურ სახელმწიფოდ დარჩებიან. ეს რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო და ამით პუტინმა შეიძლება ერთგვარი გამარჯვება დაიქადნოს.  

არსებობს სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც მოუგვარებელი რჩება. რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმისა და რუსეთის მიერ უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის სტატუსზე თანხმობა მიღწეული არ არის. სამშვიდობო გარიგება შეიძლება გულისხმობდეს გარკვეულ კრეატიულ კომპრომისს, რომლითაც ქვაზე ამოტიფვრის გარეშე ხდება არსებული სტატუს-კვოს აღიარება.

ეს საკითხები რომც შეთანხმებულიყო, სხვა ძალზე რთული საკითხები მაინც ღია დარჩებოდა. უკრაინას ახლა გარკვეული სახის საერთაშირისო უსაფრთხოების გარანტიების მიღება სურს და ეს გასაგებია.

მაგრამ თუ ამის მეორე სახელი ნატოს წევრობაა, ამას ალბათ არც რუსეთი დათანხმდება და არც ნატოს წევრი-ქვეყნები. რუსეთმა ჯარების გაყვანის სანაცვლოდ შეიძლება დასავლეთის სანქციების გაუქმება მოითხოვოს. მაგრამ სანამ პუტინი ხელისუფლებაშია, აშშ და ევროკავშირი ასე მარტივად არ წავა რუსეთისთვის გარიყულის სტატუსის გაუქმებაზე.

ვაშინგტონის ახლანდელი ვარაუდით, რუსები კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებს არ უნდა აწარმოებდნენ. თვით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებასაც კი სკეპტიკურად უნდა შევხედოთ – ვინაიდან რუსეთმა ეს შეიძლება სამხედრო შენაერთების გადაჯგუფებისთვის გამოიყენოს.  

მაგრამ თუ პუტინი ომს მაინც გააგრძელებს, ის მორიგ კატასტროფულ შეცდომას დაუშვებს. რუსეთის ეკონომიკაზე და შეიარაღებულ ძალებზე ზეწოლა მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაძლიერდება. ზოგი სამხედრო ექსპერტის აზრით, ჯარს შეიძლება მალე ტყვია-წამალი და სხვა საბრძოლო მასალები და ჯარისკაცები გამოელიოს. რუსეთის მაღაზიებში უკვე პროდუქტების ნაკლებობაა, ფასები კი მატულობს.

მიუხედავად დემონსტრანტების დაპატიმრების რისკისა, საზოგადოებრივი პროტესტის გამოხატვის შემთხვევები მაინც გრძელდება. გაბრაზებულმა პუტინმა მოღალატეებისა და მეხუთე კოლონის წარმომადგენლების შეჩვენება დაიწყო. როგორც იტყობინებიან, დაზვერვის სამსახურების ზოგ მაღალჩინოსან შინა პატიმრობა მიუსაჯეს.  

მეორეს მხრივ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მთელი ეს არეულობა და პანიკა პუტინის წინააღმდეგ ეფექტიან სასახლის გადატრიალებაში გადაიზარდოს. რუსეთის ლიდერი საკმაოდ ფრთხილია, როცა საქმე მის უსაფრთხოებას ეხება – იმდენად ფრთხილი, რომ თავის უახლოეს გარემოცვასაც კი არ უშვეს თავისთან ახლოს.

განსხვავებული აზრის მქონე ჩინოვნიკებისგან კრემლი დიდი ხნის წინ გაიწმინდა. უთანხმოება და წუხილი რუსეთის მთელ სისტემაში იქნება, მაგრამ პუტინის გადასაყენებლად ამ პროცესის კოორდინაცია და ქმედითი გადატრიალების მოწყობა შეიძლება არარეალური იყოს.

ამრიგად, არსებობს სამი ვარიანტი: გახანგრძლივებული ომი; სამშვიდობო შეთანხმება; ან რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება. იმედოვნე პირველზე, მეორეზე იმუშავე, მესამისა კი იმედი ვიქონიოთ.  

 

გიდეონ რახმანი

21.03.22.

 

https://www.ft.com/content/63fc662c-098d-4263-b69b-34d55c9f5e0a

Leave a Reply