• December 14, 2024


მზარდი გლობალური არასტაბილურობის დროს 
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იმპერიის აღდგენის მკაფიო ხედვა წარმოადგინა და  რუსეთის სტრატეგიული მიზნების კონტურები მოხაზა.

პარასკევს პუტინი მოსკოვში გამართულ ეროვნული ეკონომიკის მიღწევების გამოფენას ეწვია, რომელიც რუსეთის პირველი იმპერატორის პეტრე დიდის დაბადების 350 წლისთავს ეძღვნებოდა.

„პეტრე დიდი „დიდი ჩრდილოეთის ომს“ 21 წელი აწარმოებდა. ისე ჩანდა, რომ ის შვედებს ეომებოდა, მათგან რაღაც აიღო. მას მათგან არაფერი აუღია, მან დაიბრუნა (ის, რაც რუსეთის იყო)“, განაცხადა პუტინმა ღონისძიების შემდეგ. „დიახ, ეს სწორედ ასე იყო… როცა მან ახალი დედაქალაქი დააარსა [სანკტ-პეტერბურგი], ამ ტერიტორიას რუსეთის საკუთრებად ევროპის არცერთი ქვეყანა აღიარებდა, ისინი მას შვედეთის ნაწილად აღიარებდნენ. თუმცა, უხსოვარი დროიდან, სლავები იქ ფინო-უგრელი ხალხების გვერდით ცხოვრობდნენ და ეს ტერიტორია რუსეთის კონტროლოს ქვეშ იყო. იგივე ითქმის დასავლეთის მიმართულებით, ნარვაზე და მის პირველ ლაშქრობებზე. ის იქ რატომ მიდიოდა? ის იბრუნებდა და განამტკიცებდა, აი, რას აკეთებდა ის.“    

„აშკარაა, დაბრუნება და განმტკიცება ჩვენც გვერგო. და თუ ჩვენ გამოვალთ იმ პრინციპიდან, რომ ეს ძირითადი ღირებულებები ჩვენი არსებობის საფუძველია, ჩვენი მიზნების მიღწევაში ჩვენ ნამდვილად წარმატება გვექნება“.

პუტინი, ვისთვისაც მსოფლიოში რუსეთის ადგილის კონცეფცია მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის წარსულის მისეულ ინტერპრეტაციასთან, თავის პოლიტიკას ხშირად აყალიბებს ისტორიული პირობებით. რუსეთის პრეზიდენტმა ადრე თავი ალექსანდრე მესამეს შეადარა – კონსერვატორ განმაახლებელს, რომელიც ცდილობდა საგარეო პრობლემებისგან თავი დაეღწია და ყურადღება რუსეთის იმპერიის მრეწველობისა და შიდა ინსტიტუციების მშენებლობაზე გადაეტანა. პუტინი დადებითად საუბრობს რუსეთის რკინის ხელიან პრემიერ-მინისტრზე პიოტრ სტოლიპინზე, რომლებმაც მეოცე საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის დაშლის შესაჩერებლად არაერთი ამბიციური სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმა განახორციელა.        

პეტრე დიდი, რომელმარუსეთის მზარდი იმპერიის, როგორც ევროპის დიდ სახელმწიფოს, ადგილის დასამკვიდრებლად არაერთი ომი აწარმოა, ალბათ ომიანობის პერიოდში შთაგონების უკეთესი წყაროა, ვინაიდან მოსკოვი უკრაინასთან გამოფიტვამდე ომისთვის ემზადება.

თუმცა, პუტინის კომენტარში უფრო ღრმა ისტორიული პარალელებია ჩადებული. პეტრე დიდი მის ყველა ლაშქრობაში წარმატებული არ ყოფილა, მაგრამ ის შეუპოვარი იყო იმის მიღაში, რასაც ის რუსეთის ძირითად სტრატეგიულ მიზნებად განსაზღვრავდა. მან რუსეთის, როგორც კონტინენტის დომინანტი სახელმწიფოს, შესახებ საკუთარი ხედვა შეარბილა იმის რეალისტური შეფასებით, თუ რის მიღწევა შეეძლო მოკლე ვადაში, უარი თქვა მაქსიმალისტურ ომისდროინდელ მიზნებზე და აირჩია ეტაპობრივი მიდგომა, რომელიც მისი მოწინააღმდეგეების თანდათან დაყოფაზე იყო ორიენტირებული. „დიდი ჩრდილოეთის ომის“ შედეგად რუსეთი მართლაც გაბატონდა ბალტიისპირეთზე და იმპერიამ დიდებული სახელმწიფოს სტატუსი შეიძინა, თუმცა ეს ომი ოცდაოთხი წელი გაგრძელდა და საწყის ეტაპზე რუსებმა არაერთი მარცხი იწვნიეს. იმით, რომ ახლანდელი ომის შესაფერის ანალოგად პუტინმა შეგნებულად გამოყო „ჩრდილოეთის ომი”, ის რუსებს ეუბნება, რომ  ხანგრძლივი კონფლიქტისთვის მოემზადონ.

2014 წლის შემდეგ პუტინი უკრაინაში მის ქმედებებს არა ანექსიად, არამედ რუსეთის კუთვნილი ისტორიული საზღვრების აღდგენად მოიხსენიებს. პუტინი დიდი ხანია საუბრობს რუსებსა და უკრაინელებს შორის არსებულ განსაკუთრებულ ისტორიულ და სულიერ კავშირზე და მათ არსებითად ერთ ხალხად მოიაზრებს. მის მიერ მიმდინარე კონფლიქტის ისტორიულ ასპექტში წარმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ კრემლი ამჟამად მის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს და არც იმ ტერიტორიებს დააბრუნებს, რომლებიც შეიძლება მომავალში ჩაიგდოს ხელში. როგორც პეტრე დიდს არ ადარდებდა, ევროპის ქვეყნები სანკტ-პეტერბურგს რუსეთის ტერიტორიად აღიარებდნენ თუ არა, ისე პუტინს არ ადარდებს, დასავლეთი ხერსონს, მელიტოპოლს, მარიუპოლს და სხვა ოკუპირებულ ადგილებს რუსეთის საკუთრებად აღიარებ თუ არა.  

პუტინის იმ განცხადებების უკან მდგარი ლოგიკა, რომლებიც გაკეთდა სწორედ იმ დროს, როცა რუსეთის ბალტიის საზღვაო ფლოტი კალინინგრადთან და ბალტიის მიმდებარე რეგიონში სამხედრო წვრთნებს ატარებდა, პოტენციურად ეხება ნებისმიერ იმ ტერიტორიას, რომელიც ადრე რუსეთის იმპერიას ან საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა, მათ შორის, ფინეთს, ბალტიისპირა სახელმწიფოებს, და პოლონეთის ვრცელ ტერიტორიებს. „დღეს პუტინმა განაცხადა, რომ პეტრე დიდი არაფერს იღებდა, ის იბრუნებდა, და რომ დაბრუნება და განმტკიცება ჩვენი პასუხისმგებლობაც არის. სწორედ ასე ხედავს ის თავის მისიას – დაიბრუნოს ის, რაზეც რუსეთი ერთხელ პრეტენზიას აცხადებდა. ეს ხანგრძლივი ომის რეცეპტია“, ტვიტერზე დაწერა შვედეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა კარლ ბილდტმა.  

მართლაც, რუსეთის პრეზიდენტის გზავნილის პათოსი უკრაინაში მიმდინარე ომს სცდება. ეს პათოსი გულისხმობს იმის აღდგენას, რასაც პუტინი საერთაშორისო სისტემაში რუსეთის კუთვნილვადგილად მიიჩნევს და რაც რუსეთს მოპარეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთის მხრივ იმპერიის დაკარგვის, ხოლო მეორეს მხრივ ნატოს გაფართოების არაერთი რაუნდის მეშვეობით. სამოცდაცხრა წლის ლიდერისთვის, რომლის მმართველობასაც მალე ოცდაოთხი წელი შეუსრულდება, პირადი მემკვიდრეობისა და ერის ბედის საქმედ იქცა ცივი ომის შემდგომ მსოფლიო წესრიგში რუსეთის ადგილის აღდგენა.    

უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელსაც დიპლომატიური გზით მოგვარების პირი არ უჩანს, პეტრე დიდის „ჩრდილოეთის ომის“ მსგავსად შეიძლება ხანგრძლივ და სისხლისმღვრელ ომად იქცეს, რომელსაც ევროპის უშიშროების არქიტექტურისთვის შეუქცევადი შედეგები ექნება.

მარკ ეპისკოპოსი 

12.06.22.

Leave a Reply