• October 13, 2024


შვედეთისა და ფინეთის ხანგრძლივი ნეიტრალიტეტი წარსულს ჩაბარდა, როცა ამ ორივე სახელმწიფომ ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადები ოფიციალურად წარადგინა. მაგრამ გაწევრიანების გზაზე ისინი მოულოდნელ დაბრკოლებას წააწყდნენ: თურქეთს. 
თუმცა თურქეთი ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკას მხარს უჭერს, ანკარას ვეტოს მიზანია სტატუს კვოს შეცვლა და შემდეგი სამი მიმართულებით პოზიციების გაძლიერება: აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი, სირია და საშინაო პოლიტიკა.

თურქეთს ნატოსთან ყოველთვის არასტაბილური ურთიერთობა ჰქონდა. 2009 წელს ანკარამ დაბლოკა დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრეს ფოგ რასმუსენის ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა 2006 წელს კარიკატურების კრიზისის დროს სიტყვის თავისუფლების დაცვის გამო. გარდა ამისა, მან ამბოხებული ქურთების სატელევიზიო სადგურს დანიიდან თურქეთში ტრანსლაციის უფლება მისცა. მორიგი კრიზისი 2019 წელს წარმოიშვა, როცა თურქეთმა სირიაში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ლაშქრობა მოაწყო. ამის გამო ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა  ანკარა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის „საფრთხეში ჩაგდებისთვის“ გააკრიტიკა. მიმდინარე კრიზისი გარკვეულწილად წინა ეპიზოდების ნაბახუსევია, განსაკუთრებით სირიის ქურთული რეგიონის შემთხვევაში. მაგრამ ეს კრიზისი განსხვავებული გეოპოლიტიკური რეალიების, მათ შორის, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებისა და თურქეთში არსებული ახალი პოლიტიკური კონტექსტის, ფონზე ვითარდება.

 

თურქეთი საბერძნეთის წინააღმდეგ


აშშ-სა და თურქეთს შორის დაძაბულობებთან დაკავშირებით საბერძნეთსა და თურქეთს შორის უკანასკნელ დაპირისპირებას საინტერესო
წინამძღვრები აქვს, რომლებიც გარკვეული ხანის განმავლობაში მწიფდებოდა. როცა 2017 წელს თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი და რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი რუსული S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვის გარიგებაზე შეთანხმდნენ, ამის საპასუხოდ ამერიკამ თურქეთი F35 გამანადგურებლების შექმნის პროგრამიდან გარიცხა და ანკარას ამ თვითმფრინავების შეძენა აუკრძალა. როგორც იტყობინებიან, ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ბაიდენის ადმინისტრაცია ამ აკრძალვის გაუქმების საკითხს განიხილავს, რაზეც საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა აშშ კონგრესს ამ გადაწყვეტილების გადაფიქრებისკენ მოუწოდა. 

ამ ყველაფრის უკან საკმაოდ რთული ფონია. ათენი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ენერგოპოლიტიკის მთავარი მოთამაშეა. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სადაო წყლებში ენერგორესურსების ათვისებამ და ეგვიპტის მიერ ბუნებრივი გაზის ევროპისთვის მიწოდების საჭიროებამ განაპირობა ის, რომ საბერძნეთმა, ისრაელმა, ეგვიპტემ და კვიპროსმა შექმნეს ალიანსი, მაგრამ ამ ბლოკში თურქეთი არ შეყვანესამასობაში, ევროკავშირმა სანქციები დაადო თურქული ნავთობკომპანიის (Turkish Petroleum Incorporated Company) ორ დირექტორს „უკანონო საბურღი სამუშაოებისთვის“, ვინაიდან ეს სამუშაოები ნებადართული არ ყოფილა კვიპროსის რესპუბლიკის მიერ, რომელი ამ რეგიონზე სუვერენიტეტს აცხადებს. მაგრამ იმ დროს, როცა უკრაინაში ომის გამო რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების ფონზე ევროპისთვის ალტერნატიული ენერგიის წყაროების ძიება გრძელდება, ანკარა ცდილოს ისარგებლოს შესაძლებლობით და დასავლეთისთვის ენერგეტიკულ ცენტრად იქცეს. თუმცა, ანკარას აზრით, ნატოში შვედეთისა და ფინეთის შესაძლო გაწევრიანებამ შეიძლება ალიანსის შიგნით თურქეთის ენერგოინტერესების მიმართ წინააღმდეგობა საბერძნეთისა და კვიპროსის სასარგებლოდ გააძლიეროს.

 

თურქეთი ქურთთა სახალხო თავდაცვის ძალების“ წინააღმდეგ

 

ამასობაში, 2019 წლიდან შვედეთსა და ფინეთს თურქეთთან იარაღით ვაჭრობაზე ემბარგო აქვთ დაწესებული და ამის მიზეზი თურქეთის მიერ სირიაში ქურთთა სახალხო თავდაცვის ძალების წინააღმდეგ გალაშქრება იყო. თურქეთი მიიჩნევს, რომ ქურთთა სახალხო თავდაცვის ძალები“ იმ „ქურთისტანის მშრომელთა პარტიის“ განშტოებაა, რომელიც თურქეთის, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.    

შვედეთში 100 000-ზე მეტი ქურთი ლტოლვილი ცხოვრობს და ანკარა დიდი ხანია უკმაყოფილოა შვედეთის ხელმძღვანელობასა და ქურთთა „დემოკრატიული კავშირის პარტიას“ („ქურთისტანის მშრომელთა პარტიის“ პოლიტიკური ფრთის) შორის არსებული ურთიერთობით. ეს უკმაყოფილება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, როცა 2021 წელს მაგდალენა ანდერსონი პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, ნაწილობრივ ქურთი პარლამენტის წევრის მხარდაჭერის შედეგად. როგორც იტყობინებიან, ეს მხარდაჭერა მან ანდერსენის სოციალ-დემოკრატებსა და ქურთთა „დემოკრატიული კავშირის პარტიას“ შორის თანამშრომლობის გაღრმავების, მათ შორის, შვედეთში მყოფი „სახალხო თავდაცვის ძალები (YPG) მხარდამჭერთა უკეთ მოპყრობისა და თურქეთის მოთხოვნების უგულებელყოფის დაპირების სანაცვლოდ გახდა შესაძლებელი.  

თურქეთი იმასაც აცხადებს, რომ შვედეთი ქურთებს იარაღით ამარაგებს და, მისი თქმით, ეს „ალიანსის სულისკვეთებას“ ეწინააღმდეგება. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის მსგავსად, ეს ახალი გეოპოლიტიკური კონტექსტი ანკარას აძლევს შესაძლებლობას სტატუს კვო თავის სასარგებლოდ შეცვალოს. თუ ანკარა შვედეთისგან და ფინეთისგან მიიღებს დაპირებას, რომ ისინი სირიელი ქურთების მხარდაჭერას შეამცირებენ, ეს ანკარასთვის სერიოზული გამარჯვება იქნება. არანაკლებ მნიშვნელოვან მოგებად ჩაითვლება გარანტიების მიღება მასზედ, რომ შვედეთი და ფინეთი თურქეთისთვის იარაღის გადაცემას არ დაბლოკავენ ან თურქეთზე განხორციელებული აგრესიის შემთხვევაში ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედებას ვეტოს არ დაადებენ.


საშინაო პოლიტიკა

 

თურქეთის დიპლომატიურ მანევრებში საშინაო პოლიტიკაც დიდ როლს ასრულებს. უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, მზარდი ეკონომიკური კრიზისის, მაღალი ინფლაციისა და გაუფასურებული თურქული ლირას გამო ერდოღანს სასტიკი წინააღმდეგობა შეხვდება 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და მისმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ საპარლამენტო უმრავლესობა შეიძლება ერთიანი ოპოზიციური ალიანსის სასარგებლოდ დაკარგოს. ნებისმიერი პოპულისტი პოლიტიკოსის მსგავსად, ერდოღანმაც იცის, რომ ამომრჩევლების მანიპულირება ადვილია, თუ თავს შინ და გარეთ არსებული წარმოსახვითი მტრების წინააღმდეგ მტკიცე მებრძოლად წარმოაჩენ.  შვედეთისა და ფინეთის მხრიდან სირიელი ქურთების მხარდაჭერის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირება თურქ აუდიტორიაზე კარგად მოქმედებს. ამ აუდიტორიაზე დადებითი ეფექტი აქვს საბერძნეთის წინაამდეგ საპასუხო სვლების გაკეთებასაც.

ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა „აზროვნების ალყაში მოქცევის“ სტრატეგია, რაც სავარაუდოდ უახლოს თვეებში მმართველი ძალის საარჩევნო კამპანიის ხერხემალი იქნება. ხელისუფლება ეცდება გააძლიეროს ასოციაციები ოპოზიციურ პარტიებსა და შიდა და გარე საფრთხეებს შორის, რათა ყურადღება ქვეყნის ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან ამ საკითხებზე გადმოიტანოს. თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას სამუდამოდ ვერ დაბლოკავს, მაგრამ შეიძლება ანკარამ მისთვის სასურველი გარანტიებიდან ყველა თუ არა, რამდენიმე მაინც მიიღოს. ბოლოს და ბოლოს, ერდოღანს არაერთხელ შერჩა საერთაშორისო კრიზისის საკუთარი საშინაო და საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. მაგრამ დასავლეთსა და რუსეთს შორის ახალი ცივი ომის კონტექსტში, თურქეთის მანევრებმა შეიძლება მათ წისქვილზე დაასხას წყალი, ვინც ალიანსის მიმართ მის ერთგულებას ეჭვის თვალით უყურებენ.

ალი ბიგლიჩი

26.05.22.

Leave a Reply