• April 26, 2024

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შეუძლიათ სასწორის პინის ძვირ წარმატებასა და უბედურებას შორის გადაწონვა.

შედარებით ხანმოკლე, მაგრამ სისხლიანი ომი უკრაინაში მეოთხე ფაზაში შედის. პირველში რუსეთმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლების დამობა და ქვეყნის ხელში ჩაგდება სამდღიანი კამპანიით სცადა; მეორეში მან უკრაინის – ან მისი აღმოსავლეთ ნახევარის, მათ შორის, დედაქალაქ კიევის – დაპყრობა შეჯავშნული ტექნიკის გამოყენებით განხორციელებული თავდასხმებით სცადა; მესამეში, ჩრდილოეთში დამარცხების გამო რუსეთმა დემორალიზებული ჯარები უკან გაიყვანა და მათ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში მოუყარა თავი, რომ ეს ტერიტორიები დაიპყროს; ახლა კი მეოთხე და სავარაუდოდ გადამწყვეტი ფაზა იწყება.  

ჩვენთვის, ვინც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დავიბადეთ, ჩვენს ცხოვრებაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ომია. მის შედეგზე დამოუკიდებულია მომავალი ევროპის სტაბილურობა და კეთილდღეობა. თუ უკრაინა თავისას გაიტანს და თავისუფლებას და ტერიტორიულ მთლიანობას შეინარჩუნებს, დამარცხებული რუსეთის შეკავება შესაძლებელი იქნება. თუ უკრაინა დამარცხდება, ნატოსა და რუსეთს შორის ომისა და რუსეთის დასავლეთ და სამხრეთ პერიფერიებზე მდებარე სხვა ქვეყნებში ამ უკანასკნელის ინტერვენციის შანსები გაიზრდება. რუსეთის გამარჯვება შეაგულიანებს ჩინეთსაც, რომელიც ყურადღებით აკვირდება და ამოწმებს დასავლეთის შეუპოვრობას და სამხედრო ძალას; რუსეთის დამარცხება ჩინეთს სამკურნალო წამალივით წაადგება და სიფრთხილისკენ უბიძგებს. რუსეთის აბსოლუტურმა სიველურემ და სრულიად გაუმართლებელმა აგრესიამ, რასაც თან ახლდა ერთდროულად ავისმომასწავებელი და სასაცილო ტყუილები, საფრთხის ქვეშ დააყენა გლობალური წესრიგი და სახელმწიფოთაშორისი ქცევის ნორმები. თუ ამგვარი საქციელი ბრძოლის ველზე დამცირებას და სახლში ეკონომიკურ ქაოსს გამოიწვევს, ეს ნორმები შეიძლება გარკვეულწილად აღდგეს; თუ ვლადიმირ პუტინის მთავრობას ეს შერჩა, ამ ნორმების აღდგენას შეიძლება ერთი თაობაც კი არ ეყოს.  

ერთმანეთის დადანაშაულების დრო საკმარისი იქნება. გერმანია დიდი ხანი აცხადებდა, რომ ის რუსეთს შერიგების ხელს უწვდიდა, სინამდვილეში კი მისი პოლიტიკა სიხარბით და გულუბრყვილობით იყო ნაკარნახევი. გერმანია ერთადერთი ქვეყანა არ იყო, რომელიც ამაო ოცნებებს აჰყვა და ფარისევლობამ მოიცვა. ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ამერიკის ხელმძღვანელობა უგერგილოდ იქცეოდა და აღსავსე იყო წითელი ხაზებით, რომლებიც ქრებოდა, და ევროპაში ერების ტანჯვის მიმართ და სირიაში ქალაქების მიწასთან გასწორებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მომწამლავი გაზებით გაგუდვის მიმართ გულგრილობით.  ბრძოლის ველიდან შორს იდგე და ბრძოლაში ჩართულს თვითკმაყოფილი აკრიტიკებდე და ჭკუას ასწავლიდე განსაკუთრებით მიუღებელია დღეს, როცა ვხედავთ რას დაემსგავსა მსოფლიო ამერიკის ხელმძღვანელობის გარეშე.

 

მომავალ წლებში დამნაშავე პოლიტიკოსები ეცდებიან თავიანთი შეცდომების გამართლებას და ისტორიკოსები მათ დაუნდობლად გააკრიტიკებენ. დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ აწმყო სწორად შევაფასოთ. და დასავლეთი ისევ პოტენციური მარცხის წინაშე დგას. ისინი, ვინც ბრძოლის ველზე შექმნილ ჩიხზე ლაპარაკობენ, ალბათ ისეთივე დიდ შეცდომას უშვებენ, როგორიც მაშინ დაუშვეს, როცა ორი თვის წინ არ დაიჯერეს ის, რომ უკრაინას შეიძლება ეფექტიანი წინააღმდეგობა გაეწია. საჭიროა სასწრაფო გადამწყვეტი მოქმედება იმისათვის, რომ სასწორის პინა ძვირ წარმატებასა და უბედურებას შორის გადაწონოს.

ამ სახის მწვავე კონფლიქტთა უმეტესობის შემთხვევაში, არმიები ერთმანეთს ძალების გამოფიტვამდე ებრძვიან და გამარჯვება იმ მხარეს რჩება, რომელიც უფრო დიდ ხანს გაძლებს. უკრაინელები საკუთარ დანაკარგებისა და დაღლის შესახებ მონაცემებს კარგად დაცული საიდუმლოსავით ინახავენ, მაგრამ რადგან რიცხობრივი უპირატესობა მოწინააღმდეგის მხარეს არის და ხედავენ, რუსები როგორ ხოცავენ და აწამებენ უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას, ომის საშინელება მათ მძიმე ტვირთად უნდა აწვებოდე. ახლა, როცა ბრძოლა გაშლილ ტერიტორიებზე გადადის, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები და საზენიტო რაკეტები იმდენად ეფექტური აღარ იქნება, უკრაინელებს შეუძლებელი თუ არა, საკმაოდ რთული ამოცანა აქვთ შესასრულებელი. ისინი ისე არიან მოტივირებული, როგორც ჯარისკაცს შეჰფერის, და კრეატიული აქტიკოსებიც არიან. მაგრამ ზეადამიანები არ არიან და მათ ჰაერივით სჭირდებათ ყველა ის შეიარაღება, რომელთა მიწოდებაც კი დასავლეთს შეუძლია.    

რუსეთის სამხედრო შენაერთებს, რომლებიც, როგორც გამოჩნდა, ტაქტიკაში უცოდინრები, ოპერატიულ დაგეგმვაში ფანტაზიო, სტრატეგიაში ბლაგვი და საბაზისო ლოგისტიკასა და მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებაში ბეცები არიან, მხოლოდ ორი რამ ეხერხებათ: მასიური საარტილერიო ცეცხლის დაშენა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტვა. რუსეთის დანაკარგები მართლაც რომ გამაოგნებელია. თუ, როგორც ამბობენ და რაც სიმართლისგან შორს არ უნდა იყოს, რუსეთმა ომში ჩართული ძალების ერთი მეოთხედი დაკარგა (დახოცილთა, დაჭრილთა, დაკარგულთა და ტყვედ ჩავარდნილთა სახით), ის შეიძლება კოლაფსის ზღვარზე ფამფალებდეს. ამ ნიშნებს ბრძოლის ველიდან მოწოდებული რეპორტაჟებიდან ვხედავთ: მიტოვებული ტექნიკა, თანამებრძოლების მიერ მოკლული ოფიცრები, ახალგაზრდების სამხედრო სამსახურში გაწვევის სასოწარკვეთილი მცდელობები, და დეზერტირების დასახვრეტად ზურგში ჩაყენებული რაზმები. რუსეთის სამხედროებმა ცაზე უპირატესობა ვერც კი დაამყარეს, კონტროლზე ლაპარაკი ხომ საერთოდ ზედმეტია. უკრაინაში რუსეთმა თავისი მოქმედი ქვეითი ჯარების სამი მეოთხედი გადაისროლა, მაგრამ ერთგან მათ უკან დაახევინეს, სხვაგან სისხლის ნაკადები ადინეს და ისეთ დღეში ჩააყარეს, რომ ახლა რუსებს რეალური რეზერვები აღარც დარჩა, რომ დანაკარგები შეავსოს.    

მაშ, რისთვისღა ხდება ომის ესკალაცია აღმოსავლეთში და სამხრეთში? რით აიხსნება რუსეთის სამხედრო სარდლობის მიერ ჰაერში მონეტის სასოწარკვეთილად აგდება? კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ არც პუტინს, არც მის უფროს მრჩევლებს და არც უფროს ქვემდგომ მეთაურებს არ აქვთ ხმელეთზე არსებული რეალური სიტუაციის ამსახველი სწორი სურათი. მათ იციან, რომ დამცირებული არიან, მაგრამ ბრძოლის ველზე წარმოდგენა არ აქვთ. მათ, რომლებსაც სამხედრო მოსამსახურეები აბარიათ, მაგრამ თავიანთ დაჭრილებს სათანადოდ ვერ უვლიან და თავიანთ დახოცილებს ადგილზევე ტოვებენ, ნაკლებად ადარდებთ ის ფასი, რომელსაც ადამიანთა სიცოცხლის სახით იხდიან. სიცრუეზე და კორუფციაზე აგებულ სისტემაში ისინი იღებენ და გადასცემენ ცრუ ოპტიმისტურ ინფორმაციას. ისინი, ვინც დასავლეთში სიმართლის ცნების თავდაყირა დაყენებას ცდილობდნენ, თავადვე ხდებიან იმ სიცრუის მსხვერპლი, რომლის გავრცელებაც თვითონ დაიწყეს.  

შესაბამისად, პუტინი გასცემს ბრძანებებს შეტევებზე,  რომლებსაც, თუ კარგად მომარაგებული უკრაინის არმია წინააღმდეგობას გაუწევს, რუსული არმიის განადგურება შეუძლია. დასავლეთის ამოცანაა იმის უზრუნველყოფა, რომ სწორედ ეს იყოს რუსული არმიის ბედი.

ევროპელები თავიანთ რეაქციებში ერთგვაროვანი არ ყოფილან და ეს არც არის გასაკვირი: გერმანიაში საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მწვანეთა პარტიის წარმომადგენელია, მტკიცეა; კანცლერი არამდგრადია; მისი პარტიის ზოგი წევრი მორიდებულია. ბრიტანეთი შთამბეჭდავად დაჟინებულია. პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ნამდვილად გმირულად მოქმედებენ, ხოლო უნგრეთი, ავსტრია და კიდევ რამდენიმე სხვა გაორებული ან არაერთმნიშვნელოვანი არიან.  

ამერიკის შეერთებული შტატები ბევრ სწორ საქმეს აკეთებს. მან უკრაინას უამრავი პორტაბელური რაკეტა, დრონი და სხვა არამომაკვდინებელი აღჭურვილობა მიაწოდა. მან ხელი შეუწყო უფრო მძიმე ტექნიკის, მაგ., სლოვაკეთის S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემის უკრაინისთვის გადაცემას და მის ნაცვლად სლოვაკეთი „პატრიოტ“ სისტემებით მოამარაგა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა მრჩევლებმა სწორი განცხადებები გააკეთეს იმის შესახებ, რომ უკრაინას აქვს უფლება თავისუფლად იარსებოს მის კანონიერ საზღვრებში. მაგრამ სხვა მხრივ, ამერიკამ წაიფორხილა.  

ვაშინგტონში ომის მეტრონომი ძალზე ნელა წიკწიკებს. ადმინისტრაციამ არ გამოიყენა უკრაინის მიმართ კონგრესის თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერა (რაც დღევანდელ ამერიკულ პოლიტიკაში არსებული დაპირისპირების ჟამს პარტიებს შორის ერთსულოვნების მხრივ ერთგვარი სასწაული იყო) იმისათვის, რომ  უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად უფრო დიდი თანხების (ათობით მილიარდი აშშ დოლარის) გამოყოფა მოეთხოვა. უკრაინისთვის უფრო მძიმე შეიარაღების გადაცემის საკითხში ის ფეხს ითრევს, არადა კარგად უწყის, რომ უკრაინას ის ჰაერივით სჭირდება. მისი ყურადღება გადატანილია შიდა დღის წესრიგზე, რომელსაც ომამდე პრობლემები ჰქონდა და რომლის მნიშვნელოვნება თითქმის გაუფერულდა. ზემდგომ ხელმძღვანელობას ბიუროკრატიული დაბრკოლებების გადასალახად სერიოზული მონდომებისა არაფერი ეტყობა. პენტაგონში ისევ ჩვეულებრივი საქმიანობის განცდაა. ზოგ რუსულ ბანკს სანქციები დაუწესდა, მაგრამ სხვებს – არა. და მულტინაციონალური კორპორაციებისთვის ჯერ არ წაუყენებიათ მარტივი ულტიმატუმი: შეგიძლიათ საქმე ან ამერიკის შეერთებულ შტატებში აკეთოთ, ან რუსეთში, მაგრამ არა ორივეში.  

ამერიკის შეერთებულმა შტატებს არ მიუღია ბევრი ის სიმბოლური ზომა, რომლებიც ომის დროს მნიშვნელოვანია. თუ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შეძლო კიევში ვიზიტით ჩასვლა (როგორც ეს ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ვონ დერ ლეიენმა და სხვა ქვეყნების მთავრობის მეთაურებმა და მაღალჩინოსნებმა გააკთეს), იმავეს გაკეთება შეეძლო სახელმწიფო მდივან ანტონი ბლინკენს ან ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. თუ სხვა ქვეყნებს შეუძლიათ უკრაინაში დახურული საელჩოების გახსნა, იმავეს გაკეთება შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, რომელსაც ის ისედაც არ უნდა დაეხურა. კონგრესში ზელენსკის სიტყვით გამოსვლის მხოლობით მოვლენად მიჩნევის ნაცვლად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყოველდღიურად უნდა გამონახოს გზები ზელენსკისადა მისი ხალხის სიმამაცის აღსანიშნავად და ამერიკელ ხალხს გამუდმებით უნდა შეახსენოს, რა წყდება აქ. ომის დროს ხელმძღვანელობის ნაწილი თეატრია და ადმინისტრაციამ ეს უნდა გაითავისოს. ეს მომენტი ცოტა შექსპირის ჰენრი V-ს საჭიროებს, მაგრამ ის, რაც აქამდე იყო ნაჩვენები, მხოლოდ სამუელ ბეკეტის  „გოდოს მოლოდინშია.“

ამერიკის შეერთებულ შტატებს ზოგიერთი ნაბიჯის გადადგმა იმიტომ არ სურს, რომ რუსულ ქცევაზე აკვიატებული წარმოდგენა აქვს, რაც რეალურად ამერიკის შეკავებაზე მუშაობს. ამერიკამ უნდა გაითავისოს ის, რომ რუსებთან ბრძოლაში მსოფლიო ექსპერტები ახლა უკრაინელები არიან და არა ამერიკელები. უკრაინელებმა საკუთარი გამოცდილებით და რეალური წარმატებით დაამტკიცეს, რომ მათ უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე ჩვენ გვგონია. ამიტომ, იმაზე ფიქრის ნაცვლად, მათ უძრავ ფრთიანი თვითმფრინავები სჭირდებათ ან დასავლეთის სამხედრო ტექნიკის გამოყენებას შეძლებენ თუ არა, თუ შეცდომაა, აშშ გულუხვობის მხარეს უნდა შეცდეს. და თუ ამერიკული გამოცდილება საჭირო იქნება, ამ გამოცდილების გაზიარება ამერიკის ომში პირდაპირ ჩართვის გარეშეც შეიძლება. პერლ ჰარბორამდე ამერიკელი მოხალისეების ჯგუფი, რომელიც მფრინავი ვეფხვების სახელითაა ცნობილი, ჩინეთში იაპონიის საჰაერო ძალების წინააღმდეგ P-40 გამანადგურებლების საფრენად გაგზავნეს. ჯგუფმა ეს აშშ მთავრობის დახმარებით გააკეთა. რაღაც ამის მსგავსი შეიძლება უკრაინაშიც გაკეთდეს, ოღონდ თუ საამისო ნება იქნება.  

თუ საბჭოთა კავშირმა ვიეტნამის ომის დროს ჩრდილოეთ ვიეტნამში ათასობით კონსულტანტი გაგზავნა ისე, რომ ბირთვული კონფლიქტი არ გამოუწვევია, აშშ-საც შეუძლია უკრაინელი ჯარისკაცების გასაწვრთნელად კონსულტანტები განალაგოს დასავლეთ უკრაინაში ან პოლონეთში მაინც. ამის ნაცვლად, ჩვენ უკრაინელი ჯარისკაცები ჩამოგვყავს მისისიპის შტატის ქ. ბილოქსში იმისათვის, რომ „სვიჩბლეიდ“ დრონის მართვა ისწავლონ, სადაც ისინი „ზუმით“ მილოცვებს იღებენ პენტაგონში თავის სამუშაო მაგიდასთან მყოფი თავდაცვის მდივნისგან. უკეთესი იქნებოდა, თუ თავდაცვის მდივანი მათ მხრებზე ხელს მოუთათუნებდა მათ სამშობლოსთან გაცილებით ახლოს მდებარე რომელიღაც ტალახიან პოლიგონზე.  

ომი შეიძლება უარესი გახდეს. თუ რუსები ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეცვალოს გადაწყვეტილება და უკრაინის ცა დაკეტოს. ობამას ადმინისტრაციამ, რომლის არაერთი ვეტერანი დღეს ისევ თეთრ სახლში მსახურობს, თავი შეირცხვინა, როცა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე წითელი ხაზი გამოაცხადა, მაგრამ შემდგომში დაპირება აღარ შეასრულა. უკრაინელებსაც და სირიელებსაც ეს სიმხდალე და სულმოკლეობა ძვირად დაუჯდათ. მაგრამ სიმხდალის თანამიმდევრულობის სახელით აქ უმოქმედობა არც ჭკვიანურია და არც ზნეობრივი. ქიმიური იარაღის გამოყენება გზას უხსნის მშვიდობიანი მოსახლეობის იმ მასშტაბის ხოცვა-ჟლეტვას, რომელიც გენოციდს უტოლდება. თუ ეს მოხდება, თავისუფალმა მსოფლიომ ეს უნდა შეაჩეროს.    

იმაზე, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უახლოეს კვირებში მოიმოქმედებენ, დამოკიდებულია გაცილებით მეტი, ვიდრე ამის წარმოდგენა ამერიკელ ხალხს შეუძლია. მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის არმია შეიძლება სასტიკად დამარცხდეს, თუ მას კარგად შეიარაღებული უკრაინის ჯარი შეხვდება. თუმცა ომის შემდეგ რუსეთი სავარაუდოდ პარანოიით შეპყრობილ და იზოლაციაში მოქცეულ დიქტატურად დარჩება, მას შეიძლება ეშვი მოძვრეს, და მისმა სიგიჟემ ის შეიძლება მესამე ხარისხის სახელმწიფოდ აქციოს. მაგრამ ომი ომია და მომავალი ყოველთვის გაურკვეველია. რაც ახლა ცხადია, არის ის, რომ უკრაინისთვის სათანადო დახმარების გაუწევლობას საშინელი შედეგები მოჰყვება, მაგრამ არა მხოლოდ ამ გმირი და ტანჯული ხალხისთვის.  

ელიოტ. ა. ქოენი

12.04.22.

https://www.theatlantic.com/ideas/archive/2022/04/ukraine-russia-war-consequences/629541/

Leave a Reply