• October 12, 2024

უკრაინის შვიდკვირიანი, ფართომასშტაბიანი დაპყრობის წინდაუხედავად შემუშავებულ გეგმას რუსეთმა უკვე არაერთხელ გადახედა, მაგრამ გეგმით ვერც ტაქტიკური ამოცანები სრულდება და ვერც პოლიტიკურ ამბიციები კმაყოფილდება. უკრაინის დაპყრობის გეგმის არაერთხელ რედაქტირებისას სხვადასხვა ლაფსუსი გაიპარა: თუ თავდაპირველი „ბლიცკრიგის“ გეგმით ივარაუდებოდა, რომ უკრაინის სამხედრო სისტემა ხუხულასავით ჩამოინგრეოდა, კიევის ალყაში მოქცევის შემდეგ ვარიანტში მოიაზრებოდა, რომ უკრაინის ხელისუფლება კაპიტულაციას გამოაცხადებდა, ხოლო ოდესის მიმართულებით გარღვევის შესახებ ბრძანებაში იგულისხმებოდა, რომ უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი დაუცველად იყო მიტოვებული.  

უცნობია, კრემლი ამ მარცხებიდან სათანადო დასკვნას აკეთებს თუ საკუთარ პროპაგანდას თვითონვე იჯერებს; მაგრამ რუსმა მაღალჩინოსნებმა ახლა უკრაინული კამპანია უფრო მეტად შეკვეცეს: თავდაპირველი გეგმის ნაცვლად, რომელიც უკრაინის უმეტესი ნაწილის დაპყრობას ითვალისწინებდა, ახლა მიზანი ბევრად უფრო მოკრძალებულია და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებზე (დონბასზე) კონტროლის დამყარებით შემოიფარგლება („იზვესტია,“ 7 აპრილი). ეს გეგმა შეიძლება უფრო რეალისტური ჩანდეს, მაგრამ ის არც კრემლის  პოლიტიკურ მოთხოვნას (ყირიმის მიმართულებით სახმელეთო დერეფნის შექმნა – იხილეთ „EDM,“ 17 მარტი) პასუხობს, არც სანქციების პირობებში რაიმე შეღავათს იძლევა და არც „განეიტრალებულ“ უკრაინაზე დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების წადილის ასრულებას ითვალისწინებს.  

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტრადიციულ 9 მაისის აღლუმზე გამარჯვების პომპეზურად აღნიშვნა შეიძლება მართლაც გულზე ეხატება, თუმცა კრემლში გაკეთებული ზოგი განცხადებიდან უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ახლო მომავალში ან „რამდენიმე დღეში“ დასრულების განზრახვა იკვეთება („რია ნოვოსტი,“ 8 აპრილი). ამ სიტყვებს კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას მატებს საგაზაფხულო გაწვევის ჩვეულებრივ რეჟიმში წარმართვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არ ითვალისწინებს სამხედრო სამსახურის ვადის გახანგრძლივებას ან რეზერვისტთა გაწვევას („მოსკოვსკი კომსომოლეცი,“ 7 აპრილი). გამაოგნებელი რაოდენობის ცოცხალი ძალის დანაკარგების ფონზე (რაც შეიძლება მგრძნობოარე მთავარსარდალს არ მოახსენონ), ახალწვეულთა ეს არაფრისმთქმელი ნაკადი იმის გარანტიას იძლევა, რომ  რუსულ არმია ცოცხალი ძალის ნაკლებობის იმ პრობლემის წინაშე დადგება, რომელიც მისი სტრატეგიული კულტურისთვის საერთოდ უცხოა (იხილეთ „EDM,“ 31 მარტი).

როგორც იტყობინებიან, რუსეთის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები (BTG), რომლებმაც კიევის მისადგომებიდან უკან –  ბელარუსში და რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის რეგიონებში – დაიხიეს, იმდენად დამარცხებული და დემორალიზებული არიან, რომ დონბასის საომარ ზონაში ასე უცბად ვერ განლაგდებიან; ახალი ამბების არაერთი წყაროდან ცნობილი ხდება, რომ ჯარისკაცები საბრძოლო ვალდებულების გაგრძელებაზე უარს აცხადებენ (Current Time, 9 აპრილი). ამისგან განსხვავებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ გადამწყვეტ წერტილებში განლაგებული შენაერთების ახალი ძალებით შევსება. თანაც, მოსკოვი იძულებულია ანგარიში გაუწიოს იმ ფაქტსაც, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) მძიმე შეიარაღებით ამარაგებს  (ნეზავისიმაია გაზეტა,“ 5 აპრილი).

კონფლიქტის მინიმალურად დამაკმაყოფილებელი შედეგით დასრულება მოსკოვისთვის ადვილი არ არის, მაგრამ ომის გაჭიანურებას უფრო ღრმა პრობლემები მოყვება. პირველ რიგში, ეს არის ომის დაფინანსებისთვის ეკონომიკის მობილიზაციის საკითხი მაშინ, როცა რუსული ეკონომიკა დასავლეთის მიერ დაწესებული უპრეცედენტო სადამსჯელო სანქციების პირობებში სავალალო მდგომარეობაშია (Sibir.Realii, 8 აპრილი). რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ამას წინათ განაცხადა, რომ ზიანი თანდათანობით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი; მაგრამ, სინამდვილეში, თვიდან თვემდე მომარაგების ქსელში შექმნილი სერიოზული შეფერხებები მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს („კომერსანტი“, 7 აპრილი). ქვეყანას საკვები პროდუქტების ნაკლებობის პრობლემა შეიძლება არ შეექმნას, მაგრამ მისი კოსმოსის პროგრამა უკვე სრულად გაჩერებულია – და თუ მისი ბუნებრივად დაძველებადი თანამგზავრების ჩასანაცვლებლად ახალი თანამგზავრები არ იქნება, სადაზვერვო-ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებაში და მნიშვნელოვან სამეთაურო ჯაჭვებში უკვე გამოვლენილი პრობლემები იმდენად სერიოზული გახდება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები თანამედროვე საომარ ოპერაციების ჩატარებას ვეღარ შეძლებენ (Svoboda.org, 8 აპრილი). რუსეთს იმ ასობით ტანკისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩანაცვლებაც გაუჭირდება, რომლებიც მან 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაკარგა. ამ ამოცანის შესრულება თითქმის შეუძლებელი ხდება, ვინაიდან რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს დასავლეთის მიერ სანქცირებული მნიშვნელოვანი ტექნოლოგიისა და აპარატურის იმპორტის გარეშე გამართულად ფუნქციონირება არ შეუძლია („როსბალტი,“ 8 აპრილი).

თავის მხრივ, ომმა უკრაინის ეკონომიკასაც დიდი ზიანი მიაყენა, მაგრამ შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინის იმ  თანამედროვე შეიარაღებით მომარაგებას, რომელშიც მალე შეიძლება გემსაწინააღმდეგო რაკეტებიც შევიდეს (ნეზავისიმაია გაზეტა,“ 7 აპრილი). რუსული მეინსტრიმის ექსპერტები დაჟინებით აცხადებენ, რომ ევროპელები რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტით მიყენებულ უფრო მძიმე ტკივილებს ვერ გაუძლებენ, მაგრამ პარასკევს (8 აპრილს) უკრაინაში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ვონ დერ ლეიენის ვიზიტი და სანქციების მეხუთე პაკეტის ამოქმედების შესახებ ევროკავშირის განცხადება სულ სხვა რამეზე მეტყველებს (Russiancouncil.ru, 8 აპრილი). ჩანს, რომ დასავლეთის სოლიდარობა ურყევია და თვით ტოკიომაც კი გადაუხვია მოსკოვთან ურთიერთობების აშენების ხანგრძლივი ტრადიციიდან და იაპონიიდან რვა რუსი დიპლომატი გააძევა (გაზეთი „ინსაიდერი,“ 8 აპრილი; ვზგლიადი,“ 7 აპრილი).

მოსკოვმა მისი ბრძოლისუნარიანი შენაერთების უმრავლესობა უკრაინასთან ფრონტზე განალაგა. ხანგრძლივი ომის პირობებში, ეს კონცენტრაცია უთუოდ ძირს გამოუთხრის ყველა იმ უპირატესობას, რომლებიც მას აქამდე ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპაში ნატოსთან სამხედრო ბალანსში ჰქონდა. ალიანსის მიერ მდინარე ოდრას აღმოსავლეთით განლაგებული სამხედრო ინფრასტრუქტურის შემცირების შესახებ მოსკოვის ომამდელი მოთხოვნა ირეალური იყო, ახლა კი საერთოდ აბსურდულია. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხშირად იმეორებს იმას, რომ პუტინის სურვილმა „ნატო“ შემცირებულიყო უკუეფექტი გამოიწვია (Meduza.io, 7 აპრილი). რუსი კომენტატორები გაფაციცებით ეძებენ ბრიუსელში უთანხმოების ნიშნებს, როცა საქმე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციაზე მოდის; მაგრამ მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ისინი მხოლოდ იმას ხედავენ, რომ ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯების გაზრდა მტკიცედ გადაწყვიტეს („იზვესტია,“, 9 აპრილი).

აშკარაა, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა საჭირო გახადა ნატოს იმ სტრატეგიული კონცეფციის პროექტში ცვლილებების შეტანა, რომელიც ამ ზაფხულს უნდა დამტკიცდეს. თუმცა, რუსეთის მოსაზღვრე ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ ითავისებს იმ ახალ რეალობას, რომელშიც მათ ახლად შეძენილი ძალის პოზიციას უპირისპირდება სამხედრო თვალსაზრისით ძალღონე მიხდილი და ეკონომიკურად გაჩანაგებული რუსეთი (Republic.ru, 8 აპრილი). ამასთან დაკავშირებით, ფინეთსა და შვედეთს შეუძლიათ მიიღონ შეთავაზება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ და ბევრი აღარ იდარდონ იმაზე, რუსეთის მხრიდან რა საპასუხო ზომები შეიძლება მოყვეს მათ ამ გადაწყვეტილებას („კომერსანტი,“ 7 აპრილი).

რუსეთს შეტევაზე გადასასვლელად ენერგია ან საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტისთვის აუცილებელ კომპრომისებზე წასასვლელად პოლიტიკური სიმტკიცე აკლია; თუმცა, მას არც გაჭიანურებული ომის მონელების ძალა შესწევს. და როცა არჩევანი ამ ორ ცუდ ვარიანტს შორის არის გასაკეთებელი, მოსკოვს ეტყობა, რომ ის თანახმაა ერთზეც და მეორეზეც – უარყოფითი შედეგებით სავსე კალათის სახლში წაღებაზეც და შესაძლო სარგებლის მიღებისა და რისკების შერბილების შესაძლებლობების განიავებაზეც. სამხედრო დანაშაულთა სია რაც უფრო გრძელი ხდება, რუსეთის საერთაშორისო რეპუტაცია მით უფრო ძირს ეცემა და ერთ მუშტად შეკრული დასავლეთის აღშფოთება უკრაინისთვის კიდევ უფრო მტკიცე მხარდაჭერაში აისახება, რადგან უკრაინა ახლა იბრძვის  არა გადარჩენისთვის, არამედ მისი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის. ბევრ დასავლელ პოლიტიკოსში და დასავლურ საზოგადოებაში ქრება „რუსეთი არ გაღიზიანდეს“ მსგავსი თავდაპირველი შიშები და მათ ადგილს იკავებს აგრესიისთვის მოსკოვის დასჯის მტკიცე გადაწყვეტილება. პუტინის რეჟიმისთვის სამხედრო ძლიერება დიდი ხანია რუსეთის „დიდების“ უმაღლეს გამოვლინებად მიიჩნეოდა. მაგრამ უკრაინამ დაამტკიცა, რომ ეს დებულება ყალბია და მან შეიძლება ევროპის ამ მუქარისგან დიდი ხნით გათავისუფლებაც უზრუნველყოს.    

პაველ კ. ბაევი

11.04.22.

https://jamestown.org/program/russias-quick-victory-vanishes-as-protracted-war-looks-inevitable/

 

Leave a Reply