• April 19, 2024


არსებობს მზარდი შეშფოთება იმა
სთან დაკავშირებით, რომ მოლდოვა და დნესტრისპირეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩაითრიონ.

დნესტრისპირეთიც და მოლდოვაც უკრაინას დასავლეთიდან პირდაპირ ესაზღვრებიან. დნესტრისპირეთი, რომელიც მოლდოვას პატარა სეპარატისტული რეგიონია, მოლდოვასა და უკრაინას შორის არის მოქცეული.

2022 წლის 25 და 26 აპრილს დნესტრისპირეთში სამი აფეთქება დაფიქსირდა. 27 აპრილს დნესტრისპირეთის შეიარაღებულმა ძალებმაც დააფიქსირეს დრონები და უცნობი პირის მიერ განხორციელებული სროლები.

თავდასხმების შედეგად დაზიანდა რუსულ ენაზე მაუწყებელი ორი რადიო კოშკურა, თუმცა ადამიანებში მსხვერპლი არ ყოფილა. ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

უკრაინამ განაცხადა, რომ ეს აფეთქებები რუსეთმა დნესტრისპირეთის მიმართულებით რუსული სამხედრო შენაერთების გადასროლის საბაბად განხორციელა, რათა უკრაინაში შეჭრიდან ორ თვეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ დნესტრისპირეთიც უკრაინაში შემდგომი საომარი მოქმედებებისთვის პლაცდარმად გამოიყენოს.

როგორც აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის ექსპერტს, მსურს გავაანალიზო მოლდოვას, დნესტრისპირეთსა და რუსეთს შორის არსებული კომპლექსური დინამიკა, რაც რუსეთის დნესტრისპირეთით სამხედრო დაინტერესების უკეთ გაგებაში დაგვეხმარება. ქვემოთ განხილულია ოთხი ძირითადი საკითხი, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ.

1. რა წარმოადგენს დნესტრისპირეთი?

დნესტრისპირეთი, რომელსაც ოფიციალურად დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა ეწოდება, მოლდავეთსა და დასავლეთ უკრაინას შორის მოქცეული მიწის ვიწრო ზოლია, რომელზეც დაახლოებით 500 000 ადამიანია დასახლებული. ეს არის არაღიარებული სეპარატისტული სახელმწიფო, რომელიც მოლდოვას შემადგენლობიდან 1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გავიდა.

დნესტრისპირეთის მთავრობას დე-ფაქტო დამოუკიდებლობა აქვს, მაგრამ სხვა ქვეყნებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მოლდოვას შემადგენელ ნაწილად არის აღიარებული.

თუმცა დნესტრისპირეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რუსეთის მიერ ოფიციალურად აღიარებული არ არის, დამოუკიდებლობას ის დღეს დიდწილად დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე განთავსებული რუსული კონტინგენტის სამხედრო მხარდაჭერით ინარჩუნებს.

დნესტრისპირეთს რუსეთთან მჭიდრო კავშირები აქვს. იქ მცხოვრები ხალხი დიდწილად რუსულენოვანია, ხოლო მთავრობა პრორუსული სეპარატისტების ხელშია.

რუსეთი დნესტრისპირეთს უფასო ბუნებრივი გაზით ამარაგებს, რეგიონის ასაკოვან მოსახლეობას კი საპენსიო დანამატებით უზრუნველყოფს.

დნესტრისპირეთში დაახლოებით 1500 რუსი ჯარისკაცია განთავსებული. მათგან რუსეთიდან მხოლოდ 50-დან 100-მდე თუ იქნება. დანარჩენი ადგილობრივი დნესტრისპირელები არიან, რომლებსაც რუსული პასპორტები აქვთ დარიგებული. ამ ჯარისკაცებს სახლები დნესტრისპირეთში აქვთ და ოჯახებიც იქ ჰყავთ.      

მოლდოვა რუს ჯარისკაცებს კიშინოვის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენის უფლებას არ აძლევს. 2015 წლის შემდეგ უკრაინამ მათ საკუთარ ტერიტორიაზე გატარებაზე უარი განუცხადა. ამ საერთაშორისო შეზღუდვების გამო რუსეთმა ადგილობრივ დნესტრისპირელებთან კონტრაქტები გააფორმა.

თვით დნესტრისპირეთის არმია შედარებით მცირერიცხოვანია და 4 500-დან 7 500-მდე ჯარისკაცს ითვლის.  

2022 წლის 22 აპრილს რუსმა სამხედრო მეთაურმა რუსტამ მინეკაევმმა განაცხადა, რომ რუსეთი დნესტრისპირეთამდე სახმელეთო დერეფნის სამხრეთ უკრაინაზე გავლით შექმნას აპირებდა.

2. რუსეთი დნესტრისპირეთით რატომ არის დაინტერესებული?

დიდი ხანია რუსეთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მოლდოვას თავის პოლიტიკური გავლენის სფეროში შეყვანას ცდილობს. მოლდოვა ევროკავშირს, კერძოდ, მის წევრ-ქვეყანა რუმინეთს და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე უკრაინას შორის იმყოფება. დნესტრისპირეთში განთავსებული რუსული სამხედრო კონტინგენტი მოსკოვს მოლდოვას დაშინებისა და მისი დასავლური მისწრაფებების შეზღუდვის საშუალებას აძლევს.  

მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის მარტში შეიტანა.

დნესტრისპირეთში რუსი სამხედრო კონტინგენტის ყოფნა მოლდოვას საკუთარი საზღვრების სრულად გაკონტროლებაში ხელს უშლის. შესაბამისი ბრძანების შემთხვევაში, დნესტრისპირეთში განთავსებულ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფ რუს სამხედრო კონტინგენტს რეგიონის სწრაფად დესტაბილიზაცია შეუძლია. საზღვრისა და ტერიტორიის კონტროლის გარეშე მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება არ შეუძლია. ეს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობაა.

მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიტამ განაცხადა, რომ ქვეყანას ნატოში გაწევრიანება არ სურს, რადგან ამას რუსეთი პირდაპირ საფრთხედ აღიქვამდა ისევე, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა.  

3. დნესტრისპირეთი რუსეთის ერთგულია?

მოსკოვთან ერთგულებისთვის ამ უკანასკნელის მიერ დნესტრისპირეთის უფასო ბუნებრივი აირით მომარაგების პარალელურად, ევროკავშირიც ახალი სავაჭრო გარიგებებით დნესტრისპირეთს აუცილებელ ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთის მიერ 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიამ, აგრეთვე დონბასის რეგიონზე 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომმა დნესტრისპირეთის ეკონომიკური ორიენტაცია რუსეთიდან დასავლეთ ევროპისკენ მიმართა.

უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა კიევს სასაზღვრო პოლიტიკის გადახედვისა და გამკაცრებისკენ უბიძგა. ამის შედეგად გამკაცრდა დნესტრისპირეთში შემავალი და დნესტრისპირეთიდან გამომავალი იმ გზების კონტროლი, რომლებიც თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში საქონლის კონტრაბანდისთვის გამოიყენებოდა.  

კონტრაბანდის გზებზე კონტროლის გამკაცრება დნესტრისპირეთისთვის ხელსაყრელ დროს მოხდა.

მოლდოვამ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 2014 წელს გააფორმა. აღნიშნული შეთანხმებით ვაჭრობის განხორციელება დნესტრისპირეთიდანაც ნებადართულია. ამის შემდეგ დნესტრისპირეთის ვაჭრობა დასავლეთ ევროპასთან იზრდება, რუსეთთან კი მცირდება. დღეს დნესტრისპირეთის ექსპორტის 70% დასავლეთ ევროპაში გადის.

4. რამდენად მოწყვლადია მოლდოვა?

უკრაინის ომმა და იმ ფაქტმა, რომ დნესტრისპირეთში რუსული სამხედრო კონტინგენტია განთავსებული, მოლდოველებსა და ზოგ დასავლელ ექსპერტში გააჩინა იმის შიში, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი მოლდოვას  დაესხმება თავს.  

უკრაინისგან განსხვავებით მოლდოვას სუსტი, დნესტრისპირეთის ჯარზე უფრო მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავს. მოლდოვას მოქმედი სამხედრო პერსონალი 6 000 ჯარისკაცს ითვლის, რომლებსაც რუსული ჯარების წარმატებით მოგერიების უნარი არ აქვთ.

მოლდოვა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, რომლის მოსახლეობაც 3,5 მილიონ ადამიანს ითვლის.

მოლდოვას ენერგოსექტორი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და მტკივნეული წერტილია. ის 100%-ით რუსულ ბუნებრივ გაზზეა დამოკიდებული, რის გამოც მოლდოვას, მიუხედავად პროევროპული პოლიტიკური ორიენტაციისა, უჭირს მოსკოვის ორბიტიდან გასვლა. ქაღალდზე დნესტრისპირეთი იდეალურ ადგილს ჰგავს იმისათვის, რომ აქედან რუსეთი უკრაინას ან მოლდოვას თავს დაესხას. მაგრამ დნესტრისპირეთს  დამოუკიდებლად უკრაინასთან ბრძოლის უნარი ან მოლდოვასთან ბრძოლის ნება არ აქვს.  

დნესტრისპირეთში გასაღწევად რუსეთმა უკრაინის უზარმაზარი სამხრეთი ტერიტორიები უნდა ჩაიგდოს ხელში, მაგრამ უკვე რამდენიმე კვირაა ამ მიმართულებით რუსული სამხედრო შენაერთების წინსვლა უმნიშვნელო და ნელია.

ტატიანა კულაკევიჩი

01.05.22.

Leave a Reply