• December 14, 2024


გასულ თვეს
(აპრილში), ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის პოლიტიკური მორიგებით დასრულების მიზნით შუამავლობის ფარგლებში ძალისხმევა გააძლიერეს, ამ ორი ქვეყნის მთავრობები კი საზღვრის დემარკაციისა და უსაფრთხოების საკითხებში ორმხრივი კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ (Azatutyun.am, 7 აპრილი; იხილეთ EDM, 14 აპრილი). მოვლენათა ასეთმა განვითარებამ გააინა პოლიტიკური მოლოდინი იმისა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადება შეიძლება არც ისე შორი მომავლის საქმე იყოს მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულის პირველ ნახევარში ყარაბაღში დაძაბულობამ მკვეთრად მოიმატა (BBC News—რუსული სამსახური, 26 მარტი; იხილეთ EDM, 29 მარტი). უფრო მოგვიანებით, 2 მაისს, აშშ-სა და სომხეთს შორის სტრატეგიული დიალოგის განახლების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკინმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს ვაშინგტონში უმასპინძლა (Civilnet, May 3). გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანიც აქტიურად იყო ჩაბმული ინტენსიურ საერთაშორისო ვიზიტებში და სხვა ქვეყნებთან ერთად ბერლინს, ბრიუსელს, ვილნიუსსა და თბილისსაც ეწვია („რადიო არმენია“, 18 მარტი; ARKA, 29 მარტი; 1lurer.am, 3 მაისი). მაგრამ სომხეთის საგარეო პოლიტიკაი ამ ტენდენციებმა ქვეყნის შიგნით არსებული წინააღმდეგობა მწვავე პოლიტიკურ პროტესტებში გადაიყვანა.

ბოლოდროინდელი დიპლომატიური საქმიანობა შეიძლება სომხეთის ხელისუფლების იმ ფრთხილი მცდელობების ნაწილია, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონული იზოლაციის გარღვევას და რუსეთზე გადამეტებული დამოკიდებულების დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებით დაბალანსებას. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ პოლიტიკას წინ აღუდგა საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც ამ ბოლო თვეებში რუსეთ-ბელარუსის კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს (იხილეთ EDM, 24 მარტი). ორმა ძირითადმა ოპოზიციურმა ფრაქციამ „არმენიამ,“ რომლის თავმჯდომარე ყოფილი თავდაცვის მინისტრი სეირან ოჰანიანი, ხოლო დე-ფაქტო ლიდერი ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანია (რომელსაც პრეზიდენტის თანამდებობა 1998–2008 წლებში ეკავა), და „მე მაქვს ღირსება“, რომლის თავმჯდომარე ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი არტურ ვანეციანია, ხოლო დე-ფაქტო ლიდერი ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანია (რომელსაც პრეზიდენტის თანამდებობა 2008–2018 წლებში ეკავა) პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანის გადაყენების მოთხოვნით აპრილის ბოლო კვირაში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები წამოიწყეს. ამ საპროტესტო აქციებს, რომლებშიც თვით ორი ყოფილი პრეზიდენტი, მათი ნათესავები და არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანიც კი იღებდა მონაწილეობას, ირონიულად „მილიონერების“ საპროტესტო აქციები“ უწოდეს (1in.am, 2 მაისი).

ამ ოპოზიციურ მოძრაობასთან დაკავშირებული ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ბევრის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ეს სისხლის სამართლის საქმეები სავარაუდოდ ერთგვარი მოტივაციაა ოპოზიციის იმ ძალისხმევისა, რომლის მიზანიც პრეზიდენტ პაშინიანის ჩამოგდებაა, მიუხედავად იმისა, რომ კორუფციის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმეები სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურების რეფორმისადმი არსებული ხელისუფლების ზედმეტად ფრთხილი მიდგომით ჭიანურდება. უფრო მეტიც, ამ პოლიტიკური ფიგურებიდან ზოგს საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღებაც საკმაოდ გაუჭირდება: მაგალითად, აშშ იუსტიციის დეპარტამენტმა ყადაღის დადება მოითხოვა 63,500,000 აშშ დოლარად შეფასებული იმ სახლზე, რომელიც გაგიკ ხაჩატრიანმა კორუფციული სქემით მოპოვებული შემოსავლებით შეიძინა. ინფორმაციისთვის, გაგიკ ხაჩატრიანს 2008 წლიდან 2016 წლამდე სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარისა და ფინანსთა მინისტრის პოსტები ეკავა (Justice.gov, 5 მაისი).

ნებისმიერ შემთხვევაში, სომხური ოპოზიცია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ პაშინიანის „პრო-თურქული ხელისუფლება ყარაბახის გაყიდვას აპირებს”, და იმუქრება, რომ ის მვიდობიანი საპროტესტო აქციების იმავე ტაქტიკას გამოიყენებს, რა ტაქტიკითაც პაშინიანი 2018 წელს ხელისუფლებაში მოვიდა(იზილეთ EDM, 2018 წლის 23 აპრილი). იმ თავდაპირველი ქუჩის აქციების ფარგლებში, რომლებიც 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ საპროტესტო მოძრაობას წააგავდა, ფრაქცია „სომხეთის“ წევრის თაოსნობით ერთი ჯგუფი პაშინიანის მშობლიური სოფლიდან – იჯევანიდან – ერევნისკენ გაემართა და დედაქალაქის ზოგიერთ გზაჯვარედინზე გზების გადაკეტვა დაიწყო. მაგრამ ოთხი წლის წინანდელი საპროტესტო დემონსტრაციებისგან განსხვავებით, ეს შეკრებები მცირერიცხოვანი იყო და მალევე დასრულდა. ამასობაში, დიასპორასთან აფილირებულმა სტრუქტურებმა – ძირითადად სომხეთის რევოლოციური ფედერაციის (Dashnaktsutyun) ადგილობრივმა ფილიალებმა – საზღვარგარეთ მყოფი სომეხი დიპლომატების, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრ მირზოიანის (Armeniasputnik.am, 3 მაისი), აგრეთვე დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების (Arfd.am, 8 მაისი) შევიწროება დაიწყეს. საღამოობით გამართულ ოპოზიციის აქციებზე მონაწილეთა რაოდენობა რამდენიმე ათასს ითვლის, თუმცა მათი მომხრე მედია-საშუალებები  შეკრებებზე ამ მოვლენათა მასშტაბს აზვიადებენ. როგორც სჩვევიათ, სპუტნიკ არმენია“ და რუსული მედია ამ საპროტესტო აქციებს ღიად უჭერენ მხარს. ზოგადად, როგორც არაერთი ადგილობრივი დამკვირვებელი თუ ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი რუსი ჟურნალისტი აღნიშნავს, საპროტესტო აქციების მონაწილეთა ზოგადი განწყობები პრო-რუსულია და საზოგადოების ეს ნაწილი უკრაინაში რუსეთის აგრესია ღიად უჭერს მხარს (ნოვაია გაზეტა“, 5 მაისი).

ოპოზიციის მიმართ ხალხის მხარდაჭერა ჯერ-ჯერობით მნიშვნელოვანი არ არის. სტუდენტთა გაფიცვის მოწყობის მცდელობები კრახით დასრულდა და სომხეთის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქებში (შესაბამისად, გიუმრში და ვანაძორში) გამართული საპროტესტო აქციებიც მცირერიცხოვანი იყო. ამასობაში, პოლიციამ გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, ოპოზიციის ლიდერებმა ზოგ მოქალაქეს თანხა ხომ არ გადაუხადეს იმისათვის, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა მიეღოთ (Factor.am, 9 მაისი).

როგორც ჩანს, პაშინიანის ოპოზიციურ ფრაქციას პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვს. ოპოზიციის ლიდერები ჩვეულებას არ ღალატობენ და საზოგადოებას არც რაიმე პროგრამას წარუდგენენ და არც უხსნიან, როგორ აპირებენ ქვეყნის „გადარჩენას.“ საზოგადოებისადმი ოპოზიციის მიმართვებში ჭარბობს „პატრიოტული“ რიტორიკა და ემოციების ფრქვევა. ოპოზიციის ლიდერების წარსული კი საზოგადოებრივი მხარდაჭერის არქონის უფრო მნიშვნელოვანი მიზეზია – სომეხ საზოგადოებას მთლიანობაში არ დავიწყებია წინა რეჟიმის დროს ათწლეულების განმავლობაში გამეფებული კორუფცია და პოლიტიკური დევნა. მაგრამ პოპულარობის არქონამ, თვის მხრივ, შეიძლება ოპოზიციის რადიკალიზაცია გამოიწვიოს. რიტორიკის დონეზე, ხელსუფლების მიმართ ჩვეულებრივ გამოთქმულ პრეტენზიებს და ბრალდებებს, რომ მას ჯორჯ სოროსი, ელჯიბიტი და სხვა „ანტიეროვნული“ ძალები უჭერენ მხარს, სულ უფრო ხშირად ემატება საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ სიძულვილის ენა და ლანძღვა-გინება, რომელიც ოპოზიციას მხარს არ უჭერს – ამ გამოთქმებიდან ზოგიერთი ასეთია: „ისინი ნამდვილი სომხები არ არიან“, მათ „არაწმინდა სისხლი“ აქვთ და ა. შ. (Hayeli.am, 9 მაისი). ზოგ ასაკოვან მოქალაქეს, რომლებიც ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი, გიუმრში ოპოზიციური დაჯგუფების აქტივისტებ ფიზიკურად გაუსწორდნენ (Armenpress.am, 9 მაისი).

ხელისუფლების ტაქტიკა ალბათ იქამდე დაცდაა, სანამ მიმდინარე საპროტესტო აქციები განელდება. წესრიგის აღსადგენად უფრო მკაცრი ზომების მიღებას მთავრობა ჯერჯერობით არ განიხილავს, თუ ოპოზიციიდან რადიკალებმა სახელმწიფო შენობების დაკავებას ან სხვა ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას არ შეეცდებიან. ამასთან, ოპოზიციის მხრიდან საზოგადოების მკვეთრმა პოლიტიკურმა პოლარიზაციამ და „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის“ გაგრძელებამ შეიძლება თანდათან მოადუნოს და შეასუსტოს სახელმწიფოს ეფექტიანი მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი – განსაკუტრებით მაშინ როდესაც ხელისუფლება სომხეთის საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირებას ცდილობს.

არმენ გრგორიანი

11.05.22.

Leave a Reply