• April 19, 2024

როცა ვიწყებთ იმაზე მსჯელობას, როგორ დასრულდება უკრაინის ომი, ჯერ იმაში უნდა გავერკვეთ, როგორ დაიწყო ის. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა გეოსტრატეგიული მოსაზრებებით – უკრაინა, როგორც ბუფერულ სახელმწიფო, მოსკოვს დასავლეთიდან შემოსევისგან იცავს – და ეკონომიკური მოსაზრებებით, რომლებიც ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება. საბჭოთა კავშირიდან რუსეთის ფედერაციაზე გადასვლა მაინცდამაინც მომგებიანი არ ყოფილა. ამით მთლიანი სიმდიდრე შეიძლება გაიზარდა, მაგრამ რუსეთი ღარიბ ქვეყნად რჩება. მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით რუსეთი ადგილს სამხრეთ კორეის შემდეგ იკავებს, რაც არც ისე ცუდი მაჩვენებელია, მაგრამ ეს ადგილი არ არის ის, სადაც ზესახელმწიფო უნდა იყოს. ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით რუსეთს 85-ე ადგილი უკავია ბულგარეთსა და მალაიზიას შორის.  

რა თქმა უნდა, ეკონომიკური სტატისტიკა სრულ სურათს იშვიათად გვიჩვენებ, მაგრამ რუსეთის შემთხვევაში ისინი საკმაოდ ზუსტად წარმოაჩენს ქვეყნას, რომელიც უფრო ღარიბია, ვიდრე ერთი შეხედვით მოჩანს – მისი სიღარიბე ზედაპირულად არის შენიღბული ზემდიდარი ელიტის ზედა ფენით. ისეთ ძირითად ქალაქებში ცხოვრება, როგორიც სანკტპეტერბურგი და მოსკოვია, მდიდრებისთვის ფუფუნებით არის აღსავსე, ხოლო დანარჩენისთვის ატანადია. სოფლად ცხოვრება კი, სრულიად სხვა რამ არის. 

რუსეთის სიღარიბეზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ცალკეულ რეჟიმებს არ ეკისრება. ქვეყნის სიდიდე და ისეთ სფეროებში არსებული სირთულეები, როგორიცაა მის სიდიდესთან დაკავშირებული ტრანსპორტი, რუსეთის მართვას ძალზე ართულებს. ცარისტული დროიდან, რუსეთის ერთიანობა უფრო სახელმწიფოთი მიიღწეოდა, ვიდრე ეკონომიკური კეთილდღეობით. ხშირად ეს მიიღწეოდა უშიშროების სამსახურების გამოყენებით, რომელთა ფუნქციაა სახელმწიფო ხელისუფლების დაცვა და არა ეკონომიკის აშენება. ნაკლებად გასაკვირია, რომ ქვეყანამ, რომელსაც თავი „ოხრანათი“ მოჰქონდა, ასევე შექმნა პრეზიდენტი,  რომელმაც კბილები კგბ-ში მოიცვალა. კარგია თუ ცუდია, რუსეთის სიდიდე და ჩამორჩენილობა ძლიერ ხელს საჭიროებს.      

ამან შექმნა მოლოდინი იმისა, რომ სახელმწიფო ძლიერი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხალხი ღარიბ-ღატაკია. ხალხი თავს იწონებდა მეფეებით და სტალინით, ე. წ. „ფოლადის კაცით.“ მაგრამ რუსეთი რომ მართონ, მმართველებმა ძალა უნდა აჩვენონ. რუსეთი მყოფი ინტელექტუალები დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე საუბრობენ. ხალხს კი სურს დაცვა გარე თავდამსხმელებისგან და გამაჩანაგებელი ქაოსაგან შინ.  

წლების განმავლობაში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ჟესტი გააკეთა, მაგრამ მან კგბ-ში ისწავლა, რომ ძლიერი ხელის გარეშე რუსეთი მართვას არ ექვემდებარება. და მან გაიგო, რომ არსებობს ორი სახის ძალა: ისეთი, რომელზეც სხვა ქვეყნები კანკალებენ, და ისეთი, რომლითაც ადგილობრივი „მტრების“ გაკონტროლებაა შესაძლებელი.  

ბელარუსიდან ყაზახეთამდე რუსეთმა სცადა, მხოლოდ იმ გზით, რაც მას მიზანშეწონილად მიაჩნია, რუსეთის აგურის აგურზე დადებით თავიდან აშენება. უკრაინა ყველაზე დიდი აგურია. რუსეთს მიაჩნია, რომ მას ის უნდა აეღო. რუსეთი მოსვენებას კარგავდა. დისიდენტებს აპატიმრებდა, მაგრამ უცხოელები მას არად აგდებდნენ. სტრატეგიამ და ძალამ რუსეთი აიძულა, ემოქმედა. მაგრამ პრობლემა იყო ის, რომ მისი მოქმედების ინსტრუმენტი – რუსეთის არმია – რუსეთივით არაეფექტური იყო. მაგრამ ეს ყოველთვის ასე როდი იყო. სამხედრო სამსახური შეიძლება სასტიკია, მაგრამ ის ერთგვარი სიამაყის საგანს წარმომადგენდა.      

დღეს რუსეთის არმია დეზორგანიზებული, წარმოსახვისა და შთაგონებისგან დაცლილი ჩანს. შეიარაღებული ძალების განლაგება, ლოგისტიკის მომზადება და ბრძოლის ველზე მეთაურობა უბრალოდ გამქრალი იყო. ეს რუსეთის განსხვავებული არმია იყო, ბიუროკრატიული, ისეთი, რომელსაც მეფის უფრო ეშინია, ვიდრე მტერს ჩაბარების. პუტინმა მტრის რამდენიმე დღეში დამარცხება მოითხოვა. მაგრამ ძალით რომ მართო, მიზიდულობის ცენტრი კარგად უნდა დაინახო და მას გადამწყვეტი მონდომებით უნდა დაარტყა.

უკრაინას მიზიდულობის ცენტრი არ ჰქონდა – მას მხოლოდ მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი ჯარი ჰყავდა, რომელიც დიდ ტერიტორიაზე იყო გაფანტული და ერთ წერტილზე არ იყო თავმოყრილი, რომ ადვილად გაგენადგურებინა. თუმცა ეს შეიძლება პარტიზანულ ომს ჰგავდეს, მაგრამ ეს ასე არ არის, და უკრაინამ მედგარი წინააღმდეგობის უნარით და არაპროგნოზირებადობით მტერი გაოგნებული დატოვა. ამას თავდამსხმელმა შეიძლება მოსახლეობაზე სასტიკი დარტყმებით უპასუხოს, მაგრამ ეს უკრაინელებს ბრძოლის გარდა სხვა არჩევანს არ უტოვებს. რუსეთის არმია ამ ომისთვის გათვლილი არ იყო, მას არც ამნაირი ომის გეგმა ჰქონდა შედგენილი და მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ მშვიდობიან მოსახლეობას მხეცურად გაუსწორდეს. და პუტინი ამას მიხვდება.  

მაშინ პრობლემა ისღაა, რომ პუტინი ვერ ჩერდება და ვერც უკრაინასთან დებს იმ შეთანხმებას, რომელსაც შეასრულებს. ნაადრევი მორიგება – გარდა მტრის მიერ დანებებისა – სუსტი ქვეყნისა და სუსტი მმართველის სისუსტის ნიშანია. ერთადერთი ალტერნატივაა არაეფექტური ბრძოლის გაგრძელება, ვინაიდან ის ალა, რომელიც მან ომში გაგზავნა, არასათანადო ძალა იყო იმ ქვეყანისთვის, რომელსაც სათანადო ძალა არ ჰყავდა.  

პუტინს შეუძლია ცეცხლის შეწყვეტაზე გულწრფელი შეთანხმება დადოს, მაგრამ თუ ამას იზამს, მას ბოლო მოეღება. უკრაინას ვერ მოერიო და თან სხვები უპატივცემულოდ გექცეოდნენ, ეს ყველაფერი მისი ძლიერების მითს ამსხვრევს. გაუთავებელი ომის წარმოებაც იმავეზე მიანიშნებს. და რადგან ეს ასე გრძელდება, პუტინის უმთავრესი ამოცანაა თავი ისე დაიჭიროს, თითქოს დამარცხება არ ხდება, ვინაიდან გამარჯვების გარდა სხვა ყველაფერი დამარცხებას ნიშნავს. ყველა შეთანხმება ღალატით უნდა დასრულდეს, და როგორც პარტიზანების შემთხვევაში ხდება ხოლმე, ომი რაც მეტხანს გაიწელება, ისინი მით უფრო ძლიერდებიან.  

საკითხავია, რუსეთს სტრატეგიული რეზერვები ჰყავს თუ არა. უკვე თვეზე მეტია, რაც რუსეთის არმია ბრძოლის ველზეა, თან ცივ ამინდში, და პრობლემატური ლოგისტიკური ხაზის ბოლოს. მას ბრძოლა უწევს ძალზე მოტივირებულ, მობილურ მსუბუქ ქვეით შენაერთებთან, რომლებმაც ადგილობრივი ტერიტორია ხელის გულივით იციან. ეს ასე სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. რუსეთმა თავისი ძალების როტაცია უნდა განახორციელოს. სტრატეგიული თვალსაზრისით, მან მეტი ძალები უნდა გამოგზავნოს. ამის ნაცვლად, ის თავისი შენაერთების სისხლიან გაყვანას ახორციელებს. თუ იძულებული არ ხარ, ერთი და იმავე ტერიტორიისთვის ორჯერ არ იბრძვი.

ეს ნიშნავს იმას, რომ პუტინის ომის გეგმა ჩაიფუშა. წინააღმდეგობა ეფექტური იყო და მის ჯარებს ესაჭიროება დახმარება, რის მიცემაც მას არ შეუძლია. პუტინი სხვა, სავარაუდოდ ბალტიისპირეთი ან მოლდოვას, მიმართულებებითაც გააკეთებს ცრუ მოძრაობას, მაგრამ მას სხვა ფრონტზე ბრძოლის გაგრძელების ძალა არ ჰყოფნის. ის ამ ომის მხარდაჭერას ადვილად ვერ უზრუნველყოფს, განსაკუთრებით ნატოს შენაერთების წინააღმდეგ, რომლებიც ჯერჯერობით ამ ომში არ ერევიან.      

მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ შემიძლია იმის განჭვრეტა, რას იტყვის ლიდერი ბოლოს. ჯერჯერობით კი, ჩემთვის აშკარაა, რომ პუტინი ძალაუფლებას ჩაებღაუჭება და თავის გარშემო ყველას დაადანაშაულებს. მაგრამ დღითიდღე, რაც ომი გრძელდება, პუტინი უფრო და უფრო სუსტდება. უკრაინას წინააღმდეგობის უნარი არ უნდა ჰქონდეს, ნატო ერთიანი არ უნდა იყოს, ამერიკის ეკონომიკური ომი ასე ძლიერი არ უნდა იყოს. პუტინი სულ უფრო სასოწარკვეთილი ხდება. მან ბირთვული იარაღი ახსენა, რაც უკიდურესი სასოწარკვეთილების ნიშანია. მაგრამ იცის, რომ ბირთული იარაღის ერთმანეთის წინააღმდეგ გამოყენების შემთხვევაში თვითონაც მოკვდება და ყველა ისინიც, ვინც მას უყვარს. კაპიტულაციის ნაცვლად თავი მოსაკლავადაც რომ მზად იყოს, მან იცის, რომ ღილაკზე დაჭერის ბრძანებას ხელი რამდენიმე პირმა უნდა მოაწეროს, და თითოეულმა მათგანმა იცის, რომ კონტრდარტყმებით მათი საყვარელი ადამიანებიც განადგურდებიან. სწორედ ამაშია ბირთვული ომის სისუსტე: სამაგიეროს გადახდა ერთია, დაწყება – სხვა. პუტინი მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს ენდობა, და მან არც ის იცის, რამდენად საიმედო შეიძლება იყოს ვინმე ამ სიტუაციაში და არც ის, რა შეიძლება გააკეთონ ამერიკელებმა, თუ ისინი რუსული ბირთვული იარაღის გაშვებისთვის მზადებას დაინახავენ.    

თუ პუტინი პოზიციას დათმობს, ის ნდობას დაკარგავს და მისი საქმე წასული იქნება. კაკაჩები წრეზე ტრიალებენ. ამიტომ მან ბრძოლა უნდა გააგრძელოს, სანამ მას ძალით არ გაიყვანენ და ვინმე, რომელიც არ არის ამ კატასტროფაზე პასუხისმგებელი, ძალაუფლებაში არ მოვა და ყველაფერს პუტინს არ დააბრალებს. ჩემი აზრით, ამის დასრულება შეუძლებელია, სანამ პუტინს თამაშიდან არ გაათრევენ.  

ცხადია, აქ მე გეოპოლიტიკური ანალიზიდან პოლიტიკურში შევდივარ. გეოპოლიტიკური ანალიზის დროს ცალკეული პირის გავლენა მინიმუმამდეა დაყვანილი, პოლიტიკური ანალიზის დროს კი ხაზი სწორედ ცალკეული პირის გავლენას ესმება. ამის გამო ჩემი პროგნოზი არაზუსტი ხდება. მაგრამ ხმელეთზე არსებული სიტუაციიდან თუ ვიმსჯელებთ და რუსეთის შიდა დინამიკას თუ გავითვალისწინებთ, აშკარად იკვეთება, რომ ყველა ის ძალა, რომელიც პუტინზე ზემოქმედებს, განსაზღვრულ მიმართულებას გვკარნახობს. ომი დასრულდება, მაგრამ ომი ისეთ სახეცვლილებას განიცდის, რომ რუსულ პოლიტიკურ სისტემაზე უნიკალურ წნეხს ახორციელებს და, ამ სისტემის ხასიათიდან გამომდინარე, ეს წნეხი პუტინზე მოდის.    

ეს ერთადერთი შედეგი არ არის. უკრაინა შეიძლება ჩამოიქცეს. რუსეთი შეიძლება ჩამოიქცეს. რუსეთის არმიამ შეიძლება ისეთი სტრატეგია შეიმუშაოს, რომ ომი მოიგოს. შეიძლება ისეთი შეთანხმება დაიდოს, რომელსაც მხარეები შეასრულებენ. ეს ყოველივე შესაძლებელია, მაგრამ რომელიმე ამ მიმართულებით დიდ მოძრაობას ვერ ვხედავ. მე ფსონს ისეთ პოლიტიკურ დასასრულზე დავდებდი, რომელშიც რუსებისთვის არახელსაყრელი იქნება. ამას ომის პირველ დღეს ვერ ვიფიქრებდი, მაგრამ ჩემი აზრით, ბოლო დღე ამ შინაარსის იქნება.    

 

ჯორჯ ფრიდმანი

05.04.22.

https://geopoliticalfutures.com/how-the-ukraine-war-will-likely-end/

Leave a Reply