• November 26, 2022

რუსეთი რაც უფრო მეტად მიიწევს დასავლეთით, კერძოდ სტრატეგიულ საპორტო ქალაქ ოდესისკენ, მით უფრო შეშფოთებულია ბებრი იმით, რომ მოსკოვმა შეიძლება მზერა უკრაინის დასავლეთ მეზობელზე – მოლდოვაზე გადაიტანოს. ეს შიშები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის რვა წლისთავის აღსანიშნავად წინა პარასკევს მოსკოვის სტადიონზე გამართული იმ ღონისძიების შემდეგ  გაძლიერდა, სადაც დამსწრეებმა პატრიოტული სიმღერები, მათ შორის, „დამზადებულია სსრკ-ში“ იმღერეს, რომელიც იწყება სტრიქონით: „უკრაინა და ყირიმი, ბელარუსი და მოლდოვა, ეს ყველა ჩემი ქვეყანაა.“

ამ ღონისძიებამ სიმშვიდე ბევრს საქართველოშიც დაუკარგა. საქართველოს, რომელიც ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების მსურველი ერთადერთი ქვეყანაა კავკასიაში, რეგიონში, რომელიც ასევე ნახსენებია „დამზადებულია სსრკ-ში“ სიმღერაში, იგივე წუხილები აქვს, რაც მოლდოვას, თუმცა განსხვავებული მიზეზებით. მართალია, მოლდოვას მსგავსად ის უკრაინას არ ესაზღვრება, მაგრამ საქართველოს ჯერ კიდევ ცხადად ახსოვს 2008 წელს რუსეთის მის ტერიტორიაზე შემოჭრა და ამ უკანასკნელის მიერ მისი ორი სეპარატისტული რეგიონის ოკუპაცია.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, საქართველომ და მოლდოვამ გააძლიერეს მუშაობა ბრიუსელთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ამ ორივე ქვეყანას რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონები ჰყავს: დნესტრისპირეთი მოლდოვას და სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს. გასული წლის მაისში ამ ორმა ქვეყანამ უკრაინასთან ერთად ჩამოაყალიბა „გაერთიანება ტრიო,“ რომლის მიზანია ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარება. ეს საკითხი ამ სამივე ქვეყნისთვის პრიორიტეტია, ვინაიდან ისინი, როგორც ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოები, დიდი ხანია რუსეთის ეკონომიკაზე არიან დამოკიდებული. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში ამ ქვეყნებმა ევროკავშირს დაჩქარებული წესით ევროკავშირში მიღებაზეც მიმართეს. მანამდე მათ ნაკლებად სავარაუდო კანდიდატებად განიხილავდნენ იმის გამო, რომ მათი ტერიტორიის ნაწილები რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული. მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ბრიუსელი ახლა უფრო მონდომებულია განიხილოს მათი მიღების საკითხი. მოლდოვა და საქართველო, რომლებმაც იციან, რომ გაწევრიანებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო აშორებთ, იმედოვნებენ, რომ ევროკავშირი მათ უკრაინიდან შემოსული ლტოლვილების მართვაში დაეხმარება.

მათ ისიც აღელვებთ, რომ ისინი მოსკოვის მორიგი სამიზნეები იქნებიან და რუსეთსა და დასვლეთს შორის ბალანსის დამყარებას ამიტომ ცდილობენ. მაგალითად, მათ უარი განაცხადეს ომის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის მასზე დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მსგავსი სანქციების დაწესებაზე, რადგან არ სურთ დასავლურ ბანაკთან ზედმეტად შეკრული გამოჩნდნენ. მაგრამ საქართველოს და მოლდოვას ამ გზაზე დადგომის განსხვავებული მიზეზები და უკრაინაში მიმდინარე ომზე განსხვავებული პოზიციები აქვთ.   

საქართველო

გაცილებით დიდ სახელმწიფოებს შორის მოქცეული საქართველოს ბედი მჭიდროდ არის დაკავშირებული იმასთან, რაც დანარჩენ ევრაზიაში ხდება. როცა ამ უზარმაზარი რეგიონის ორივე მხარეს რეგიონული სახელმწიფო გავლენის გაძლიერებას იწყებს ისე, როგორც ამას ახლა რუსეთი აკეთებს, საქართველო გრძნობს, რომ მას საფრთხე ემუქრება და ამგვარი რეგიონული სახელმწიფოს კონკურენტებთან შეკავშირებას ცდილობს. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოსთვის რუსეთის თავდასხმებისგან თავის დაღწევის ერთადერთი შესაძლო გზა აშშ-სგან, ევროკავშირისგან და ნატოსგან ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის მოთხოვნაა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მათი პრიორიტეტები სხვაგან არის გადატანილი, ისინი დახმარების საკითხში ყოყმანობენ, რის გამოც საქართველო იძულებულია რუსეთს დაელაპარაკოს და ამ უკანასკნელის აგრესია დააცხროს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა გამოააშკარავა ბუფერული ზონების დაბრუნების შესახებ რუსეთის გეგმა. ეს ომი, რომელიც ასევე რუსეთის, როგორც რეგიონული სახელმწიფოს, კვლავ აღზევების სიგნალიც არის, არსებითად რუსეთის კონტროლის ქვეშ მოქცეულ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან კონფლიქტის გაყინვით დასრულდა. როგორც სხვადასხვა წყარო იუწყება, ამ ორ პროვინციაში ამჟამად 8000 რუსი ჯარისკაცია ჩაყენებული. ამ ორივე ტერიტორიამ 2008 წელს თავი დამოუკიდებლობად გამოაცხადა, რის საპასუხოდაც თბილისმა მათ მიმართ იზოლაციის პოლიტიკას მიმართა.    

ორივე სეპარატისტული რეგიონის მაცხოვრებლებს შეუძლიათ რუსული პასპორტის მისაღებად განცხადებით მიმართონ იმ საკონსულოებს, რომლებიც მოსკოვმა მათი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გახსნა. მაგრამ ამ პასპორტებს არც თბილისი აღიარებს და არც საერთაშორისო თანამეგობრობა, რის გამოც ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის რუსეთის გარდა სხვა ქვეყანაში გამგზავრება შეუძლებელია. 2011-12წლებში თბილისმა ნეიტრალური სტატუსით სამგზავრო დოკუმენტები შესთავაზა ამ ორ რეგიონის მაცხოვრებლებს, მაგრამ გამოხმაურება მინიმალური იყო, რადგან ხალხის ლოიალობა უკვე მყარად იყო ფესვგადგმული.

თუმცა საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე ხელი არ ჩაუქნევია, მან გასულ ათწლეულში ნელა-ნელა დაიწყო რუსეთთან დიალოგის აღდგენა. 2012 წელს მან რუსეთთან ნორმალიზაციის პროცესი დაიწყო, ნაწილობრივ ტურიზმისა და ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. მას შემდე ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ღრმავდება. რუსეთი ამჟამად საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპორტის ბაზარია, ხოლო რუსული ფქვილი და კვების პროდუქტები საქართველოს იმპორტის 75%-ზე მეტს შეადგენს. ტურიზმიდან, ფულადი გადარიცხვებიდან და რუსეთთან ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 9%-ს შეადგენს.

და მაინც, რუსეთის მიმართ ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს ტერიტორიების დაპყრობიდან გამომდინარე უნდობლობა ჯერ კიდევ ძლიერია. სინამდვილეში, საქართველოში მოქმედი ზოგი ფრაქცია აცხადებდა, რომ ნორმალიზაციის პროცესი 2021 წელს უნდა შეჩერებულიყო, როცა სეპარატისტულ რეგიონთან საქართველოს საზღვრების გასწვრივ დაძაბულობამ წინასაარჩევნოდ მოიმატა. ანტირუსული განწყობები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაძლიერდა, რადგან ბევრმა (როგორც იტყობინებიან, ჯერჯერობით დაახლოებით 30 000) რუსმა შინ მზარდი რეპრესიებისა და ეკონომიკური პრობლემების გამო ქვეყანა დატოვა და საქართველოს მოაშურა. ქართველების უმრავლესობისთვის რუსეთის ხელისუფლება სხვა არის და რუსი ხალხი – სხვა, მაგრამ, როგორც იუწყებიან,  სოციალურ მედიაში უკვე კეთდება რუსული მიგრანტების საწინააღმდეგო მოწოდებები.  

ამასობაში საქართველოს ხელისფლება რთულ სიტუაციაში. ამ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ეკონომიკური კავშირების გათვალისწინებით, საქართველო დასავლეთს ვერ შეუერთდება და რუსეთს მკაცრს ეკონომიკურ სანქციებს ვერ დაუწესებს. ზოგმა საქართველოში ისიც კი მოითხოვა, რომ ქვეყანა „სვიფტის“ საბანკო სისტემის მსგავს რუსულ ეკვივალენტურ სისტემაში ჩართულიყო, რომ ამით რუსეთს დახმარებოდა და მისი ეკონომიკა „სვიფტიდან“ გარიცხვის შემდეგ გადარჩენილიყო. მაგრამ ქართველებმა ქვეყნის პარლამენტის შენობის წინ დემონსტრაციებიც გამართეს და უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული დახმარებაც შეაგროვეს.    

თუმცა მოსკოვს არ ეტყობა, რომ საქართველოს კვლავ დაპყრობით არის დაინტერესებული. რეალურად, სწორედ რომ რუსეთის ინტერესში შედის საქართველოსთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება ამ ქვეყანაში დასავლეთის გავლენის შესაფერხებლად და იმ აზრის გასაქრობად, რომ სამხრეთ კავკასიის ეს ქვეყანა ევროატლანტიკური თანამეგობრობის შემადგენელი ნაწილია. ამგვარად, საჭიროა თბილისი ფრთხილად იყოს, რომ დასავლეთს ისე არ დაუახლოვდეს, რომ მოსკოვს აწყენინოს. სულ ახლახან, კერძოდ, ამა წლის 1-ლ მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს 2024 წლამდე არ შეიტანდა, და განმარტა, რომ ამ ბლოკში გაწევრიანებაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილება შეიძლება კონტრპროდუქტიული ყოფილიყო. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო ოპოზიციის წინადადება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის პარლამენტისთვის მომართვის მიზნით მოსაწვევის გაგზავნაზე.    

ყველაზე კარგი  რამ, რის გაკეთებაც ახლა საქართველოს შეუძლია, არის ის, რომ რუსეთის ყურადღება არ მიიპყროს. მაგრამ ამისათვის მან ქვეყნის შიგნით სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოს, რის გაკეთებაც მით უფრო რთული იქნება, რაც უფრო მეტ ხანს გაიწელება უკრაინაში მიმდინარე ომი. და ამან საბოლოო ჯამში შეიძლება მოსკოვთან ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.  

 

მოლდოვა

ამასობაში მოლდოვა უფრო აქტიურად მუშაობს დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვების მიმართულებით. ეს პატარა ქვეყანა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და რომელიც სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის დაბლობზე რუმინეთსა და უკრაინას შორის არის მოქცეული, ცნობილია წინააღმდეგობრივი პოლიტიკური ორიენტაციებით. ისტორიულად არაერთი სახელმწიფო ცდილობდა ამ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას, რადგან ეს ქვეყანა ბალკანეთსა და რუსეთს შორის თავდასხმის გზად არაერთხელ გამოყენებულა. მე-19 საუკუნეში მოლდოვა  რუსეთისა და ოტომანების იმპერიებს შორის იყო, ხოლო „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ რუსეთსა და დასავლეთს შორის არის მოქცეული. გასული საუკუნის ადრეულ 90-იან წლებში მას ომი ჰქონდა დნესტრისპირეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან, რაც ამ რეგიონზე რუსეთის დე-ფაქტო კონტროლის დამყარებით დასრულდა.    

რუსეთს ამ ქვეყანაზეც მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენა აქვს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მოლდოვა რუსულ ენერგიაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთმა ააგო გარკვეული ინფრასტრუქტურა, რომლითაც შესაძლებელია ევროპული გაზის მოლდოვასთვის მიწოდება, ქვეყნის გამანაწილებელ ქსელს მაინც „გაზპრომი“ აკონტროლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპული გაზი მხოლოდ იქამდე მივა, სადამდეც მოსკოვი ამის საშუალებას მისცემს. უკრაინის ელექტროსისტემის მსგავსად, მოლდოვას ელექტროსისტემის კონტინენტური ევროპის ენერგოსისტემასთან სინქრონიზაცია მხოლოდ 16 მარტს განხორციელდა.

გარდა ამისა, მოლდოვას არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა და ჩრდილოვანი ეკონომიკის სიჭარბე რუს ბიზნესმენებს მოლდოვას ბაზარზე ფეხის მყარად მოკიდებას უადვილებს. ამ ქვეყანაში მოქმედებენ როგორც ევროპული, ასევე რუსული ბანკები, და ქვეყნის  წვდომა დნესტრისპირეთიდან ან დნესტრისპირეთის გავლით შემომავალ ფოლადზე და სხვა სამრეწველო მასალებზე რუსულ კომპანიებს ევროკავშირის ბაზარზე უფრო იაფად და ფარულად გასვლის საშუალებას აძლევს. ყველა ამ ფაქტორის გამო მოლდოვას უჭირს რუსეთთან კავშირების გაწყვეტა.    

უკრაინისა და საქართველოს მსგავსად, პოლიტიკა მოლდოვაშიც ძლიერ პოლარიზებულია და დაყოფილია პრორუსულ და პროევროპულ ფრაქციებად. მოლდოვას დედაქალაქ კიშინოვში, ქ. ბალტიში და გაგაუზიანის ავტონომიურ რესპუბლიკაში თავმოყრილი ძლიერი პრორუსული ბანაკები ხელისუფლებაში 2021 წლამდე იყვნენ. 2021 წელს კი ხელისუფლებაში პროევროპული ძალები მოვიდნენ.

ქვეყანა ნატოში გაწევრიანებას სერიოზულად არასდროს განიხილავდა, მაგრამ ის სერიოზულად უყურებს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, რაც ნაწილობრივ მისი დემოგრაფიული ფაქტორით აიხსნება: მოლდოვას მოსახლეობა 15 წელიწადში ერთი მესამედით შემცირდა, ნაწილობრივ შობადობის შემცირებით და ნაწილობრივ იმიტომ, რომ ქვეყანას ბევრი ევროკავშირში უკეთესი ცხოვრების მოწყობის იმედით ტოვებს. ევროკავშირში გაწევრიანებამ შეიძლება ბევრს ქვეყნის დატოვება გადააფიქრებინოს.  

მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომმა ქვეყანას ახალი პრობლემები გაუჩინა. ქვეყანამ, სადაც მოსახლეობა დაახლოებით 2,6 მილიონ ადამიანს ითვლის, უკვე 360 000 ლტოლვილი მიიღო, რომელთაგან მინიმუმ 120 000 ჯერ კიდევ კიშინოვშია. „არსებული კრიზისის დასარეგულირებლად“ ევროკავშირმა ქვეყანას 15 მილიონი დაპირდა. დახმარების სურვილი რუმინეთმა და სხვებმაც გამოთქვეს, მაგრამ მოლდოვას ეკონომიკამ ამ კრიზისს შეიძლება ვერ გაართვას თავი.

ამასობაში, არ იმჩნევა, რომ ქვეყანაში რუსული გავლენა სუსტდება. BS-AXA-ცენტრის მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტების ნახევარმა უარი განაცხადა იმის თქმაზე, ომზე პასუხისმგებელი რუსეთი იყო თუ დასავლეთი, ხოლო დაახლოებით 39%-მა განაცხადა, რომ ან ერთი იყო პასუხისმგებელი, ან მეორე. ომით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დამძიმების კვალობაზე ეს შიდა დაყოფები კიდევ უფრო გაძლიერდება.

აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ საქართველოს მიერ დაკავებული პოზიციის საპირისპირო პოზიცია დაიკავოს. კიშინოვმა დასავლეთის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი დახმარება უნდა მიიღოს, რომ შიდა სირთულეები დაძლიოს და პრორუსული ბანაკი შეასუსტოს. ხელისუფლება არ აპირებს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების შეუერთდეს ან ნატოს კიდევ უფრო დაუახლოვდეს. მაგრამ უახლოეს რამდენიმე თვეში მისი სტაბილურობა გამოიცდება და ეს გამოცდა რომ ჩააბაროს, დასავლეთისგან მაქსიმალურად დიდი ფინანსური დახმარება უნდა მოითხოვოს.      

ჯერჯერობით დასავლეთის ქვეყნები ამ მოთხოვნას აკმაყოფილებენ. ამ კვირის დასაწყისში, რუმინეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა ევროკავშირის მხარდაჭერით „მოლდოვას მხარდაჭერის პლატფორმის“ შექმნის შესახებ განაცხადეს. ამ ინიციატივის მიზანია საერთაშორისო დაფინანსების მოზიდვა მოლდოვასათვის ქვეყანაში არსებული მრავალი პრობლემის, მათ შორის, ლტოლვილების ნაკადის, ენერგეტიკის, ფინანსური სექტორის, საზღვრის მართვის და კორუფციის პრობლემების გადაჭრაში დასახმარებლად. გარდა ამისა, ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად კიშინოვი ამჟამად მოლაპარაკებებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც აწარმოებს. მსგავსი პარტნიორობების შემთხვევები ხელს შეუწყობს იმ განცდის შექმნას, რომ მოლდოვა რუსულ აგრესიას გარკვეულწილად გადაურჩა.

მაგრამ საქართველოს მსგავსად, მოლდოვაც ფრთხილად უნდა იყოს, რომ ამა თუ იმ მხარეს ზედმეტად არ გადაიხაროს. ამ ორივე ქვეყანაში სტაბილურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება უკრაინაში მიმდინარ ომი.

ანტონინა კოლიბასანუ

23.03.22.

https://geopoliticalfutures.com/on-the-war-in-ukraine-georgia-and-moldova-tread-carefully/

Leave a Reply