• October 12, 2024


სანამ
მოსკოვის ყურადღება უკრაინისკენ არის მიმართული, ამერიკა რუსეთის სტრატეგიულ რეგიონში მოქმედებას იწყებს და ღირებულებების პოპულარიზაციას ახორციელებს
  

ცენტრალურ აზიაში რუსეთის მოკავშირეები ნელა-ნელა კრემლისგან დისტანცირდებიან და ეს ცვლილება უკრაინასთან რუსეთის ომს უკავშირდება. იმ დროს, როცა მოსკოვი უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციით“ არის დაკავებული, სხვა რეგიონული და გლობალური აქტორები თავიანთი გავლენის გაძლიერებას ცდილობენ იმ რეგიონში, რომელიც ტრადიციულად რუსეთის გეოპოლიტიკურ ორბიტაში შედიოდა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა – ახლად წარმოშობილ ცივ ომში რუსეთის მთავარმა მოწინააღმდეგემ – ცენტრალურ აზიასთან მიმართებით ახალი სტრატეგია შემუშავა. ამ სტრატეგიის მიზანია „ამერიკული ღირებულებების პოპულარიზაცია და რეგიონული მეზობლების გავლენის დაბალანსება.“ თავის მხრივ, მოსკოვი აცხადებს, რომ „ის რეგიონს გეოპოლიტიკური კონფრონტაციის არენად არც ადრე მიიჩნევდა და არც ახლა მიიჩნევს.“ ამის შესახებ ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით 12 მაისს გამართულ საპარლამენტთაშორისო ფორუმზე განაცხადა.  მაგრამ მატვიენკოს განცხადება ნიშნავს თუ არა იმას, რომ კრემლმა ცენტრალურ აზიაში თავისი სტრატეგიული ინტერესების დაცვაზე უკვე ხელი აიღო? „რუსეთი ტრადიციულად პატივს სცემს რეგიონის სახელმწიფოების უფლებას სუვერენულ განვითარებაზე და მიესალმება საერთაშორისო ინტეგრაციის განმტკიცების ტენდენციებს“, აღნიშნა მატვიენკო.

როგორც კი ხელსაყრელი შანსი მიეცა, ვაშინგტონმა რეგიონში მისი აქამდე შედარებით სუსტი პოზიციების განმტკიცება დაიწყო. 10 მაისს ტაჯიკეთში აშშ-ის ელჩმა ჯონ მარკ პომერშეიმმა განაცხადა, რომ აშშ ტაჯიკეთს უსაფრთხოების განმტკიცებისთვის 60 მილიონ დოლარს გამოუყოფდა. ამ დახმარებაში შედის 20 მილიონი დოლარის ღირებულების „პუმას“ ტიპის სადაზვერვო დრონები.  

დუშანბეში აშშ-ის საელჩომ ტაჯიკეთის თავდაცვის სამინისტროს უკვე გადასცა 2,3 მილიონი დოლარის ღირებულების IVECO სატვირთო ავტომანქანები 8 ერთეული. უფრო მეტიც, ამერიკის შეერთებული შტატები ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე სასაზღვრო გამშვები პუნქტებისა და 900 სამხედრო მოსამსახურეზე და მათ ოჯახებზე გათვლილი ფორტპოსტის აშენებას გეგმავს. ტაჯიკეთი რუსეთის თაოსნობით შექმნილი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრია და ეკონომიკურად რუსეთზეა დამოკიდებული. რუსეთიდან შემოსული ფულადი გადარიცხვები ცენტრალური აზიის ამ უღარიბესი ქვეყნის ეკონომიკისთვის საწვავიტოლფასია; იანგარიშება, რომ რუსეთის ფედერაციაში ტაჯიკეთის დაახლოებით ერთი მილიონი მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს. ამრიგად, ამხელა ეკონომიკური ბერკეტის გათვალისწინებით, გაურკვეველია, კრემლი რატომ არ ცდილობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო სამხედრო კავშირების დამყარებაში დუშანბეს ხელი შეუშალოს.

მართლაც, რთული წარმოსადგენია, რომ უკრაინაში მიმდინარე გაცხარებული ომის დროს ვაშინგტონმა  ნატოს რომელიმე წევრს მოსკოვიდან სამხედრო დახმარების მიღებაზე და თავდაცვის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობაზე მწვანე შუქი აუნთოს. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება თურქეთი იყოს – ამერიკის შეერთებული შტატების ამ მოკავშირემ 2019 წელს რუსეთისგან S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემა შეიძინა. ამასთან, თურქეთი აქტიურად აძლიერებს თავის პოზიციებს ცენტრალურ აზიაშიც, რაც სრულ შესაბამისობაშია ცენტრალური აზიის მიმართ ამერიკის ახალ სტრატეგიასთან, რაც რეგიონული მეზობლების, სახელდობრ, რუსეთისა და ჩინეთის, გავლენის დაბალანსებას ითვალისწინებს.თურქეთმა უკვე მიყიდა თავისი „ბაირაქტარ TB2“ დრონები ყირგიზეთს – „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ფარგლებში რუსეთის კიდევ ერთ მოკავშირეს  – და, როგორც იტყობინებიან, უპილოტო საფრენი აპარატების ტაჯიკეთისთვის მიწოდებასაც გეგმავს. რაც უფრო მნიშვნელოვანია , თურქეთმა და ყაზახეთმა (– „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ კიდევ ერთმა წევრმა) ამ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერეს შეთანხმებას „ანკა“ დრონების (საშუალო სიმაღლის, ხანგრძლივი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატების) ერთობლივი წარმოების დაწყების შესახებ. ანკარაში თურქეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს შორის მაისში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ ცენტრალურ აზიაში რუსეთის მოკავშირემ შეიძლება სხვადასხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან შემდგარი „ევრაზიის ეკონომიკური კავშირი“ დატოვოს, სადაც დომინანტი მოთამაშე რუსეთია. თუმცა ნურ-სულთანმა უარყო ჭორი იმის შესახებ, რომ ის კავშირიდან გასვლას აპირებს, სხვადასხვა გზავნილებმა მოსკოვის ყურადღება ნამდვილად მიიპყრო.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ყაზახეთის პარლამენტის  (მეჯლისის) 107 დეპუტატიდან 36-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის კონსტიტუციაში რუსული ენის სტატუსის შეცვლის იდეას. ეს 2021 წლის აგვისტოში განვითარებული ენის პატრულირების იმ მოვლენას მოყვა, რომელშიც ორგანიზატორები ხალხისგან რუსულის ნაცვლად ყაზახურ ენაზე საუბარს მოითხოვდნენ მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მიხედვით რუსული ცენტრალური აზიის ამ გეოგრაფიულად უდიდესი ქვეყნისთვის ოფიციალური ენაა.  მეზობელ ყირგიზეთში მძღოლებს აჯარიმებენ ავტომანქანებზე „Z“ ნიშნის ამსახველი სტიკერების გამოყენებისთვის – უკრაინის დაპყრობის მხარდასაჭერად ეს სიმბოლო რუსეთში ფართოდ გამოიყენება. ყირგიზეთის ხელისუფლებამ ამ სიმბოლოს გამოყენება 9 მაისს გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზეც აკრძალა. აღსანიშნავია, რომ არც ყირგიზეთს და არც რუსეთის სხვა ცენტრალური აზიის მოკავშირეებს უკრაინაში მოსკოვის ქმედებებისთვის ღია და ოფიციალური მხარდაჭერა არ გამოუცხადებიათ, თუმცა არც კრემლის სამხედრო ავანტიურა დაუგმიათ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე 2 მარტს გამართულ კენჭისყრაზე ყაზახეთმა, ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაგმობაზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, რაც მათ ოფიციალურ ნეიტრალიტეტზე მეტყველებს.

რადგან რუსეთი მის მოკავშირეებს უკრაინის დაპყრობის საკითხზე მის მხარეს დადგომას აქტიურად არ აიძულებს, გასაკვირი არ არის, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები კრემლთან თავიანთი ნომინალური ალიანსის რეგიონში სხვა უცხოელი აქტორების, მათ შორის, ამერიკის მზარდი გავლენით ფრთხილად დაბალანსებას ცდილობენ. 16 მაისს რუსეთის ლიდერებს ექნებათ შესაძლებლობა ყველა ეს საკითხი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ მოსკოვის იმ სამიტზე განიხილონ, რომელიც „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების“ დადების 30 წლისთავს, აგრეთვე „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ შექმნის 20 წლისთავს ეძღვნება.

ჯერჯერობით გაურკვეველია, კრემლი რადიკალურად შეიცვლის თუ არა პოზიციას და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრებისგან მოითხოვს თუ არა უკრაინაში მისი იმ ქმედებების ღიად მხარდაჭერას, რომლებისთვისაც მოსკოვს „ომი“ ოფიციალურად ჯერ არ უწოდებია. თუმცა, მის საგარეო, შიდა და თავდაცვის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი და სწრაფი ცვლილების გარეშე, რუსეთმა შეიძლება არა მარტო უკრაინაში მწვავე მარცხი განიცადოს, არამედ ცენტრალურ აზიაშიც გავლენა დაკარგოს.  

ნიკოლა მიკოვიჩი

15.04.22.

Leave a Reply