• December 14, 2024


ნაციონალიზმი, რუსული იმპერიალიზმი და ბრძოლა უკრაინის ისტორიის განსაზღვრისთვის  

ოცდამეერთე საუკუნეში ევროპის პირველი ომი მნიშვნელოვანწილად წარსულის შესახებ არის. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ისტორიის სიღრმეებში ხელებს აფათურებს და დაჟინებით აცხადებს, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია, რომ უკრაინა სინამდვილეში არც არასოდეს ყოფილა სუვერენული სახელმწიფო, სანამ მას ბოლშევიკები შეცდომით არ შექმნიდნენ, და რომ უკრაინის ტერიტორიები არსებითად რუსული მიწებია. ამ ვერსიის ვრცლად გასაშლელად 2021 წლის ივლისში მან გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა გაზვიადებული ისტორიული წიაღსვლები, და რომელზეც ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ ნამდვილ ომს დაედებოდა საფუძვლად.
უკვე ორ თვეზე მეტია, რაც დიდწილად ისტორიული ფიქციით აღძრული რუსული სამხედრო შენაერთები უკრაინაში იბრძვიან. მაგრამ იგივე ისტორია უკრაინელთა მედგარ წინააღმდეგობასაც განაპირობებს. წარსული უკრაინელებსაც თავისებურად ესმით და მათში ბრძოლის მოტივაციას ამაღლებს. არაერთი თვალსაზრისით ეს ომი ორი ურთიერთშეუთავსებელი ისტორიული ნარატივის ერთმანეთთან შეჯახებაა. იმ იმპერიული რუსეთის აღდგენის პუტინისეულმა გეგმამ, რომელშიც უკრაინა მხოლოდ შემადგენელი ნაწილია, კრახი განიცადა და წარმოშვა უკრაინული ნაციონალიზმი, რომელშიც მოიაზრება უკრაინის სუვერენული სახელმწიფო და რუსებისგან განსხვავებული უკრაინელი ხალხი, რომელიც სხვადასხვა ფორმით ათას წელზე მეტია არსებობს. ყველა დიდი ნარატივის მსგავსად, ორივეში მითოლოგიას თავისი ადგილი აქვს. მაგრამ უკრაინელებისთვის რისკები უფრო ეგზისტენციალურია: პუტინის მიერ განმარტებული ისტორიით მათ არსებობის უფლებაც კი არ აქვთ.

საკუთარი ერი

1903 წელს ლვოველმა აკადემიკოსმა მიხაილო გრუშევსკიმ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სტატიაში სახელწოდებით „რუსეთის ისტორიის ტრადიციული სქემა და აღმოსავლეთ სლავების ისტორიის რაციონალურად ორგანიზების პრობლემა“  ნათქვამია, რომ უკრაინის ისტორია არ არის დიდი რუსეთის ერთი პროვინციის ისტორია. უკრაინა რუსეთი არ ყოფილა. ავტორის აზრით, ერთიანი და გამორჩეული უკრაინელი ერის ისტორია ათასწლეულზე მეტ დროს ითვლიდა.
გრუშევსკიმ უკრაინის ისტორია შემდეგნაირად მოხაზა: უკრაინის, როგორც ერისა და სახელმწიფოს, ფესვები მოდიოდა კიევის რუსეთიდან, იმ ხალხთა გაერთიანებიდან, რომელთა სათავეშიც იდგნენ სკანდინავიელი წინაპრების შთამომავალი მებრძოლი ელიტა. მეცხრე საუკუნის ბოლოს სწორედ ეს კიევის რუსეთი გაჩნდა მდინარე დნეპრის სანაპიროებზე. მათი წიაღიდან წარმოიქმნა სხვადასხვა უკრაინული პოლიტიკური ერთეული, მათ შორის, გალიცია-ვოლგინიას სამთავრო და რუთენიის სამეფო შუასაუკუნეებში და კაზაკების სახელმწიფო მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნეებში. მეცხრამეტე საუკუნისთვის უკრაინის ტერიტორია დიდწილად რუსეთისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიებს შორის იყოფოდა. უკრაინელები ამ იმპერიულ ბატონობას არ დანებდნენ; იმ აღმოსავლეთ ევროპელი  ინტელექტუალების მსგავსად, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნეში ეროვნული თავისუფლებისა და თვითგამორკვევისთვის ბრძოლა დაიწყეს, უკრაინელმა ინტელექტუალებმა და მწერლებმაც ნაციონალური აღორძინებისთვის ბრძოლა დაიწყეს თანამედროვე ენისა და ერის ისტორიაზე ნაციონალური იდეის შექმნით. ამ აღორძინების პერიოდმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე, დამოუკიდებელ უკრაინას, რომელიც მეოცე საუკუნეში სახელმწიფოთა ოჯახში გაწევრიანდა. უკრაინის იდენტობაზე გრუშევსკის ხედვას ბევრი რამ ჰქონდა საერთო აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ მსგავს სქემებთან: ეს ხედვა იყო ეთნოცენტრული, ტელეოლოგიური (რამდენადაც ის უკრაინის სახელმწიფოებრიობას მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გარდაუვალ შედეგად მოიაზრებდა), და მან უზარმაზარი გავლენა იქონია ხალხთა ფართო მასების მობილიზაციაზე.
გრუშევსკი არა მარტო თანამედროვე უკრაინული ნაციონალიზმისა და ისტორიის მამა, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკოსი, 1917-1918 წლებში უკრაინის პირველი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე და იმ ეროვნული რევოლუციის სულიერი ლიდერიც იყო, რომლის შედეგადაც 1917 წელს შეიქმნა დამოუკიდებელი უკრაინის რესპუბლიკა, რომელმაც 1920 წლამდე იარსება. დღეს მრავალი უკრაინელი თავის ქვეყანას სწორედ გრუშევსკის მიერ შექმნილი საფუძვლებით მოიაზრებს. მათი აზრით, უკრაინა არა მარტო ხანმოკლედ დამოუკიდებელი რესპუბლიკის, არამედ ათასწლიანი სამეფოების, სამთავროებისა და სხვა ფორმის სახელმწიფოების სამართალმემკვიდრეც არის. ისინი აცხადებენ, რომ უკრაინელებს აქვთ მათი მეზობლებისგან განსხვავებული კულტურა, ენა და რელიგიური ტრადიციები. ეს იდეა თანამედროვე უკრაინის სასკოლო პროგრამის, სამოქალაქო განათლებისა და ოფიციალური ისტორიოგრაფიის საფუძვლად იქცა.
უკრაინის ისტორიის ეს ვერსია სავსეა იმ გულმხურვალე მეოცნებეებით, რომლებიც თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის თავი სწირავდნენ და არაერთ გარე მჩაგვრელ ძალას ებრძოდნენ. ალბათ ნაციონალური იდენტობის მქონე ცოტა სახელმწიფო თუ არსებობს, რომელსაც არ ჰყავთ სხვა, მოწინააღმდეგე ძალა, რომლის ფონზეც სახელმწიფო შეიძლება განისაზღვროს. უკრაინელთა შემთხვევაში, მთავარი „სხვა“, რა თქმა უნდა, რუსეთია. იმპერიული და საბჭოთა ნიღბების უკან მდგარი რუსეთი უკრაინის ისტორიაში ექსპლუატაციის, ასიმილაციის, ჩაგვრისა და დამცირების მომტან კოლონიურ ძალად მოიაზრება. ამ ნარატივში რუსეთის სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე ბატონობს და მათ სიამაყისა და სიდიდის ცრუ განცდით ავსებს მაშინ, როცა უკრაინა რუსეთის ანტითეზაც მოჩანს. უკრაინა განასახიერებს დემოკრატიის, თავისუფლების, ინდივიდუალიზმის, კერძო ინიციატივის და ეროვნული სიამაყის ღირებულებებს. თუ რუსეთის სახელმწიფო ჩაგრავს, უკრაინულმა სახელმწიფომ უკრაინელ ხალხს უნდა მისცეს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარანტია. ყველაზე ფართო გაგებით, უკრაინელები გადაჭრით აცხადებენ, რომ უკრაინა ევროპულ და არა რუსულ ცივილიზაციას მიეკუთვნება.

მარად ერთად, მარად ცალკე

დაახლოებით 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირი რუსებსა და უკრაინელებს შორის არსებული განსხვავებების წაშლას ცდილობდა. ისტორიის საბჭოური ვერსია ამ ორ ხალხს შორის არსებულ ეთნოგრაფიულ და კულტურულ განსხვავებებს აღიარებდა, მაგრამ ხაზს უსვამდა მათ ერთიანობასა და საერთო ისტორიულ ბედს. 1954 წელს საბჭოთა კავშირის ოფიციალურმა პირებმა გამოიგონეს ლოზუნგი „მარად ერთად“ 1654 წლის პერეიასლავის ხელშეკრულების 300 წლისთავის აღსანიშნავად, როცა უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრებმა კაზაკებმა რუსეთის მეფეს ერთგულება შეჰფიცეს. საბჭოურ ისტორიულ მითში ძმური ქვეყნების ამ ტანდემში რუსეთი მაინც დიდ ძმად მოიაზრებოდა.
მაგრამ ეს ძმობა 1991 წელს საბჭოთა კავშირის ნამსხვრევებიდან დამოუკიდებელი უკრაინის დაბადებით დასრულდა. შემდეგ ათწლეულში რუსეთმაც და უკრაინამაც წარსულის საბჭოური საზეიმო სტილით გააზრებაზე უარი განაცხადეს და საბჭოთა კავშირამდე არსებული ისტორიული იდეები შეისისხლხორცეს. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში გაჩენილი ლოკალური და ეთნიკური ნაციონალიზმის დაძლევა იმპერიულ წარსულის გახსენებით სცადეს. არაერთი რუსი სწავლული და საზოგადო მოღვაწე მიესალმა ისტორიის იმ იმპერიული ვერსიის დაბრუნებას, რომლითაც სუპრანაცოინალური სახელმწიფო დიდი რუსეთის დამცველად მოიაზრებოდა.
როცა ჯერი უკრაინაზე მიდგა, რუსეთის ელიტამ და სახელმწიფოს მხარდაჭერით მოსარგებლე ისტორიკოსებმა იმ ქრონოლოგიის განსაზღვრა სცადეს, რომლითაც განმტკიცდებოდა აზრი, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხი იყვნენ. ამ ორს შორის სქიზმა არ უნდა იყოს: ორივე კიევის რუსეთიდან მოდიოდა და მათი კავშირი 1654 წლის პერეიასლავის ხელშეკრულებით იყო გამტკიცებული. ამ რუსული ნარატივით ხდებოდა იმ მოღვაწეების დემონიზაცია და იმ მოვლენების მნიშვნელობის დამცრობა, რომლებიც უკრაინის უნიკალურობაზე მიუთითებდნენ. მაგალითად, რუსებმა გააშავეს და მოღალატედ შერაცხეს მეჩვიდმეტე საუკუნეში მცხოვრები კაზაკების ლიდერი ივან მაზეპა, რომელმაც მოსკოვის წინააღმდეგ შვედების მხარე დაიჭირა. მათ 1917-1920 წლებში უკრაინაში მომხდარი რევოლუცია (და ამის შედეგად ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი რესპუბლიკა) არად ჩააგდეს და ერთ თემში მომხდარ წამიერ და სამწუხარო სამოქალაქო კონფლიქტად წარმოაჩინეს. 1932-33 წლების დიდი შიმშილობა კი, რომელმაც ოთხი მილიონი უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, საბჭოთა კავშირის ყველა ხალხის საერთო ტრაგედიად წარმოაჩინეს, თუმცა ამ შეხედულებას არ იზიარებდნენ უკრაინელები, რომლებმაც ამ მოვლენას „ჰოლოდომორი“ („შიმშილით სიკვდილი“) უწოდეს და მათ წინააღმდეგ მოწყობილ გენოციდად მიიჩნიეს. ის უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობა, რომელიც მეოცე საუკუნის ოცდაათიან და ორმოციან წლებში განვითარდა, რუს პოლიტიკოსთა და ისტორიკოსთა აზრით სხვა არაფერი იყო, თუ არა ნაცისტურ გერმანიასთან ანტირუსული კოლაბორაციონისტების ნამოქმედარი.
არაერთი უკრაინელი ისტორიკოსი იმავე მოვლენებს მათი რუსი კოლეგებისგან განსხვავებულად უყურებს. მათი აზრით, კიევის რუსეთი მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინაპრები და უკრაინის სახელმწიფოს დამფუძნებლები არიან. 1654 წლის პერეიასლავის ხელშეკრულების საფუძველზე გაერთიანებით კი მხოლოდ სამსაუკუნოვანი რუსული კოლონიალიზმი დაიწყო. კაზაკების ლიდერი მაზეპა კი ეროვნული აღორძინებისა და იმპერიული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ნამდვილი გმირი იყო. 1917-1920 წლებში უკრაინელთა რევოლუცია და უკრაინის ხანმოკლე სახელმწიფოებრიობა რუსეთის იმპერიის ბატონობის წინააღმდეგ უკრაინელთა მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის კულმინაციას წარმოადგენდა. „ჰოლოდომორი“ მოსკოვის მიერ უკრაინელთა წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის აქტი იყო.  მეოცე საუკუნის ოცდაათიან და ორმოციან წლებში მიმდინარე უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობა, მათ შორის, საბჭოელების წინააღმდეგ გმირული პარტიზანული ბრძოლები, მოსკოვის ტოტალიტარული მმართველობისგან უკრაინელების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის აპოგეა იყო.
2003 წელს ისტორიკოსთა ერთობლივმა რუსულ-უკრაინულმა კომისიამ სცადა ამ ისტორიული მოვლენების განხილვა მხარეთა ნარატივების „ჰარმონიზაციის“ მიზნით, მაგრამ ამაოდ – კომისიის მუშაობის შედეგად ამ ორ მხარეს შორის წინააღმდეგობა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა. უკრაინის მხრიდან კომისიის მუშაობაში მონაწილე ისტორიკოსებმა გამოუშვეს წიგნი, რომელშიც უკრაინის ისტორიის სინთეზი შემოგვთავაზეს სტანდარტული უკრაინული ეროვნული იდეების გამეორებით, თუმცა ამ ნარატივების უფრო ფაქიზი, აკადემიური ტერმინებით გადმოცემის გზით. თავის მხრივ, აღნიშნული კომისიის რუსმა წევრებმაც თავიანთი რუსეთის ისტორია დაწერეს ოფიციალური სახელმწიფო ნარატივის ყველა რეცეპტის გათვალისწინებით. ორი ქვეყნის სწავლულებმა საერთო მხოლოდ ერთი რამ გამონახეს – ორივე მხარე თანხმდებოდა იმაზე, მათი პოზიციები ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდებოდა.
იმავე წელს უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ, რომლის პოლიტიკური ოპონენტებიც მას გამუდმებით პრორუსულობაში სდებდნენ ბრალს, გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით „უკრაინა არ არის რუსეთი.“ ეს წიგნი, რომელიც რუსულ ენაზე დაიწერა და მოსკოვში დაიბეჭდა, რუს მკითხველებზე იყო გათვლილი. წიგნის სახელწოდებაც კი თავად ამბობდა სათქმელს. კუჩმა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ რუსებსა და უკრაინელებს დამოუკიდებელი ისტორიული გამოცდილებები, იდენტობები, ენები და კულტურები აქვთ. ალბათ დამთხვევა არ არის ის ფაქტი, რომ ლეონიდ კუჩმას წიგნი საკუთარ იდენტობაზე უკრაინის პრეტენზიის შესახებ გრუშევსკის მიერ პირველი ნაშრომის გამოქვეყნებიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ გამოიცა.

წარსულთა შეჯახება

„უკრაინა არ არის რუსეთის“ გამოქვეყნების შემდგომ წლებში ამ ორი ქვეყანას შორის ისტორიის საკითხზე გააფთრებული ბრძოლა გაჩაღდა. ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და იუნესკო, რუსეთი „გოლოდომორის“ უკრაინელთა წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდად აღიარების შესახებ უკრაინის ყველა ინიციატივას ბლოკავდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლებას გამუდმებით ბრალს სდებდა ნაცისტებთან კოლაბორაციონისტების განდიდებაში და ანტირუსული პროპაგანდის გავრცელებაში. 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა „ჰოლოდომორის“ მსხვერპლთათვის კიევში მემორიალის გახსნაზე დასასწრებად ოფიციალური ვიზიტით გამგზავრებაზე უარი განაცხადა და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს საბჭოთა მოქალაქეების საერთო ტრაგედიის პოლიტიზირებაში დასდო ბრალი. რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია უკრაინას ქეციანი ნაციონალისტებით გადატენილ ზოოპარკად წარმოაჩენდა.
ასეთმა განცხადებებმა ცეცხლს ნავთი დაასხა და 2014 წელს რუსეთი უკრაინას თავსა დაესხა. ყირიმის ანექსიისა და დონბასში მიერ მიერ წარმოებული მრავალწლიანი წაქეზებული ომის გასამართლებლად რუსეთმა ისევ ისტორიული არგუმენტები მოიშველია და განაცხადა, რომ 1920-იან და 1950-იან წლებში ეს მიწები უკრაინას ბოლშევიკების მიერ უკანონოდ გადაეცა. უკრაინაში ინტერვენციებზე საუბრისას რუსეთი ხშირად იყენებს მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ სიმბოლიკას. დონბასში სეპარატისტული რესპუბლიკები ხშირად აცხადებენ, რომ მათი სამხედრო ოპერაციები „კიევის ხუნტის“ წინააღმდეგ ბრძოლის შემადგენელი ნაწილია, და ატარებენ წმინდა გიორგის ზოლს, როგორც 1945 წელს რუსეთის ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების სიმბოლოს.
მეორეს მხრივ, 2014 წელს მათ ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინელებმა  საკუთარ ისტორიაზე უფრო შეუვალი და უკომპრომისო პოზიცია დაიკავეს. 2015 წელს უკრაინის მთავრობამ დაიწყო ქვეყნის საბჭოთა დროინდელი სიმბოლიკისგან გაწმენდის ფართომასშტაბიანი კამპანია, რის ფარგლებშიც რამდენიმე ათასი საბჭოური მონუმენტი მიწასთან გასწორდა, ხოლო დაახლოებით 50 000 ქუჩას და 1000-მდე სოფელსა და ქალაქს სახელი გადაერქვა. პარლამენტმა მიიღო კანონი საბჭოთა სიმბოლიკის ნაცისტურ სიმბოლიკასთან გათანაბრებისა და მათი საჯარო გამოყენების კრიმინალიზაციის შესახებ.„ჰოლოდომორის“ ტრაგედიის მსხვერპლიანობის კულტს გმირობისა და ომში თავგანწირვის კულტი დაემატა. უკრაინელებმა უცხო ქვეყნების წინააღმდეგ კაზაკთა მედგარი წინააღმდეგობის, 1917-1920 წლებში დამოუკიდებლობისთვის ომში გამოჩენილი სიმამაცისა და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ორი საკამათო სამხედრო ორგანიზაციის – რადიკალურ მემარჯვენეთა დაჯგუფების მიერ 1929 წელს დაფუძნებული და უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი „უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაცია“ („უნო“) და მეორე მსოფლიო ომის დროს და მისი დასრულების შემდეგ პოლონელებთან, საბჭოელებთან და გერმანელებთან მებრძოლი მისი სამხედრო განხრის „უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ („უაა“) – გმირობის განდიდება და პოპულარიზაცია დაიწყეს. სახელმწიფოს მიერ ნებადართულმა ახალმა მეხსიერების პოლიტიკამ გვერდი აუარა „უნოს“ და „უაას“ საქმიანობის შავბნელ მხარეებს, მათ შორის, ნაცისტებთან თანამშრომლობას, მათ ქსენოფობიურ და ტოტალიტარულ ხასიათს და იმ ფაქტსაც, რომ ამ ორგანიზაციის წევრები ჰოლოკოსტში და პოლონელი და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ ხოცვა-ჟლეტვაში მონაწილეობდნენ. 2015 წლის აპრილში მიღებული სპეციალური კანონით მოქალაქეებს მოეთხოვებათ იომ უკრაინელებისთვის პატივის მიგება, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, ხოლო „უნოს“ და „უაას“  მიმართ უპატივცემულობის საჯაროდ გამოხატვა უკანონოდ გამოცხადდა.
გარაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ „უნოს“ და „უაას“ პოპულარობა ძალზე გაიზარდა ომიანობის პერიოდში: უკრაინის კვლევითი ორგანიზაცია „რეიტინგის“ მონაცემებით,   იმ უკრაინელთა წილი, რომლებიც ამ ორგანიზაციების მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილი, 2013 წელს 23%-დან 2017 წელს 49%-მდე გაიზარდა. თუმცა, ეს უკრაინაში მოქმედი ულტრამემარჯვენე ნაციონალისტთა ბლოკის რეალურ მხარდაჭერაში არ ასახულა – 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ბლოკმა ხმების მხოლოდ ორი პროცენტი მიიღო, ხოლო იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი მანდატი მოიპოვა.
მიუხედავად ამისა, პუტინმა უკრაინის მიერ „უნოს“ და „უაას“ ხსოვნისთვის პატივის მიგება მაშინვე ნაციონალიზმისა და ნაციზმის დღესასწაულად მონათლა. ამ გაგებით მაინც, უკრაინელი მემარჯვენეები, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური პარტიის ისტორიას მთელი უკრაინისთვის თავს მოხვევას ცდილობდნენ, და მათი მხარდამჭერი პოპულისტები პუტინის პროპაგანდის გულუბრყვილო მოკავშირეები აღმოჩნდნენ; მეორე მსოფლიო ომის გახსენებით, პუტინს შეეძლო „უნოს“ და „უაას“ შავთეთრ მემკვიდრეობაზე მითითებით „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებად წარმოეჩინა. ეს რიტორიკა რეგიონში თანამედროვე პოლიტიკის ფორმირებისას ისტორიისა და მეხსიერების სავალდებულო ძალაზე მიუთითებს. მრავალი რუსისა და უკრაინელის თვალში აწმყოში მიმდინარე ბრძოლები წარსულის ბრძოლების გამოძახილებია.

წარსული, როგორც მომავალი

ანალიტიკოსები მართლები არიან, როცა უნდობლობით ეკიდებიან იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური, სოციალური თუ სამხედრო მიზნების მისაღწევად ისტორიას მანიპულაციის იარაღად იყენებენ. ამავე დროს, ისტორია განუყოფელი ნაწილია იმისა, თუ ადამიანები როგორ უყურებენ მსოფლიოს, როგორ იყალიბებენ შეხედულებებს და როგორ განსაზღვრავენ თავიანთ ქმედებებს. ამ კონფლიქტში ისტორიას მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე აქვს გავლენა და მის მნიშვნელობაზე თვალს ვერ დავხუჭავთ.
როგორც ერი-სახელმწიფო, უკრაინის ლეგიტიმურობა გრუშევსკის მსგავსი ფიგურების მიერ ისტორიის გამოკვლევით გამომდინარეობს. უკრაინელთა აზრით, დროსა და სივრცეში მათი არსებობა სუვერენული, რუსეთისგან თავისუფალი ისტორიის ამ ვერსიას ეფუძნება. პუტინი და მისი მოკავშირეები ისტორიას იმის საჩვენებლად იყენებენ, თითქოს უკრაინა ლეგიტიმური ქვეყანა არ არის; რომ უკრაინელებისთვის სუვერენული ისტორიის წართმევა პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯია უკრაინისთვის არსებობის უფლებაზე უარყოფაში. რუსეთიც და უკრაინაც წარსულით არიან შეპყრობილი და დამნაშავე არიან ისტორიული მონაცემების თანამედროვე მიზნებისთვის დამახინჯებაში. მაგრამ მათ პოზიციებში არსებითი განსხვავებაა. რუსეთი წარსულს ექსპანსიის, აგრესიისა და ბატონობის გამართლებისთვის და იმპერიის აღდგენისთვის უბრუნდება. უკრაინას კი წარსულთან ურთიერთობა თვითდაცვისა და თვითგამორკვევისთვის, დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაცვისა და შენარჩუნებისთვის სჭირდება. რუსეთი წარსულისთვის იბრძვის, უკრაინა კი – მომავლისთვის.

გიორგი კასიანოვი

04.05.22.

Leave a Reply