• April 19, 2024

 

უკრაინიდან სირიამდე დრონებს ერდოღანის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები შეაქვს

14 აპრილს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მსოფლიო გააოცეს, როცა რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ფლაგმანი, მძიმედ შეიარაღებული კრეისერი „მოსკვა“ ჩაძირეს. როგორც საერთაშორისო პრესაში ვრცლად აღნიშნ, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ხომალდი სერიოზული თავდაცვის სისტემებით იყო აღჭურვილი, უკრაინელებმა კრეისერს სამამულო წარმოების „ნეპტუნის“ რაკეტები მოარტყეს. მაგრამ ის, რასაც შედარებით ნაკლები ყურადღება დაეთმო, უკავშირდება იმ უცხოური წარმოების დრონებს, რომელთა დახმარებითაც ეს თავდასხმა გახდა შესაძლებელი: უკრაინის ოფიციალურ პირთა განცხადებით, ეს დარტყმა კოორდინირებული იყო ორი თურქული „ბაირაქტარ TB2“ ტიპის უპილოტო დრონით, რომლებმაც გემის რადარებისთვის გვერდის აქცევა და რაკეტებისთვის ზუსტი სამიზნე ინფორმაციის გადაცემა შეძლეს.

პირველი შემთხვევა არ ყოფილა ის, რომ თურქული დრონები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის პირველივე დღეებიდან, იაფფასიანი, მაგრამ მომაკვდინებელი TB2 უპილოტო საფრენი აპარატები ისევ და ისევ გადამწყვეტ როლს ასრულებს აგრესორის ტანკების აფეთქებაში და მათ კვალზე მომავალი რუსული სამხედრო შენაერთების შეჩერებაში. და ეს შემთხვევითი როდია. იანვარში, როცა რუსეთმა უკრაინის საზღვართან მსხვილ სამხედრო შენაერთებს მოუყარა თავი, კიევმა ფული არ დაინანა და ჩუმად სხვა თურქულ იარაღის სისტემებთან ერთან ანკარასგან 16 ერთეული „ბაირაქტარ TB2“ ტიპის დრონი შეიძინა, რაშიც საერთო ჯამში თითქმის 60 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. ეს თანხა 30-ჯერ აღემატებოდა წინა წლის იმავე პერიოდში უკრაინის მიერ თურქეთისგან შეძენილ შეიარაღებაში გადახდილ ფასს. ეს დრონები დაემატა იმ 20 ერთეულ სხვა TB2 დრონს, რომლებიც თურქეთისგან უკრაინას მანამდე ჰქონდა შეძენილი. უკრაინის ომის საქმეში „ბაირაქტარი“ (რაც თურქულად „მებაირაღეს“ ანუ „მედროშეს“ ნიშნავს)  იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მისი შთაგონებით შეიქმნა პატრიოტული უკრაინული სიმღერა, რომელიც სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელდა.  

მაგრამ მიუხედავად უკრაინის დრონების მიმართ ამ ინტერესისა, გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა მათი მმწოდებელი ქვეყნის სტრატეგიას. თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანთან მჭიდრო კავშირების მქონე თურქული ფირმის მიერ წარმოებული „ბაირაქტარი“ უკრაინაში მიმდინარე ომში მნიშვნელოვან მათანაბრებელ ფაქტორზე უფრო მეტია. ბოლო წლებში დრონებმა გადამწყვეტ როლი შეასრულეს კავკასიაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მომხდარ არაერთ კონფლიქტში. 20-ზე მეტი, მეტწილად დაბალ და საშუალო შემოსავლიანი, ქვეყნისთვის დრონების მიყიდვით ანკარამ შეძლო მისი გეოპოლიტიკური გავლენის სფეროს გაფართოება და საკუთარი თავის იმ სახელმწიფოდ წარმოჩენა, რომელიც მნიშვნელოვანი რეგიონული კონფლიქტების შედეგს განსაზღვრავს.    

ანკარას დრონების დიპლომატია ყოველთვის წარმატებული არ ყოფილა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მაგ., ლიბიაში, თურქეთის მზარდი სამხედრო ჩართულობის გამო მოწინააღმდეგე ქვეყნებმა, მაგ., საბერძნეთმა და ეგვიპტემ, თურქეთის გავლენის შესაკავებლად ახალი კოალიციები ჩამოაყალიბეს. უკრაინაში დრონები საფრთხეს უქმნის მოსკოვთან ანკარას ფრთხილ და დაბალანსებულ ურთიერთობას. ბოლო წლებში აშშ კონგრესში რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც შეშფოთებას გამოთქვამენ თურქული დრონების გავრცელებაზე. 2020 წელს მთიან ყარაბახზე სომხეთთან აზერბაიჯანის კონფლიქტში უპილოტო საფრენი აპარატების როლზე მითითებით, ნიუ ჯერზის შტატიდან ამერიკელმა სენატორმა დემოკრატმა ბობ მენენდესმა გასული წლის შემოდგომაზე განაცხადა, რომ „თურქეთის მიერ დროების გაყიდვები საშიშია, იწვევს დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნის მშვიდობას და ადამიანის უფლებებს.“  

მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში ცალმხრივი და დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელების შემდეგ (რის გამოც თურქეთს რეგიონში მრავალი მოწინააღმდეგ გამოუჩნდა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობები დაეძაბა), თურქეთის ხელისუფლებამ შეძლო ბაირაქტარებისადა სამამულო წარმოების სხვა დროების მისი საერთაშორისო პროფილის ტრანსფორმაციისთვის გამოყენება. დროების გამოყენებით თურქეთმა ახლო აღმოსავლეთში საკუთარი ინტერესები წინ წაწევა შედარებით მცირე დიპლომატიური რესურსებით მოახერხა. უკრაინისთვის სამხედრო დახმარებით კი ერდოღანის როლი ნატოში ხელახლა გაიზარდა იმ დროს, როცა მისი ხელისუფლება ქვეყნის შიგნით სახიფათო მდგომარეობაშია და ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან მისი ურთიერთობები მრავალი წელია კრიზისშია. იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი დრონების პროგრამის წარმატებით მართვას და გაფართოებას გააგრძელებს, გამოვა, რომ მან საკუთარ თავს გავლენის მნიშვნელოვანი ახალი ფორმა უბოძა და ამ პროცესში დრონებით ომის წარმოების მეთოდოლოგია შეცვალა.

რადარის ქვეშ

თურქეთის დროების პროგრამა უცხოელ მომწოდებლებთან იმედგაცრუების შედეგად შეიქმნა. გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო დანიშნულების დროების დომინანტი მწარმოებელი იყო, თურქეთმა სცადა აშშ ტექნოლოგიის მიღება ქურთისტანის მშრომელთა პარტიასთან („ქმპ“) საბრძოლველად, რომელიც როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად იყო აღიარებული. შემდეგ, 2005 წელს, თურქეთმა ისრაელს მიმართა, მაგრამ დრონების შეძენის ეს მცდელობაც იმედგაცრუებით დასრულდა. მომდევნი წლებში ანკარას უფრო ახალი თაობის ამერიკული დრონების, მათ შორის, MQ-9 რიპერის“ შეიარაღებული ვერსიის შესყიდვაზეც უარი უთხრეს. ბოლოს მან საკუთარი დრონების შექმნა გადაწყვიტა.  

2012 წელს თურქეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ დრონის პროტოტიპი შექმნა, ხოლო 2016 წლისთვის ამ დრონმა სრულფასოვანი დაზვერვის განხორციელება შეძლო. იმავე წლებში მორიგი გარღვევა მოხდა, როცა თურქეთის სახელმწიფო დაზვერვის ორგანიზაციის მიერ მომზადებულმა და ერდოღანის მომავალმა სიძემ სელჩუკ ბაირაქტარმაბაირაქტარ TB2“ დააპროექტა. 2012 წელს TB2 სერიულ წარმოებაში ჩაეშვა, სამ წელიწადში კი მან ზუსტი დარტყმების განხორციელება შეძლო, რითაც ის თურქეთის არსენალში მნიშვნელოვან ახალ იარაღად იქცა. ამერიკული წარმოების „MQ-1 პრედატორისა“ და „MQ-9 რიპერის“ მსგავსად,  TB2 საშუალო სიმაღლეზე ხანგრძლივი ფრენის დრონია. ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ თურქულ დრონებთან შედარებით ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატები უფრო დახვეწილია: მათ ათჯერ უფრო მეტი რადიუსი, ორჯერ უფრო მეტი სიჩქარე აქვთ და თითქმის ორჯერ უფრო მეტი იარაღის გადატანა შეუძლიათ. მაგრამ ისინი სამჯერ ან ოთხჯერ უფრო ძვირია. ზოგიერთი დასავლური დრონის შემთხვევაში მხოლოდ შეიარაღება უფრო ძვირია, ვიდრე სრულად შეიარაღებული „ბაირაქტარი TB2,“ რომლის საანგარიშო ღირებულებაც სულ რაღაც 1 ან 2 მილიონი აშშ დოლარია.  

2015 წლიდან თურქეთის სამხედრო ძალებმა დაიწყეს სამამულო წარმოების დრონების „ქურთისტანის მშრომელთა პარტიის“ ბოევიკების წინააღმდეგ ხანგრძლივ ბრძოლაში გამოყენება. შემდგომი სამი წლის განმავლობაში ახალი დრონების გამოყენებით თურქეთმა „ქურთისტანის მშრომელთა პარტიის“ ბოევიკები ქვეყნის ტერიტორიიდან გააძევა და ამ პარტიის მრავალი წევრი დახოცა, მათ შორის, ხსენებული პარტიის ერაყში გადასული ხელმძღვანელებიც. მალევე ანკარამ ამ დრონების გამოყენება „სახალხო დაცვის ნაწილებად“ ცნობილი და „ქმპ“-სთან დაკავშირებული სირიელი ქურთი ბოევიკების წინააღმდეგაც დაიწყო. ამ სტრატეგიით თურქეთმა მის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე კონტროლი განამტკიცა და ჩრდილოეთ სირიასა და ერაყშიც კი შევიდა ხმელეთზე მრავალრიცხოვანი სამხედრო შენაერთების გამოყენების გარეშე. ათწლეულების განმავლობაში პირველად, „ქურთისტანის მშრომელთა პარტიასთან“ ხანგრძლივ კონფლიქტში ანკარამ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა.  

 

ყველა მიმართულებით ფრენა

ის ფუნქციები, რომელთა წყალობითაც „ბაირაქტარი“ თურქეთის ხელისუფლების უსაფრთხოების პრიორიტეტებისთვის აუცილებელი გახდა, სხვა მცირე და საშუალო ზომის ქვეყნებისთვისაც მალევე თანაბრად სასარგებლო აღმოჩნდა. შედარებით მცირე ინვესტიციით ქვეყანამ შექმნა ლეტალური სამხედრო ტექნოლოგია, რომელსაც კონფლიქტის დინამიკის შეცვლა ან ამბოხებულების ან სხვა ძალების ეფექტიანად შეკავება შეუძლია. 2017 წელს თურქეთმა TB2 დრონების ექსპორტი დაიწყო და ხუთ წელიწადში ოცზე მეტ ქვეყანაში გაიტანა, მათ შორის, ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებში (ალბანეთი, პოლონეთი და უკრაინა); ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში (ყირგიზეთი, პაკისტანი და თურქმენეთი); აფრიკაში (ეთიოპია, ლიბია, მაროკო, სომალი და ტუნისი); სპარსეთის ყურეში (ყატარი); და კავკასიაში (აზერბაიჯანი). თუმცა ეს გარიგებები მერკანტილიზმისა და გეოპოლიტიკის ნაზავით იყო მოტივირებული, ისინი ყოველთვის ეხებოდა იმ ქვეყნებს, რომლებშიც თურქეთს სტრატეგიული ინტერესი აქვს.      

ამ გარიგებების კვალობაზე, თურქულმა დრონებმა არაერთ კონფლიქტში გადამწყვეტი როლი შეასრულეს. ლიბიაში 2020 წელს, მათი დახმარებით ტრიპოლში საერთაშორისოდ აღიარებულმა მთავრობამ, რომელიც თურქეთის მხარდაჭერით სარგებლობდა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო პირი ხალიფა ჰიფტერი დაამარცხა. ასევე, დრონები აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის სადაო რეგიონში იმ ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმარა, რომლებიც სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ათწლეულების განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული. სირიის იდლიბის პროვინციაში დრონების გამოყენებით სირიის ოპოზიციურმა ძალებმა სირიის სამთავრობო ძალების ის შეტევა შეაჩერეს, რომლის მიზანიც სირიის ოპოზიციური ძალების თურქეთში გადარეკვა იყო. და ეთიოპიაში ადის აბებას მთავრობისთვის მიწოდებულმა თურქულმა დრონებმა ტიგრაელ აჯანყებულებთან სამოქალაქო ომის ბედი გადაწყვიტა. სხვა შემთხვევების მსგავსად, ეთიოპიაში თურქეთის ინტერესი მხოლოდ კომერციული არ ყოფილა: ადის აბებასთან კავშირების განმტკიცებით ანკარა აფრიკის რქის რეგიონში თურქეთის გავლენის გაძლიერებას და ეგვიპტის დაბალანსებას ცდილობს – ამ უკანასკნელთან თურქეთს  რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად კონკურენცია აქვს.  

თურქეთის, როგორც დაბალ და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნებისთვის დრონების მიმწოდებლის, ასპარეზზე სწრაფმა გამოჩენამ თურქეთის სახელმწიფოს სარგებლის მიღებასთან ერთად ახალი თავსატეხებიც გაუჩინა. არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის, ეთიოპიამ, სომალიმ და ტუნისმა, თურქული დრონები მათი ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკური სისტემების სრული კომპლექტაციის გარეშე შეიძინა. ამ ქვეყნებმა კარგად მომზადებულ ან რიცხობრივად უპირატეს მტერზე გადამწყვეტი უპირატესობა შეიძლება ვერ მოიპოვო, ხოლო ზოგჯერ შეიძლება შეცდომებიც დაუშვან. ტიგრეის რეგიონში კონფლიქტის დროს, ეთიოპიის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებდნენ თურქული წარმოების დრონებით მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გამოწვევის, მათ შორის, სკოლის დაბომბვის გამო. ასეთმა ინციდენტებმა გააინა წარმოდგენა, მათ შორის, აშშ-ის ზოგიერთ ოფიციალურ პირს შორისაც, რომ თურქეთი დრონების უპასუხისმგებლო გამავრცელებლად გადაიქცა.  

და მაინც, უფრო დიდი პრობლემა შეიძლება მოწინააღმდეგე ქვეყნების რეაქცია იყოს. კონფლიქტებში, მაგ., სირიის კონფლიქტში, თურქეთის ჩარევამ გააღიზიანა მოწინააღმდეგეები, მათ შორის, ეგვიპტე, საფრანგეთი და არაბთა გაერთიანებული ემირატები. 2020 წლის მაისში, როცა თურქული დრონები ლიბიაში სამოქალაქო ომის ბედს წყვეტდა, ეგვიპტემ კვიპროსთან, საფრანგეთთან, საბერძნეთთან და არაბთა გაერთიანებული ემირატებთან არაოფიციალური ალიანსი შექმნა კოორდინირებული პოლიტიკური, დიპლომატიური და სამხედრო-საზღვაო გზებით  აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში თურქეთის აქტივობის შესაკავებლად. ამ ბოლო დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბერძნეთს სამხედრო დახმარება გაუზარდა რუსეთის, აგრეთვე გარკვეულწილად თურქეთის და რეგიონში მისი მზარდი სამხედრო გავლენის საპირწონედ.  

 

უკრაინის დილემა

თურქეთის დრონების დიპლომატია ყველაზე მნიშვნელოვანი და პოტენციურად ყველაზე რისკიანიც ალბათ უკრაინაში აღმოჩნდა. კიევმა TB2 დრონების შესყიდვა 2019 წელს დაიწყო და პირველად ისინი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების წინააღმდეგ 2021 წელს გამოიყენა. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის წინაამდეგ ომის დაწყების შემდეგ, ამ იარაღმა უფრო სრულფასოვანი სტატუსი შეიძინა: პირველად მოხდა, რომ ისინი პირდაპირ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ გამოიყენეს. რუსულ ტანკებზე, საარტილერიო დანადგარებზე, სატრანსპორტო საშუალებებზე და თვით მომარაგების მატარებლებზეც კი TB2 დრონებით უკვე 60-ზე მეტი წარმატებული დარტყმა განხორციელდა, რომ აღარაფერი ვთქვათ აღურიცხავ შემთხვევებზე, რომელთა რიცხვიც სავარაუდოდ მნიშვნელოვნად მაღალი იქნება. დასავლეთთან თურქეთის ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსკოვის წინააღმდეგ კიევის გაძლიერებაში „ბაირაქტარის“ მიერ შესრულებულ მოულოდნელ როლს შთამბეჭდავი შედეგები აქვს. ნატოს შიგნით ანკარას რეპუტაციამ წლების განმავლობაში არნახულ დონემდე აიწია, და ევროპის მნიშვნელოვან ქვეყნებთან, მათ შორის, საფრანგეთთან ყინულის ლღობაც დაიწყო.  

მაგრამ უკრაინის დრონების ომმა ახალი და საკმაოდ რთული კითხვები დაბადა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს ანკარამ მოსკოვთან სამუშაო ურთიერთობები. თურქეთმა რუსეთთან მრავალ სფეროში უნდა ითანამშრომლოს, მათ შორის, შავ ზღვაზე, სირიაში და აზერბაიჯანში. სტრატეგიული თვალსაზრისით, ანკარა, რაც შეუძლია, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიევი მოსკოვს არ დარჩეს. ეს იმიტომ, რომ უკრაინის მიმართ პუტინის აგრესიამ ანკარაში რეალიზმის გრძნობა გააჩინა, ვინაიდან საქმე ეხება თურქეთის ისტორიულ მტერს რუსეთს. განსაკურებით ახლა, ანკარა უკრაინას და შავი ზღვის ქვეყნებს იმ აუცილებელ მოკავშირეებად განიხილავს, რომლებთანაც შავი ზღვის ჩრდილოეთით არსებული რუსული ბეჰემოთის საპირწონედ ბლოკი უნდა შექმნას.

თუმცა, თუ პუტინი წარემატება და უკრაინის ნაწილს დაიპყრობს ან დამარცხდება და ამაში თურქეთს დაადანაშაულებს, მან თურქეთის წინააღმდეგ შეიძლება მნიშვნელოვანი ახალი კომპრომატი გამოიყენოს. პუტინმა სირიაში ანკარას ინტერესებს შეიძლება ძირი გამოუთხაროს, მაგალითად, იდლიბიდან თურქეთისკენ ლტოლვილთა მასობრივი ნაკადების მიმართვით. ამ ბოლო დროს თურქეთში ლტოლვილების საწინააღმდეგო განწყობები განსაკუთრებით გაძლიერდა, ძირითადად ეკონომიკური კრიზისის გამო. ერდოღანი სავარაუდოდ უზარმაზარი წნეხის ქვეშ მოექცევა, თუ ქვეყანაში ლტოლვილთა დიდი ნაკადი შევა. პუტინმა შეიძლება თურქეთზე ეკონომიკური ზეწოლაც განახორციელოს თურქული სოფლის მეურნეობის პროდუქტების რუსეთში ექსპორტის შეზღუდვით, თურქეთიდან რუსი ტურისტების დაბრუნების აკრძალვით ან თურქეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით. ასეთი ზომები თურქეთის ეკონომიკის გაჯანსაღებას და 2023 წელს ერდოღანის განმეორებით არჩევის შანსებს ძირს გამოუთხრიდა.  

ოფიციალურად, ანკარა უკრაინის შეიარაღებაში შეტანილ წვლილს ნაკლებ მნიშვნელოვნად წარმოჩენს და აცხადებს, რომ უკრაინას „ბაირაქტარებს“ თურქეთის მთავრობა კი არა, კერძო ფირმა აწვდისო. კიევისთვის დრონების მიწოდების პარალელურად, ანკარამ შუამავლის მანტიაც მოირგო და 10 მარტს თურქეთის ზღვისპირა ქ. ანტალიაში უკრაინისა და რუსეის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრასაც უმასპინძლა. თურქეთს რუსეთის დამარცხებისა ოდნავ უფრო მეტად ეშინია, ვიდრე რუსეთის გამარჯვებისა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ რუსეთი სასარგებლო სავაჭრო პარტნიორია და ნაწილობრივ იმიტომ, რომ თურქებსა და რუსებს კავკასიაში, ლიბიასა და სირიაში მოქმედების კონკურენტული, მაგრამ შეთანხმებული პრინციპები აქვთ, რომლებსაც რუსეთის დამარცხებით შეიძლება საფრთხე შეექმნას. თუ პუტინს იმ ქვეყნების სია აქვს, რომლებსაც ის უკრაინისთვის დახმარების გაწევის გამო ომის შემდეგ დასჯის, თურქეთი ამ სიის დასაწყისთან საკმაოდ ახლოს, ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ იქნება. ერდოღანის საბოლოო მიზანი პუტინთან აშკარა დაპირისპირებისგან თავის არიდებაა, ვინაიდან ამ უკანასკნელმა თურქეთის პრეზიდენტის განმეორებით არჩევის შანსების მოსასპობად შეიძლება ეკონომიკური წნეხი ან კიბერთავდასხმებიც კი გამოიყენოს.    

უფრო მეტიც, ერდოღანს სურს სანქციადადებული რუსი ოლიგარქები ურქეთში შეიტყუოს, ვინაიდან იმედოვნებს, რომ მათი აქტივები და ფულადი რესურსები თურქეთის წაქცეული ეკონომიკის ფეხზე წამოყენებას ხელს შეუწყობს. გარდა ამისა, თავიანთი ქონების შენარჩუნებით დაინტერესებული რუსეთის საშუალო კლასის ზედა ფენის წარმომადგენლთათვის თურქეთი შეიძლება უძრავი ქონების ბაზრად იქცეს. ამიტომ, უკრაინაში ერდოღანის სტრატეგიაა კიევისთვის იარაღის ჩუმად მიწოდება პუტინთან დიპლომატიური არხების შენარჩუნებისა და რუსეთისგან ეკონომიკური ხეირის მიღების პარალელურად. ამ მხრივ, ერდოღანმა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შეერთებაზე უარი განაცხადა და რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა გააგრძელა. და მისი დასავლელი მოკავშირეებისგან განსხვავებით, თურქეთს რუსეთთან სამოქალაქო ფრენები არ შეუწყვეტია. ეს ორსახოვანი სტრატეგია პუტინისთვის ამ მომენტში შეიძლება მისაღები იყოს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ლიდერმა თურქეთთან ჩხუბი ახლა დაიწყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ერდოღანი მას და მის ოლიგარქებს ეკონომიკურ სამაშველო თოკს გადაუგდებს. მაგრამ თუ უკრაინაში ომი დროში გაჭიანურდება და TB2 დრონებით კრეისერ „მოსკვას“ მსგავსი რუსეთის ძირითადი სამხედრო აქტივების განადგურება გაგრძელდება, თურქეთის მიერ რუსული სამხედრო გემების თურქეთის სრუტეებში გატარების აკრძალვამ ანკარასა და მოსკოვს შორის შეიძლება უფრო პირდაპირი კონფლიქტი წარმოშვას.      

საგარეო ურთიერთობები ავტოპილოტზეა?

ახლა, როცა უკრაინაში მიმდინარე ომი ერდოღანის ხელისუფლებისგან სულ უფრო მეტად ითხოვს დასავლეთის ბლოკის მყარ ნაწილად ყოფნას, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა ანსაკუთრებულ გამოწვევად რჩება. ერთის მხრივ, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში თურქული სამხედრო ტექნოლოგიის მიერ შესრულებულმა შთამბეჭდავმა როლმა თურქეთს ნატოში ახალი პატივისცემა მოუტანა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროპის მრავალმა ლიდერმა, მათ შორის, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტმა, ერდოღანთან ბოლოდროინდელი პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად ანკარასთან ურთიერთობები განაახლა. მაგრამ ერდოღანი ჯერ კიდევ არ ჩაუკრავს გულში ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ვისთანაც  მას უკვე დიდი ხანია ცივი ურთიერობა აქვს.  

2013-2016 წლებში ვიცე-პრეზიდენტის რანგში ბაიდენი თურქეთთან მთავარი მოსაუბრე იყო, მაგრამ ურთიერთობები მაშინ გაუარესდა, როცა ერდოღანმა მაშინდელი აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეგვიპტის 2013 წლის სამხედრო გადატრიალებაში დაადანაშაულა (თურქეთი ეგვიპტის იმ „მუსლიმური საძმოს“ მთავრობის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო, რომელიც ხელისუფლებაში არაბული გაზაფხულის კვალობაზე მოვიდა). იმ დროს, ერდოღანი იმაზეც გაბრაზდა, რომ ამერიკა მხარს უჭერდა „ქურთისტანის მშრომელთა პარტიასთან“ დაკავშირებულ იმ „სახალხო დაცვის ნაწილებს,რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები „ისლამური სახელმწიფოს“ („ერაყისა და ლევანტისისლამური სახელმწიფო“) დამარცხებაში მთავარ მოკავშირედ განიხილავდა. ბაიდენი პირობას დებდა, რომ ეს მხარდაჭერა, ამერიკის პოლიტიკურ ენით რომ ვთქვათ, „ტაქტიკური, დროებითი და საქმიანი“ იქნებოდა, მაგრამ ეს პოლიტიკა შეიცვალა და რაღაც უვადო სუბსიდიის მსგავს გარიგებად გადაიქცა. თავის მხრივ, ბაიდენი უკმაყოფილო იყო ერდოღანის მიერ დემოკრატიულ ნორმებზე უარის თქმით და თურქეთში ინსტიტუტების შევიწროებით, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სტრატეგიული და პოლიტიკური პრიორიტეტების არად ჩაგდებითა და ობამას ადმინისტრაციის სულ უფრო დაუფარავი კრიტიკით. შესაბამისად, ბაიდენზე გავლენა არ ქონია იმ აქტიურ ძალისხმევას, რომელსაც ერდოღანი ამერიკის პრეზიდენტის გულის მოსაგებად მიმართავდა. მარტის ბოლოს, ე. ი., უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთვი თვის შემდეგ, ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტზე ბაიდენმა ერდოღანი გააწბილა და თურქეთის პრეზიდენტს შეხვედრაზე უარი უთხრა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინაში თურქეთის მონაწილეობით თურქეთის საგარეო პოლიტიკა დასავლეთს კიდევ უფრო დაუახლოვდება, ერდოღანისთვის არსებობს რისკი იმისა, რომ ბაიდენს და ევროპის ზოგ ლიდერს ისე ძალიან სურდეთ მისი მოცილება, რომ ანკარასთან დაახლოება 2023 წლის არჩევნების დასრულებამდე გადადონ. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ერდოღანის აქციებზე ფასმა მისი დრონების დიპლომატიის და უკრაინისთვის გაწეული მნიშვნელოვანი დახმარების შედეგად მოიმატა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ, თუ საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი იქნება, მან ისევ გაიმარჯვოს, თუ მომავალ წელს თურქეთის ეკონომიკა ფეხზე არ დადგა და მნიშვნელოვნად (ათეული პროცენტებით) არ გაიზარდა. ამავე დროს, მართალია, დრონებმა თურქეთს იმის შესაძლებლობა მისცა, რომ გლობალურ პოლიტიკაში წარმოუდგენელი წარმატებისთვის მიეღწია, თუ მისმა ეკონომიკამ დაღმასვლა გააგრძელა პუტინთან აშკარა დაპირისპირებისა თუ იმის გამო, რომ ბაზრები მოერიდებიან იმ ქვეყანას, სადაც მართლწესრიგი სამასხარაო გახდა, ერდოღანი ქვეყნის ახალ ნაპოვნ უპირატესობასაც წყალს გაატანს და საკუთარ პოლიტიკურ მომავალსაც.

სონერ ქაგაპტაი, რიჩ ოუთზენი

27.04.22.

Leave a Reply